ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როდის და რატომ შეიძინა სიტყვამ „იღბალი“ ნეგატიური დანიშნულება

№38

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 30.09, 2022 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

იღბალი, ბედი - დაწყევლილი სიტყვაა და არ შეიძლება, ის სხვას უსურვოთ - გასაკვირია არა? ბევრი ხომ ყოველდღიურად იქცევა ასე და სახლიდან გასულ ახლობელს იღბალსა და საქმეში ბედის წყალობას უსურვებს. ეს თავაზიანობის ჩვეული ჟესტია, თუმცა ზოგს პირიქით, აბრაზებს ასეთი დამოკიდებულება და მსგავს სიტუაციაში შეიძლება თავადაც აღმოჩენილხართ. მაშ მოდი, გავარკვიოთ, რატომ ხდება ასე და ვის (რწმენისა და პროფესიის გათვალისწინებით) არ უნდა უსურვოთ იღბლის წყალობა და წარმატება საქმესა თუ პირად ცხოვრებაში. თუ რასთანაა ეს ყოველივე დაკავშირებული და როგორ უნდა მოვიქცეთ კონკრეტულ სიტუაციაში, გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი მიშა ლ.

- ყველაფერი ერთ ცნობილ ლეგენდას უკავშირდება ბოროტ ღმერთ მოლოქზე (იღბალი), ხოლო ვისაც მის შესახებ არაფერი სმენია, ალბათ ქვეშეცნეულად გრძნობს, რომ, როცა ბედ-იღბალსა და წარმატებას უსურვებენ, ეს უბედურებას, ანუ პირიქით - წარუმატებლობასა და მარცხს უკავშირდება.

- კი მაგრამ, რა არის იმაში ცუდი, თუ იღბალს გისურვებენ?

- საქმე ისაა, რომ უძველეს სემიტთა წარმართული ღვთაება - მოლოქი იღბლისა და წარმატების ღმერთად მიიჩნეოდა შუმერებსა და რამდენიმე სხვა ხალხშიც (მოგვიანებით კართაგენში). ამ ღმერთის ქანდაკება, როგორც წესი, ვერცხლში იყო ჩამოსხმული, რომელსაც უკანა მხრიდან ანთებული ღუმელი ჰქონდა შედგმული, წინ კი - ტაფა ადუღებული ზეთით. ღმერთ მოლოქს მსხვერპლად ახალშობილ ჩვილს მიართმევდნენ ხოლმე. ამას კი იმისთვის აკეთებდნენ, რომ მსხვერპლის სანაცვლოდ, მთელი წლის განმავლობაში იღბლის წყალობა არ მოჰკლებოდათ. ბავშვებს სწირავდნენ, მაგალითად, იმისთვის, რომ: ვაჭრობა მომგებიანი ყოფილიყო, კარგი მოსავალი აეღოთ ან სხვა ყოფითი წარმატება ჰქონოდათ ოჯახში. ამის გამო სიტყვამ „იღბალი“ ნეგატიური დანიშნულება შეიძინა ძველ ხალხში, რადგან ის სისხლისმსმელი ღმერთის საშინელ მსხვერპლს უკავშირდებოდა.

-არის თუ არა პროფესიის ან რწმენის მიხედვით განსაკუთრებული აკრძალვები იღბლის ხსენებასთან დაკავშირებით?

- დიახ არის და რაც შეეხება ხელობასა თუ პროფესიას: არავითარ შემთხვევაში არ უსურვოთ იღბალი მეთევზესა და მონადირეს. ამბობენ, ცრურწმენა და მინიშნებები, რაც საკვების მოპოვებას უკავშირდება, უძველესი დროიდან იღებს სათავეს, რადგან მაშინ ადამიანის სიცოცხლე სწორედ ამაზე იყო დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, უსასტიკესად იკრძალებოდა მეთევზისა და მონადირისთვის იღბლის ხსენება, რათა ბოროტ სულებს არ გაეგოთ და პირიქით, საქმე არ გაეფუჭებინათ მათთვის. ამიტომ, ბოროტი სულების გასაგონად, საპირისპიროს იტყოდნენ ხოლმე: ხელი მოგეცაროს, ვერაფერი მოინადიროო. გაიგებდა ავი სული, რომ ის ადამიანი არაფრის მშოვნელი არ იყო და თავს დაანებებდა. ეს მინიშნება დღესაც აქტუალურია, ოღონდ არა მხოლოდ მონადირესა და მეთევზესთან დაკავშირებით - არამედ ყველასთვის, ვისაც წინ გამოცდა ელის.

- ექიმებთან დაკავშირებით გამიგია, რომ არ უყვართ წარმატების სურვება...

- მართალია, ექიმს არ უნდა უსურვოთ იღბალი. მედმუშაკები დარწმუნებული არიან, რომ თუ რომელიმე მათგანს წარმატებას უსურვებთ, სწორედ მაშინ ექნებათ უიღბლო მორიგეობა - მშფოთვარე და მძიმე. ასევე გამოვყოფდი მსახიობებს - არც ის გეტყვით მადლობას, თუ იღბალსა და წარმატებას უსურვებთ. თეატრის მსახიობს არ უნდა უთხრათ: წარმატებული სპექტაკლიო. თუ მისი წარმატება გინდათ, საპირისპირო უნდა უსურვოთ. მაგალითად, არსებობს ტრადიცია, როცა მსახიობს სცენაზე გასვლის წინ, ფეხის მოტეხას უსურვებენ. ეს ისევე მუშაობს, როგორც მონადირეებთან დაკავშირებით. ცუდი გისურვეს? ეს ნიშნავს, რომ თეატრის სულები ხელს არ გახლებენ. და რატომ მაინცდამაინც „ფეხის მოტეხა“? ძველ დროში მსახიობს სპექტაკლის დასასრულს იატაკიდან მონეტების აკრეფა უწევდა, რომელსაც მადლიერი მაყურებელი ესროდა. ამისთვის და თავის დასაკრავად კი, მას უნდა ჩაემუხლა. თუმცა ეს ადრე იყო, ჩვენს დროში კი უმეტეს ქვეყანაში არტისტები ხელიხელჩაკიდებულები ერთხმად შესძახებენ ხოლმე: „ღმერთი ჩვენთან!“ ვიღაც კი მხარს უკან სამჯერ გადააფურთხებს.

- რაც შეეხება რელიგიას?

- ისლამიც მსგავს რწმენას ემორჩილება. მუსლიმს ნამდვილად ვერ გაახარებთ, თუ იღბლიანობას უსურვებთ. იღბალი ხომ გამართლება და სიკეთეა, სიკეთე კი მხოლოდ მათი ღმერთის, ალაჰისგან მოდის. როცა წარმატებას გისურვებენ, გაუგებარია საიდან უნდა მოვიდეს ის. მორწმუნე აუცილებლად ახსენებს ალაჰს, მაგალითად, „ალაჰმა მოგცეს წარმატება“ და ასე შემდეგ. რაც შეეხება ქრისტიანებს - თვით პირველი ქრისტიანისთვისაც კი იყო ცნობილი ბოროტ და სისხლიან ღმერთ მოლოქის (იღბალი) შესახებ. სწორედ ამის გამო მიაჩნდათ იღბლის სურვება საშინელ სასჯელად. ასეთი სურვილი ქრისტიანისთვის ღმერთი მოლოქის აღიარებას უდრიდა, რაც უმძიმესი ცოდვა გახლდათ. ამ რწმენას იზიარებენ მორწმუნეები დღესაც. ქრისტიანებს, როგორც წესი, სწამთ მხოლოდ ღმერთის ნების და არა, გამართლების. მიაჩნიათ, რომ ადამიანს შეუძლია რაიმეს მიაღწიოს მხოლოდ საკუთარი შრომითა და ღვთის შეწევნით და არა, რაიმე ფაქტორთა იღბლიანი დამთხვევის შედეგად. დაბოლოს, თუ ზოგადად, რიგით ადამიანებზე ვისაუბრებთ - მე ჩავატარე გამოკითხვა ჩემს ნაცნობებს შორის და მათგან დაახლოებით 80 პროცენტი აღიარებს, რომ: იმ დღეს, როცა იღბალი და გამართლება უსურვეს, ყველა დაგეგმილი საქმე თავდაყირა დადგა. ის კი არადა, ერთ ჩემს ახლობელ ქალს სტატუსად ასეთი ფრაზა უდევს: არასდროს მისურვოთ: იღბალი და წარმატება!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი