ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა ცვლილებებს გვპირდება დეკემბერი და როდიდან გველის დესტაბილიზაცია

№48

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 05.12, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

როგორც ასტროლოგი ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, ამ წლის ბოლო თვის დასაწყისი, საკმაოდ ჰარმონიული და სასიკეთო მოვლენების მომცველია. ჩვენი პლანეტის, დედამიწის ჰარმონიულ კოსმიურ ზონაში მოხვედრა ცუდს არაფერს მოასწავებს და არც რაიმე ნეგატიური მოვლენებია მოსალოდნელი. თუმცა თვის ბოლოს, როცა ახალმთვარეობა დადგება და პლანეტა მერკურის მოძრაობა შენელდება, შედარებით სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს, რადგან დიდია მოულოდნელი და უსიამოვნო ფაქტების ალბათობა.

– ბატონო მიხეილ, როგორი იქნება ამ წლის ბოლო თვე - დეკემბერი და რას უნდა ველოდოთ ამ პერიოდში, რა წინასწარმეტყველება შეიძლება გავაკეთოთ ვარსკვლავებსა და პლანეტებზე დაკვირვებით?

– დეკემბერი ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე სასიკეთო თვეა, რადგან დედამიწა საკმაო ხნის განმავლობაში აღმოჩნდება ჰარმონიული კოსმიური ზემოქმედების ზონაში. პოზიტიური განწყობა და მომატებული თავდაჯერება განაპირობებს სულიერ და შემოქმედებით აღმასვლას, გაზრდის შრომის უნარს. თვის დასაწყისში, განსაკუთრებით 5-იდან 12 დეკემბრამდე დროის მონაკვეთში, მშვიდობიანი, კომპრომისული გზით გახდება შესაძლებელი რთული საკითხებისა და კონფლიქტების მოგვარება. თუმცა 6 რიცხვის შემდგომ, შეიძლება, სწრაფ მოქმედებასა და დასახული გეგმების განხორციელებას დამამუხრუჭებელი გარემოებები შეექმნას. ამისთვის კი გარკვეული დრო და დამატებითი ენერგია დაგჭირდებათ, რომ დროული და აუცილებელი ცვლილებები შეიტანოთ გეგმებში. ნებისმიერ საქმეებში წინდახედულობაა საჭირო, რადგან საბუთებსა და კონტრაქტებში დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება მიღწეული შეთანხმებები გაანულოს, განსაკუთრებით, თუ საქმე პარტნიორულ თანამშრომლობასა და ბიზნესის ორგანიზებას ეხება. 7 დეკემბრიდან პლანეტა მერკური თხის რქის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, სადაც 10 რიცხვის შემდეგ პლანეტა ვენერაც აღმოჩნდება. შედეგად, მათი ზემოქმედების პერიოდში, მეტ წარმატებას მოიტანს გამჭვირვალე, კანონიერი და სამართლიანი მეთოდების გამოყენება. 11 დეკემბრის შემდგომ ზრდას დაიწყებს ეკონომიკა, გაიზრდება საქმიანი აქტიურობის ინდექსები. სხვადასხვა ფირმის ხელმძღვანელებსა და ბიზნესმენებს მიეცემათ საქმეების გაფართოების შესაძლებლობა. ამას ადვილად მოახერხებენ, თუ თანამშრომლების ახალ იდეებს, ინიციატივებსა და შემოქმედებით პოტენციალს გამოიყენებენ.

– ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობების მხრივ, როგორი თვეა დეკემბერი?

– 20 დეკემბერს წარმატების პლანეტა იუპიტერი გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოში. როგორც ქალბატონებში, ისე მამაკაცებში გაიზრდება სექსუალური და შემოქმედებითი პოტენციალი, რის გაერთიანებაც ხელს შეუწყობს ოჯახური და საქმიანი შემოქმედების ზრდასა და წინსვლას. ამიტომ, თვის ბოლოს, განსაკუთრებით კი 17-იდან 23 დეკემბრამდე დროის მონაკვეთი, ხელს შეუწყობს სასიყვარულო და რომანტიკული კავშირების განახლებასა და გამყარებას. ამავდროულად, მოჭარბებული აქტიურობის ენერგიამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს არსებული სიტუაციის ადეკვატურად აღქმას. ამის გამო კი გართულდება ურთიერთობების გარკვევა, სწორად ჩამოყალიბება და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება. ეს დრო მეტად სასიკეთოა წინასაახალწლო მზადებისთვის, საჩუქრებისა და ახალი ნივთების შესაძენად.

– ეს სასიკეთო პერიოდი თვის ბოლომდე გასტანს?

– 22 დეკემბრიდან სიტუაცია დაიძაბება. პლანეტა მერკური 29 დეკემბრამდე დაიწყებს შენელებას, ანუ 29 დეკემბერს გახდება რეტროგრადული და დაიწყებს უკუმოძრაობას, 23 რიცხვში კი, ახალმთვარეობის ფონზე შესაძლოა, გაამწვავოს კონფლიქტები. ადამიანებს შორის ურთიერთობები დაიძაბება, გაიზრდება ნერვიული ფონი, რის შედეგადაც იზრდება საავტომობილო ავარიების ალბათობა. წარმოიქმნება ახალი გარემოებები, რის გამოც, ბევრს შეეცვლება სამომავლო გეგმები და მიზნები. ხშირად არ შესრულდება მოლაპარაკებები, დაირღვევა ხელშეკრულებები. ამიტომ, ამ პერიოდში არ ღირს მნიშვნელოვანი საბუთებისა და ხელშეკრულებების გაფორმება და ინვესტირება, რათა გვერდი აუაროთ: სირთულეებს ფინანსური ოპერაციებისას, ფულად დანაკარგებსა და შემოსავლების შეფერხებას. ფასეული ქაღალდების ბირჟებზე კი მოსალოდნელია დესტაბილიზაცია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი