ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა შეიძლება, შევიტყოთ პიროვნებაზე იმის მიხედვით, თუ როგორი ამინდი მოსწონს

№21

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 06.06

შეუცნობელი
დაკოპირებულია

იცით, რომ იმის მიხედვით, თუ როგორი ამინდი მოგწონთ, ბევრ საინტერესოს შეიტყობთ საკუთარ თავზე? - ამიტომ, აირჩიეთ როგორი ამინდია თქვენთვის ყველაზე კომფორტული, რამ შეიძლება გაგახაროთ: ძლიერმა წვიმამ, მზიანმა დარმა, ქარმა თუ სეტყვამ... და ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ეზოთერიკოსი, ბატონი სერგო ბ. გაგარკვევთ, „რა არს დაფარული“ თქვენში: საყვარელი სეზონი ადამიანზე ბევრ რამეს ჰყვება.

- გინდათ, საკუთარი თავი უკეთ შეიცნოთ, ან სხვის დაფარულ საიდუმლოს ჩაწვდეთ? - შეაფასეთ ადამიანი საყვარელი სეზონის მიხედვით და ეს მასზე ბევრ რამეს გიამბობთ. ჩვენ არ შეგვიძლია, ამინდზე გავლენა მოვახდინოთ, მაგრამ გულწრფელად ვტკბებით დათოვლილი მთების დიდებულებითა თუ ზაფხულის მხურვალე ფერადოვნებით, თუმცა პრიორიტეტები სხვადასხვა გვაქვს. სწორედ ეს არჩევანი ხსნის თქვენი ხასიათის შესახებ ბევრ რამეს.

- მე არა, მაგრამ ბევრია ისეთი, წვიმიანი ამინდი რომ უყვარს, რის მაცნეა ეს?

- წვიმიანი გარემო რომანტიკულ ადამიანს იზიდავს. ის ძალიან მგრძნობიარეა, უყვარს მარტოობა და ლამაზი ოცნებები. წვიმა თუ სხვებზე დამთრგუნველად მოქმედებს, მისთვის პირიქითაა, ძალის მოზღვავებას გრძნობს. თუმცა მოსაწყენი, წვიმიანი ამინდი, იზიდავს მათაც, ვინც ახლახან დაშორდა საყვარელ ადამიანს, სხვაგან გადავიდა ან ახლობელი დაკარგა. ასეთი ამინდი განმარტოებასა და სევდას უფრო ესადაგება, თან, არც „გულშემატკივართა თანაგრძნობა-შეცოდების“ ატანა მოგიწევთ. წვიმა ნამდვილი საჩუქარია ფიცხი, გაუწონასწორებელი ადამიანისთვის, რადგან რეალური საბაბი ეძლევა წუწუნისთვის: წუმპესა და ტალახზე „იყაროს ჯავრი“ და მთელი ბოღმა ასე ამოანთხიოს. ამიტომაც უყვარს წვიმა, თუმცა მიზეზს არ აღიარებს. რაც შეეხება ღრუბლიანობას, ზოგს არ მოსწონს „თავზე ჩამოწოლილი“ ღრუბლები, თუმცა, ვინც მომეტებული შფოთვით იტანჯება, მისთვის ღრუბლიანი ცა დახურული სივრცეა, რომლის ქვეშაც თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს. მოქუფრული, პირქუში დღე კი, ისეთ ადამიანს მოსწონს, ზედმეტი ფაფხური რომ არ უყვარს, სიტყვაძუნწია, კრიტიკულად აზროვნებს და შესანიშნავად უღებს ალღოს სიტუაციას. ასეთი ამინდი ხომ მისწრებაა განმარტოებისთვის - მან ზუსტად იცის, რა სურს და შესაბამისად ადგენს გეგმებს და მიზანსაც აღწევს. მოკლედ, ზუსტად აქვს გათვლილი ყველაფერი.

- ჭექა-ქუხილის, თავსხმა და წარღვნის მოყვარულებიც არიან?

- არიან და თქვენ წარმოიდგინეთ, განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ჭექა-ქუხილის მოყვარულები. ასეთი ადამიანი გადაწყვეტილებებს სპონტანურად იღებს და პროგნოზირებადი, მშვიდი გარემო მისთვის მოსაბეზრებელია. თუმცა ვერც მეამბოხეს ვუწოდებთ, რადგან ჩაიდენს თუ არა რაიმე „სიგიჟეს“, მაშინვე მშვიდდება და ყოველდღიურ რუტინას უბრუნდება. მხოლოდ ერთადერთი, რაც მას ბრძოლის გაგრძელებას აიძულებს, უსამართლობასთან შეჯახებაა. რაც შეეხება კოკისპირულ წვიმას, ეს ჭეშმარიტად შემოდგომის ამინდი, რომანტიკოსებს იზიდავს, თუმცა არა ღრუბლებში მონარნარეებს. უფრო პირიქითაა, ასეთი ადამიანი ცდილობს, პირადი ცხოვრებაც მართოს და სამსახურშიც პრინციპულობა გამოავლინოს. მიზანდასახულია და სასურველსაც აღწევს. ხშირადაა ინიციატივიანი, თუმცა - დელიკატური.

- მაინტერესებს, „რა გვჭირს“ მზისა და სითბოს მოყვარულებს?

- აქაც რამდენიმე ტიპია: კაშკაშა მზის მოტრფიალე მიზანდასახული, კრეატიული, ენერგიული და აქტიური ადამიანია: ყოველთვის სავსე ახალი იდეებით, ენთუზიაზმით, პოზიტიურად უყურებს ცხოვრებას და უყვარს ხუმრობა. იშვიათად ნებდება სასოწარკვეთას და ცდილობს, თავიდან აიცილოს კონფლიქტები. თბილ ამინდს მშვიდ და წყნარ ცხოვრებას ჩვეულნი ანიჭებენ უპირატესობას. ასეთი ადამიანი ყოველთვის ცდილობს, ახლობლებს კომფორტული პირობები შეუქმნას და ამისთვის, მზად არის, საკუთარი ინტერესებიც კი, დაუნანებლად გაწიროს. თუმცა, მოულოდნელობებსა თუ სიურპრიზებს ვერ იტანს - სტაბილურობა და პროგნოზირებადი გარემო სჭირდება. მზიანი და კამკამა ამინდი მხიარული და აქტიური ადამიანისთვისაა, რომელიც მიჩვეულია, სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას. თუმცა გულის სიღრმეში, სულაც არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული და უმეტესად, გარემოცვის მოსაზრებებზეა დამოკიდებული. სხვისი სიამოვნებისთვის, საკუთარ სურვილებსა და მისწრაფებებზეც კი უარს ამბობს, რადგან მათგან ქება და დაფსება უფრო სჭირდება. რაც შეეხება პაპანაქება სიცხეს, ის უდარდელთა სავანეა. ასეთი ადამიანი მთელ თავისუფალ დროს მზეზე ტკბობას უთმობს. ვერ იტანს პრობლემებს და სხვებისგან განსხვავებით, იცის, მას გვერდი როგორ აუაროს. თუმცა ამ „თავგაცხელებულებს“ ყველაფრის სწრაფად მოგვარება, უჭირთ, რადგან ბოლო წუთამდე სჩვევიათ საქმის გადადება იმ იმედით, რომ თავისთავადაც მოგვარდება.

- დაგვრჩა სიცივის მოყვარულები...

- გრილ ამინდს არსებული სისტემის მოწინააღმდეგეები ირჩევენ, ყოველთვის საკუთარი აზრი რომ აქვთ და ის უმრავლესობისას არ ემთხვევა. ნესტიანი და ცივი ამინდის მოყვარული წუხს კომფორტის, ოჯახური სითბოსა და ჰარმონიის ნაკლებობაზე, რადგან იმის დროც არ აქვს, საკუთარ თავზე იზრუნოს. სიცივეში კი, ეხვევა საბანში, დაისხამს კაკაოს, მოდუნდება და აღარც თავის მართლება უწევს, რადგან ამინდი ამაში ხელს უწყობს. ქარს უპირატესობას ანიჭებს პრინციპული ადამიანი, რომელიც მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე იხევს, ცხოვრებაში მყარი პოზიცია აქვს და იდეისთვის ბოლომდე იბრძვის - ქარი კი გამძლეობასა და ძალას მატებს. ქარივით, ისიც ნებისმიერ სირთულეს ებრძვის, სძლევს და გამარჯვებითაც ტკბება. ბოლოს, არც სეტყვა არ უნდა გამოგვრჩეს, რადგან მისით აღფრთოვანებულებიც კი არიან. ასეთ ადამიანს ყველა საქმე ბოლომდე მიჰყავს, ილტვის ყველაფრისკენ, რაც არ იცის. ასე, ის ცდილობს, ახალი ინფორმაციით ცოდნა გაიღრმავოს, თუმცა ნაკლებად არც გარშემო მყოფთა ცხოვრების დეტალები აინტერესებს. ჭორიკანაა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ, ერთი სული აქვს, სხვისი საიდუმლო შეიტყოს. მოკლედ, სეტყვის თაყვანისმცემელი გიჟდება ახალი ამბების განხილვაზე და განსაკუთრებით ხარობს, თუ ვინმეს გაკრიტიკება-გაქიაქების საბაბი მიეცა. ასე რომ, განწყობა და ამინდი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია, გავლენა მოვახდინოთ მასზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა