ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა დროსაა ძილიანობა,დაღლილობა, სიმძიმის შეგრძნება, ზოგჯერ კი, მცირე დაზიანება ან სისუსტე ბედის წყალობის ნიშანი და როდის „გიკაკუნებთ კარზე“ სამყარო

№25

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 03.07

შეუცნობელი
დაკოპირებულია

არსებობს ბედნიერების მაუწყებელი ნიშნები, რომელსაც სამყარო წვრილმანი, ყოფითი გზავნილების სახით გვაწვდის მოსალოდნელი იღბლიანობის, ენერგიულობისა და უსიამოვნების შესახებ... რაც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. თუ რა წვრილმანები შეიძლება გიწინასწარმეტყველებდეთ ბედის გახსნას, ენერგიის მატებას, ფინანსურ წარმატებას ან იყოს გამაფრთხილებელი სიგნალი, შეიტყობთ ეზოთერიკოსი ქალბატონის, ნუნუ პ-ს ინტერვიუდან.

- ბევრს აინტერესებს, რა მინიშნებები უსწრებს წინ იღბლიანობას, სასიცოცხლო ენერგიის მატებასა თუ ბედის სასიკეთოდ შემობრუნებას... და სრულიად სამართლიანადაც, რადგან პოზიტიურ ცვლილებებამდე შესაბამისი მაუწყებლები შეინიშნება სხეულზეც, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ურთიერთობებში, განწყობასა და ადამიანის გარშემო არსებული სამყაროს აღქმაშიც კი. თუ ამ ნიშნების შემჩნევას ისწავლით, ცხოვრება უფრო ნათელი გახდება - შეამჩნევთ ისეთ წვრილმან, მარტივ რამეებს, როგორიცაა: მშვიდი დილა, განსაკუთრებით გემრიელი საჭმელი, ვიღაცის ნათქვამი კეთილი სიტყვა, პოვნა იმისა, რასაც ეძებდით... მართალია ასეთი წვრილმანები ყოველთვის სასწაულს არ ჰგავს, თუმცა ცხოვრების ახალი ეტაპის საწყისად შეიძლება იქცეს.

- კონკრეტულად, რა მოვლენებზეა (წვრილმანზე) საუბარი და რაზე მიგვანიშნებს?

- დავიწყოთ სხეულის ცვლილებებით. შეიძლება იღბლის წყალობამდე, ადამიანის ფიზიკური მდგომარეობა შეეცვალოს. გამოვლინდეს ძილიანობა, დაღლილობა, სიმძიმის შეგრძნება, ზოგჯერ კი, მცირე დაზიანებები ან სისუსტე. ეზოთერულ ტრადიციაში ეს აღიქმება, როგორც რესტრუქტურიზაციის პერიოდი: ძველი ენერგიის გამოთავისუფლების პროცესი, ახლის - დამკვიდრებამდე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელობას ყურადღება არ მიაქციოთ. ავადმყოფობა, ტრავმა ან ოპერაცია ადამიანს ჩვეული რიტმიდან აგდებს, ის იწყებს ცხოვრების სხვაგვარად დანახვას, დროის დაფასებას, გეგმების შეცვლას და არასაჭირო ნივთებისგან გათავისუფლებას. ზოგჯერ, სწორედ ასე გვაიძულებს ბედი, ხელახლა შევქმნათ საკუთარი თავი. ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი მაუწყებელია ასევე, სინქრონულობა. ხშირად თვალში გხვდებათ ერთი და იგივე ციფრები, ხვდებით ერთსა და იმავე ადამიანს, გესმით ერთი და იგივე ფრაზა სხვადასხვა წყაროდან და მეორდება სიტუაციებიც. ეს კარზე კაკუნს ჰგავს: სამყარო ერთი და იმავეს განმეორებით მოგიწოდებთ, რომ უფრო ახლოდან დააკვირდეთ მას.

- გარემოს თუ აქვს ამ დროს მნიშვნელობა?

- დიახ. მაგალითად, სოციალური წრის ცვლილება, ხშირად ბედსაც ცვლის. ახალი ნაცნობობა, მოულოდნელი და ძველი კავშირების განახლება, იმ ადამიანების წასვლა, ვისთანაც ურთიერთობა გიჭირდათ - ეს ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ მალე ენერგიით აივსებით. თუმცა მარტო ვერაფერს გახდებით - ამ დროს თქვენ გარშემო ჩნდებიან ადამიანები, საკუთარი თავს რომ სხვაგვარად დაგანახვებენ. ზოგჯერ ახალი შეხვედრა ცვლის თქვენს ცხოვრებისეულ შეხედულებებს, გამხნევებთ და გიხსნით გზას კარიერის, სიყვარულის, შემოქმედებისა თუ შინაგანი თავისუფლებისკენ. ასეთი ცოცხალი, გულწრფელი და თბილი ურთიერთობებია სწორედ პოზიტივის ნიშანი. თუმცა, თუ ვინმე მიდის, არ ღირს ორივე ხელით ჩაებღაუჭოთ, იქნებ ადგილი თქვენი ახლანდელი მდგომარეობის შესაფერისი პიროვნებისთვის თავისუფლდება. თუმცა დიდი გამართლების წინ ზოგჯერ დიდი ჩავარდნაც ხდება: ფინანსური თუ სამსახურში დაშვებული შეცდომის, ნდობის დაკარგვის, მწვავე კონფლიქტის, ჩვეული გეგმების ჩაშლის სახით. თითქოს ყველაფერი თავზე ჩამოგენგრათ, თუმცა სამყაროს ლოგიკით, ასეთი მოვლენები ზოგჯერ სასჯელი კი არა, მტკივნეული გადატვირთვაა. ადამიანი ძველ მხარდაჭერას რომ კარგავს, იძულებულია, კრიტიკულად შეაფასოს საკუთარი თავი, რაც შეიძლება რეალური ცვლილების დასაწყისი გახდეს.

- რა მინიშნებები უკავშირდება ფულს, ფინანსურ წარმატებას?

- ერთ-ერთი, რაც ფინანსებს, ქონების ზრდას შეიძლება წინასწარმეტყველებდეს, სიზმრებია. ფულთან დაკავშირებული იღბლის გააქტიურების წინ სიზმრებიც განსაკუთრებულია, შეიძლება ნახოთ: თეთრი გველი, ძლიერი ცეცხლი, თევზების დიდი გუნდი, სუფთა ტუალეტი ან მისი გაწმენდის სცენა, რაც ხშირად აღიქმება, როგორც ფულადი ნაკადის ნიშნები. მაგალითად: თეთრი გველი ასოცირდება ფულთან და სიმდიდრის დაცვასთან; ცეცხლი, განსაკუთრებით, კაშკაშა და ძლიერი - ენერგიის მატებასა და გზის გაწმენდას ნიშნავს; თევზი - მოგებას, მოძრაობასა და შესაძლებლობათა მრავალფეროვნებას; ხოლო სიზმარში ტუალეტი, ტრადიციულად, წმენდასა და ფულთან ასოცირდება. თუმცა მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ სიზმრად ნანახი, არამედ განცდა გაღვიძებისას. ნათელი სიზმარი, რომელმაც სიმსუბუქის, სიცხადისა და სიფხიზლის შეგრძნება დაგიტოვათ, კარგის ნიშანია, ხოლო თუ შფოთვითა და უსიამოვნო შეგრძნებით გაიღვიძეთ, ეს შეიძლება იყოს გაფრთხილება და არა დაპირება მოგებაზე. ფინანსური წარმატების ნიშანია ასევე, როცა ფული თავად ცდილობს თქვენს ყურადღებას, ეს არის სიტუაცია, როცა ადამიანს ხშირად ესმის სიტყვა „ფული“ ან მასთან დაკავშირებული ტერმინები: მოგება, შემოსავალი, ბონუსები, მსხვილი შესყიდვები. სწორედ ეს შეიძლება იყოს ფინანსური ფოკუსირების ნიშანი - ყურადღების გამახვილება, რაც სატყუარაა ადამიანის შესაძლებლობებისთვის, რათა იმოქმედოს: განიხილოს შეთავაზებები, დაითვალოს რესურსები, გაიუმჯობესოს უნარები, დაფაროს ვალები და მოიძიოს შემოსავლის ახალი წყაროები. სწორედ ეს არის ფულის მაგიის პრაქტიკა: ჯერ ფოკუსი იცვლება, შემდეგ განზრახვა, ქმედებები და მხოლოდ ამას მოჰყვება შედეგები. არის კიდევ ტრადიციული: ყვითელი ჭიამაია, რომლის სახლში შემოფრენაც ფინანსურ კეთილდღეობასთან ასოცირდება. ყვითელი ფერი სიუხვის, ოქროს, მზის ენერგიისა და მატერიალური კეთილდღეობის სიმბოლოა. თუ მწერი თავისით შემოფრინდა, უმჯობესია, უკანვე მშვიდად გაფრინდეს. მისი მოკვლით უკანასკნელ შესაძლებლობასაც დაკარგავთ. დაბოლოს, ხელისგული - ხაზების, კანის ფერის, სითბოსა და სისავსის ცვლილებით, რაც ქირომანტიაში ბედსაც ცვლის. ხელისგულზე შეიძლება ფინანსური ხაზი გაჩნდეს, სიმდიდრის ზონაში სიწითლემ იმატოს, ხოლო თავად ხელისგული უფრო ცოცხალი, სავსე და თბილი გახდეს. განსაკუთრებით საყურადღებოა ადგილები ნეკა თითის ქვეშ და ნეკსა და არათითს შორის, სადაც ჩნდება სწორედ ფინანსური ხაზი და ახლოს ვარსკვლავსაც თუ იპოვით, ეს ფულადი ენერგიის ზრდაა. ისარგებლეთ ამით და წარადგინეთ განაცხადება დაწინაურებაზე, დაიწყეთ ახალი პროექტი, მოიძიეთ შემოსავლის წყაროები და გაიუმჯობესეთ ფინანსური ჩვევები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი