რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ძილის პოზას და საწოლის რა ნაწილს ირჩევს დასაძინებლად აქტიური, მხიარული და თავდაჯერებული ადამიანი
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 30.05

ყველას თავისებურად სძინავს და იმის მიხედვით, თუ სხეულის რა მდგომარეობაა ძილში ინდივიდისთვის ჩვეული, მისი ხასიათისა და თვისებების ამოცნობა შეიძლება. არსებობს მძინარე სხეულის ყველაზე დამახასიათებელი რამდენიმე პოზა, რომელთა მიხედვითაც, შეიცნობთ საკუთარ თავს და ვერც სხვა გამოგაპარებთ რაიმეს. მაშ ასე, გაინტერესებთ, რაზე გვიამბობს ძილის დროს სხეულის ესა თუ ის მდგომარეობა? - ამას შეიტყობთ ეზოთერიკოსის, ბატონი რამაზ ლ-ს ინტერვიუდან.
- ძილის პოზას ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანზე, დაწყებული იქიდან, საწოლის რა ნაწილზე უყვარს ძილი. მაგალითად, თუ ეს ადგილი ცენტრია, მაშინ „მძინარეს“ აქტიური, მხიარული და თავდაჯერებული ხასიათი აქვს. ვინც საწოლის კიდეს ირჩევს, უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით და თავდაჯერებულობა აკლია; ხოლო დიაგონალზე დაძინების მოყვარული - დინამიკური, აქტიური, მაგრამ ზედმეტად ემოციურია. ზოგს ბალიშთან ჩახუტება უყვარს, რაც ნიშნავს, რომ არ არის დამოუკიდებელი და შესაბამისად, მხარდაჭერა და წახალისება სჭირდება. ძილში შეკრული მუშტები აგრესიის ნიშანია, ხელები მუცელზე ან მკერდზე - შებოჭილობის, სიმორცხვის, სხვებისგან იზოლირების სურვილია. თუმცა ამას გარდა, არსებობს დამახასიათებელი პოზიციები, რომელსაც ყველაზე ხშირად იკავებს ძილში ადამიანი, რაც მის უკეთ შეცნობაში გვეხმარება.
- მაინც, რაზე მიგვანიშნებს ჩვენი სხეული მძინარე მდგომარეობაში?
- მაგალითად, პოზაში: „ზღვის ვარსკვლავი”, იგივე „სამეფო“, ადამიანი წევს ზურგზე, ხელ-ფეხი კი ოდნავ გაშლილი აქვს. ეს ნიშნავს, რომ ის თავდაჯერებულია, გამოხატული ლიდერის თვისებებით, ანუ, როგორც ამბობენ, „უკომპლექსოა“. ის ხშირად „წვეულების სულისჩამდგმელია“ და სხვის მოსაზრებებზე არ არის დამოკიდებული. ყველგან მყუდროდ და კომფორტულად გრძნობს თავს, თვით - ძილშიც კი. ოპტიმისტია და სხვებსაც დადებითი ენერგიით ავსებს, მეგობრული და კომუნიკაბელურია, უყვარს მოგზაურობა და ადვილად იძენს ახალ ნაცნობებს. ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და გარშემო მყოფებსაც იოლად იმორჩილებს. არ ეშინია საფრთხისა და პასუხისმგებლობის და ნებისმიერ ცვლილებას მიესალმება. თუმცა შეუძლია, იყოს უყურადღებო და წინდაუხედავიც. აქვს მშვიდი, დაბალანსებული ხასიათი და იმავდროულად - პრინციპულიც, იცის თავის ფასი და შეუძლია, ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდეს. ზოგჯერ აგრესიული და სასტიკიცაა, მაგრამ, საერთო ჯამში, მაინც კეთილია - ყოველთვის მზადაა, გაჭირვებულს დაეხმაროს. ყველა ამ თვისების წყალობით, ადვილად აღწევს იმას, რაც სურს. მაგრამ, თუ ადამიანს ადრე სხვა პოზაში ეძინა და შემდეგ „გამეფდა“, ესე იგი, მისმა თვითშეფასებამ აიწია. ზოგჯერ კი ეს შეიძლება, ნიშნავდეს პრობლემებს ურთიერთობებში ან სამსახურში - ვიღაცას მისი ადგილის დაკავება სურს, ის კი, საკუთარი „ტერიტორიის“ დასაცავად, ხელ-ფეხის ქნევას იწყებს. „ზღვის ვარსკვლავის“ პოზა, ასევე ტიპიურია მათთვის, ვისაც ძალა და ენერგია აქვს მოზღვავებული და უზარმაზარ წარმატებას მაღწევს.
- ვისაც მუცელზე მწოლიარეს სძინავს?
- ეს არის „დამპყრობლის“ პოზა, როცა ადამიანი მუცელზე წევს, ფეხები გაშლილი აქვს, ხელები კი თავს ზემოთ უწყვია - თითქოს მთელი სივრცის დაკავებას ცდილობს. ასეთი ადამიანი პასუხს აგებს თავის საქციელზე, დამოუკიდებელი და ფრთხილია, ვერ იტანს მოულოდნელობებს, ყოველთვის ყველაფერი უმცირეს დეტალებამდე აქვს გათვლილი და დაბრკოლება მას ვერ შეაჩერებს. მიზანს ადვილად აღწევს, ლიდერი და წარმატებული ბიზნესმენია. პუნქტუალური და კონსერვატორია, არც თავად იგვიანებს და ვერც სხვის დაგვიანებას იტანს. ყოველთვის აკონტროლებს ახლობლებს. „დამპყრობელი“ თავის განცდებს არავის უზიარებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც კარგად არ იცნობს. პრობლემებზე არასდროს წუწუნებს და ვერ იტანს, როცა იცოდებენ. თუმცა საკმაოდ დაუცველია, მაგრამ არ იმჩნევს. ყოველთვის მზადაა, სხვას მოუსმინოს და სწორ რჩევასაც აძლევს, თუმცა თავად უჭირს გრძნობების გამოხატვა, რის გამოც ხშირად მარტოობას განიცდის. რაც შეეხება, მას, ვისაც ადრე სხვა პოზაში ეძინა და შემდეგ, მოულოდნელად გახდა „დამპყრობელი“, ჩანს, რომ ზედმეტად დაღლილია - გარემოს შეცვლა და ყოველდღიური პრობლემების დავიწყება სჭირდება. ამიტომ, სანამ არ გაავებულა, სასწრაფოდ უნდა გაემგზავროს დასასვენებლად. მაგრამ, თუ მუცელზე წევს და თანაც, ძილში ხელ-ფეხსაც იქნევს, ესე იგი, რაღაც პრობლემისგან ცდილობს თავის დაღწევას.
- გვერდულად ძილის დროს რა ხდება?
- თუ მძინარეს გვერდიდან უყურებთ, ისე ჩანს, თითქოს მოძრაობისას გაიყინა: ერთი ხელი ქვემოთ, მეორე კი - ზემოთ აქვს, ცალი ფეხი მუხლში მოუხრია, მეორე კი - სწორად უდევს. ეს პოზა „სპრინტერის“ სახელითაა ცნობილი და უმეტესად, ასე ბავშვებს სძინავთ, თუმცა მოზრდილებშიც შეინიშნება. ის ადამიანის არაორგანიზებულობაზე მეტყველებს, რომელსაც არც დღის დაგეგმვა შეუძლია, ყველგან ყოველთვის აგვიანებს და იშვიათად ამთავრებს დაწყებულ საქმეს. ამის გამო, შეიძლება სამსახურში პრობლემები შეექმნას, თუმცა არც რაიმე მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრას ანდობენ. „სპრინტერი“ ჭირვეული, არაპროგნოზირებადი, უინიციატივო და ცვალებადია, თუმცა დროსტარებისთვის ყოველთვის მზადაა. მასთან კომუნიკაცია მარტივია, ხუმარა და ხალისიანია. ხოლო, ვინც ახლად „გასპრინტერდა“, ესე იგი, ბევრი მოუგვარებელი პრობლემა აქვს.
- ბოლოსთვის რა შემოგვინახეთ?
- ეს არის „ყარყატის“ პოზა, როცა მძინარე გვერდულად წევს, ხელები თავზე შემოუწყვია, ხოლო ერთი გაშლილი და მეორე მოხრილი ფეხით სამკუთხედს კრავს. ეს პოზა მიუთითებს, რომ ადამიანი მუდმივად რაღაცისკენ ილტვის, თუმცა მიღწეული აღარ აკმაყოფილებს, რადგან მიაჩნია, რომ ჯერ მნიშვნელოვანი ან ღირებული არაფერი შეუქმნია. ამიტომაც, მისი მთელი ცხოვრება იღბლისა და ბედნიერების დაუსრულებელი დევნა, მიუწვდომელი იდეალია. ნამდვილი მეგობარი ცოტა ჰყავს, მაგრამ მუდმივად უამრავი ნაცნობითაა გარშემორტყმული. თუმცა გულწრფელი მხოლოდ მათთანაა, ვინც ამას იმსახურებს, დანარჩენებს პირადზე არ ესაუბრება. რაც შეეხება ადამიანს, რომელმაც ადრინდელი „საძილე პოზა“ „ყარყატით“ ჩაანაცვლა, ეს ნიშნავს, რომ მისი ცხოვრება სულაც არ არის ისეთი, როგორზეც ოცნებობდა. ყოველი წამით ტკბობის ნაცვლად, რუტინასთან შეგუება უწევს, რამაც მისი ცხოვრება აუტანელი გახადა. ეს კი ნიშნავს, რომ დროა, გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და რაღაც შეცვალოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან