რას უნდა დააკვირდეთ ადამიანთან დაახლოებისას
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 11.12
თუ ადამიანთან დაახლოებას გადაწყვეტთ, უნდა იცოდეთ, რა სწყინს, რამდენად დამყოლია, შეუძლია თუ არა წყენის გულში ჩადება და სამაგიეროს გადახდა და ასე შემდეგ. ამაში ასტროლოგიური რჩევები დაგეხმარებათ.
ვერძი – უყვარს საკუთარი ნიჭის დემონსტრირება. თავდაჯერებული, ტემპერამენტიანი და ეგოისტია. არ არის ბოროტი, მაგრამ მისი გაბრაზება საშიშია. გაფრთხილებთ, რომ თქვენს ნეგატიურ დამოკიდებულებაზე მისი რეაქცია სწრაფი და დაუნდობელი იქნება. ის გულს გატკენთ, პირში მოგახლით ყველაფერს და მერე გაგეცლებათ. თუმცა, წყენას დიდხანს არ ატარებს გულში და არც შურისძიებას დაიწყებს.
კურო – გააზრებულად და აუჩქარებლად მოქმედებს, იძლევა პრაქტიკულ რჩევებს და არ არის მლიქვნელი. სხვათა შორის, ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის წყობიდან გამოყვანა არც ისე ადვილია, მაგრამ, თუ ერთხელ აიცრუა თქვენზე გული, იცოდეთ, რომ მისთვის აღარ არსებობთ.
ტყუპები – კამათის დროს საკუთარ თავს ამხელენ. ფლირტის მოყვარულები და აზარტულები არიან. ისინი არამყარი ბუნებით გამოირჩევიან და არც გრძნობებს მალავენ. მათთვის სიამოვნების მინიჭება ძალიან ადვილია, თუმცა, შურისძიებაში ნამდვილად ვერ შეედრებით – შეუძლიათ, არა მარტო ჩხუბით, არამედ, ინტრიგებითა და ჭორებით გაგითხარონ სამარე.
კირჩხიბი – მისთვის გულისტკენა ძალიან ადვილია და შურის საძიებლად მხოლოდ საკუთარი გეგმით მოქმედებს. პირველ დარტყმას ის თქვენს ღირსებაზე გააკეთებს და ამით გაგრძნობინებთ, რომ ის თქვენზე ძლიერია. ყველაფერს მოიმოქმედებს, რომ თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნოთ. არ არის გამორიცხული, კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან კამათმა პესიმისტობამდე მიგიყვანოთ.
ლომი – პირად ურთიერთობებში საოცრად ერთგულია და მგრძნობიარე, ამიტომ მისი განაწყენება არ ღირს. მართალია, ლომები მოთმინების უნარით არიან დაჯილდოებულნი, მაგრამ, თუ ზღვარს გადახვალთ, მათზე საშიში მტერი არც კი გეყოლებათ. ამიტომ, ნუ იქნებით მასთან მკაცრი, მომთხოვნი და ეცადეთ, სწორად შეაფასოთ მისი მოქმედებები. განსაკუთრებით მოერიდეთ მისი თავმოყვარეობის შელახვას.
ქალწული – მოწესრიგებული ინტელექტუალია, ასევე, სამართლიანი, ცოტა გულგრილი, მორცხვი და შინაგანად ფეთქებადი. მისი გაბრაზება ძალიან ადვილია და არც შურისძიებაზე იხევს უკან. ყველა ძალას იხმარს, რომ სამაგიერო გადაგიხადოთ. მასთან არც მობოდიშება ჭრის და ვერც საჩუქრებით მოიგებთ მის გულს.
სასწორი – სამართლიანობის დამცველი და მშვიდობის მოყვარულია. ხშირად იბუტება და ადვილად ვერ ივიწყებს წყენას, მაგრამ, მისი გულის მონადირება და შემორიგებაც ძალიან ადვილია. არ უყვართ სამაგიეროს გადახდა და არც შურს იძიებენ ვინმეზე. ურჩევნიათ, დიპლომატიური მეთოდებით გაარკვიონ ურთიერთობები.
მორიელი – სხვების მიმართ ყურადღებიანები სხვებისგანაც იმავეს მოითხოვენ. შესაძლებელია, ისეთ რამეზე დასწყდეთ გული, რასაც თქვენ ყურადღებასაც კი არ მიაქცევდით. თუ გაბრაზდა, უნდა მოერიდოთ, რადგან მორიელის ნაკბენს დიდხანს ვერ მოიშუშებთ.
მშვილდოსანი – აქვს არტისტული ბუნება და, შესაძლოა, ისე გამოხატოს წყენა, არც მწვადი დაწვას და არც შამფური. თუ არ გსურთ, რომ გაანაწყენოთ, ნუ შეუზღუდავთ თავისუფლებას. საერთოდ, მშვილდოსანი შურისძიების მოყვარული ნატურაა. არ ერიდება საზოგადოებას და არ არის გამორიცხული, ბევრი ადამიანის თვალწინ მოგაყენოთ შეურაცხყოფა. მისთვის მთავარია, თქვენ მიერ მიყენებულ წყენაზე სასწრაფო და ადეკვატური პასუხი გაგცეთ და არ აქვს მნიშვნელობა, სად და როდის გამოხატავს მას.
თხის რქა – უყვარს ძალაუფლება და ვერ იტანს ჭკუის დარიგებას. ადვილად ვერ გამოიყვანთ წყობიდან, მაგრამ, თუ ეს მოახერხეთ, დანდობას ნუღარ ელით. ისე გაგანადგურებენ, ვერც წარმოიდგენთ. უყვართ სიტუაციის კონტროლი და შურისძიებისთვის აუცილებლად სხვებს დაიხმარენ. წყენას ცხოვრების ბოლომდე არ დაგივიწყებთ.
მერწყული – გამჭრიახი გონება აქვთ და ზუსტად იციან, საიდან უნდა ელოდონ საფრთხეს. მათი ჭორის სამიზნე თუ გახდით, ჩათვალეთ, რომ თქვენი რეპუტაცია ისე შეილახება, დიდხანს ვეღარ აღადგენთ. მათთვის შურისძიება გართობაა და არა ბოროტების ჩადენის ტოლფასი. შეუძლიათ, ერთი ხელის მოსმით დაივიწყონ თქვენთან ურთიერთობაში გატარებული ბედნიერი წუთები, დაგცინონ, დაგამცირონ და ამით სიამოვნება მიიღონ.
თევზები – ერთი შეხედვით მგრძნობიარე, მეგობრული და ნაზი ბუნების მქონე თევზები სინამდვილეში ძალიან საშიშები ხდებიან, თუ მათ დაუპირისპირდებით. თუ მის გაბრაზებას გადაწყვეტთ, მისგან უკან დახევას ნუ ელით. მართალია, მათ მერყევი ხასიათი აქვთ, მაგრამ, გულისტკენის დროს აზრს არ იცვლიან და ცდილობენ, ყველა კავშირი და ძალა გამოიყენონ თქვენს გასანადგურებლად. წყენას გულში იტოვებენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან