ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რის საშუალებით გვიგზავნის ქვეცნობიერი განგაშის ზარს ჩვენს სხეულსა და ენერგეტიკულ ველში მომხდარ საშიშ ცვლილებებზე

№16

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 26.04

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ქვეცნობიერი პირველი გვამცნობს, თუ რამე არასწორადაა ჩვენს სხეულსა და ენერგეტიკულ ველში. თუმცა ქვეცნობიერისგან წამოსული განგაშის სიგნალი უმეტესობას არ ესმის. ამიტომ, მისი ჩვენამდე მოღწევის ერთადერთი გზა სიზმრებია. სწორედ სიზმარში გადის ზღვარი ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის და დღის განმავლობაში ცნობიერებისგან წამოსული გამოსახულებები უკან სიზმრების სახით გვიბრუნდება. თუ რა შინაარსის სიზმარი გვატყობინებს, რომ ქვეცნობიერმა განგაშის ზარს შემოჰკრა, როგორ აისახება მოსალოდნელი თავდასხმა ღამეულ კოშმარებში, ყოველივეზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი ქალბატონი ნონა ლ.

- რა თქმა უნდა, ყველა კოშმარული სიზმარი ჯადოზე არ მიუთითებს. შესაბამისად, სანამ საგანგაშო სიზმრის ინტერპრეტაციას შეუდგებით, გაიხსენეთ ყველაფერი, რაც წინა სამი დღის განმავლობაში მოხდა. უნდა გამოირიცხოს, რომ სიზმარი არ იყო გამოწვეული ძლიერი ემოციური ზეგავლენით, როგორიცაა: შიში - განცდილი სხვისი ამბის შთაბეჭდილებებით, საშინელებათა ფილმის, ან უსიამოვნო ინფორმაციის მოსმენით. თუ ასეთი არაფერი ყოფილა და მაინც კოშმარი ნახეთ, მაშინ აქვს აზრი, ნანახი სურათებისა და ნიშნების მიხედვით წაიკითხოთ სიზმრისეული გზავნილი. თან, ყურადღება მიაქციეთ, რამდენად რეალისტურია სიზმარი და მსგავსი სიუჟეტი არაერთხელ თუ განმეორებულა.

- რა შინაარსის სიზმარი შეიძლება მიუთითებდეს ჯადოს არსებობაზე?

- გარემო, სადაც არის სხვადასხვა სახის სიბინძურე, ნაგვის ურნები და ყველაფერი, რაც ყარს და ლპება; ჭუჭყი, ობი, ჭაობი; სიზმარში თუ ჭუჭყიანი ხართ - შესაძლოა, სხეულის ზოგიერთი ნაწილი, თმა ან ტანსაცმელი გქონდეთ ჭუჭყიანი, ანდა სამოსის გარეშე იყოთ, ტალახით, მიწით მოთხვრილი - ეს ნიშნავს, რომ თქვენი თავდაცვა გატეხილია და უარყოფითი პროგრამა უკვე ამოქმედდა (ზოგჯერ ეს შეიძლება, სასაფლაოდან გამოყოლილი ჯადო იყოს). სიზმარში გაფუჭებული საკვების ჭამა, ჭუჭყიანი წყლის დალევა შეიძლება მიუთითებდეს, რომ ნეგატივი საკვებით „შემოგიგდეს“; უსიამოვნო, მომწამლავი სუნი; მწერები - ბუზები, ტარაკნები, ტილები, ობობები; ცხოველები - ვირთხები, თაგვები, გველები, ღამურები... ყველა ცხოველი თუ მწერი, ჩვეულებრივ, პარაზიტებად რომ მივიჩნევთ, დაკავშირებულია უწმინდურებასა და შავ მაგიასთან; მტვერი, ნაგავი, ქვიშა ან მიწა ოთახში, ზღურბლზე, მიუთითებს, რომ ყველაფერი გასაწმენდია, მაგრამ, იგივე სიტუაცია სიზმარში თქვენს ყოველდღიურ უსიამოვნებებზე მიუთითებს: ვიღაც ჭორაობს თქვენზე, ეჭვიანობს ან არაკეთილმოსურნეა. ჭუჭყიანი წყალი კი, მით უმეტეს, თუ მასში აღმოჩნდებით - ეს უარყოფით ზეგავლენასა და უმეტესად, ჯანმრთელობის პრობლემებზე მიუთითებს; თმის, კბილების ცვენა, კანის პრობლემები - ნიშანია იმისა, რომ ნეგატივმა უკვე ფესვები გაიდგა და ჯანმრთელობაზე აისახება; მჭრელი, მჩხვლეტავი საგნები: დანა, ნემსი, ლურსმანი სიზმარში, განსაკუთრებით, თუ რომელიმე მათგანით დაგჭრეს ან რამე გატკინეს, ესე იგი, თქვენს ბიოველს დაარტყეს და თავდასხმა წარმატებული აღმოჩნდა. ჭრილობა, დამწვრობა, სისხლი - როგორც წესი, იარები სიზმარში სხეულის იმ ადგილას აღინიშნება, რომელზეც მაგიური ზემოქმედება მოხდა. ჯადოს არსებობაზე მიუთითებს ასევე, სიზმარში სიუჟეტები: დამტვრეული სარკეებით, ჭურჭელითა თუ სხვა საგნებით; დანგრეული, ჭუჭყიანი სახლი ჩამტვრეული ფანჯრებითა და კარებით.

- რა ხდება მაგიური თავდასხმის ამსახველ სიზმრებში?

- ნამდვილი კოშმარი, პირდაპირ საშინელებათა ფილმების კადრებით: მტაცებელი ცხოველები, განსაკუთრებით კი შავი ფერის, გამძვინვარებული ღრიალით რომ თავს გესხმით: ძაღლი, აგრესიული კატა, მგელი, ლომი, ვეფხვი... ღამურების, ობობათა, ფუტკრის ან გველების თავდასხმა, ასევე, შეიძლება, ასტრალურ შეტევაზე მიუთითებდეს; მიცვალებულთა, დემონების, ბოროტი ძალებისა და ჯადოქრების თავდასხმა ან შეგრძნება იმისა, რომ მკერდსა თუ ზურგზე ვიღაც გაზით, გახრჩობთ, ვითარდება ძილის დამბლა - ეს უწმინდურ არსებათა, დემონების, ასტრალური ქვესკნელის შემოტევაა. თუ სიზმარში ვიღაც თქვენს სახლში შემოჭრას ცდილობს, ამტვრევს კარს, საკეტებს ან ფანჯრიდან ძვრება, ესე იგი, თქვენი დაცვა გატეხილია. ხედავთ სახლს, რომელშიც ხართ, ინგრევა, იატაკი ფეხქვეშ გეცლებათ, იშლება კედლები და სახურავი - სახლში ხანძარი ან მიწისძვრაა მოსალოდნელი; წყალში იხრჩობით, მიწა სკდება და შიგ ვარდებით - ვიღაც სადღაც შეთრევას გიპირებთ. სიზმრები, რომლებიც ფინანსურ ზარალსა და ქურდობაზე მიგითითებთ, შეიძლება იყოს შემდეგი შინაარსის: თქვენი ბინა გაქურდეს ან ჩანთიდან რაღაც ამოგიღეს; ვიღაც შესყიდვას ახორციელებს, თქვენი ნებართვის გარეშე; ვიღაც თქვენი სახსრებიდან იმაზე მეტს იხდის, ვიდრე საჭიროა; მაღაზიაში მოგატყუეს და სამუშაოს საფასური არ გადაგიხადეს; დაკარგეთ საფულე ან ზოგიერთი პირადი ნივთი.

- კიდევ სხვა რა ნეგატივის შესახებ შეიძლება, შევიტყოთ სიზმრებიდან?

- ჭუჭყიანი ან სხვისი ტანსაცმლის შემოჩეჩება, მაღაზიაში მცდელობა იმისა, რომ თქვენთვის უსარგებლო სამოსი გაყიდინონ, ან რაც გაცვიათ, ისეთ შეგრძნებას გიტოვებთ, რომ სხვისია - ეს შეიძლება ბედის ცვლილებაზე მიუთითებდეს.

სარკეში თუ სახე გეუცნაურათ ან გარეგნობა უარესობისკენაა შეცვლილი – შეიძლება ჯადოს სამიზნე თქვენი სილამაზე იყოს. თუ თმა უცებ დაგიმოკლდათ - ვიღაც ძალის წართმევას ცდილობს. თუ ბინა ნაგვითა და ნივთებით სავსე ყუთებითაა სავსე, თქვენ კი, ვერ ალაგებთ, რადგან არ გახსოვთ, რა არის მათში - ეს თქვენს პრობლემებსა და უსიამოვნებებზე მიუთითებს. ხეტიალი ლაბირინთში, ბნელ ტყეში, უცხო ქუჩებში, ყველგან, საიდანაც გამოსავალს ვერ პოულობთ - ცხოვრების გზების ჩაკეტვაა, მით უმეტეს, თუ სიზმარში ჩიხები და სიბნელეა. ნისლი და კვამლი, ძილი სიზმარში, იმის განცდით, რომ ვერ იღვიძებთ - უსიამოვნებებია. სასაფლაო და მასთან დაკავშირებული ყველა ატრიბუტი: საფლავები, ჯვრები, მიწა, მიცვალებულები - სასაფლაოს ჯადოა გარდაცვლილის ჩასახლებით. ბეჭდის ან ძვირად ღირებული სამკაულის ჩუქება, საჩუქართან ერთად უწმინდურ არსებათა „ჩუქებაცაა“. სისხლის მწოველი არსებები სიზმარში: ტილები, კოღოები, წურბელები - ვიღაც ენერგიას გწოვთ. თუმცა თითოეულ ადამიანს სიმბოლოების საკუთარი ბიბლიოთეკა აქვს, რომელიც ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე იქმნება. ამიტომ, პერსონალური სურათების მნიშვნელობა შეიძლება არ შეესაბამებოდეს ზოგადად მიღებულ ინტერპრეტაციას: მაგალითად, თუ სიზმარში გველი ნახეთ, მაგრამ თავად ძალიან გიყვართ ქვეწარმავლები და სახლშიც კი გყავთ, მაშინ ის სულაც არ იქნება ცუდის მანიშნებელი თქვენთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა