ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რას გვანიშნებს ბედისწერა ჩვენში აღძრული შფოთვითა თუ კოშმარებით

№44

ავტორი: ნანა წერეთელი 12:00 13.11

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ამბობენ, ბედისწერა წინასწარ გვაფრთხილებს მოსალოდნელი უბედურების შესახებ. მაგრამ, უნდა იცოდეთ, რომ ეს მეორეჯერ აღარ მოხდება - ერთხელ ჩაგჩურჩულებთ ყურში ჩუმად, ძლივს გასაგონად... და მერე თქვენზეა დამოკიდებული, გაიგონებთ თუ არა მის ხმას ყოველდღიური ცხოვრების ხმაურში. თუ რამდენი ხნით ადრე გვაფრთხილებს სამყარო და რა ნიშნებით უნდა ამოვიცნოთ მისი გზავნილი, გვიამბობს ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნინა მ.

- ეს ამბავი მრავალი წლის წინ მოხდა, მაგრამ ჩვენს ოჯახს დღემდე ახსოვს. ახლაც კი, როცა ვიხსენებთ, თმა ყალყზე გვიდგება და გული გვიჩერდება. თან, უზომოდ მადლიერები ვართ იმ უხილავი ძალისა, ამ საქმეში ჩარევა რომ გადაწყვიტა.

- რამე მისტიკური მოხდა?

- გიამბობთ და ნახავთ. ერთ მშვენიერ უქმეზე, შაბათ-კვირის ჩვეული მარშრუტით - სოფელში, დედამთილთან გასამგზავრებლად მოემზადა დეიდაჩემი, ქმართან და ორი წლის ქალიშვილთან ერთად. იმ დროს, დღევანდელივით, ყველას კი არ ჰყავდა მანქანა, მაგრამ ბიძაჩემს ჰქონდა ამის ბედნიერება. თანაც, ამაყობდა, რომ უკანასკნელ ჭანჭიკამდე, ყველაფერი შეისწავლა, საკმაოდ გამოცდილი და თავდაჯერებული მძღოლია და თუ დასჭირდა, თვალდახუჭულიც კი შეძლებს მის შეკეთებასაც და მართვასაც. ასე რომ, სანერვიულო არაფერი ჰქონდათ. თუმცა მთელი ის კვირა, სანამ სოფლისკენ აიღებდნენ გეზს, დეიდაჩემის თავს რაღაც უცნაური ხდებოდა - მოუსვენრად იყო, ადგილს ვერ პოულობდა, უეცარ ხმაურზე კრთებოდა, შუა საუბარში კი, თვალი ერთ წერტილზე უშტერდებოდა და მდუმარებაში იძირებოდა. შფოთვა და განგაში დაუპატიჟებლად შემოვიდა სახლში და თანდათან, ისევე იმკვიდრებდა თავს, როგორც თავხედი სტუმარი, ზღურბლს იქით რომ ვეღარ გადააბიჯებინებ ფეხს. ერთხელაც, შუაღამით გაიღვიძა, ერთიანად გაყინულიყო და ხელები უკანკალებდა. ქმარს უთხრა: „არ მივდივარ!“

- რატომ?

- სიზმარში ავარია უნახავს და თან, ბუნდოვანი კადრებით კი არა - ისეთი მკაფიო და ნათელი სურათი იყო, თითქოს ყველაფერი ცხადში ხდებოდაო, ამბობდა დაზაფრული: დაჭეჭყილ-დამტვრეულ რკინის გროვას ბორბლებს ქვეშ გზა გაქრობოდა და ირგვლივ შემაძრწუნებელ სიჩუმეს დაესადგურებინა... და ეს ყველაფერი უკანა გზაზე ხდებოდა - სწორედ იმ გზატკეცილზე, სოფლიდან წამოსვლისას რომ უნდა გამოევლოთ. ეს რომ ამოისლუკუნა დეიდაჩემმა, ბიძაჩემი ჩაეხუტა, დაამშვიდა და თქვა ის, რასაც ყველა, ვისაც ეს სიზმარი არ უნახავს, იტყოდა: „ეს უბრალოდ კოშმარია, საყვარელო, მანქანას ძალიან ფრთხილად ვმართავ და არაფერი მოხდება“.

- და მაინც წავიდნენ?

- წავიდნენ, მაგრამ დეიდაჩემს შფოთვა არ უქრებოდა - პირიქით, უფრო ღრმად ჩაუჯდა სულში და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს კანქვეშ შეუძვრა და იქიდან განაგრძო ღრღნა. მერე კი, წამოსვლისას ისეთი რამ გააკეთა, აქამდე არასდროს რომ უქნია. ქმარი დაარწმუნა, რომ რამდენიმე დღით ქალიშვილი დედამთილთან დაეტოვებინათ. რაც ორი წლის განმავლობაში აზრადაც არ მოსვლია, ახლა ადგა და უბრალოდ თქვა:. „კატო ცოტა ხნით ბებიასთან დარჩეს“. ბიძაჩემს ძალიან გაუკვირდა, მაგრამ არ შეჰკამათებია. ამ გადაწყვეტილებამ კი მათი ქალიშვილის სიცოცხლე გადაარჩინა...

- ისინი კი ავარიაში მოჰყვნენ?

- უკან ბრუნდებოდნენ. გზატკეცილი ზაფხულის მზეში იყო „გახვეული“... და სწორედ ამ დროს ხდება ენით აღუწერელი რაღაც. მანქანა გადაქანდა... შეჯახებაა... და გადაბრუნდა. ლითონი ჭრიალებს, მინა იმსხვრევა... და სამყარო ჩამოინგრა. მანქანა თხრილში ჩასრიალდა და გვერდულად დაეცა... ის უკვე შეკეთებას აღარ ექვემდებარებოდა, დამტვრეული ლითონის გროვა იყო, რომელშიც სასწაულებრივად გადარჩა ორი ადამიანი. ბიძაჩემი თითქმის უვნებელი იყო, დეიდამ კი წინამხარზე მძიმე ჭრილობა მიიღო - ბასრმა ნამსხვრევმა ღრმა ნაწიბური დაუტოვა, რომელიც ახლა კანზე თხელი, თეთრი ძაფივით ეტყობა. თუმცა სულაც არ იწუხებს თავს, რომ პლასტიკური პროცედურით მოიშოროს. პირიქით, არც მალავს იარის კვალს, რადგან, როგორც ის ამბობს, ეს ნაწიბური ახსენებს არა ტკივილს, არამედ იმის, რომ მათი ქალიშვილი გადარჩა.

- პატარა გოგონა მათთან ერთად მანქანაში რომ ყოფილიყო, ვერ გადარჩებოდა?

- ახლა, წლების შემდეგ, დეიდაჩემი უკვე მშვიდად საუბრობს ამ თემაზე, თუმცა მის თვალებში დღემდე კრთება რაღაც, როცა ესმის ფრაზა: „ეს, უბრალოდ, სიზმარია“. მან იცის, რომ ზოგიერთი სიზმარი ისეთი ღრმაა, სამყაროს უსასრულობიდან წამოსული, რომ იქამდე ჩვენი ლოგიკა ვერ წვდება... და რომ არა ის ღამეული ჩურჩული და განგაშის შფოთვა, რომელსაც საბოლოოდ მაინც მოუსმინა დეიდაჩემმა, ჩვენი ოჯახის ისტორია სრულიად განსხვავებული იქნებოდა. ზოგჯერ ბედისწერა გვაშინებს და ასე ამყარებს ჩვენთან კონტაქტს, ზოგჯერ სიზმრით გვამცნობს მოსალოდნელი უბედურების შესახებ, ან სულაც უსაფუძვლოდ გვათქმევინებს, მე არსად მივდივარო. სიბრძნე კი მის უგულებელყოფაში კი არა - მოსმენაშია. აბა, გაიხსენეთ, ოდესმე გქონიათ წინასწარმეტყველური სიზმრები? ან იქნებ წინათგრძნობამ გიხსნათ უსიამოვნებისგან?

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი