რა საიდუმლოს მალავს ოთახის კუთხეები, განსაკუთრებით კი - სამზარეულოში და რის სიმბოლოა მარცვლეული
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 03.10

ხალხურ გადმოცემებში მრავლადაა რჩევა იმასთან დაკავშირებით, თუ, რა უნდა მოათავსოთ სამზარეულოს კუთხეებში, რომ ოჯახში ბარაქა და სიუხვე არ გამოილიოს. აქვე შეიტყობთ იმასაც, თუ რა შელოცვები დატოვა თანამედროვეობის ყველაზე დიდმა ნათელმხილველმა ვანგამ ოჯახში სიუხვისა და ფინანსების მოსაზიდად. ამ ყველაფერზე კი გიამბობთ ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნონა ფ.
- ამბობენ, ნამდვილი კეთილდღეობა სახლში სამზარეულოდან შემოდის, თან, არა კარიდან, არამედ განსაკუთრებით ენერგეტიკულად ძლიერი ადგილებიდანო. ჰოდა, უძველესი შეხედულებების თანახმად, სწორედ ასეთი იდუმალებით მოცულია სამზარეულოში კუთხეები.
- რა უნდა დავდოთ იქ სიუხვის მოსაზიდად და სიდუხჭირის განსადევნად?
- აღმოჩნდა, რომ ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ რამდენიმე მარტივი, მაგრამ ძლიერმოქმედი საიდუმლო. მათ შორის, ყველაზე გავრცელებული და ძლიერი სიმბოლო ერთი მუჭა მარცვლეულია. არ აქვს მნიშვნელობა, ხორბალი იქნება ეს, ჭვავი თუ შვრია. მთავარია, მშრალი, სუფთა იყოს და ნატურალური ქსოვილის ტომსიკაში მოათავსოთ. მარცვლეული სიმბოლურად გამოხატავს სიცოცხლის საფუძველს, ნაყოფიერებას, მოსავლიანობას და, რა თქმა უნდა, სარჩო-საბადებლით მსუყე ოჯახს. ასეთი სიმბოლო სამზარეულოს კუთხეში მის სივრცეს სწორედ ულევი საკვები პროდუქტისთვის აპროგრამებს. მარცვლეულის ეს ჯადოსნური ტომსიკა შეიძლება მოქარგოთ მზის ან ოქროსფერი თავთავების სიმბოლოებით.
- მე ვიცოდი, რომ ასეთი სიმბოლო მარილი იყო?
- მარილი კეთილდღეობის კიდევ ერთი ძლიერი თილისმაა, მაგრამ არა ჩვეულებრივ სამარილეში, არამედ პირდაპირ მუჭით უნდა დაყაროთ პატარა ხის ჯამზე და დადგათ კუთხეში. ბევრ კულტურაში მარილი თილისმაა ბოროტების წინააღმდეგ და ასევე - საქონლის უსაფრთხოების გარანტიაც. სამზარეულოს კუთხეში „შეყუჟული“, ის საკვები მარაგის ერთგული მცველია და ფუჭად არ გაგანიავებინებთ მას, თან, სახლშიც სტაბილურობას ამკვიდრებს. მნიშვნელოვანია, პერიოდულად (თვეში ერთხელ ან დიდი დღესასწაულების წინ) მარილი ახლით შეცვალოთ, ძველი კი ფრთხილად მოაბნიოთ ზღურბლს იქით მადლიერების სიტყვებით. მესამე სიმბოლო კი, რომელიც ხშირად გვავიწყდება, არის პატარა დოქი ან თიხის ქოთანი. ის უნდა იყოს ცარიელი ან წვრილი მონეტებით (აუცილებელი არ არის ნამდვილი, შეიძლება - სუვენირულიც) სავსე. ცარიელი ჭურჭელი სიმბოლურად გამოხატავს მზაობას საჩუქრების მიღებისა და შევსებისთვის. მონეტებით სავსე ქოთანი კი ფინანსური ენერგიის მაგნიტია, ოჯახში ფულს იზიდავს. მთავარია, ის სუფთა იყოს, ზოგჯერ კი მონეტები გადათვალეთ და წარმოიდგინეთ, როგორ იზრდება თქვენი შემოსავალი.
- რატომ მაინცდამაინც კუთხე?
- მიიჩნევა, რომ სახლში კუთხეები ენერგიის დაგროვება-შენახვის ადგილებია და იქ შესაბამისი ნივთების განთავსებით, პოტენციურად „ბნელ ძალას“ კეთილდღეობის აქტიურ წყაროდ გარდაქმნით. ნივთი უნდა იყოს მოკრძალებული და ზედმეტი ყურადღება არ მიიპყროს. მისი ძალა სიმბოლიკასა და თქვენს რწმენაშია და არა - მაღალ ფასში. მნიშვნელოვანია ასევე, რომ კუთხე სუფთად შეინარჩუნოთ, რეგულარულად გაწმინდოთ მტვერი და პატივისცემით მოეპყროთ იქ შენახულ ნივთს. სცადეთ ეს მარტივი ძველი მეთოდი და თქვენი სამზარეულო კიდევ უფრო ხვავიანი გახდება.
- გამიგია, რომ სიუხვისა და ფინანსების მოსაზიდად, ნათელმხილველ ვანგას შაქარი მიაჩნდა და ამის გამოძახილია „ფულის საშაქრის“ რიტუალიც?
- ეს, ალბათ, ყველაზე მარტივი გზაა, რომელიც კი ამ დიდი ნათელმხილველისგან გვერგო, სახლში სიმდიდრისა და იღბლის მოსაზიდად... და მართლაც, ჩვეულებრივი შაქარი, რომელიც ყველას სახლშია, საოცარ ძალას მალავს. ვანგას თქმით, შაქრის კრისტალებს განსაკუთრებულად მაგიური ძალა აქვს. თითოეულ მათგანს არა მხოლოდ ესმის და იმახსოვრებს მიღებულ ინფორმაციას, არამედ, როგორც ძლიერი გამტარი, მას სამყაროს გადასცემს და მრავალჯერ აძლიერებს. შაქარი, უპირველესად, შეუცვლელი დამხმარეა სურვილების ასასრულებლად. ამიტომ, უფრო ხშირად უნდა ეჩურჩულოთ მას, რადგან ჩვენი ყველა სიტყვა იდეალურად ესმისო, ამბობდა ვანგა და ფული რომ არასდროს გამოილიოს სახლში, მემკვიდრეობით ბევრი სხვადასხვა შელოცვა დაგვიტოვა შაქრის მიმართ. პირადად მე ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვისაც სწორედ ვანგას მარტივი რჩევები დაეხმარა, ფატალური უფულობისთვის დაეღწია თავი და სამუდამოდ წაეშალა ეს სიტყვა საკუთარი ლექსიკიდან.
- ასეთი მარტივი თუა, იქნებ ჩვენც გაგვიზიაროთ...
- მზარდი მთვარის ფაზაში მარცხენა ხელისგულზე დაიდეთ შაქრის ნატეხი და სამჯერ თქვით: „როგორც ეს შაქარი იზიდავს თავისი სიტკბოებით ფუტკარს, ასე დაატკბე ჩემი ცხოვრებაც, რომ ფული ფუტკრებივით შემომიცვივდნენ საფულეში“. ხომ მარტივია?! მაშ, რატომ არ უნდა სცადოთ?! ამით ხომ არაფერი დაშავდება?! ასევე, შეგიძლიათ, გააკეთოთ „ხუთშაბათის ფულის საშაქრეც“. ვანგამ ხუთშაბათი საუკეთესო დღედ მიიჩნია ფულის ენერგიასთან მტკიცე მეგობრების დასამყარებლად. მაგრამ, ჩემი აზრით, მზარდი მთვარის დროს ნებისმიერი დღეც გამოდგება. მაშ ასე, ცარიელი საშაქრე და 2-ლარიანი მონეტა კარგად უნდა გაირეცხოს. საშაქრის ძირში მოათავსეთ მონეტა და შეავსეთ შაქრით, თან წარმოიდგინეთ, რომ ფული თქვენს სახლში მდინარესავით მოედინება. შაქარს კი, ამ ორი შელოცვიდან ერთ-ერთი აირჩიეთ და უჩურჩულეთ: „ტკბილო შაქარო, იღბალი და სიმდიდრე ისე დამახვავე თავს, როგორც ფუტკრები ეხვევიან ყვავილებს;“ ანდა, „ტკბილო სიცოცხლევ, შემობრძანდი ჩემს სახლში და თან, ბარაქა და სიუხვე შემოიტანე.“ არ დაიჯერებთ, მაგრამ სულ ესაა. მთავარია, საშაქრე ყოველთვის სავსე იყოს. მე გამომიცდია და გაგიმხელთ, რომ „ფულის საშაქრე„ ძალიან სწრაფად იწყებს მუშაობას მხოლოდ იქ, სადაც გულწრფელია რწმენა, ნათელია აზრი და კეთილშობილურია მიზნები. განეწყვეთ სიკეთისთვის, იფიქრეთ მხოლოდ კარგზე და აუცილებლად დაიჯერეთ სასწაულების!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან