ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა სახით გიგზავნით ქვეცნობიერი განგაშის სიგნალს ძილში

№31

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 12.08, 2022 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

სიზმრები - ამოუწურავი თემა, რომლის შესახებაც არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ ბევრჯერ შევეხებით - ფენომენი, რომელიც საინტერესო და შეუცნობელია, როგორც მეცნიერული, ისე მაგიური თვალსაზრისითაც. მიუხედავად ამისა, მაინც ყველაზე მეტად სიზმრად ნანახიდან ვცდილობთ, შევიტყოთ, რა გველის წინ: დღეს, ხვალ, მომავალში. სიზმრის ახსნის მრავალი მეთოდი არსებობს, თუმცა ამჯერად განვიხილავთ სხვადასხვა ინტერპრეტაციით, მაგრამ ერთნაირი შინაარსის სიუჟეტებზე აგებულ ზმანებებს. მაგალითად, ვის არ დასიზმრებია: სახლი და ოთახები, საკუთარი თავი შიშველ მდგომარეობაში, ბავშვი და სხვა. თუ რის მაუწყებელია თითოეული მათგანი და როგორ უნდა მოვიქცეთ გამოფხიზლების შემდეგ, აგვიხსნის ეზოტერიკოსი, ბატონი თემურ ტ.

- ჩვენ, ყველანი, ზოგი იშვიათად, ზოგიც - უფრო ხშირად, ვხედავთ სიზმრებს. ზოგი მკაფიოდ გვამახსოვრდება, ზოგიც - საერთოდ არ გვახსოვს. მაგრამ ხშირია, როცა გარკვეული სახის სიზმარი ნანახი აქვს თითქმის ყველას. რა თქმა უნდა, თითოეულს თავისებურად, მაგრამ სიუჟეტი აგებულია მსგავს საერთო პრინციპზე. შევეცდები, რამდენიმე მათგანზე შევაჩერო თქვენი ყურადღება. მე ერთხელ კი არა, ძალიან ხშირად მესიზმრება სახლი, მასში განლაგებული ოთახებით, რისი მნიშვნელობაც ასეთია: ოთახები პიროვნულ ასპექტთა სხვადასხვაობაზე მიუთითებს. აქედან გამომდინარე, შეძლებთ, საკუთარ თავში სხვადასხვა სახის ნიჭი აღმოაჩინოთ. სიზმრის კარნახი კი შემდეგნაირად გამოიყენეთ: მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ ტალანტთა შესწავლას და ცხოვრებაშიც უფრო მეტის მიღწევას შეძლებთ. საერთოდ, სახლი სიზმარში მოვლენების ჩვეულებრივი სვლაა, სიძნელეებისა და საფრთხის გარეშე. მაგრამ გადამწყვეტი მაინც ის არის, რა მდგომარეობაშია სახლი (კარგი რემონტით, სუფთა, მყუდრო, გაპარტახებული, არეული).

- მეც ხშირად დამსიზმრებია სახლი, თუმცა ზოგჯერ შესაძენად ვარჩევდი, ზოგჯერ ვალაგებდი, ზოგჯერ კი სხვაგან გადავდიოდი...

- სახლის შესაძენად შერჩევა შესაძლოა, ცხოვრებაში სწრაფი ცვლილებების მაუწყებელი იყოს - აღმასვლა კარიერულ კიბეზე, ქორწინება, მომავლის დაგეგმვა. თუმცა სახლის გამოცვლა, ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა, არც ისე კარგის ნიშანია. ეს ფაქტი შეიძლება ახლობლისგან გაცემას ან ღალატს ნიშნავდეს. სახლში წესრიგის დამყარება, მტვრის გაწმენდა, ყველაფრის თავის ადგილზე დადება, შეიძლება აღიქვათ, როგორც ძალების შევსება და წინსვლის დაუოკებელი სურვილი, როცა დაბრკოლებებს არაფრად აგდებ. თუმცა მთელი გულმოდგინებით იატაკის რეცხვა, შესაძლოა, ახლობლის (ნათესავის) სიკვდილის მაუწყებელი იყოს. თუ სიზმარში მშობლიურ სახლს ტოვებთ, ნუ იჩქარებთ ცხადშიც იგივეს გაკეთებას, რადგან ეს ფაქტი რეალურ ცხოვრებაში თქვენ მიერ დაშვებულ შეცდომაზე მიგითითებთ. ხოლო, სიზმრად თუ სახლი საერთოდ არ გაქვთ და აქეთ-იქით დახეტიალობთ - ეს უიღბლობასა და დანაკარგს ნიშნავს როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამსახურებრივად.

- რაზე მიგვანიშნებს სიზმარში საჯაროდ სიშიშვლე?

— სიზმარი, რომელშიც ადამიანი საკუთარ თავს შიშველს ხედავს, ესიზმრება ყველას. ერთხელ მაინც ხომ დაგსიზმრებიათ, მაგრამ იცით, როგორ გამოიყენოთ? ხალხის წინაშე სიშიშვლე - ამ სიზმრის ზოგადი მნიშვნელობაა: რომ რეალურ ცხოვრებაში სისუსტეს გრძნობთ, დაუცველი ხართ, ძალა არაფრისთვის გყოფნით. მიღებული ინფორმაციის გამოყენება: ზოგჯერ უნდა გაიხსნათ, რომ სხვებმა თქვენი ტალანტი დაინახონ და დააფასონ... მაგრამ მაინც რატომ გესიზმრებათ თქვენი თავი შიშველი? - ასეთი სიზმრების ყველაზე გავრცელებული ახსნაა, რომ ადამიანს სინამდვილეშიც მოუწევს, სირცხვილი განიცადოს: უადგილოდ ნათქვამის, დაუფიქრებელი ქმედებისა თუ საქციელის გამო და არა აქვს მნიშვნელობა, როდის მოხდა ეს - წარსულში თუ აწმყოში. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს განცდა წამოვა შიგნიდან და არა - გარედან: ჩვენ კი არ შეგვარცხვენენ, არამედ თავად ვიზამთ ამას. თუმცა გირჩევთ, ყოველთვის გაითვალისწინოთ კონტექსტი, რადგან, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ეხება სიზმარს, რომელშიც შიშველი ხართ პუბლიკის წინაშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ან ცალკეულ ადამიანთა წრეში. ასეთი სიზმრების კიდევ ერთი ახსნაა, რომ თავად გრძნობთ საკუთარ უსუსურობას, მეტისმეტად მგრძნობიარე და დაუცველი ხართ არსებული გარემოებების წინაშე. შესაძლოა, ცხადში უარს ამბობთ, აღიაროთ სერიოზული პრობლემების არსებობა, ქვეცნობიერი კი ასეთი სახით გიგზავნით განგაშის სიგნალს. ამიტომ, გავიმეორებ: სიზმრების ზუსტი გაანალიზებისთვის ყურადღება უნდა მიაქციოთ კონტექსტს. მაგალითად, ბევრს ხშირად ესიზმრება, როგორ აღმოჩნდა შიშველი ოფისში, კოლეგებისა და უფროსის წინაშე. ასეთი სიზმარი, ნიშნავს, რომ კარიერასთან დაკავშირებით დაუძლეველი ამოცანის წინაშე დგახართ და დიდია რისკი, სამსახურებრივ გამოწვევას თავი ვერ გაართვათ.

- რატომ გვესიზმრება, საკუთარი თავი ბავშვით ხელში?

– ხელში აყვანილი ბავშვი სიზმარში ცვლილებებს ნიშნავს. თუ ატატებული ბავშვი ბიჭია - შესაძლოა, საშიშ სიტუაციაში მოხვდეთ და მოგიწევთ, ბევრი იშრომოთ, რომ მას თავი დააღწიოთ. თუ თქვენს ხელებში პატარა გოგონას სძინავს, სამსახურში ან ბიზნესთან დაკავშირებით არასასიამოვნო ხალხთან გექნებათ კონტაქტი. თუ იგივე სიზმარი ფეხმძიმე ქალმა ნახა, მალე და უმტკივნეულოდ იმშობიარებს, ახალშობილი კი ჯანმრთელი დაიბადება. ძალიან ხშირად ასეთი სიზმრის შემდეგ ქალი ბავშვის სახელსაც არჩევს. თუ ბავშვს თქვენს ხელში მშვიდად სძინავს - ცხოვრებაში მატერიალურად უზრუნველყოფილი იქნებით, მაგრამ თუ სულ კრთება და ტირის - წინ სიძნელეები გელით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი