რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარი კარმული თარიღის ცოდნა და რა შემთხვევაში იწყებს ადამიანი ჰარმონიულ სვლას იმასთან ერთად, რისთვისაც ამქვეყნად მოვიდა
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00
დაბადების თარიღი უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე. თუმცა გააჩნია, ვინ როდის დაიბადება. თარიღები სხვადასხვანაირია: „ჩვეულებრივი“ და კარმული. განსაკუთრებული ვიბრაციის, კარმულ თარიღებში დაბადებულებს წინა ცხოვრებიდან გადმოჰყვათ დასასრულებელი საქმეები, გამოსასწორებელი შეცდომები და ჩასაბარებელი გამოცდები. ნუმეროლოგიის მიხედვით, არსებობს კარმული თარიღების რამდენიმე ჯგუფი, რომელთა მიხედვითაც შეგიძლიათ შეიტყოთ, რა მისიას გაკისრებთ კარმა ახალ ცხოვრებაში. ამ თემაზე კი გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი ვანო გ.
- დაბადების თარიღები სხვადასხვანაირია: „ჩვეულებრივი“ და კარმული, რომელიც მიუთითებს, რომ ადამიანი ამ ცხოვრებაში მოვიდა დაუმთავრებელი გაკვეთილის დასასრულებლად, ტესტის ჩასაბარებლად ან წარსულ ცხოვრებაში დაშვებული შეცდომის გამოსასწორებლად. ასეთები ხშირად ამბობენ: „ყველაფერი რატომ მირთულდება?“ „რატომ მეორდება სიტუაციები?“ „რატომ ვგრძნობ, რომ ამის გადატანა მომიწევს?“ პასუხი მარტივია: თქვენი სული ამქვეყნად მოვიდა არა მხოლოდ საცხოვრებლად, არამედ იმისთვის, რომ განიკურნოს, დაწყებული საქმე დაასრულოს და განვითარდეს.
- როგორ უნდა მივხვდეთ, წინა ცხოვრებიდან რა საქმე გადმოგვყვა დასამთავრებელი, ან რა - გამოსასწორებელი?
- ამაში ნუმეროლოგია დაგვეხმარება, რომელიც განასხვავებს კარმული თარიღების რამდენიმე ჯგუფს. პირველი მოიცავს ძირითად კარმულ რიცხვებს: 13, 14, 16, 19 - ყველაზე ძლიერსა და ყველაზე ამოსაცნობ კარმულ ვიბრაციებს. თუ მათგან ერთ-ერთში მაინც დაიბადეთ, თქვენ განსაკუთრებული ბედი გერგოთ. დავიწყოთ 13-ით - შრომისა და დისციპლინის კარმაა და ასეთი ადამიანის წარსულ ცხოვრებაში იყო ქაოსი: სიზარმაცე, უდისციპლინობა, საქმის ბოლომდე მიუყვანლობა, ანუ, შექმნის ნაცვლად - განადგურება. ამ ცხოვრებაში კი მოუწევს: ბევრი შრომა, წესრიგის აღდგენა, მოთმინების გამოცდა, სისტემური აზროვნება. კარმის არსია: გამანადგურებლიდან შემოქმედამდე. 14 — თავისუფლებისა და სიმწიფის კარმაა და ამ ნიშნით დაბადებული წარსულ ცხოვრებას ბოროტად იყენებდა: იყო დამოკიდებული დამღუპველ სიამოვნებებზე და ახასიათებდა იმპულსურობა. ამ ცხოვრებაში კი უნდა გაიაროს: პასუხისმგებლობის გაკვეთილები, შეინარჩუნოს ბალანსი, აკონტროლოს სურვილები და სწორად შეაფასოს მინიჭებული თავისუფლება. კარმის არსია: თავისუფლება ნგრევის გარეშე. 16 — სულიერი გამოღვიძების კარმაა. ამ ნიშნით დაბადებულმა წარსულში სიამაყის, ეგოს, საკუთარი განსაკუთრებულობის რწმენით იცხოვრა - შეეძლო ენერგიისა თუ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ამ ცხოვრებაში კი მოუწევს: ბედის ქარტეხილების, მძიმე კრიზისების გადატანა, ელის ილუზიების დამსხვრევა და სულიერი გამოღვიძება. კარმის არსია: ეგოს დათრგუნვა და სულიერი გახსნილობა. 19 — ძალისა და დამოუკიდებლობის კარმაა და ამ რიცხვში დაბადებული წარსულ ცხოვრებაში სხვებს თრგუნავდა ან მათზე იყო დამოკიდებული. დარღვეული იყო ბალანსი ძალაუფლებასა და პირად პასუხისმგებლობას შორის. ამ ცხოვრებაში კი მან: ძალაუფლების, პატივისცემისა და დამოუკიდებლობის გამოცდები უნდა ჩააბაროს; გაიაროს გაკვეთილი, როგორ გახდეს ლიდერი დიქტატურის გარეშე; დაამყაროს თანასწორი ურთიერთობები. კარმის არსია: ჩამოყალიბებული, პატიოსანი ძალა.
- სულ ექვსი ჯგუფია?
- დიახ. მათგან მეორე ჯგუფია - კარმული თარიღები ვიბრაციით 7, რომელიც აერთიანებს - 7-ს, 16-ს და 25-ს. ესენი უძველესი სულის თარიღებია და ახლავს: სიბრძნე წარსული ინკარნაციებიდან, სიღრმისეული გაკვეთილები, კავშირი ინტუიციასთან, კარმული გამეორებები, მარტოობის სირთულეები. ამ ჯგუფის გზაა: ჭეშმარიტების ძიება და საკუთარი შინაგანი სამყაროს ამოხსნა. მესამე ჯგუფი - ციკლების დამასრულებელი კარმული თარიღები: 9, 18, 27 - ეს ადამიანები მოდიან საგვარეულო პროგრამის ან ძველი კარმის დასასრულებლად. მათი ამოცანებია: წარსულისგან გათავისუფლება, ოჯახური სცენარის დარღვევა, საგვარეულო ისტორიების გაწმენდა, სხვების დახმარება და მიტევება. მათი ცხოვრება სულიერი გზაა. მეოთხე ჯგუფის კარმული თარიღებია 13 და 31 - ეს ადამიანები ატარებენ ხელახალი დაბადების ძლიერ ენერგიას. მათი დავალებებია: საკუთარი თავის ტრანსფორმაცია, სივრცის შეცვლა, სხვა ადამიანების დაუმთავრებელი პროგრამების დასრულება, ძლიერი, გარდამტეხი მომენტების განცდა. ისინი ცვლილებების აგენტები არიან. მეხუთე ჯგუფი: მთვარის კარმული თარიღები - სავსე მთვარეზე ან ახალმთვარეობაზე დაბადებულებს მოიცავს. სავსე მთვარის დღეებში დაბადებულებს აქვთ გაძლიერებული პროგრამა: ინტუიცია, ემოციური სიღრმე, წინათგრძნობა, მგრძნობელობა ენერგიების მიმართ, კარმული ურთიერთობები. მათი ცხოვრება აშკარად უკავშირდება სულის წარსულ გამოცდილებას. მეექვსე ჯგუფშია კარმული მსახურების თარიღები: 6, 15, 24 - ამ ადამიანებს სდევთ ემოციური და საგვარეულო კარმა. უნდა გაიარონ სიყვარულის, ჰარმონიის, სხვების დახმარების, თანაგრძნობის გაკვეთილები, თან, სხვებზე ზრუნვისას, არც საკუთარი თავი დაივიწყონ. მათი მისიაა სიყვარულით განკურნება.
- კარმული დაბადების აბსოლუტური თარიღები რაღაც ნიშნავს?
- თუ ამ თარიღებიდან ერთ-ერთში დაიბადეთ, თქვენი სული განსაკუთრებული დავალებებით მოვიდა ამქვეყნად. დააკვირდით რიცხვებს: 13, 14, 16, 19 — ძლიერი კარმა; 7, 9, 18, 25, 27 — სიბრძნის კარმა; 31 — ტრანსფორმაციის კარმა; 6, 15, 24 — სიყვარულის კარმა; სავსემთვარეობის / ახალი მთვარის დაბადების თარიღები ინტუიციის და ემოციების კარმაა - ეს ადამიანები სწვდებიან ცხოვრებისეულ სიღრმეებს, გადიან რთულ გაკვეთილებს, მაგრამ განიცდიან ძლიერ სულიერ ზრდას. რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარი კარმული თარიღის ცოდნა? - იმიტომ რომ, როცა ადამიანს ესმის: რა გაკვეთილი უნდა ისწავლოს, რატომ ვითარდება ცხოვრება ისე, როგორიც არის და რა უნდა შეიცვალოს — გასავლელი გზის დაძლევა უფრო უადვილდება. ის წყვეტს ბედისწერასთან ჭიდილს და იწყებს ჰარმონიულ სვლას იმასთან ერთად, რისთვისაც ამქვეყნად მოვიდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



