რატომაა პერიოდულად სახლის ენერგეტიკის წმენდა აუცილებელი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 05.06
სახლის „სული“ ცოცხლდება, როცა იქ ბედნიერება დაისადგურებს. ჩვენ კი უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ შევქმნათ ბედნიერება, რომელიც ყველა ოჯახის წევრზე გავრცელდება და თავდაჯერებულობას შემატებს. კაშკაშა ფერები, მუსიკა, ბავშვები, განათება და წყალი, ყველა ერთად, დადებითი ენერგიის წყაროა, ისინი სიხარულით ავსებენ და აცოცხლებენ სახლს. სწორედ ასეთ სახლებში არ გროვდება ენერგეტიკული ჭუჭყი და მტვერი, ენერგეტიკა კი მყუდრო, მხიარული და ბედნიერია.
ზოგადად, სახლის ენერგიის დაბინძურების ძირითადი მიზეზებია მატერიალური, ემოციური და სულიერი სიბინძურე, რომელიც ადამიანებსაც ანადგურებს და საცხოვრებელ გარემოსაც. სახლის დაბინძურებული ენერგია ადამიანის დადებით ენერგიასაც შთანთქავს. ამიტომ, აუცილებელია, ადამიანმა იზრუნოს სახლის ენერგიაზე და პერიოდულად ასუფთაოს ის. პირველ რიგში კი, თავისი ემოციები და ფიქრები უნდა გაწმინდოს, რადგან გარემოს ზოგჯერ თავად ადამიანი აბინძურებს. ხოლო, თუ როგორ უნდა მიხვდეთ და რა არის მთავარი ნიშანი, რომ სახლი ნეგატიური ენერგიითაა სავსე, ამას ქვემოთ მოყვანილი მინიშნებებით შეიტყობთ. მაგალითად, როცა სახლი ნეგატიური აურითაა სავსე, ეს გავლენას ახდენს იქ მცხოვრებ ადამიანებზე, მათ ურთიერთობებზე და ისინი ერთმანეთთან გამუდმებით კონფლიქტში არიან. თუ ხედავთ, რომ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები მუდამ წუწუნებთ, სიბრაზით ხართ სავსე და ხშირად ხმამაღლა საუბრობთ, ეს მიუთითებს, რომ თქვენი სახლი უარყოფითი ენერგიითაა დატვირთული. ასეთ დროს სახლის გაწმენდა ნეგატიური ვიბრაციებისგან და მათი დადებითი მუხტით ჩანაცვლება უმნიშვნელოვანესია.
უარყოფითი აურის მოსაშორებლად არსებობს მარტივი გზები:
* დაკავდით ისეთი საქმით, რომელიც გიყვართ და სიამოვნებას განიჭეთ. ხშირად მოიწვიეთ მეგობრები. მეტი დრო გაატარეთ რომანტიკულ პარტნიორთან ან ისეთ ადამიანებთან, ვისგანაც მხოლოდ პოზიტიური განწყობა მოდის;
* მოიშორეთ ყველაფერი, რაც ცუდ დღეებს გახსენებთ და ნეგატიურ განწყობას გიქმნით. ნუ შეინახავთ ისეთ ნივთებს, რაც ბედნიერებას წაგართმევთ, დაგირღვევთ სიმყუდროვეს და ხელს შეგიშლით მშვიდად ცხოვრებაში. უმჯობესია, უარი თქვათ მათზე და თავიდან მოიშოროთ. დაიტოვეთ და გამოსაჩენ ადგილას დაალაგეთ მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც პოზიტივით გავსებენ, კარგ დროსა და ბედნიერ წუთებს გახსენებენ – განვლილი ცხოვრებიდან სასიამოვნო მომენტები პოზიტივით გავსებთ და სახლშიც დადებითი ენერგია ისადგურებს;
* იქონიეთ თქვენი ზოდიაქოს შესაბამისი ქოთნის მცენარეები. მოუარეთ მათ, რადგან ოთახის მცენარეებს ნეგატივისგან სახლის გაწმენდის უნიკალური ძალა აქვთ. გარდა ამისა, ისინი ოთახებს სუფთა ჰაერით ავსებენ;
* ნეგატიური ენერგიის წინააღმდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ კრისტალები. განსაკუთრებით კარგია ვარდისფერი კვარცი. ის შთანთქავს უარყოფით ვიბრაციებს და სახლს ნათელი, დადებითი აურით ავსებს. მოათავსეთ ის გამოსაჩენ ადგილას და კვირაში ერთხელ გამდინარე წყლით გარეცხეთ, რომ ენერგეტიკული, ცუდი ჭუჭყი ჩამოაცალოთ და წყალს გაატანოთ;
* კარგი იქნება, სახლის დალაგებამდე რამდენიმეწუთიან მედიტაციაში შეხვიდეთ, გააცნობიეროთ მატერიალური რეალობა და სახლს დამშვიდებული გონებით შეხედოთ. ნუ დაალაგებთ უაზროდ, „მექანიკურად“, ეს მხოლოდ ზედაპირულ სისუფთავეს მოგიტანთ, სახლის ენერგეტიკაში კი ბევრი არაფერი შეიცვლება. დაჯექით, დამშვიდდით და თვალები დახუჭეთ, ნურაფერზე იფიქრებთ, მოდუნდით. მხოლოდ ასეთი რამდენიმეწუთიანი განტვირთვის შემდეგ შეუდექით სახლის დალაგება-დასუფთავებას და თავად დარწმუნდებით, რომ გაცილებით მეტს შეამჩნევთ, ვიდრე ყოველდღიურად ხედავდით;
* ძილში ადამიანი სრულიად დაუცველია ასტრალური თავდასხმებისა და ნეგატიური ენერგიებისგან. ამიტომ, ძილი უნდა იყოს უსაფრთხო და მშვიდი. ამაზე კი, თავად უნდა იზრუნოთ და სრულად გაწმინდოთ საძინებლის ენერგეტიკა. საწოლის ქვეშ, ფეხებთან დადეთ ამეთვისტოს ქვა. ხშირად გაანიავეთ ლეიბი, საბნები და ბალიშები სუფთა ჰაერზე, რათა ისინი მზის ენერგიით დაიმუხტონ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან