ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რატომ მიაჩნდათ, რომ ხახვი ბოროტებასთან ბრძოლის ღვთაებრივ ძალას ფლობდა და რით ჰგავს ეს მცენარე ადამიანის სულს

№23

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 19.06

შეუცნობელი
დაკოპირებულია

დღეს ვისაუბრებთ ხახვის მაგიურ თვისებებზე. არადა, გამოტყდით, ხომ ფიქრობდით, ხახვზე მარტივი რა უნდა იყოს, მსოფლიოს ყველა სამზარეულოში ნახავ და კერძი არ არსებობს მის გარეშეო. მაგრამ, რომ იცოდეთ, სწორედ ეს ოქროსფერი ბოლქვია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი, ყველაზე მისტიკური ბოსტნეული. თუ როგორ უნდა დაგიცვათ ამ მწარე მცენარემ ბოროტებისგან, როგორ შემოიტანს ის ბარაქას ოჯახში და მომავალსაც გიწინასწარმეტყველებთ, ყველაფერს შეიტყობთ ეზოთერიკოსი ქალბატონის, ნელი ბ-ს ინტერვიუდან.

- იცით, რამდენი საიდუმლოა ხახვის ფურცლებში ჩამალული?.. ახლავე გაიგებთ, თუ რა მაგიურ ძალას ფარავს მისი თხელი კანი (ჩენჩო): გარდა იმისა, რომ ბნელი ძალებისგან დაიცავს სახლს, ოჯახში სიმდიდრესაც მოიზიდავს და მომავლის კარსაც გაგიხსნით. გადავხედოთ უძველეს მითებსა და ფოლკლორს: მაგალითად, სპარსული ლეგენდების მიხედვით, ხახვი პირველად სამოთხიდან განდევნილი სატანის ცრემლებისგან აღმოცენდა. თუმცა დასავლური ტრადიცია საწინააღმდეგოს ამტკიცებს: მათ მიწებზე გახარებული ხახვი ბოროტებად არ მიაჩნდათ. პირიქით, თუ მისი შექმნისას ეშმაკი ტიროდა, ეს ნიშნავს, რომ მცენარემ ბოროტებასთან ბრძოლის ღვთაებრივი ძალის ნაწილი შეიწოვა. ბრძენთ უთქვამთ: ხახვი ადამიანის სულს ჰგავს - შვიდი საფარველი აქვს და მხოლოდ შვიდივეს შემოცლის შემდეგ ჩასწვდებით არსს, რისთვისაც ცრემლის ღვრა ღირსო. რაც შეეხება რიტუალებს: მთვარის გარკვეულ დღეს გოგონები ხახვს ღეროებიანად იწნავდნენ თმაში და სურვილებს ჩურჩულებდნენ - თუ ხახვის ნაწნავები პირველ ყინვამდე არ გაფუჭებოდა, მდიდარი და კეთილი საქმრო გამოუჩნდებოდათ... ბავშვობაში ბებიასთან ერთად, მეც ვქსოვდი „ხახვის ასეთ ნაწნავებს“... ხახვის ნაწნავი სიზმრების დამჭერივითაა. მაგალითად, ზოგ ტომებში ჩვეულებად ჰქონდათ ხახვის გრძელი ნაწნავების ქსოვა და მხოლოდ მარაგად კი არა, მძინარეთა დასაცავადაც იყენებდნენ. საწოლის თავზე ჰკიდებდნენ, რათა მისი გადახლართული ხვეულების ლაბირინთებში გაბმულ კოშმარებსა და ბოროტ სულებს ადამიანამდე ვეღარ მიეღწია.

- გვიამბეთ ხახვის მაგიის შესახებ...

- ეზოთერიკული თეორიით, ხახვი ძლიერი მფარველია ორი ძირითადი მიმართულებით: როგორც სივრცის გამწმენდი და იღბლის მომტანი. თუ გრძნობთ, რომ სახლში სუნთქვა ჭირს - თითქოს უხილავი არსება ჰაერს აბლანტებს, იცოდეთ: ხახვს შეუძლია ამის გაფანტვა! ხახვის ოქროსფერი ჩენჩო უარყოფითი ენერგიის ბუნებრივი მაგნიტია. ძველად მკურნალები ამტკიცებდნენ, რომ ვერც ერთი ბნელი არსება ვერ იცხოვრებდა იქ, სადაც ხახვია. ის ენერგეტიკული ბარიერია სახლში შურისა და ბოროტების შეღწევის წინააღმდეგ. ოჯახში უმიზეზო უთანხმოების დროს ბრძენი დიასახლისი დაჭრილ ხახვს სახლის კუთხეებში ალაგებს, ერთი დღის შემდეგ კი, შეაგროვებს, მიწაში ჩამარხავს და ამით მთელ ნეგატივს თან გაატანს. ოქროსფერი ხახვი ფულთან და კეთილდღეობასთან ასოცირდებოდა. ოჯახში ფული რომ არ გამოლეულიყო, ჩვენი წინაპრები სამზარეულოს კარადაში რამდენიმე დიდ ხახვს ინახავდნენ, რომელსაც საკვებად კი არ იყენებდნენ, „ოქროს მარაგად“ მიაჩნდათ. იატაკისა და ზღურბლის გასარეცხ წყალსაც ხახვის ჩენჩოს უმატებდნენ, რათა ფული სახლიდან ჭუჭყთან ერთად არ გადარეცხილიყო. ხახვის ერთ-ერთი ყველაზე მაგიური თვისება კი მკითხაობაა. გოგონები ხახვს ჭრიდნენ, ზედ საქმროების სახელებს აწერდნენ და წყალში ათავსებდნენ. ვისი სახელობის ხახვიც პირველი გაიდგამდა ფესვს, ის გახდებოდა გოგოს ქმარი. არსებობდა ასევე, ერთგვარი საქორწილო რიტუალი: წითელი ლენტით შეკრულ ორ თავ ხახვს იმ სახლის ზღურბლზე დებდნენ, სადაც ახალდაქორწინებულები გაათევდნენ ღამეს. მიიჩნეოდა, რომ ხახვის თილისმა ზღურბლზე წყვილის საძინებელს ბოროტი ძალებისგან დაიცავდა... და რა თქმა უნდა, ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა იცოდნენ, რას წინასწარმეტყველებდა ხახვის კანის შეფერილობა: განსაკუთრებით სქელი და მუქი ოქროსფერი - მკაცრ ზამთარზე მიანიშნებდა, თუმცა ოჯახი ჯანმრთელად გაივლიდა მთელ სეზონს; თხელი და ფერმკრთალი კანის შემთხვევაში - ცვლილებებს ელოდნენ, მაგრამ სწამდათ, რომ სახლს ბარაქა არ მოაკლდებოდა, რადგან სინატიფე სიმშვიდისა და სტუმრიანობის ნიშანია. სავსე მთვარის დროს ამოთხრილ ხახვს კი, ორმაგ ძალას ანიჭებდნენ: მხოლოდ დაცვის კი არა, ფარული მტრის გამოვლენის საშუალებაც იყო.

- ეს წარსულში და ახლა ჩვენ რა უნდა ვქნათ ხახვით?

- შეგიძლიათ სახლი დაიცვათ არასასურველი სტუმრებისა და ცუდი ამბებისგან. მაგალითად, თუ ახალ ბინაში გადახვედით ან უსიამოვნო ადამიანების ვიზიტის შემდეგ რაღაც ხინჯი დაგრჩათ გულში, ოთახების კუთხეებში ნახევარ-ნახევარი ხახვი დაალაგეთ. სამი დღე გააჩერეთ, მერე კი შეაგროვეთ (სასურველია ხელთათმანით) და სახლიდან მოშორებით, ნაგვის ურნაში ჩააგდეთ, ან, უმჯობესია, მიწაში ჩაფლათ. ხახვი ყველა ნეგატივს ღრუბელივით შეიწოვს. შემდეგი რიტუალი მათთვისაა, ვინც ხშირად მოძრაობს ქალაქში: ღუმელში, ძალიან დაბალ ტემპერატურაზე კარგად გამოაშრეთ დიდი თავი ხახვი. რომ გამაგრდება, შეახვიეთ წითელი ფერის ნატურალურ ქსოვილში და მანქანის სალონში, სათავსში შეინახეთ. ეს თილისმა საგზაო შემთხვევებისა და სერიოზული ავარიებისგან დაგიცავთ და შეიძლება ქურდებიც კი დააფრთხოს. ასევე, თვეში ერთხელ, მზარდი მთვარის დროს, აიღეთ დიდი ოქროსფერი ხახვი და ასე შემოიარეთ მთელი ბინა, თან წარმოიდგინეთ, რომ სიღარიბესა და უსახსრობას გვით იქიდან. ამის შემდეგ ხახვი მოათავსეთ შუშის ქილაში, დაუმატეთ ცოტაოდენი ჩენჩო და სამზარეულოში, მარცვლეულის მარაგის უკან დამალეთ. ხახვს რომ ლპობა შეეპარება, გამოცვალეთ, ძველს კი მადლობა გადაუხადეთ და გადააგდეთ... დაბოლოს, თუ გრძნობთ, რომ სახლში ყველაფერი რთულადაა (ხშირად კამათობთ, ნივთები იმსხვრევა), აიღეთ შვიდი საშუალო ზომის ხახვი, გაფცქვენით, მაგრამ ჩენჩო არ გადაყაროთ. თითოეული თავი ახალი ნემსითა და თეთრი ძაფით გახვრიტეთ და დაკიდეთ სახლის ყველაზე თვალსაჩინო ადგილებში: შესასვლელ კართან, სამზარეულოში. ერთი კვირის შემდეგ ჩამოხსენით და ჩენჩოსთან ერთად დაწვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი