რა ნეგატიური მოვლენებია მოსალოდნელი მაისის თვეში და როგორ ცვლილებებს შეიტანს ის ადამიანების ცხოვრებაში
ავტორი: ნონა დათეშიძე 14:00

გაზაფხულის ბოლო თვე, მაისი, საკმაოდ ბევრ ცვლილებას შემოიტანს ადამიანების ცხოვრებაში. ის არ იქნება მარტივად გასავლელი, თუმცა გაჩნდება პერსპექტივა და ახალი შესაძლებლობები. თვის პირველი ნახევარი საკმაოდ ფრთხილად უნდა განვლოთ, ხოლო თვის ბოლოს სიტუაცია შედარებით დასტაბილურდება და როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, დედამიწაზე მეტად პოზიტიური ელფერის ენერგიები შემოვა, რაც ბევრ ადამიანს გაუხსნის სულიერი და შემოქმედებითი ზრდის შესაძლებლობებს.
– ბატონო მიხეილ, როგორი გასავლელი იქნება მაისი და რას უნდა ველოდოთ გაზაფხულის ბოლო თვისგან?
– მაისის თვე, განსაკუთრებით 1-დან 18 რიცხვამდე, ძალიან არახელსაყრელი პერიოდია. მედიაში გავრცელდება დიდი რაოდენობით ინფორმაცია ნეგატიურ მოვლენებზე. წარმოიქმნება დაძაბულობა საერთაშორისო ურთიერთობებში. ადამიანთა პროტესტისა და გაფიცვის შედეგად პრობლემები იქნება მსოფლიოს დიდი ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. კონფლიქტური სიტუაციები გაამწვავებს ურთიერთობებს ქვეყნებს შორის, თუ მათი მოგვარება ვერ მოხდა გასული მარტისა და აპრილის თვეებში. მეორე დეკადის ბოლოს დიდია მიწისძვრის ალბათობა. რასაც ხელს შეუწყობს პლანეტა მერკური, რომელიც კუროს ზოდიაქოში შევა 10 მაისს, ხოლო სავსე მთვარე – 12 მაისს. მზის, მერკურისა და ურანის შეერთება, დედამიწის ბიოსფეროს ზოგადი ნეგატიური მდგომარეობის ფონზე, ასევე უბიძგებს ადამიანებს უხეში შენიშვნებისკენ, გაუაზრებელი ქმედებებისა და იმპულსურობისკენ.
18 მაისიდან, დედამიწის ბიორითმები უფრო ჰარმონიული გახდება.
– კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, როგორი გასავლელია მაისის თვე და რა რეკომენდაციას აძლევთ მათ?
– მაისი ბევრი ვერძისთვის დისჰარმონიული თვეა, განსაკუთრებით ჯანმრთელობისა და ქმედებების ეფექტურობის თვალსაზრისით. 10 მაისამდე პერიოდი არახელსაყრელია დიდი პროექტების დასაწყებად, რადგან სიტუაცია არასტაბილურია და ზარალის საშიშროება არსებობს. მესამე დეკადაში ვერძი იგრძნობს მხარდაჭერას, რაც დამატებით ძალას მისცემს ახალი საქმეების დასაგეგმად. მაისი, კუროებისთვის დინამიკური თვეა, თუმცა არც ისე პოზიტიური. უნდა იყოთ ფხიზლად, რადგან მოსალოდნელია მოტყუება, საეჭვო გარიგება. 19 მაისიდან სიტუაცია დასტაბილურდება, კარიერაში დადებითი ცვლილებები მოხდება და შემოსავალიც გაიზრდება. ტყუპებისთვის მაისის თვე ენერგიის განახლების, ახალი გეგმებისა და მიღწევების პერიოდია. თვის დასაწყისში იქნება საინტერესო შეხვედრები, სასარგებლო კომუნიკაცია. 20 მაისიდან ჩაცხრება დაძაბულობა, მაგრამ ეს სიმშვიდისა და ლიდერობის ხანმოკლე პერიოდია. დაიოკეთ პრეტენზიები. მაისი კირჩხიბებისთვის საკმაოდ დინამიკურია, მაგრამ არა მარტივი პერიოდი. მოერიდეთ ხარჯებს, რადგან მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები. თვის მესამე დეკადაში, სიტუაცია ოდნავ დასტაბილურდება, შემოსავლის ზრდა კი წარმატებული სასიყვარულო თუ საქმიანი ურთიერთობების წყალობით გახდება შესაძლებელი. ბევრი ლომისთვის მაისის თვე მნიშვნელოვანი, მაგრამ დაძაბული პიროვნული გარდაქმნების თვეა. არ გარისკოთ! წარმატება გელით სასიყვარულო სფეროში. თვის მესამე დეკადა, შედარებით ჰარმონიულია. მაისი ქალწულებისთვის საკმაოდ აქტიური და რთული თვეა. ეს პერიოდი 18 მაისამდე გაგრძელდება. მოერიდეთ რისკს, სიფრთხილე გამოიჩინეთ გადაადგილებისას. თვის მესამე დეკადაში კი პოზიტიური სიტუაციები იქნება სამსახურსა და ურთიერთობებში. სასწორებისთვის მაისი რთული თვეა, როგორც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასევე, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. 5-18 მაისის პერიოდი განსაკუთრებით არახელსაყრელია. თვის ბოლოს სიტუაცია შედარებით დაწყნარდება. მაისი შესაძლოა, არახელსაყრელი თვე აღმოჩნდეს მორიელებისთვის. დაირღვევა სტაბილურობის შეგრძნება, როგორც პირად, ისე საქმიან სფეროში. მთავარია, არ დაკარგოთ კონტროლი და თვის ბოლოს შეძლებთ, გააძლიეროთ პოზიციები და მოაგვაროთ საკამათო ფინანსური საკითხები. მშვილდოსნებისთვის მაისის პირველი ნახევარი განსაკუთრებით რთულია. დაიძაბება ურთიერთობები და შეიცვლება გეგმები. მოგიწევთ დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ პრობლემებს, ამაში საკუთარი გამოცდილება დაგეხმარებათ. თვის ბოლოს კი თავს კომფორტულად იგრძნობთ, მიაღწევთ გარკვეულ წარმატებას ბიზნესში. მაისი თხის რქებისთვის აქტიური პერიოდია. რეალიზდება საქმიანი და შემოქმედებითი პოტენციალი. თუმცა, პირველი და მეორე დეკადა შედარებით რთული გასავლელია. მესამე დეკადა კი მშვიდი და საუკეთესო პერიოდია. მერწყულებისთვის მაისი სულიერი ტრანსფორმაციის პერიოდია. რთული პერიოდი 18 მაისამდე გაგრძელდება. გექნებათ სტაბილური შემოსავლები, მაგრამ შესაძლოა, გამოჩნდეს მოულოდნელი ხარჯი. მესამე დეკადაში პრობლემების ადვილად მოგვარებას შეძლებთ. მაისი თევზებისთვის გაზაფხულის განწყობის, პოზიტიური კომუნიკაციის, შთაგონების პერიოდია. შესაძლოა, ბედმა დაგაკავშიროთ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ახალ ენერგიასა და ახალ იდეებს შემოიტანენ. გაჩნდება პერსპექტიული საქმიანი კავშირები და წინადადებები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან