რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის სულიერ მდგომარეობას სიკვდილის მომენტში
ავტორი: ნანა წერეთელი 11:00 13.02
სიკვდილი არ არის დასასრული, მაგრამ არც ისაა, რასაც ჩვეულებრივ წარმოვიდგენთ ხოლმე. ეს უბრალოდ, კარიბჭეა, რომლის მიღმაც უცნობი პეიზაჟი იშლება, სადაც პიროვნული „მეს“ საზღვრები წაშლილია, რეალობა კი ფიზიკური სამყაროს კანონებს არ ემორჩილება. მაგრამ, რა ემართება სინამდვილეში ცნობიერებას, როცა სხეული მტვრად იქცევა და საერთოდ, ვარსებობთ თუ არა მას შემდეგ, რაც ჩვენი მიწიერი ფორმის ბოლო კვალიც ქრება - ამ ყველასთვის საჭირბოროტო კითხვებზე პასუხს გაგცემთ, ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნუნუ ბ.
- თუ სიკვდილი ილუზიაა, მაშ რა ხდება სინამდვილეში?
- ადამიანი იმდენადაა მიჩვეული საკუთარ სხეულს, დამოკიდებულია თავის აზრებსა და მოგონებებზე, რომ პიროვნული „მეს“ გაქრობის იდეაც კი წარმოუდგენლად ეჩვენება. მაგრამ რა ხდება, თუ პიროვნება მხოლოდ ერთი სიცოცხლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების დროებითი კომბინაციაა? ანდა, სიკვდილი დანაკარგი კი არა, განცალკევების ილუზიისგან გათავისუფლებაა? წარმოიდგინეთ მდინარე, რომელსაც მიაჩნია, რომ მისი წყალი მხოლოდ მას ეკუთვნის. მაგრამ, ერთ დღესაც ის ოკეანეში ჩაედინება და საზღვრები ქრება. მდინარე ისევ მდინარეა? თუ ის რაღაც უფრო მეტი ხდება? ანალოგიურად, როდესაც ცნობიერება სხეულს ტოვებს, შეიძლება, ის კი არ ქრება, არამედ თავის საწყის მდგომარეობას უბრუნდება - ადგილს, სადაც „მე“-სა და „არა მე“-ს შორის გამყოფი არ არსებობს.
- თუ სხეული დროებითი ჭურჭელია, რა რჩება შემდეგ?
- ჩვენი ფიზიკური სხეული უბრალოდ, მიწის, წყლისა და ჰაერის ის ნაწილაკებია, მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ ვაგროვებდით. ამქვეყნად კი იმიტომ მოვდივართ, რომ ეს ყველაფერი დროებით ვისესხოთ სამყაროსგან და შემდეგ უკანვე დავუბრუნოთ. მაგრამ თუ სხეული მხოლოდ ნიჟარაა, მაშინ რა ამოდის (როცა ვამბობთ, სული ამოუვიდაო) ჩვენს ბოლო ამოსუნთქვასთან ერთად? ამ დროს, ტრადიციები სულის შესახებ ნატიფ სხეულზე გვესაუბრება - იმ ენერგეტიკულ სტრუქტურაზე, რომელიც ჩვენი ემოციების, სურვილებისა და შიშების ანაბეჭდებს ინახავს. მართალია, ტრადიციული გაგებით, მას ინტელექტი არ გააჩნია, მაგრამ ჩვენი განვლილი ცხოვრების კვალს ატარებს და სწორედ ნატიფი სხეულის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება „ჩვენი გადასვლა“.
- რატომ არის სიკვდილის მომენტში უკანასკნელი აზრის გაელვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
- არსებობს უძველესი რწმენა: რა მდგომარეობაშიცაა ადამიანის გონება გარდაცვალებისას, ისეთივე იქნება მისი შემდგომი ნაბიჯიცო. თუ მომაკვდავს უკანასკნელ წამებში გონება შიშით, ბრაზით ან მიჯაჭვულობით აქვს დაბინდული, შეიძლება, მისი ცნობიერებაც „მათ მახეში გაებას“. მაგრამ, მშვიდი და ნათელი გონება, ამ „გადასვლას“ ბუნებრივს ხდის, ისეთს, როგორიც ღრმა ძილში წასვლაა. სწორედ ამას უკავშირდება, ასეთი კრძალვითა და პატივისცემით რომ უდგება ჭირისუფალი მიცვალებულთან გამოსამშვიდობებელ რიტუალებს. მაგალითად, ინდოეთში მომაკვდავის გარშემო არ ისმის ტირილი - იქმნება სიჩუმისა და სიმშვიდის ატმოსფერო, რათა ბოლო წუთებში ის არაფერმა შეაწუხოს. იმიტომ, რომ სიკვდილი მოგზაურობის დასასრული კი არა, მხოლოდ ახალ გზაზე გადახვევაა.
- სამოთხე და ჯოჯოხეთი რეალობაა, თუ გონების პროექცია?
- ბევრი რელიგია საუბრობს სამოთხესა და ჯოჯოხეთზე, მაგრამ რა მოხდება, თუ ეს არსებული კი არა, ჩვენი ცნობიერების მიერ შექმნილი შინაგანი სამყაროებია? წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც მრისხანებაში კვდება, ამის გამო, მისი ფიზიკურად განუმუხტავი ნატიფი სხეული, შეიძლება, წლების განმავლობაში დარჩეს ამ მდგომარეობაში, როგორც დაუსრულებელ კოშმარში. აი, ეს არის ჯოჯოხეთი - არა ცეცხლი და დემონები, არამედ გაყინული ემოცია, რომელიც მარადიულ ციხედ იქცევა. ზუსტად ანალოგიურია ნეტარებაც - ის დამსახურებული ჯილდო კი არა, იმ ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, ვინც მშვიდად გაემგზავრა იმიერ სამყაროში. ამრიგად, ამ გაგებით, სამოთხე და ჯოჯოხეთი ის ადგილები კი არაა, სადაც „გვაგზავნიან“, არამედ, გაგრძელებაა იმისა, რასაც ამ ცხოვრებაში წარმოვადგენდით.
- რა შემთხვევაში ხდება რეინკარნაცია: როდის ბრუნდება სული?
- თუ ნატიფი სხეული ძლიერ სურვილს შეინარჩუნებს, ის შეიძლება მიწიერ სიბრტყეს კვლავ დაბრუნდეს. მაგრამ ეს პროცესი სწრაფი არ არის. უეცარმა, განსაკუთრებით ძალადობრივმა სიკვდილმა, შეიძლება ცნობიერება გაურკვევლობაში დატოვოს - მან ჯერ ვერ გააცნობიერა, რომ სხეული დაკარგა და ნაცნობი ფორმის ძიებაში დახეტიალობს. ხოლო, ის, ვინც ბუნებრივად გარდაიცვალა, ყველაზე ხშირად სიცოცხლის დინებას შეერევა და მცირე იმპულსი მაინც თუ შერჩა, მოთმინებით ელის, რომ ერთ დღესაც, ხელახლა დაიბადება. მაგრამ რამდენ ხანს მოუწევს ლოდინი? - წლები? საუკუნეები? თუ მხოლოდ ერთი წამი?.. შესაძლოა, სიკვდილის მთავარი საიდუმლო ის არის, რომ ის არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მდგომარეობის ცვლილება, აღქმის ერთი ფორმიდან მეორეზე გადასვლა. და თუ საკუთარ თავს სიცოცხლეში აღვიქვამთ არა როგორც სხეულს, არამედ როგორც ცნობიერებას, თავად წასვლის მომენტიც აღარ იქნება საშიში. სიკვდილი არ არის წიგნის დასასრული, მხოლოდ თავის დასრულებაა... შემდეგი გვერდი შეიძლება კიდევ უფრო საკვირველი იყოს. რას ფიქრობთ? არსებობს თუ არა „მე“ სიკვდილის შემდეგაც, თუ ჩვენი ცნობიერება უბრალოდ სანთელია, რომელიც უკვალოდ ქრება?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




