ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ დავიმუხტოთ ხეებისგან დადებითი ენერგიით

№30

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 05.08, 2022 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

როგორ მივიღოთ ენერგია ბუნებისგან? - ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, ცხელი ზაფხულის დღეებში, როცა უმეტესობა სწორედ ბუნებისკენ ილტვის - მთაში, მდელოზე, ტყეში... სადაც ბევრია ხე და სწორედ ხისგან მიღებულ „დონაციაზე“ უნდა ვისაუბროთ დღეს. ალბათ, გსმენიათ, რომ ხეებისგან შეიძლება დადებითი ენერგიით დაიმუხტო? - მართლაც, არის ასეთი დასვენების პრაქტიკა და დონორი ხეებიც არსებობს. თუ რომელი ჯიშის ხეს შეუძლია პოზიტიური ენერგიით დამუხტვა; რატომ ურჩევენ ამ თერაპიას ქალებს და განსაკუთრებით, რა შემთხვევაში, რომელი ხეა სასარგებლო, შეიტყობთ ეზოთერიკოსი ქალბატონი მაკა მ-საგნ.

-ხეების დონაცია, ანუ მათგან დადებითი ენერგიის მიღება განსაკუთრებით დაგეხმარებათ ცხოვრების მძიმე მომენტებში: ტკივილის, დანაკარგის, განშორების დროს, ანდა, როცა ძალიან გინდათ, რაღაც საქმეში წარმატებას მიაღწიოთ და არ გამოგდით, ძალა არ გყოფნით. ასეთ შემთხვევაში დახმარებას გაგიწევთ ნაყოფიერი ხეები: ალუბალი, ვაშლი, მსხალი, ქლიავი და სხვა; ხოლო თუ ნეგატივისგან გაწმენდაა საჭირო - ვერხვი, კაკალი. საერთოდ, მცენარე, ისევე როგორც ჩვენ, ენერგეტიკულად დამუხტულია, შესაბამისად, მათი უმეტესობა ხალისით ეკონტაქტება ადამიანს და თავის აურას უწილადებს. ამიტომ ხეებით საზრდოობა შესანიშნავი საშუალებაა საკუთარი ენერგეტიკის შესავსებად. მხოლოდ უნდა იცოდეთ, რომელი მცენარეა ხე-დონორი - რადგან მათ შორის ვამპირებიცაა, რომლებსაც შეუძლიათ, მაგალითად, ჩვენგან დასნეულებული, არაჯანსაღი ენერგეტიკა შეისრუტონ. ამიტომ, ენერგიის შესავსებად უნდა შეარჩიოთ ხე-დონორები.

- როგორ შევარჩიოთ სასურველი ხე დონორად და როგორ მოვიქცეთ მასთან?

- რაც უფრო ძლიერია ხე, მით ნაკლებია მის ირგვლივ სხვა ხეები, ხოლო თუ მისგან 10 მეტრის მანძილზე სხვა ხე არ არის, ის ძალიან ძლიერია. გვერდიგვერდ მდგარი ხეების ენერგეტიკა კი, არც ისე ძლიერია. გაითვალისწინეთ ასევე, რომ ქალაქის ხეები გაცილებით ნაკლებ ენერგეტიკულია ტყის საფართან შედარებით. ამიტომ, უმჯობესია, ეწვიოთ ტყეს, ან პარკს მაინც, რაც შეიძლება, ქალაქის ხმაურისა და სატრანსპორტო ნაკადებისგან შორს. ამოირჩიეთ ხე, რომელიც მოგეწონებათ. ძალიან მნიშვნელოვანია, ყური დაუგდოთ საკუთარ გულისთქმას: გსურთ კი, სწორედ ამ ხესთან შეხვიდეთ კონტაქტში? თუ გსურთ - მიუახლოვდით მას და ენდეთ საკუთარ სხეულს - თავად მიაგნოს უფრო შესაფერისსა და სასიამოვნო პოზას. შეიძლება ხელები შემოხვიოთ ხეს და მთელი ტანით მიეკრათ; ზურგით მიეყრდნოთ, ან ძირში ჩამოჯდეთ და ისე მიეყრდნოთ, ანდა ხის ტანს უბრალოდ, ხელისგულები მიადოთ. არსებობს ხეებით თერაპიის სამი ვარიანტი.

- რას გვირჩევს პირველი ვარიანტი?

- პირველ ვარიანტში აზრობრივად უნდა მიმართოთ ხეს და სთხოვოთ დახმარება, შემდეგ კი მოუსმინოთ საკუთარ შეგრძნებებს: რას ფიქრობთ, რა პასუხი გაგცათ? თანახმაა, დაგეხმაროთ? თუ არასასიამოვნო შეგრძნება არ გაგიჩნდათ, რაც ხისგან უარს ნიშნავს, მაშინ კონტაქტის სურვილი გამძაფრდება. დარჩით ხესთან რამდენ ხანსაც გინდათ, თუმცა არაუმეტეს ერთი საათისა, რომ ენერგიის „ზედოზირება“ არ მოხდეს. თან, არ დაგავიწყდეთ, ხეს მადლობა გადაუხადოთ დახმარებისთვის. თუ იგრძენით სიხარული და სასიცოცხლო ძალის მატება, ესე იგი, კონტაქტი შედგა და თქვენი ენერგეტიკა შეივსო. გონებაში ხეს უნდა დაემშვიდობოთ - ეს აუცილებელია, რათა თქვენი და ხის ენერგეტიკული ველი გაიყოს, რომლებიც დროებით ერთ მთლიანობად იქცა.

- მეორე და მესამე ვარიანტები ბევრად განსხვავდება პირველისგან?

- მეორე ვარიანტში: მიდით ხესთან და ხმამაღლა თუ გონებაში, ნებისმიერი ფორმით სთხოვეთ მას დახმარება. შემოხვიეთ ხეს ხელები და იგრძენით: როგორ გადმოდის მისი ენერგია თქვენზე, გავსებთ ძალებით და ერწყმით მას. თქვენს ძარღვებში მიედინება მისი წვენი და ყოველგვარი ნეგატივისგან წმენდს სხეულს, ამაო შფოთვისგან გათავისუფლებთ. ხდებით უფრო მტკიცე და ძლიერი და თუ აუცილებელია, საუკუნო სიბრძნესაც ეზიარებით. იგრძენით, მთლიანად როგორ გიპყრობთ ეს ენერგია, ერწყმით მას და იმავეს განიცდით, რასაც - ეს ხე, სხვა ხეები ირგვლივ თუ მთელ პლანეტაზე თქვენთან მთლიანობაში. მესამე ვარიანტი - აირჩიეთ შედარებით ძლიერი ხე, ჯანსაღი, ხასხასა ფოთლებით. სიმპათიითა და კეთილგანწყობით აღვსილმა შემოუარეთ მას გარშემო, თან, საკუთარ შეგრძნებებზე იფიქრეთ. შეეცადეთ, მისი კეთილგანწყობა მოიპოვოთ. თუ მსგავსს ვერაფერს იგრძნობთ, ესე იგი, ეს ხე არ შეგეფერებათ. როცა ამ ჰარმონიას რომელიმე ხესთან იგრძნობთ, იქამდე მიუახლოვდით, სადამდეც მისი გავლენა უფრო ძლიერია. ხის სიახლოვეს უნდა იგრძნოთ: მისი ფესვები, დედამიწის ენერგია ფესვებიდან ხის ტანამდე და ზემოთ - ვარჯამდე. ამის შემდეგ კი კოსმოსური ენერგია ფოთლების გავლით როგორ გადადის ხის ტანზე და ეშვება ძირს, ფესვებამდე. უნდა მოახერხოთ იდენტიფიცირება და გონებაში მასთან ერთ მთლიანობად შერწყმა, შეიგრძნოთ ენერგიის მოძრაობა ქვევიდან ზევით და პირიქით. წარმოიდგინეთ, როგორ „გრეცხავთ“ ეს ენერგია და სრული განწმენდის შეგრძნებამდე მიჰყავხართ. ამის შემდეგ ხეს აზრობრივად სთხოვეთ, თავისი ენერგია გიწილადოთ. მთელი ეს დაგროვილი ენერგია შეისრუტეთ ხელისგულებით, სუნთქვასთან სინქრონში. ეს არის სულ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე პირველი და მესამე მეთოდი მომწონს, თუმცა პრაქტიკაში, უფრო ხშირად პირველს ვიყენებ. ეფექტი ნამდვილად აშკარაა - ტყიდან სახლში ყოველთვის სავსე და ბედნიერი ვბრუნდები. ქმარს უკვირს კიდეც. ყველას გისურვებთ, გახდეთ ბუნების შვილი!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი