ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რატომ მიაჩნდათ ძველად ქალი გრძელი და ხშირი თმით გრძნეულად და როგორ ამოწმებდნენ ქმრები ცოლის ერთგულებას

№45

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 15.11

შეუცნობელი
დაკოპირებულია

დღეს ისევ იმ მინიშნებებზე ვისაუბრებთ, კაცობრიობის არსებობის საწყისებიდან მოყოლებული, ათასწლეულები რომ გამოიარა და მაინც არ დაუკარგავს აქტუალობა. მოგეხსენებათ, თითქმის არ არსებობს ადამიანისთვის ცხოვრებაში გამოსაყენებელი საგანი, ნივთი თუ მოვლენა, შესაბამისი მინიშნება რომ არ უკავშირდებოდეს. ამჯერად ისეთ მინიშნებებს განვიხილავთ, პიროვნების შესახებ იმაზე მეტს რომ გვიყვება, ვიდრე ხილულად შეიძლება მისი დანახვა. დაუგდეთ ყური ჩვენს სტუმარს, ეზოთერიკოს, ქალბატონ ელენე ტ-ს და ნამდვილად ბევრ საიდუმლოს შეიტყობთ თქვენთვის საინტერესო ობიექტის შესახებ.

- ხალხურმა გადმოცემებმა ბევრი ისეთი მინიშნება შემოინახა მეხსიერებაში, დღემდე რომ ფრიად საგულისხმო და გამოსადეგია. იმდენი დაფარულისა და საიდუმლოს ამოხსნა შეუძლია, რომ, თუ გაითვალისწინებთ, ნამდვილად არ წააგებთ. ტყუილად კი არ იყვნენ ჩვენი წინაპრები ამ ყოველივეს მიმდევარნი, უფრო მეტიც, ნაბიჯსაც კი არ დგამდნენ აღნიშნული მინიშნებებისა და რწმენის გარეშე - მიაჩნდათ, რომ, რაც უძველესი წინაპრებისგან მოდის და მათი ცხოვრების მდიდარი გამოცდილებითაა ნაკარნახევი, მათაც ეხმარება ცხოვრებაში. მთელი ეს ხალხური გამოცდილება ჰაერიდან კი არ მოსულა, ხალხურ სიბრძნესა და ცოდნას ეფუძნება, ასევე, სხვადასხვა მცენარის თვისებებს ითვალისწინებს.

- მაინც რა საიდუმლოს ამოხსნა შეუძლია მინიშნებას?

- თქვენ წარმოიდგინეთ და ადამიანის ფიზიონომიამაც კი შეიძლება გასცეს მისი პატრონის ხასიათი, თვისებები თუ ფარული ზრახვები. მაგალითად, ჩამოყრილი, ჩამოფხატული წარბები იმაზე მიუთითებს, რომ ამ ადამიანს ბოროტი ხასიათი აქვს. ვისაც თხელი ტუჩები აქვს ეშმაკია და უნდა ერიდოთ, მისგან ნებისმიერ დროს ელოდეთ მზაკვრობას. სქელი ტუჩები კი პატრონის მგრძნობიარე ბუნებაზე მეტყველებს.

- საინტერესოა, მაგრამ უფრო კარგი იქნება, თუ გვეცოდინება, რას უნდა ველოდეთ დილიდან, როცა ვაღებთ კარს და სახლიდან გამოვდივართ...

- მართალი ბრძანდებით. სწორედ დილით, სახლიდან რომ გამოხვალთ და გზას დაადგებით, საკმარისია, ყურადღებით დააკვირდეთ მინიშნებებს და შესაბამისადაც მოიქცეთ, რომ თქვენდა სასიკეთოდ წარიმართება ყველაფერი. მაგალითად, თუ სამოგზაუროდ მიდიხართ, უნდა იცოდეთ და გახსოვდეთ, რომ მცენარეებიდან აბზინდა და ვერბენა დაგეხმარებათ, მოგზაურობა მშვიდი და ბედნიერი რომ იყოს. შეგიძლიათ, თან წაიღოთ ამ მცენარეებიდან რომელიმეს თუნდაც ერთი ყლორტი ან რამდენიმე ღერი, რომ მან გზაზე გადაღლისა და დაძაბულობისგან დაგიცვათ. რაც შეეხება ტრანსპორტს, მანქანაში მარჯვენა ფეხით ჩაჯექით, ხოლო სახლიდან გასვლამდე, უმჯობესია, ოჯახის ყველა წევრი წუთით დასხდეთ, რომ გზაზე რაიმე დაბრკოლებას არ გადააწყდეთ.

- რის გაკეთება არ შეიძლება ხანგრძლივი მოგზაურობის წინ?

- ხანგრძლივი მოგზაურობისთვის წინასწარ ისე მოემზადეთ, რომ წასვლისას არ დაიწყოთ რაიმეს დაკემსვა, ღილის დაკერება ან საერთოდ, შეკერვა. ამ დროს არ შეიძლება დანით ან მაკრატლით რაიმეს გაჭრა, ასევე, თმის დაბანა ან ბანაობა. შორეული მოგზაურობა უნდა დაგეგმოთ დილით ადრე და სასურველია - სამშაბათს ან შაბათს. თუ ამ დღეს გაწვიმდა, ნუ ინაღვლებთ, წარმატება გარანტირებული გაქვთ. ორშაბათსა და პარასკევს კი არ გაემგზავროთ, რადგან ფორტუნა ამ დროს ნამდვილად არ არის თქვენკენ. გზაზე დამდგარი აუცილებლად ვინმეს შეხვდებით: თუ შემთხვევით ძაღლმა გადაგირბინათ ან დამუხრუჭებული მანქანის ბორბლების ღრჭიალი მოგესმათ, სიღარიბე და მეზობლებთან ჩხუბი გელით; ბერის ან ქალის შეხვედრა, რომელსაც ხელში ცარიელი ვედროები უჭირავს, კარგს არაფერს მოგიტანთ, მაგრამ წყლით ან სხვა რამით სავსე, წარმატების საწინდარია. სამგლოვიარო მსვლელობას თუ წააწყდებით, გზას ნუ გადაკვეთთ, თორემ დაავადება, რომლითაც ის ადამიანი გარდაიცვალა, თქვენზე გადმოვა. გზაზე ლურსმანი, ღილი ან ცხვირსახოცი თუ ნახეთ, არ აიღოთ, არ არის კარგი; თავით თქვენკენ მომართული ქინძისთავი კი გაფრთხილებთ, რომ თქვენ წინააღმდეგ შეთქმულება იგეგმება; სამაგიეროდ, მონეტა წინა მხრით ბედნიერების ნიშანია; ხოლო გოგონა, რომელმაც თმის სამაგრი დაკარგა, მალე თაყვანისმცემელსაც დაკარგავს.

- ადამიანის ბედის შესახებ კიდევ რას ამბობს მინიშნება?

- ცნობილია, რომ თმა კოსმიური ენერგიის გამტარია. შესაბამისად, ძველ დროში ქალს სქელი, გრძელი თმა თუ ჰქონდა, მიაჩნდათ, რომ იდუმალი, ბრძენი გრძნეული იყო. ამასთან ერთად, ბოროტი გამოხედვაც თუ ჰქონდა, ჯადოქარს ეძახდნენ. ყველამ იცის, გოგონა მაგიდის კუთხეში თუ დაჯდა, შვიდი წელი ვერ გათხოვდებაო, მაგრამ ისიცაა ნათქვამი, რომ: გოგონას საქმრო გამოუჩნდება კუთხის ბინით ან სახლითო. თუ ეკლესიაში ქორწილის დროს პატარძალს შემთხვევით ცხვირსახოცი დაუვარდა და საქმრომ აიღო, დიდხანს ვერ იცოცხლებს; ჯვრისწერისას ვინც ხალიჩაზე პირველი დააბიჯებს, ოჯახის უფროსიც ის იქნება. ახალდაქორწინებულების ბოროტი თვალისგან დასაცავად მათ ფეხებთან მარილს ყრიან. ცოლის ერთგულების შესამოწმებლად ძველად ქალს თავზე მაგნიტს უმაგრებდნენ და ძილში თუ ქმარს ეხუტებოდა - ერთგული იყო, მოღალატე კი ვერ იძინებდა. ძალიან კარგი ნიშანია, თუ შვილის გაჩენისას მამა ხეს დარგავს. როგორც ხე იზრდება, ისე გაიზრდება ბავშვიც. თუ ხე გახმება, ბავშვიც ავადდება. ამიტომ, მშობლები ყოველთვის განსაკუთრებულად უვლიდნენ ამ ხეს. ბავშვი აუცილებლად უნდა მოინათლოს და პერანგი, რომელიც ნათლობისას პირმშოს ეცვა, მომდევნო შვილებსაც უნდა ჩააცვათ, რომ ერთმანეთი უყვარდეთ. აი, ასეთი გადმოცემები და მინიშნებები შემოგვინახეს წინაპრებმა. თითოეულ მათგანში ჩადებული საიდუმლო კი, ჩვენი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ემსახურება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა