ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა სიმპტომები გამცნობთ, რომ თქვენზე მაგიური შემოტევა ხორციელდება და როგორ შეიძლება მისი განდევნა

№46

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 22.11

შეუცნობელი
დაკოპირებულია

იცით, როგორ ხდება თქვენი სკანირება ან თქვენზე მაგიური ზემოქმედება? - რაც, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ მომენტში ხდებოდეს თქვენს თავს. თუ როგორ უნდა იგრძნოთ ეს და რა უნდა მოიმოქმედოთ მისგან თავდასაცავად, ამ ყველაფერს შეიტყობთ ეზოთერიკოსი ქალბატონის, მეგი კ-ს ინტერვიუდან. მთავარია, ცივი გონებითა და ზედმეტი პანიკის გარეშე მიუდგეთ საკითხს.

- ყოველი შეგრძნება თუ ნიშანი გასაღებია იმისა, გაიგოთ, რა ხდება. მთავარია იცოდეთ, რომ: ბევრი სიმპტომი შეიძლება იყოს როგორც მაგიური ზემოქმედების ნიშანი, ასევე, სხეულის ნორმალური რეაქცია სტრესზე ან ფიზიკურ მდგომარეობაზე. ამიტომ, საჭიროა ანალიზი და ფხიზელი გონება. მაგიური გავლენა ან დიაგნოზი შეიძლება, იყოს თქვენი თანხმობით ან მის გარეშე: როცა სკანირება ან დიაგნოსტიკა ხდება თქვენი თანხმობით (დახმარებისთვის თავად მიმართეთ მაგს); თქვენი თანხმობის გარეშე (ვიღაც ცდილობს თქვენ შესახებ ფარულად მოიპოვოს ინფორმაცია). მაგიური ეფექტი პოზიტიურია დამცავი რიტუალების საშუალებით, რომლებიც თავად მოითხოვეთ; ნეგატიური კი - თუ ვინმე განზრახ ცდილობს თქვენთვის ზიანის მოყენებას).

- რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ, რომ ჩვენზე სკანირება და მაგიური ჩარევა ხორციელდება?

- როცა ვინმე თქვენი ნატიფი ველის სკანირებას ცდილობს, შეგრძნებები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი და მათი სიმძაფრე დამოკიდებულია თქვენი ექსტრასენსორული აღქმის დონეზე, გავლენის ტიპსა და იმ ადამიანის ძალაზე, ვინც ამას აკეთებს. ძირითადი ნიშნები კი შემდეგია: დაბურძგლა და შემცივნება - როცა თხემზე ან ზურგზე „ჭიანჭველები დაგიდიან“, ან ოდნავი შემცივნება, რომელიც მთელ სხეულს დაივლის. ეს თქვენს ენერგეტიკულ ველში შეჭრის ტიპური ნიშნებია. ასევე, ტემპერატურის ცვლილება: შეიძლება მოულოდნელად სახეზე აწითლდეთ, ან ფეხებში იგრძნოთ წვა; წნევა და თავბრუსხვევა: შეიძლება იგრძნოთ წნევა მზის წნულის მიდამოში, სისუსტე, თავბრუხვევა ან გულისრევა. მოსალოდნელია უმნიშვნელო ბიძგიც თავში - თითქოს ვიღაცამ ოდნავ გიბიძგათ და თავი შეუმჩნევლად დაგახრევინათ, რაც შეიძლება არასანქცირებული გავლენის ნიშანიც იყოს.

- რა უნდა გავაკეთოთ, თუ მაგიურ გავლენას ვგრძნობთ?

- მთავარია, დამშვიდდეთ. პანიკა და შიში მხოლოდ გაზრდის მაგიის გავლენას. დახუჭეთ თვალები, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. გაათავისუფლეთ გონება ზედმეტი ფიქრებისგან. დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: „რა ხდება ჩემ თავს ახლა?” პირველი, რაც თავში მოგივათ, პასუხიც ის არის. რაც შეეხება დაცვის მექანიზმს, გაგაცნობთ რამდენიმე მარტივ და ეფექტურ მეთოდს. მარილი და წყალი - მარილიან თასში ჩადგით ფეხები თან, თქვით: „ყველაფერი, რაც დამემართა, მარილმა წაიღო“. თუ სულში წვდომას გრძნობთ, წყალზე შელოცვა გამოიყენეთ და მერე ჩამოიბანეთ: „წყალო-წყალო, ჩემო დაო, ჩამომბანე და ჩამომრეცხე ყველაფერი ცუდი და უწმინდური...“. ასე გაიწმენდთ თავს მცირე ნეგატივისგან და მოიშორებთ მაგიური ჩარევის პირველად ნიშნებს. ძლიერი ზემოქმედების შემთხვევაში კი, ცეცხლი გამოიყენეთ. აანთეთ სანთელი, მზერა მიაპყარით მის ალს და წარმოთქვით: „ცეცხლო გამწმენდელო, მომაშორე ყოველი ბოროტი მდევარი და დაწვი უკვალოდ“. მაგრამ, თუ ვინმე განზრახ ახდენს გავლენას თქვენზე, შეგრძნებები შეიძლება უფრო ინტენსიური იყოს. ჩვეულებრივ, დარტყმა მზის წნულზე მოდის და ტკივილიც საკმაოდ შესამჩნევია. მოსალოდნელია შფოთვა შეგრძნებით, რომ თითქოს სული ადგილზე არ არის. ასევე, შესაძლებელია დაბურძგლა ხერხემალზე, თავბრუხვევა და გულისრევა. განსაკუთრებით მძაფრია შეგრძნებები ღამით, როცა ყველაზე დაუცველი ხართ და მაგიური ეფექტებიც ხშირია. თუ სიზმარში ვიღაც ცდილობს სახლში შემოჭრას, ფანჯარაში იყურება ან უსაფრთხოების სისტემას ამტვრევს, ეს მიზეზია იმისა, იფიქროთ მაგიურ ჩარევაზე.

- რა მინიშნებები უნდა ამოვიცნოთ სიზმარში?

- სიზმრად თუ ნახეთ, რომ: ვიღაც თქვენს ფანჯარაში იყურება - ესე იგი, გაკვირდებიან; გატეხილი ფანჯარა ან კარი - ვიღაც თქვენი წინააღმდეგია და თქვენი დაცვის გარღვევას ცდილობს; უსახო მუქი ფიგურები - თქვენ შესახებ ინფორმაციას აგროვებენ; დევნა სიზმარში - თქვენ წინააღმდეგ აქტიური მაგიური სამუშაო მიმდინარეობს, მაგრამ, თუ მდევარი შეუპოვრად, ყველგან თან დაგყვებათ, ეს ზეწოლის ან კონტროლის მცდელობაა; გატეხილი თილისმა ან დამცავი არტეფაქტი - თქვენი დაცვა გატეხილია და ზომები უნდა მიიღოთ მის აღსადგენად. რაც შეეხება გრძნობებს, ის მუდმივად უნდა გააანალიზოთ და ნუ უგულებელყოფთ ინტუიციას. ის თქვენი მთავარი მფარველია. ენდეთ საკუთარ თავს, მიჰყევით სხეულისა და სულის სიგნალებს. სამყარო სავსეა მისტიკური ნიშნებით, მხოლოდ მათი შემჩნევა უნდა ისწავლოთ.

- როგორ უნდა აღვიდგინოთ ძალები და გავაძლიეროთ დაცვა?

- აღდგენისა და დაცვის რიტუალებია შემდეგი: სრული გაწმენდისთვის გამოიყენეთ ორი ელემენტი - ცეცხლი და წყალი. აანთეთ სანთელი, დაიკავეთ წყლიანი ჭურჭლის მახლობლად. მარილწყალში ტერფების განბანა და ცეცხლზე დაკვირვება ხელს უწყობს წონასწორობის აღდგენას; დამცავი წრე - მარილით ან ცარცით თქვენ ირგვლივ შემოხაზეთ წრე და წარმოიდგინეთ, რომ ის შეუღწეველი და მიუწვდომელი კედელია ნებისმიერი უარყოფითი ენერგიისთვის. თან, წარმოთქვით: „ვერანაირი ბოროტება ვერ შემეხება, რადგან წრე მიცავს“. კარგი დამცავია ასევე, ყოველდღიური მედიტაცია, რომელიც ენერგეტიკულ გარსს აძლიერებს. დახუჭეთ თვალები, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ირგვლივ შუქია, რომელიც ყოველგვარი უარყოფითისგან გიცავთ. ფოკუსირდით სუნთქვაზე და იფიქრეთ, რომ შუქი უფრო და უფრო ძლიერდება. ასევე, შეგიძლიათ ბალახების გამოყენებაც: ლავანდა, სალბი და როზმარინი შესანიშნავი დამხმარეა მაგიისგან დასაცავად. მათი ნაყენი შეასხურეთ სახლს ენერგეტიკული ბარიერის შესაქმნელად. ასევე, იქონიეთ ლითონის დამცავი თილისმები - რადგან ლითონს უარყოფითი ენერგიის ასახვის უნარი აქვს, ასეთი თილისმა დამატებითი ბარიერია ჯადოსნური შეტევების მოსაგერიებლად... და მიწა - ფეხშიშველი დადექით მიწაზე, იგრძენით მისი ენერგია, ძალა და სტაბილურობა. წარმოიდგინეთ, რომ მთლიანად ივსებით დედამიწის ენერგიით. ეს აძლიერებს თქვენს თავდაცვას და უზრუნველყოფს მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა