ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რისი განახლება მოხდება აპრილში და რა უნდა მოიმოქმედოთ, რომ ეს თვე დანაკარგების გარეშე განვლოთ

№13

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 07.04

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, აპრილის თვე არასტაბილურია, რადგან მოსალოდნელია მოვლენების ხშირი ცვლილება და კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის – როგორც წარმატების მომტანი ფაქტები, ისე არასახარბიელო პერიოდები. საერთო ჯამში, გაზაფხულის მეორე თვე, ფრთხილად გასავლელთან ერთად, სასიკეთო ცვლილებების მომტანია და თუ გაითვალისწინებთ, რომელ დროისთვის რა უნდა დაგეგმოთ, მას სტაბილურად და დანაკარგის გარეშე გაივლით.

მიხეილ ცაგარელი: აპრილის პირველი და მეორე დეკადა ძალიან პოზიტიური იქნება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად აქტიური მოქმედება, მნიშვნელოვანი გარიგებების დადება, საჭირო შეხვედრების გამართვა, ხელშეკრულებების გაფორმება და მომავალი თვეების გრძელვადიანი პროგრამების დაგეგმვა. ეს არის გლობალური და პოზიტიური ცვლილებების დრო ბიზნესში, კულტურასა და საერთაშორისო ურთიერთობებში. დედამიწის ბიოსფეროს ჰარმონიული მდგომარეობის წყალობით, განახლება მოხდება ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, რაც გამოიწვევს კეთილდღეობას. აპრილში, გაზრდილ ოპტიმიზმთან და ბიზნესაქტივობასთან ერთად, მოიმატებს აქციების ფასები, გააქტიურდება ეკონომიკური და პოლიტიკური აქტივობა და რთული პრობლემების გადაჭრა უფრო ადვილი გახდება. ეს პერიოდი, ასევე, ხელსაყრელია ინვესტიციების, გრძელვადიანი კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

– ეს პოზიტიური პერიოდი როდემდე გასტანს?

– 19 აპრილიდან, როდესაც მზე შევა კუროს ზოდიაქოში, ზემოხსენებული პროცესები გართულდება. პირველ რიგში, დედამიწის ბიოსფერო გადავა ნეგატიურ ზონაში, სადაც ის იქნება ძლიერი დისჰარმონიული კოსმიური ნაკადების ზეგავლენის ქვეშ. ამას, ასევე, ხელს შეუწყობს პლანეტა ვენერა, რომელიც თევზებს 30 აპრილს დატოვებს, ვერძის ზოდიაქოში შევა და პლანეტა მარსის ენერგიები დესტრუქციულად იჩენს თავს.

– კონკრეტულად, რაზე იმოქმედებს უარყოფითად ეს ყოველივე?

– ეს უარყოფითად იმოქმედებს ადრე დაგეგმილი შეთანხმების განვითარებაზე. პრობლემები და დაძაბულობა წარმოიქმნება სასიყვარულო ურთიერთობებშიც.

– როგორი მოვლენების წინაშე დაგვაყენებს თვის ბოლო დეკადა?

– აპრილის მესამე დეკადაში, ადამიანთა დიდი ნაწილი შესაძლოა, მოულოდნელი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს, არ არის გამორიცხული კონფლიქტები არა მარტო სამსახურში, არამედ პირად და ოჯახურ ურთიერთობებშიც. მზე კუროს ზოდიაქოში მიდრეკილია, გააჩაღოს დისჰარმონიული ურთიერთობა რევოლუციებისა და ანარქიის პლანეტა ურანთან, რაც გამოიწვევს შეთანხმებების შენელება-შეფერხებას. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი 26 აპრილიდან გახდება და ამ დროს სარისკოა ნებისმიერი სახის მოგზაურობა. თვის ბოლოს კი დიდია ხანძრის, უბედური შემთხვევების ალბათობა. თვის ბოლოდან მოსალოდნელია ბევრი ადრე შეთანხმებული კონტრაქტის დარღვევისა და სერიოზული კონფლიქტების შემთხვევები.

– ბატონო მიხეილ, შეგიძლიათ, გვითხრათ როგორი იქნება აპრილის თვე კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და რა გაითვალისწინონ მათ?

– რასაკვირველია, გეტყვით. ვერძისთვის აპრილი წლის ყველაზე პოზიტიური, იღბლიანი და ენერგიით სავსე თვეა. ბევრ ვერძს მოუწევს რეალობასთან თვალის გასწორება. ძველი იდეებისგან, ეგოიზმისგან და ზედმეტი თავმოყვარეობისგან გათავისუფლების პერიოდი იქნება. მოსალოდნელია მცირე საკამათო სიტუაციებიც. კუროსთვის აპრილში საინტერესო მოვლენები იქნება. ჯანმრთელობის მხრივ კი რთული თვეა. მოსალოდნელია დაუგეგმავი ფულადი ხარჯები. აპრილი ტყუპებისთვის ძალიან საინტერესო თვეა, თუ ეფექტურად გამოიყენებს კავშირებს და გამოიმუშავებს ფინანსებს. თუმცა, წინაღობებსაც გადააწყდება. აპრილში კირჩხიბებს სასიცოცხლო ძალების შემცირების მიუხედავად, მოუწევთ იყვნენ აქტიურები, მოაგვარონ საქმეები და აიღონ დამატებითი პასუხისმგებლობა. თვის ბოლოს კი სასიცოცხლო ენერგიის აღდგენა დაიწყება. ლომს გაუჩნდება მოთხოვნილება, სისრულეში მოიყვანოს თავისი გეგმები, იმოქმედოს დამოუკიდებლად და გადაჭრას გადაუდებელი საკითხები. არ არის გამორიცხული მთელი რიგი პრობლემები და კონფლიქტები. თუმცა, პროფესიულ სფეროში მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. ქალწულებმა აპრილის თვეში დამოუკიდებლად არ უნდა იმოქმედონ. არ გირჩევთ გეგმების დასახვას, რადგან თქვენთვის აპრილი მერყევი თვეა.

თვის მესამე დეკადა გაცილებით სტაბილურია, თუ შინაგანი წინააღმდეგობებისგან გათავისუფლდებით. აპრილი სასწორებისათვის ძალიან ხელსაყრელი პერიოდია, განსაკუთრებით პარტნიორებთან ურთიერთობების განმტკიცების კუთხით. შესაძლებელია სასიამოვნო ცვლილებები. თვის ბოლოს კი მოსალოდნელია მნიშვნელოვანი გარდაქმნები პროფესიულ სფეროში. მორიელებისთვის აპრილი დინამიკური, მაგრამ რთული თვეა. გაძლიერდება ბრძოლა ძალაუფლებისთვის. თვის მესამე დეკადაში კი მოსალოდნელია პარტნიორებთან ურთიერთობის დაძაბვა, ფინანსური ზარალი, წარუმატებელი გარიგებები და კონტრაქტები. მთავარია, არ დაკარგოთ კონტროლი საკუთარ თავზე. მშვილდოსნისთვის აპრილის თვე დინამიკური და წარმატებულია. რთულ სიტუაციებშიც კი შეძლებენ სარგებლის მიღებას. თვის ბოლოს პასუხისმგებლობის დიაპაზონი მკვეთრად შეიცვლება. ერიდეთ იმპულსურ მოქმედებებს. აპრილის პირველი და მეორე დეკადა თხის რქებისთვის საკმაოდ აქტიური და დაძაბულია. მოსალოდნელია როგორც სასიამოვნო ცვლილებები, შენაძენები და მოვლენები, ასევე ფულადი დანაკარგი, კონტრაქტის შეწყვეტა, მეტოქეობა. თვის ბოლოს კი ენერგია აღდგება და თავს მეტად თავდაჯერებულად იგრძნობთ. მერწყულებისთვის კი აპრილის თვე ორსახოვანი პერიოდია. პირველ დეკადაში თავს კომფორტულად იგრძნობთ, სასიამოვნო შეხვედრები და მოვლენები გელით. იმავდროულად, მოსალოდნელია ფინანსური წარმატება. მესამე დეკადა კი არც თუ ისე სახარბიელოა. აპრილის თვეში თევზები ჩაებმებიან აქტიურ და ნაყოფიერ საქმიანობაში, წარმატებით დაასრულებენ საქმეებს. თვის მესამე დეკადა კი ცოტა რთულად გასავლელია რადგან მოსალოდნელია წარუმატებლობა საქმიან შეხვედრებში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №14

7–11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა