ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა სიახლეებს გპირდებათ დრაკონის წელიწადი

№52

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 03.01, 2024 წელი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

2024 წელი ხის სტიქიის, მწვანე დრაკონის წელიწადია. ცხოვრებაში წარმატებისა და იღბლის მოსაზიდად ეს ფერი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ტანსაცმელში, ინტერიერში ან სხვა ელემენტებში. ხე, თავის მხრივ, სტაბილურობის, სიმტკიცისა და მუდმივობის სიმბოლოა. მწვანე ხის დრაკონის წელი მშვიდობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ამასთან, ხის მწვანე დრაკონი მშვიდი და გაწონასწორებულია.

ვერძი – უნდა იყოთ მზად, მიიღოთ გამოწვევები, რომლებიც გზაზე შეგხვდებათ. გაჩნდება შესაძლებლობები. ერთ-ერთი იქნება ისეთი, რომელიც დასაბამს მისცემს პერსპექტიულ და სასარგებლო ნაცნობობას. ენდეთ ინტუიციას. გირჩევთ, განვითარდეთ თქვენს საქმეში, რომელიც მოგწონთ. არ მოერიდოთ ექსპერიმენტებს, ეს შემოსავლების გაზრდის ალბათობას მოგცემთ.

კურო – დრაკონის წელი იქნება როგორც წარმატებების, ისე გამოწვევების წელი. დაუშვებთ შეცდომებს და მოგიწევთ სირთულეებთან შეჯახება. ეს კი თქვენთვის ერთგვარი გამოცდა გახდება. თუმცა, არ უნდა შეგეშინდეთ – ასეთი გამოწვევები თქვენში რესურსების მობილიზებას მოახდენს. გამოწვევების გარდა, დრაკონის წელი არაერთ ბედნიერ მომენტს, საქმეებში წარმატებულ შედეგს გაჩუქებთ.

ტყუპები – პირად ცხოვრებასა და ოჯახში დადებითი ცვლილებები გელოდებათ. გაჩნდებიან ახალი ნაცნობები, საურთიერთობო წრე გაფართოვდება და უფრო საინტერესო გახდება. თუმცა, ნუ გადადებთ საქმეებს – იყავით ორგანიზებული.

კირჩხიბი – ხშირად გექნებათ შინაგანი ჰარმონიის განცდა საკუთარ თავთან და ირგვლივ მყოფებთან. თუ ამ მდგომარეობის შენარჩუნებას შეძლებთ, არ გაღიზიანდებით წვრილმანებზე, იმუშავებთ თქვენს თავზე და თავშეკავებული იქნებით, წარმატებებს მიაღწევთ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

ლომი – შეგიძლიათ, თამამად შეასხათ ხორცი თქვენს ამბიციებს. გექნებათ კარიერული ზრდის შესაძლებლობები, წარმატების მიღწევის შანსები. გარდა ამისა, საკმაოდ მომხიბლავი იქნებით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის და დიდი ალბათობით, ეს ბევრი თქვენგანის პირად ცხოვრებაზეც აისახება.

ქალწული – კარიერაში მეტი სიმტკიცის გამოჩენა მოგიწევთ. ცოდნის გაღრმავება ან ახალი ცოდნის მიღება, წარმატებებს მოგიტანთ პროფესიულ სარბიელზე. არ გაგიკვირდეთ, თუ ფინანსები არსაიდან, მოულოდნელად გაჩნდება. ეს მოხდება, თუ შეწყვეტთ ეჭვის შეტანას საკუთარ თავში და ღია იქნებით სიახლეებისთვის.

სასწორი – დრაკონი მოგცემთ საშუალებას, უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი და ძალას შეგმატებთ, რომ თქვენი პროექტების რეალიზაცია შეძლოთ. ვინც იაქტიურებს, გაზრდის თავის შემოსავალს. დრაკონი ხომ, ასევე, ბარაქისა და სიუხვის სიმბოლოა. მისთვის დამახასიათებელია მათი წახალისება, ვინც სიმდიდრისკენ მიილტვის და არა დამუნათება.

მორიელი – იწყება მრავალფეროვანი და დატვირთული პერიოდი, რომელიც სავსე იქნება კაშკაშა შთაბეჭდილებებით. აუცილებელია, მიჰყვეთ თქვენს ალღოსა და მისწრაფებებს, მაგრამ სიფრთხილე არ უნდა დაივიწყოთ. გუნდში მუშაობა მოგებიანი პერსპექტივაა, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავით – ყველას არ ენდოთ.

მშვილდოსანი – 2024 წელს მნიშვნელოვანი და სასიხარულო ცვლილებები გელოდებათ. მაგრამ იმისთვის, რომ წარმატებები არ დააფრთხოთ, უნდა მოერიდოთ საცხოვრებლის ან სამუშაოს შეცვლას. აგვისტოში არის მოგების მიღების შანსი, სექტემბერსა და ოქტომბერში კი გარკვეული ფინანსური პრობლემები გელოდებათ.

თხის რქა – ბუნებით ბოძებული შრომისმოყვარეობა და სიჯიუტე საქმეებში პროგრესს გპირდებათ. პირად ცხოვრებაში სტაბილურობა გაბატონდება. ვისაც პარტნიორი ჰყავს, ყველაფერი კარგად აეწყობათ. მარტოხელები ისწავლიან საკუთარი სტატუსით ტკბობას და სურვილის შემთხვევაში, რომანტიკულ ურთიერთობასაც გააბამენ.

მერწყული – დრაკონის წელს მერწყულები ყურადღებას ახალ მიზნებსა და ინტერესებზე გაამახვილებთ. შესაძლოა, მოაწყოთ ერთგვარი „გადატვირთვა”, რისი საბაბიც რამე არცთუ სასიამოვნო მოვლენა გახდეს. თუმცა, ასეთი გამოცდის შემდეგ დრაკონი გონზე მოსვლის საშუალებას მოგცემთ და მიგიყვანთ ტრანსფორმაციამდე, რომელიც დიდი ხანია, აუცილებელია თქვენთვის.

თევზები – სარგებელს მოგიტანთ გულწრფელობა როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ, თუნდაც ეს გულწრფელი სიბრაზე იყოს. ეს ირგვლივ მყოფებში ერთგვარ „წმენდას” ჩაატარებს – გაგათავისუფლებთ უსარგებლო კავშირებისგან. თუ არ დაიწყებთ საკუთარი თავის შეცოდებას და მოვლენებს მინუსების გაცნობიერებაში გამოიყენებთ, შეძლებთ საკუთარი პოზიციების გაძლიერებასა და მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი