ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რატომ იქნება შემოდგომის დასაწყისი წლის ერთ-ერთი ყველაზე არასასიკეთო პერიოდი და რას უნდა მოერიდოთ სექტემბერში

№36

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 09.09

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

ზაფხული მიიწურა და შემოდგომა დადგა. როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, სექტემბრის თვის პირველი დეკადა საკმაოდ არასასიკეთო და ნეგატიური პერიოდია არა მარტო ადამიანებისთვის, არამედ, მთლიანად დედამიწისთვის. ამიტომ, ეს პერიოდი განსაკუთრებით სიფრთხილითა და წინდახედულობით უნდა განვლოთ, გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, პარტნიორულ ურთიერთობებს და არ დაგეგმოთ ისეთი ნაბიჯები, რომელიც მხოლოდ წაგებას მოგიტანთ. სჯობს, კარგად დაფიქრდეთ, ასჯერ გაზომოთ და ერთხელ გადაჭრათ და ისე იმოქმედოთ. ხოლო, როგორც ბატონი მიხეილი ამბობს, თვის ბოლოს სიტუაცია დასტაბილურდება და კალაპოტში ჩადგება.

– ბატონო მიხეილ, როგორი იქნება შემოდგომის პირველი თვე და რას უნდა ველოდოთ სექტემბერში?

– გეტყვით, რომ სექტემბრის დასაწყისი წლის ერთ-ერთი ყველაზე არასასიკეთო პერიოდია, როგორც ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისათვის, ისე მთლიანად დედამიწისთვის. ამ პერიოდში კოსმოსის ნეგატიური ვიბრაციები თავის უმაღლეს წერტილს მიაღწევს, რაც 13 რიცხვამდე. გაგრძელდება ქალწულის ზოდიაქოში მოძრავი მზე ზედმეტად აქტიური და აგრესიულიც კი იქნება, განსაკუთრებით 2-დან 5 სექტემბრის დროის მონაკვეთში და უარყოფითად აისახება ადამიანების ქვეცნობიერზე. აფეთქებები მზეზე, ატმოსფერული ანომალიები, სტიქიური კატასტროფები, მიწისძვრები და სხვა არასასიკეთო ბუნებრივი მოვლენები ნეგატიურ ზემოქმედებას მოახდენს საერთო ფსიქოემოციურ ფონსა და განწყობაზე, ჯანმრთელობასა და მოსახლეობის საქმიანობაზე. ამ პერიოდის მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება მართებთ ადამიანებს, რომლებსაც ენერგეტიკულ ეთერულ სხეულში გარღვევები აქვთ ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აღენიშნებათ. ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის სისტემის დარღვევების გამო შესაძლოა, გამწვავდეს ძველი ქრონიკული დაავადებები. კოსმიური ენერგიის არასასიკეთო ზემოქმედება ქმედებებზეც აისახება. მოიმატებს იმპულსური, ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისა და უსაფუძვლოდ ამბიციური მოქმედებების სურვილი. ეს სერიოზულ წინააღმდეგობას შეუქმნის როგორც პირად, პარტნიორულ და სასიყვარულო ურთიერთობებს, ისე საქმეებს, დამატებით სირთულეები შეიქმნება ბიზნესსა და კარიერულ საკითხებში.

– რას გვირჩევთ, რას უნდა მოვერიდოთ და პირიქით, რა სფეროში ვიაქტიუროთ განსაკუთრებით კონკრეტულ პერიოდებში?

– 12 სექტემბრამდე პერიოდი არ გამოდგება მოგზაურობისთვის, შორ მანძილებზე გადაადგილებებისთვის, მივლინებებისთვის. ამ პერიოდში არაა გამორიცხული სხვადასხვა სახის ავარიები, ხანძრები, უბედური შემთხვევები. გადამეტებული ენერგია და ქაოტური დინამიკა ბევრს აიძულებს, იმოქმედონ წინდაუხედავად, ნაჩქარევად, დაუშვან შეცდომები. არაპროფესიონალიზმი, დისპეტჩერებისა და სხვა პერსონალის გულგრილობა და შეცდომები შესაძლოა, ავიაკატასტროფებისა და სატრანსპორტო შემთხვევების მიზეზი გახდეს. გარდა ამისა, ეს პერიოდი არ გამოდგება თანამშრომლობისთვის, საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების ჩასატარებლად. ამ დროს უმჯობესია, მეტი ყურადღება დაეთმოს უახლოეს ადამიანებს, ოჯახის წევრებს, საყვარელ და ძვირფას ხალხს, მეგობრებს. ასევე, სასურველია, მეტი დრო და ყურადღება დაეთმოს პროფესიულ საქმეებს, რადგან პარტნიორული ურთიერთობა შეიძლება, დაიძაბოს, არ შესრულდეს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოვალეობები. გართულდება დაპირებების შესრულებაც.

– რამდენ ხანს გასტანს ეს ნეგატიური პერიოდი და როდიდან დაიწყებს სიტუაცია კალაპოტში ჩადგომას და დამშვიდებას?

– 12 სექტემბრიდან დაძაბულობა ნელ-ნელა იკლებს და 18 რიცხვიდან უკვე გაჩნდება ახალი შესაძლებლობები შემოქმედებითი, ნაყოფიერი და მოგებიანი მოქმედებებისთვის. მოქმედებების უმეტესობა მეტად პროდუქტიული და მოგებიანი გახდება. კონფლიქტებისა და პრობლემების მოგვარებისას მოიძებნება ახალი გზები, მიიღება მაქსიმალურად ოპტიმალური და ზედმიწევნით გააზრებული გადაწყვეტილებები. ამავე პერიოდისთვის დედამიწის ბიოსფეროს ენერგეტიკა დასტაბილურდება. თუმცა, თვის დასაწყისის კოსმიური ქარიშხლის შედეგები საბოლოოდ მხოლოდ 22 სექტემბრის შემდგომ აღმოიფხვრება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა