ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რისი სუნი ასდით ბნელ ძალებს და როდის და რატომაა ამჟავებული რძის არომატი ავისმომასწავებელი

№10

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 21.03

შეუცნობელი
დაკოპირებულია

უხილავი ბნელი ძალები რომ არსებობს და მალულად გვაცლიან ენერგიას, არახალია ჩვენი რუბრიკის მკითხველთათვის და მათთან ბრძოლის ხერხებსა და საშუალებებზეც ბევრი გვისაუბრია. თუმცა, ამჯერად ისეთ რამეს შევეხებით, წინასწარ რომ შეუძლია გვამცნოს ამ დემონთა თუ მაჯლაჯუნების მოახლოება... და ეს არის სუნი, არომატი. სწორედ ამ ინტერვიუდან შეიტყობთ რა იმალება უმიზეზოდ მომდინარე სიტკბოს, ლპობის, დამწვარი ქაღალდისა თუ კიდევ სხვათა სუნის უკან. თუ როგორ შეიძლება სუნის მიხედვით განსაზღვროთ, რომელი უხილავი არსება ან ბნელი ძალა „გეწვიათ შინ“ და რას გიპირებთ, რომ შესაბამისად მოემზადოთ წინააღმდეგობისთვის, განმარტავს ეზოთერიკოსი, ბატონი პეტრე ლ.

- დავიწყოთ იმით, თუ რის სუნი ასდით ბნელ ძალებს და როგორ შეიძლება ცალკეული არომატის აღქმამ გაამდიდროს ჩვენ გარშემო არსებულ უხილავ სამყაროსთან ურთიერთობის გამოცდილება. სუნი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და იდუმალი სენსორული ნიშანია, რომელიც ნათელ მოგონებებსა და ემოციებს აღძრავს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის - სუნი მხოლოდ წარსულს კი არ შეგვახსენებს, სწორედ მისი საშუალებით შეუძლია ჩვენს ყნოსვას ირგვლივ მყოფ უხილავ, ასტრალურ არსებათა „დანახვაც“. სამყაროში, სადაც ზღვარი რეალურსა და ზებუნებრივს შორის, უმეტესად, ბუნდოვანია, სხვადასხვა კულტურა და ტრადიცია ამტკიცებს, რომ გარკვეული სუნი ასოცირდება სულებთან, ენერგიებთან ან თუნდაც გარშემო მყოფთა ემოციურ მდგომარეობასთან. მაგალითად, თუ იცით, რასთან ასოცირდება ამჟავებული რძის სუნი?

- არა და რასთან?

- ამისთვის უპირველესად, უნდა იცოდეთ, როგორი სუნი აქვთ სახიფათო არსებებს, ანუ რის სუნის გარჩევა უნდა შეძლოთ. დემონები, რომლებიც იპარავენ ჩვენს ენერგიას და სჩადიან ბოროტებას - ის ბოროტი სულებია, ჩრდილიდან რომ გვითვალთვალებენ და თავიანთი საქციელით ცდილობენ, „ბოსს“ - შავ ჯადოქარს მოაწონონ თავი. მათი არსებობის იდენტიფიცირება შესაძლებელია მჟავე რძის მძაფრი სუნით, რომელიც მთელ ჰაერს ავსებს და შფოთვისა და უხერხულობის გრძნობას იწვევს. სწორედ ეს არომატია გამაფრთხილებელი სიგნალი იმისა, რომ თქვენს სივრცეში პატარა, ბოროტი არსებები „ფუთფუთებენ“ და მზად არიან ყოველგვარი სიბინძურის ჩასადენად.

- გამიგია, რომ დამწვარი ქაღალდის სუნიც არ არის კარგის მომასწავებელი?

- ასეთი სუნი დემონებს ასდით. მათი არსებობა ყოველთვის დამწვარი ქაღალდის სუნით იგრძნობა. ეს მწველი და მახრჩობელა არომატია სწორედ, მათ მიერ მოტანილ ნგრევასა და ქაოსს რომ მოგვაგონებს და დიდი სტრესის ან კონფლიქტის დროს იჩენს თავს. დემონები უარყოფითი ენერგიით იკვებებიან და გარშემო შფოთვის ატმოსფეროს ქმნიან.

- რა მოჰყვება გოგირდის სუნს?

- გოგირდი, დამწვარი ქაღალდი, საკმეველი... ანუ, როგორ ამოვიცნოთ სტუმარი სხვა სამყაროდან? ეზოთერული რწმენის თანახმად, გოგირდის მკვეთრი, მძაფრი სუნი ასოცირდება ბნელი სამყაროს არსებებთან, რომლებიც ჯადოსა და წყევლის უარყოფით გავლენებს აკონტროლებენ. თუ გოგირდის სუნი იგრძენით, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ ვიღაც ჩრდილშია დამალული და იქიდან ცდილობს, თავისი ავი ზრახვები თავს მოგახვიოთ და ცხოვრება აგირიოთ. რაც შეეხება ნაგვის მყრალ სუნს, ის შეიძლება საიქიოს ბინადართა სტუმრობის კვალი იყოს: ვამპირი და ნეკროარსებების, ან თუნდაც, ჯუჯებისაგან. ეს სიმყრალე არეულობისა და უარყოფითი ენერგიების სიმბოლოა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს როგორც თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე, ისე საერთო კეთილდღეობაზე.

- სიტკბოს ან ვანილის სურნელიც საშიშია?

- თქვენ წარმოიდგინეთ და ეს სასიამოვნო, მიმზიდველი სუნიც შეიძლება, სამწუხარო მოვლენების საწინდარი იყოს. თუ მოულოდნელად, აშკარა მიზეზის გარეშე იგრძენით ეს საამო სურნელი, შეიძლება თქვენი რომელიმე მეზობლის ან ნაცნობის მალე ამ სამყაროს დატოვებას გამცნობდეთ. ასევე, ფრთხილად უნდა იყოთ, თუ ეს ტკბილი სუნი უეცრად თქვენი მეგობრის ან ნათესავისგან იგრძენით. რაღაცნაირი ტკბილი არომატი აქვს მიწისა და შემპალი ფოთლების ნაზავს, რომელიც ხშირად ნეკროარსებებთან ასოცირდება - მოუსვენარ სულებთან, რომლებიც სამყაროებს შორის დაეხეტებიან. სწორედ ამ უცნაურმა სიტკბოებამ შეიძლება, სევდით გაგაბრუოთ და მელანქოლია შეგყაროთ, რათა შეგახსენოთ, რომ მკვდრები ყოველთვის როდი პოულობენ სიმშვიდეს. ზოგჯერ საკმევლის სუნიც კი, შეიძლება საეკლესიო მაგიასა და რიტუალებთან დაკავშირებულ არსებებზე მიუთითებდეს. საკმეველი ხომ ხშირად გამოიყენება სივრცის გასაწმენდად და ბნელი ძალებისგან დასაცავად. იმავდროულად, მისი არომატი შეიძლება იმის მანიშნებელიც იყოს, რომ ვიღაც ზებუნებრივ ძალებთან ცდილობს კონტაქტის დამყარებას.

- რომელ ბოროტ სულებს აქვთ ყვავილების სურნელი?

- ყვავილების სურნელება შეიძლება ასოცირდებოდეს ასტრალურ არსებებთან, რომელთაც მედიტაციის დროს ან ფიქრებში ჩაღრმავებისას გაგახვიეს საკუთარ ბადეში. შეგიტყუეს და თქვენი გონების მანიპულირებას შეეცადნენ - ქმნიან სიმშვიდისა და ჰარმონიის ილუზიას, სინამდვილეში კი, ფარული ზრახვები ამოძრავებთ. ასე რომ, სუნი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ, ქიმიური ნაერთი - ის ფანჯარაა უხილავ სამყაროში, რომლიდანაც სხვა არსებებიც „მოჩანს“ და მათი განზრახვებიც „იშიფრება“. მთავარია, შევძლოთ ამ სიგნალების ამოცნობა და არ გამოგვეპაროს ის, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა