ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რატომ არის მნიშვნელოვანი კვირის რომელ დღეს დაიბადეთ

№26

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00

შეუცნობელი
დაკოპირებულია

თუ იცით, კვირის რომელ დღეს მოევლინეთ ქვეყანას, ეს განსაზღვრავს თქვენი ხასიათის თვისებებს და პროფესიასაც კი, რომლითაც შანსი გაქვთ, ბრწყინვალე კარიერა შეიქმნათ. თუ გეცოდინებათ, რა თვისებები დაგყვათ იმის გამო, რომ, ვთქვათ, სამშაბათს დაიბადეთ, შეგიძლიათ, ამ შანსს შესაბამისი მიმართულება მისცეთ და წარმატებასაც მიაღწიოთ. ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი თამაზ ბ.

- მაშ ასე, რა ნიშან-თვისებები დაგყვათ, თუ ორშაბათს დაიბადეთ: უპირველესად, ეს ძლიერი ინტუიცია და გამჭრიახობაა, თუმცა ზედმეტად ეჭვიანი და დეპრესიისკენ მიდრეკილიც ხართ. ეჭვები გტანჯავთ და ემოციურად იძაბებით, მაგრამ, თუ ამ ფსიქიკური წინააღმდეგობების გადალახვას შეძლებთ, მნიშვნელოვან წარმატებებსაც ადვილად მიაღწევთ. საერთოდ, „ორშაბათის ბავშვი“ ძალიან კომუნიკაბელური და გულღიაა, იოლად ადაპტირდება ნებისმიერ ცვლილებასთან. უყვარს სახლში ყოფნა, კომფორტი, ერთგული მეუღლეა და ყველაფერთან ერთად, იმდენად შესანიშნავი მსმენელია, რომ ხშირად მიდიან მასთან გულის მოსაოხებლად. ბევრი მათგანი მოხალისეც ხდება და ქველმოქმედებას ეწევა. დაბოლოს, „ორშაბათიანელებს“ ცხოვრების გავლა უფრო გაუადვილდებათ, თუ ემოციებს გამოხატავენ და არა - შეიკავებენ.

- ორშაბათი „თარსიაო“, ამბობენ, მაგრამ აქ ასე არ ჩანს... და სამშაბათი?..

- სამშაბათს ძალიან მამაცი და მიზანდასახული ადამიანები იბადებიან, რომლებიც ყოველთვის აღწევენ იმას, რაც სურთ. „სამშაბათელი“ განსაკუთრებით ენერგიული და პრინციპულია, მეომარი და აგრესიული ბუნება კი ემოციების მართვაში უშლის ხელს. ხშირად ზედმეტად ამპარტავანი და იმპულსურიცაა - ჯერ აკეთებს და ჭკუას მერე „რთავს“ საქმეში. იმავდროულად, კარგად განვითარებული ლოგიკური აზროვნებაც აქვს. როგორც მეტად დინამიკურსა და მოუსვენარს ცხოვრებაშიც დიდი სისწრაფით ეცვლება მოვლენები: შეუძლია, ადრეულ ასაკში შექმნას ოჯახი ან მაღალი თანამდებობა დაიკავოს. თუმცა სხვების მხარდაჭერა მუდმივად სჭირდება, რათა მის ღირსებებს გაუსვას ხაზი და როგორც საიმედო, მეგობრულმა მრჩეველმა სწორი მიმართულება მისცეს. რაც შეეხება ოთხშაბათს, ამ დღეს ყველაზე კომუნიკაბელური და მოუსვენარი ადამიანები იბადებიან. მათ ყველასთან შეუძლიათ მოლაპარაკება, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტსაც ლაყბობენ. „ოთხშაბათის ბავშვი“ ყოველთვის ახალგაზრდა, მოძრავი და აქტიური მეგობრებითაა გარშემორტყმული, თბილი და მოსიყვარულეა ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ. მუდმივად ცვლილებები სჭირდება - მშვიდი ცხოვრება სასოწარკვეთილებაში აგდებს. თუმცა მალევე იკრეფს ძალას და ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება, რომელსაც გონება აკონტროლებს. რეალიზდება ვაჭრობაში, მარკეტინგში, სარეკლამო ბიზნესში ან მეცნიერებაში. მზად არის, მთელი ცხოვრება ისწავლოს. ამიტომ, ბევრი რამ იცის, პროფესიას ბავშვობიდანვე ირჩევს და ხშირად აღწევს კიდეც მიზანს.

- რა ხდება ხუთშაბათსა და პარასკევს?

- ხუთშაბათს დაბადებულებს სიუხვის, სიმდიდრისა და კეთილდღეობის გარანტია აქვთ - შეუძლიათ მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელიც გახდნენ ან საკუთარი ბიზნესი აწარმოონ, წარმატებას მიაღწიონ პოლიტიკასა და რელიგიაში - იერარქიის უმაღლეს საფეხურამდე და ასევე, გამოამჟღავნონ სხვა მრავალმხრივი ნიჭი. ადამიანთა ეს ტიპი ყოველთვის გლობალურ მიზნებს ისახავს, წვრილმანებზე დროს არ კარგავს, ხშირად კი, ყველაფერი ერთად სურს. ზოგჯერ მისმა სიჯიუტემ შეიძლება თანამოსაუბრე გააღიზიანოს კიდეც, მაგრამ უმეტესად ისაა მართალი. მას უყვარს ძალაუფლება, სხვისი აზრის მიმართ შეუწყნარებელია და თან, ძლიერი პიროვნებაცაა. კარგი მეოჯახეა, ყოველთვის თავს არიდებს ჩხუბსა და კონფლიქტს. ცდილობს, ყველასთან შეთანხმებას მიაღწიოს, მაგრამ თავად დათმობა არ უყვარს. რაც შეეხება პარასკევს, ის თავის „შვილებს“ სასიამოვნო გარეგნობას, ხიბლსა და სინაზეს ანიჭებს. ისინი კარგად ეწყობიან სხვა ადამიანებს და მათთან მოლაპარაკებაც გამოსდით. ოპტიმიზმითა და სიხარულით სავსენი სხვის სასოწარკვეთილებას ვერ იტანენ, უყვართ გართობა და ცხოვრებით ტკბობა. აღმერთებენ ოჯახს, სახლს და იციან, როგორ შეიქმნან მყუდრო ატმოსფერო. თავად ხომ იზიდავენ ფულს და შეუძლიათ, იღბალი ოჯახის წევრებსა და ბიზნესპარტნიორებსაც უწილადონ. თუმცა, სამუშაოზე მეტად უპირატესობას იმას ანიჭებენ, რაც სიამოვნებთ. შეუძლიათ, წარმატებას მიაღწიონ სილამაზის ინდუსტრიაში და ასევე, შემოქმედებით საქმიანობაში.

- დაგვრჩა უქმე დღეები: მაშ, რას გვიმზადებს შაბათ-კვირა?

- შაბათს იბადებიან დისციპლინირებული, საკუთარი თავის მიმართ მკაცრი, შრომისმოყვარე, ნიჭიერი, ჭკვიანი და პასუხისმგებლიანი, მომთმენი ადამიანები, რომელთაც ცხოვრებაში ბევრი რამის მიღწევა შეუძლიათ, თუმცა, არა იოლად - ეს გრძელი და ზოგჯერ რთული გზაა კარიერულ კიბეზე. ხშირად ზედმეტად დაძაბულსა და თავშეკავებულ „შაბათელს“ დიდად არც კომფორტი იზიდავს. არც პირად ცხოვრებაში უმართლებს, რადგან ჰგონია, რომ ყველაფერი თავისით უნდა გამოვიდეს, მაგრამ თუ შეეცდება და თავადაც იმოქმედებს, ბედნიერება გარანტირებული აქვს. მართალია, მთელი ცხოვრება მოუწევს მუშაობა, მაგრამ მნიშვნელოვან სიმაღლეებსაც მიაღწევს - ხშირად ზრდასრულ ასაკში ბევრად ბედნიერია, ვიდრე ახალგაზრდობაში. დაბოლოს, კვირა, რომელიც თავის „შვილობილებს“ მსუბუქ ხასიათს, პოზიტივს, სიხარულისა და ცხოვრებით ტკბობის სურვილს შთაბერავს: მათი ენერგია ამოუწურავია. ხალისიან, ლამაზად ჩაცმულ, უსაზღვროდ კომუნიკაბელურ „კვირის შვილს“ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. თუმცა, იმავდროულად, მომთხოვნი და პერფექციონისტია, მუდმივად აკონტროლებს ოჯახის წევრებს. ნიჭით, ინტელექტით, სილამაზითა და ოსტატობით დაჯილდოებული ბედის ნამდვილი რჩეულია. მაგრამ, თუ „თავში აუვარდა“, მხოლოდ ნიჭის წყალობით, გარკვეულ ასაკამდე „გაქაჩავს“, შემდეგ კი იმედგაცრუება ელის - მოუწევს, ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს შეეგუოს. მკაცრი დისციპლინა, შრომისმოყვარეობა, თვითგანვითარება და პროფესიული უნარები - მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილებით შეძლებენ „კვირის შვილები“ მიაღწიონ ბედნიერებასა და წარმატებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა