ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა ზეგავლენას ახდენს თვის ენერგია შესაბამის პერიოდში დაბადებულებზე და რომელი სეზონია გამოუსწორებელი რომანტიკოსებისა და გენიოსების „აკვანი“

№11

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 28.03

შეუცნობელი
დაკოპირებულია

როგორც ცნობილია, დაბადების თარიღი ამქვეყნად მოვლენის წამიდან განსაზღვრავს მთელ ჩვენს შემდგომ ცხოვრებას. მაგრამ, რა გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათსა და თვისებებზე უშუალოდ იმ თვის ენერგია, რომელშიც დაიბადა, შეიტყობთ ეზოთერიკოსი ქალბატონის, ეთერ მ-ს ინტერვიუდან.

- დაბადების დღეს აღნიშნავს თითქმის ყველა - ერთმანეთს ვულოცავთ, რაც განსაკუთრებით ხელმისაწვდომი და პოპულარული გახდა ჩვენს „ინტერნეტიზებულ“ ეპოქაში, მაგრამ ის თუ იცით, რა ზეგავლენას ახდენს თვის ენერგია იუბილარის ხასიათზე და მისი რომელი თვისებების გაძლიერება შეუძლია. ამიტომ, თუ გაინტერესებთ, რომელ თვეში იბადებიან გამოუსწორებელი რომანტიკოსები, გენიოსები ან თავგადასავლების მოყვარულები და საერთოდ, რას ამბობს დაბადების თვე თავად მის პიროვნებაზე, პასუხს გაგვცემს ეზოთერიკა.

- მე კი მარტი მაინტერესებს, თანაც, უკვე დადგა კიდეც, მაგრამ დავიწყოთ იანვრით...

- წლის პირველ თვეა და რა თქმა უნდა, როგორც პირველებს შეჰფერით, იანვარში ძლიერი ნებისყოფის ადამიანები იბადებიან. მათ ყველაფერში ლიდერობა სურთ და არ ეშინიათ სირთულეების, რადგან იციან, როგორ გაუმკლავდნენ პრობლემებს. „იანვრის ადამიანი“ ძალიან მომხიბვლელი და მეგობრულია - ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს სხვას და ამას, რა თქმა უნდა, უანგაროდ აკეთებს. რაც შეეხება ზამთრის უკანასკნელ თვეს, თებერვალი მსოფლიოს გამოუსწორებელ რომანტიკოსებსა და ავანტიურისტებს უგზავნის. მათთვის დამახასიათებელია ეგოიზმი, მაგრამ უხეშობისა და სხვისი გრძნობების შელახვის გარეშე. ხშირად პარტნიორებისა და მეგობრებისთვის ძნელი გამოსაცნობია, რაზე ფიქრობს ან, საერთოდ, რა „უდევს ჭკუაში“ „თებერვლის ადამიანს“. გარკვეულწილად, ისინი გენიოსები არიან - ფანტაზია და კრეატიულობა ძალიან განვითარებული აქვთ.

- რა მოაქვს გაზაფხულს?

- მარტში, ამ „რიჟრაჟ“ გაზაფხულზე დაბადებული ადამიანი დაუცველი და კეთილგანწყობილია. უყვარს წესრიგი და იმდენადაც კი, რომ შეიძლება პერფექციონისტი ვუწოდოთ. კრიტიკა ან ცუდად ნათქვამი სიტყვა კი ისე შეურაცხყოფს, რომ კარგა ხანს საკუთარ თავში იკეტება და გულჩათხრობილია. საკმაოდ ჯიუტია, რის გამოც ზოგჯერ ემოციების გაკონტროლებაც უწევს. რაც შეეხება აპრილს, მართალია, მის პირველივე დღეს „მოტყუება ადვილია“, თუმცა ამას ვერ ვიტყვით ამ თვეში დაბადებულებზე - მეტად გამბედავნი და მამაცნი არიან. „აპრილის ადამიანი“ უპირატესობას კარიერას ანიჭებს, რადგან ფული და ფუფუნება უყვარს, რის გამოც, ბევრია მისი პერსონით აღფრთოვანებული. თუმცა, იმის გამო, რომ სუსტისადმი თანაგრძნობით არ გამოირჩევა, ბევრსაც არ უყვარს. გაზაფხულის ბოლოს კი, ვარდობის თვის თბილ დღეებში მხოლოდ შრომისმოყვარე ადამიანი იბადება, რომელიც არანაირი სირთულის წინაშე უკან არ იხევს. უყვარს ყველაფრის კონტროლი და ყურადღების ცენტრში ყოფნა. ზოგჯერ მისი განწყობა ცვალებადია, მაგრამ არა - ყალბი. „მაისელებმა“ იციან ნებისმიერ სიტუაციაში როგორ გამონახონ საერთო ენა სხვებთან, რადგან თითოეულ ადამიანს პატივს სცემენ.

- გადავდივართ ცხელ ზაფხულზე...

- ზაფხულის პირველ თვეში დაბადებულები ძალზე კომუნიკაბელურები არიან: უყვართ ინფორმაციის შეგროვება და გაზიარება. მართალია, არც ცხელ-ცხელ ჭორებზე ამბობენ უარს, თუმცა მაინც ცდილობენ, ფაქტებს დაეყრდნონ. შინაგანად დაუცველები არიან და ხშირად ემოციებსაც მალავენ, რათა ვინმე დასაშვებზე ახლოს არ მიუშვან. სამაგიეროდ, დამოუკიდებელი და მედგარი ადამიანები იბადებიან გაგანია ზაფხულში - მათ ძალიან უყვართ საკუთარი თავი და შეუძლიათ, მორალური ზეწოლა მოახდინონ სხვებზე. ყოველთვის მკაცრად აკონტროლებენ სიტუაციას და გარემოცვაზე ზემოქმედების მიზნით, ივლისისგან ნაბოძებ ხიბლს არავისთვის იშურებენ. თუმცა ნამდვილ მეგობრობას აფასებენ და საიმედოდაც ინახავენ მათ საიდუმლოებებს. ზაფხულს ამთავრებს თავისუფალი ადამიანი, რომელსაც უყვარს ლამაზი, მდიდრული და მშვიდი ცხოვრება. ბუნებით ემოციურს ნაცნობობის გაბმა არ უჭირს, თუმცა გულუბრყვილობის გამო, შესაძლოა, სასტიკად შეცდეს. სამაგიეროდ, წყენას გულში დიდხანს არ იტოვებს და ცდილობს, ნებისმიერი სიტუაციიდან გამარჯვებული გამოვიდეს.

- ბარემ მსუყე შემოდგომა და წლის ბოლო, ზამთრის პირველი თვეც განვიხილოთ...

- შემოდგომის სეზონი მართლაც მსუყეა თავისი იუბილარებისთვის და ფულის გამომუშავებაში საუკეთესოებს აერთიანებს. აქედან გამომდინარე, სექტემბერში დაბადებულებს შორისაც ბევრი მეწარმეა, ადრე და სწრაფად რომ აუღო ალღო ბიზნესს და საკუთარი ქარიზმით დიდ სიმაღლეებს მიაღწია. მათ ფულის ტყუილად ფლანგვა არ უყვართ - ირჩევენ ხარისხს და არა - რაოდენობას. ოქტომბერი კრეატიული და მგრძნობიარე ადამიანების თვეა. ისინი სხვის გავლენის ქვეშ არასდროს ექცევიან და მხოლოდ საკუთარ გამოცდილებასა და ინტუიციას ეყრდნობიან. თუ დასჭირდათ, სამსახიობო ნიჭსაც მიმართავენ და სურვილის მისაღწევად შესანიშნავად ნიღბავენ ემოციებს. მოზომილი ცხოვრება „ოქტრომბრელებისთვის“ მოსაწყენია – ისინი ყველაფერში ვნებას ეძებენ. შემოდგომას დაასრულებს იდუმალი და ქარიზმატული „ნოემბერის ადამიანი“. ისინი თავიანთი ინტელექტითა და მომხიბვლელობით ყველას თავს აყვარებენ. მარად მოძრავნი დასვენებასაც აქტიურს ირჩევენ. არ მოსწონთ რუტინული საქმიანობა და არც გრძნობების ღიად გამოხატვა. რაც შეეხება წლის ბოლოს, დეკემბერში დაბადებულებს, ეს ადამიანები სიბრძნითა და თავდაჯერებულობით გამოირჩევიან, გონივრული და მეგობრულები არიან. საკუთარი ოპტიმიზმისა და გახსნილი ბუნების წყალობით ადვილად ხდებიან თავყრილობის სული და გული. უყვართ კომპლიმენტები და შექება, თუმცა ყურადღების ცენტრში ყოფნას არ ცდილობენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა