რატომ იქნება თებერვალი დაძაბული და რა მოვლენებს გვპირდება დედამიწის ბიოსფეროს დისჰარმონიული მდგომარეობა
ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00
ამ წლის პირველი თვე, იანვარი, მიიწურა და თებერვალი დადგა. ძველები ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილი და ამბობდნენ – „თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო“. ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი კი, პლანეტებსა და ვარსკვლავებზე დაკვირვებით ამბობს, რომ წინ საკმაოდ რთული პერიოდი გველოდება. საჭიროა სიფრთხილე, რადგან დაძაბულობა მოიმატებს ურთიერთობებში და ჯანმრთელობასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.
– ბატონო მიხეილ, როგორი იქნება ზამთრის ბოლო თვეში დედამიწის მდგომარეობა და რას უნდა ველოდოთ თებერვალში?
– თებერვალში დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა დისჰარმონიულია. ურთიერთობებისა და ჯანმრთელობისთვის დაძაბული პერიოდია. ეს გამოწვეულია მზის ტრანზიტით, ასევე, მერკურისა და ვენერას შეერთებით მერწყულის ნიშანში და მათი კვადრატით ურანთან, რასაც გააძლიერებს სატურნისა და ნეპტუნის უარყოფითი გავლენა ვერძის ნიშანში.
– ყოველივე ამის ფონზე, კონკრეტულად რა მოვლენებს ექნება ადგილი?
– საზოგადოებაში მოხდება შეთანხმებების დარღვევა, ფინანსური რეფორმები, მრავალი აკრძალვა და სანქცია. ბევრი რამ თავდაყირა დადგება, მათ შორის, ზნეობრივი კავშირები, ღირებულებები და მორალური კანონები. გადაღლის გამო ადამიანებს დასჭირდებათ ემოციური განტვირთვა. 17 თებერვალს მზის დაბნელება გააძლიერებს ახალმთვარეობის ეფექტს, ამიტომ ძალიან გაფრთხილდით საქმეებში და მგზავრობის დროს.
– ანუ 17 თებერვლიდან იწყება რთული პერიოდი, რომლისთვისაც უნდა მოვემზადოთ?
– დიახ, 17 თებერვალს, 16:02 საათზე დაიწყება მზის დაბნელება, რაც წლის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია და მისთვის მომზადება აუცილებელია. მზის დაბნელებისა და ახალმთვარეობის შემდეგ, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ცეცხლის წითელი ცხენის წელიც შემობრძანდება.
– რა პერიოდიდან დაიწყებს დასტაბილურებას სიტუაცია,?
– 20 თებერვლიდან სიტუაცია დასტაბილურდება, ამიტომ უმჯობესია, საქმეები და ახალი ურთიერთობები 20 თებერვლის შემდეგ დაიწყოთ. 26 თებერვლიდან კი რეტროგრადულია პლანეტა მერკური, რაც დროებით შეანელებს ყველაფერს.
– ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რა რეკომენდაცია-რჩევებს მისცემთ?
– თებერვალი ვერძის ენერგეტიკული პოტენციალისთვის საკმაოდ აქტიური თვეა. ეს შანსი უნდა გამოიყენოთ კომუნიკაციისთვის, ახალი პარტნიორების, საქმიანი კონტაქტების გაფართოებისთვის. თვის პირველი ნახევარი დაძაბულია, მეორე ნახევარი, 25 თებერვლამდე კი – დადებითი ცვლილებების მომტანი.
თებერვლის ქაოტური და ჰაეროვანი ენერგიები კუროს ცხოვრებაში დისჰარმონიას შემოიტანს. თვის პირველ ნახევარში განსაკუთრებით გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მოხდება ბევრი ცვლილება, იქნება კონფლიქტები. 13-დან 25 რიცხვამდე კარგი დროა ნებისმიერი საქმიანობისთვის, გაწყვეტილი კავშირების აღსაღდგენად, სასიყვარულო ურთიერთობისთვის.
ტყუპებისთვის თებერვლის თვის პირველი ნახევარი ახალ, საინტერესო შეხვედრებთან და შემოქმედებით გეგმებთან არის დაკავშირებული. 13-დან 25 რიცხვამდე მეტად მშვიდი და მომგებიანი პერიოდია. თვის ბოლოს კი არასასურველია მოგზაურობა. აკონტროლეთ ჯანმრთელობა და არ გადაიღალოთ.
თებერვლის თვეში კირჩხიბის არასტაბილურობა დაძაბავს სხვებთან ურთიერთობას. მოსალოდნელია შეცდომების დაშვება. თვის შუა რიცხვებიდან 25-მდე შედარებით მშვიდი პერიოდია. 25 თებერვლის შემდგომ კი კვლავ არასტაბილური პერიოდი იწყება. გირჩევთ, ხელიდან არ გაუშვათ სასიკეთო შესაძლებლობები ფინანსურ სფეროში.
თებერვალი ლომებისთვის ხელსაყრელი პერიოდია ენერგიებისა და ჯანმრთელობის თვალსაზრისით. თუმცა, მოსალოდნელია დაძაბულობა პარტნიორებთან, მათ შორის სასიყვარულო სფეროშიც. მოგიწევთ, იყოთ დიპლომატიური. თვის შუა რიცხვებში შესაძლოა, რომანტიკული თავგადასავლები, იდუმალი პაემნები. თვის ბოლოს კი სიტუაცია იცვლება – მცირდება ენერგიები, საჭიროა მეტი დასვენება.
თებერვლის პირველ ნახევარში ქალწული ენერგიის ნაკლებობას იგრძნობს. 13-დან 25 რიცხვამდე კი სიტუაცია დასტაბილურდება, გაჩნდება პერსპექტივები. ბევრი დადებითი ცვლილება და სასიამოვნო მოვლენა გელით. თვის ბოლოს მოსალოდნელია პარტნიორებთან უთანხმოება გამწვავდეს, ამიტომ მეტი სიფრთხილე და თავდაჭერა გმართებთ.
თებერვალში სასწორს საკმარისი შესაძლებლობა ექნება, მეტად გამოავლინოს საქმიანი უნარები, ნიჭი და ჩაერთოს რომანტიკულ ურთიერთობებში. თუმცა, თვის პირველი ნახევარი მისთვის ემოციურად არასტაბილურია. სანდო პარტნიორები დაგიცავენ ნაჩქარევი ნაბიჯებისგან. მეტი ყურადღება სჭირდება ოჯახის წევრებს.
მორიელებისთვის თებერვალი ცოტა რთულად გასავლელი თვეა. არ ვარგა მოგზაურობა, იურიდიული საკითხების გადაჭრა. თვის შუა რიცხვებიდან მოსალოდნელია ახალი კავშირების, კონტაქტების დამყარება. არ გირჩევთ დიდ შენაძენებს.
მშვილდოსნისთვის თებერვალი დინამიკური თვეა. გაიზრდება ენერგეტიკული პოტენციალი, ოპტიმიზმი და თავდაჯერებულობა. 13-დან 25-მდე საკმაოდ პოზიტიური პერიოდია. თვის ბოლოს კი რომანტიკული შეხვედრები და პოზიტიური ცვლილებები გელით.
თებერვალში თხის რქის ენერგეტიკული პოტენციალი შესუსტდება, მაგრამ ბევრი მათგანი აქტიურად გამოიმუშავებს ფულს, იპოვის დამატებითი შემოსავლის წყაროს. თვის პირველი ნახევარი არასტაბილურია, რადგან ფული როგორც მოვა, ისე წავა გაუთვალისწინებელ ხარჯებში. არასტაბილურობა იმატებს პირად ცხოვრებაშიც. თვის ბოლო პერიოდი კი კარგია ქორწინებისთვის, საოჯახო ბიზნესის გასახსნელად.
მერწყულებისთვის თებერვალი ახალი, ყოველწლიური ციკლის დასაწყისია. თავს ენერგიულად იგრძნობს. იქნება აქტიური და მზად – ცვლილებებისთვის. თუ არ დაიბნევით და ფრთხილად იმოქმედებთ, წარმატება გარანტირებულია.
თევზებისთვის კი თებერვალი, განსაკუთებით თვის პირველი ნახევარი, ერთ-ერთი ყველაზე დისჰარმონიული პერიოდია. ემოციურად მეტად მგრძნობიარე და ნაკლებად სტაბილურები იქნებიან. არახელსაყრელი პერიოდია სამოგზაუროდ, გასაუბრებაზე წასასვლელად. თვის შუა რიცხვებიდან 25 რიცხვამდე კი წარმატება ელით პირად ცხოვრებაში. კარგი დროა ქორწინებისთვის, კონტრაქტის დასადებად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




