რატომ გიგზავნით გარკვეული ნივთების დაკარგვით სამყარო „თავისუფლების მოსაწვევს“ და როგორ უნდა გაშიფროთ ცალკეული დანაკარგის სიმბოლიკა
ავტორი: ნანა წერეთელი 50 წუთის წინ
რას ნიშნავს, როცა მუდმივად გასაღებს ეძებთ, ან ტელეფონი, დოკუმენტები „ქრება“ მოულოდნელად?.. გაინტერესებთ არა?.. რადგან თქვენც ხშირად ხართ მსგავს მდგომარეობაში და ვერაფრით აგიხსნიათ, რატომ ვერ დაინახეთ „თქვენი ძებნილი“ აქამდე, როცა ის ადგილი უკვე ათასჯერ გადაჩხრიკეთ. გაინტერესებთ და პასუხსაც მიიღებთ: ეზოთერიკოსი, ქალბატონი მაია ს. განმარტავს, ამ განმეორებადი „ინციდენტების“ სიმბოლიკის არსს და აგვიხსნის, რაზე მიგვანიშნებს ამით სამყარო.
- გამუდმებით სადღაც, ჯანდაბაში იკარგება თქვენი გასაღები? გეჩვენებათ, რომ ტელეფონი, რომელიც ჯიბეში გედოთ, გაქრა? პასპორტი ან სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტი არასდროს გხვდებათ იქ, სადაც დატოვეთ?.. ამისთვის კი გამუდმებით თავს იდანაშაულებთ და ბრაზდებით: რატომ ხართ ასეთი უყურადღებო, არაორგანიზებული და გაფანტული. აქ შეჩერდით!.. და მიპასუხეთ: რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ ამ ნივთების დაკარგვაში ბრალი არ მიგიძღვით...
- აბა რა ხდება?
- ეს გზავნილია სამყაროსგან. თქვენი სული, ქვეცნობიერი სიმბოლოების ენით გელაპარაკებათ. ხშირი დაკარგვა კი მისი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დიალექტია. ეს არ არის წყევლა ან შემთხვევითობა. ეს მოსაწვევია თქვენი გათავისუფლებისთვის „გამართულ ასპარეზობაზე“. ოღონდ გახსოვდეთ, ამ სიტუაციაში, ყველაფრის ჯეროვნად გასააზრებლად, მნიშვნელოვანია თითოეული ნიუანსი, დეტალი და არა, მითითება მოქმედებისკენ. საბოლოო გადაწყვეტილებას ყოველთვის თქვენ იღებთ.
- რა ახსნა აქვს მოვლენათა ამგვარ სიმბოლიზმსა და სინქრონულობას?
- ცნობილი ფილოსოფოსები ბევრს საუბრობდნენ სინქრონულობაზე - მნიშვნელოვან დამთხვევებზე, რომლებიც შემთხვევითი არ არის. მნიშვნელოვანი ობიექტის დაკარგვა ზუსტად მაშინ, როდესაც შინაგან კრიზისს განიცდით, კლასიკური მაგალითია. ხდება თქვენი შინაგანი მდგომარეობის პროეცირება (მისი ფართო ეკრანზე გაშლა) უკვე გარეთ და სამყარო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გართმევთ სწორედ იმას, რაც პრობლემას გიქმნით. ამით სამყარო გახედებთ სარკეში, რომელიც გიჩვენებთ იმას, რის დანახვაც არ გინდათ.
- როგორ იშიფრება კონკრეტული დანაკარგი?
- დანაკარგების გაშიფვრა დამოკიდებულია იმაზე, თუ რისგან გათავისუფლებას ცდილობს თქვენი სული. ვთქვათ, დაკარგეთ გასაღები. ამით თქვენ კარგავთ წვდომას და რას ნიშნავს ეს? სიმბოლურად გასაღები წვდომაა შესაძლებლობებზე, კონტროლისა და პრობლემების გადაჭრის საშუალებებზე. შესაბამისად, გასაღების დაკარგვით თქვენ ხელიდან უშვებთ შესაძლებლობას და ქვეცნობიერად უარს ამბობთ წვდომას სიტუაციაზე, რომელიც გამძიმებთ. შესაძლოა, არასწორი კარის „გაღებას“ (იქნება ეს ტოქსიკური ურთიერთობა, ან ისეთი რაღაც, რაც თქვენი სამუშაო არ არის) ცდილობთ ან გინდათ, ზედმეტად აკონტროლოთ სიტუაცია. ამ დროს თვითდიაგნოსტირებისთვის საჭიროა, პასუხი გასცეთ კითხვებს: „რომელი კარის გასაღები მაქვს თან? რომელ კარზე უნდა ვთქვა უარი? სად ვცდილობ უკონტროლო სიტუაციის კონტროლს?“
- როცა ტელეფონს ვერ ვპოულობთ?
- თქვენ კარგავთ კავშირს. სიმბოლურად ტელეფონი ნიშნავს კომუნიკაციას, კონტაქტებს, სამყაროსთან კავშირს და ინფორმაციის ნაკადს... და რას უშვებთ ხელიდან მისი დაკარგვით? თქვენი სული ითხოვს შესვენებას. დაგღალათ სხვების პრობლემებმა, განუწყვეტლივ რომ მოედინება ტელეფონიდან შეტყობინებებისა თუ ზარების სახით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ ინარჩუნებთ კავშირს მათთან, ვინც ასე გადაგღალათ. ტელეფონის დაკარგვა არის საშუალება, თავს ძალა დაატანოთ და გარშემო მშვიდი სივრცე შეიქმნათ. კითხვები კი თვითდიაგნოსტირებისთვის ამჯერად ასეთია: „ვისი ზარის მოსმენა არ მინდა? როგორი კომუნიკაცია მომბეზრდა? ხომ არ დადგა დრო, კომუნიკაცია „თვითმფრინავის რეჟიმში“ გადავიყვანო?“
- რაც შეეხება საბუთების (პასპორტი, მართვის მოწმობა, საკრედიტო ბარათი...) ძებნას...
- საბუთებთან ერთად, თქვენ კარგავთ საკუთარ იდენტობას. სიმბოლურად დოკუმენტები თქვენი ოფიციალური „მე“, სოციალური როლი, სტატუსი, რეპუტაცია და უსაფრთხოებაა. რას უშვებთ ხელიდან მასთან ერთად? - თქვენ გაუსწარით იმ პიროვნებას, რომელსაც ეს დოკუმენტები წარმოადგენს. „სამაგალითო თანამშრომლის“, „იდეალური ცოლისა“ თუ „სანდო მომწოდებლის“ როლი შეუფერებელი და აუტანელია თქვენთვის. დოკუმენტების დაკარგვა კი, სიმბოლურად გათავისუფლებთ ნიღბისგან, რომელიც უკვე „დაგივიწროვდათ“. რაც შეეხება კითხვებს თვითდიაგნოსტიკისთვის ასეთია: „რა როლს ვთამაშობ სხვების წინაშე? სინამდვილეში ვინ ვარ ამ საბუთების გარეშე?“
- როგორ უნდა მოვიქცეთ მსგავს შემთხვევებში?
- უპირველესად, მოცემული დანაკარგის შემთხვევაში, პანიკის ნაცვლად, საჭიროა შემდეგი: დამშვიდდით, სამჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და გახსოვდეთ, პანიკა მხოლოდ აუარესებს ენერგეტიკულ ქაოსს; დაფიქრდით: „რის სიმბოლოა მოცემული ნივთი თქვენთვის? რისგან გათავისუფლებთ ის ახლა; გონებრივად მადლობა გადაუხადეთ ნივთს გაწეული სამსახურისა და გზავნილისთვის: „მე ვიღებ მინიშნებას და ვთავისუფლდები მისგან, რაც აღარ მემსახურება...“ და მხოლოდ ამ რიტუალის შემდეგ დაიწყეთ დაკარგულის ძებნა. ხშირად, როგორც კი ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, „დაკარგული“ ნივთი სასწაულებრივად ჩნდება. დასკვნისთვის გეტყვით, რომ ნივთებს კი არ კარგავთ, ტვირთისგან თავისუფლდებით. იშორებთ იმას, რაც ხელს გიშლით, უფრო მარტივად და თავისუფლად იაროთ წინ. ასე რომ, შემდეგში დანაკარგს პრობლემად კი ნუ ჩათვლით, მიიღეთ ის, როგორც თერაპიის სეანსი სამყაროსგან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




