ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა მინიშნებებს უგზავნის სამყარო ქალს თავისი „ტოლი და სწორის“ შესარჩევად და როდის უქმნის მას დაბრკოლებებს

№43

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 01.11

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ოჯახის შექმნა და საიმედო პარტნიორის მოძებნა რომ იოლი საქმე არ არის, უდავოა. ძალიან დიდია იმედგაცრუების რისკი, მაგრამ არის გამოსავალიც. სამყარო ამაშიც გვეხმარება. თუ ყურადღებით იქნება, განსაკუთრებით ქალს შეუძლია, სამყაროს მინიშნებანი გაითვალისწინოს და მეორე ნახევრის არჩევანში არ შეცდეს. თუ როგორ ხდება ეს და რა სიგნალებს უნდა მიაქციოთ ქალებმა ყურადღება საბედოს ძიებისას, ამის შესახებ ყველაფერს გაგვანდობს ეზოთერიკოსი, ქალბატონი ცისანა ჩ.

- მას შემდეგ, რაც დედამიწაზე პირველი ადამიანი გაჩნდა და უზენაესმა მეწყვილედ და მეორე ნახევრად, მისივე ნეკნიდან შეუქმნა ქალი, გამრავლებული და მილიარდებად ქცეული ქალი და კაცი დღემდე დაუღალავად ეძებს საკუთარ მეწყვილეს, რათა ერთად, დიდხანს და ბედნიერად განვლონ წუთისოფელი. თუმცა ხშირად ცდება, რასაც მთელი ცხოვრება ვერ ინელებს, განსაკუთრებით ქალია უკმაყოფილო და ამის მიზეზებს სულ სხვაგან ეძებს. არადა, დამნაშავე თავადაა, რადგან სამყარო მას მკაფიო სიგნალს უგზავნის, რომ მამაკაცი მისი შესაფერისი არ არის, ქალს კი, ამის შემჩნევა არ უნდა. საინტერესოა, არა? ბევრი ქალი, ალბათ, ამ დროს დანანებით იტყვის, ეგ რომ მცოდნოდაო... და ისე ამოიოხრებს, მთელ გულსა და სულს ამოაყოლებს.

- მაშ რა უნდა ვქნათ, რომ მსგავსი იმედგაცრუება თავიდან ავიცილოთ?

- დავიწყებ ჩემი ოჯახის წევრის პირადი მაგალითით. ჩემი და რომ პირველ პაემანზე წასასვლელად ემზადებოდა, ჩაცმისას კოლგოტი გაეხა, დიდხანს ეძება სხვა, მაგრამ ამასობაში, მიხვდა, რომ შეხვედრაზე აგვიანდებოდა. რომ იტყვიან, კისრისტეხით გაიქცა გაჩერებისკენ, იქ კი, ავტობუსმა ცხვირწინ გაასწრო. სასწრაფოდ ტაქსი გააჩერა, რომელმაც იმ ავტობუსს კი გადაასწრო, მაგრამ მძღოლს კაფეს დასახელება უთხრა არასწორად! ახლა კი მიხვდა ჩემი და, რომ ეს ყველაფერი მინიშნება იყო სამყაროსგან და უნდა გაეთვალისწინებინა, მაგრამ, რაღა დროს... მას მერე 15 წელი გავიდა, ის უკვე 45-ისაა, მან კი, ვისთანაც ასე მიიჩქაროდა და მალე ცოლადაც გაჰყვა, ცხოვრება დაუნგრია.

- ხომ შეიძლება, ეს უბრალო დამთხვევა იყოს?

- რა თქმა უნდა, თუმცა ყველა ქალი, რომელიც კი არჩევანში შეცდა, მსგავს ისტორიას ჰყვება. ჩამოვთვლი კიდევ რამდენიმეს. თამუნა, რომელიც ახლა 39 წლისაა, ჰყვება: „დედაჩემმა მთხოვა, მაიონეზი გამეხსნა, მაშინ ჯერ კიდევ ქილებში იყიდებოდა. ქილა ხელიდან გამივარდა და ნამსხვრევმა ხელი გამიჭრა. ამ დროს პაემანზე თემოს უნდა შევხვდე, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, სწორედ მაშინ აპირებდა ხელის თხოვნას. მაჯა შევიხვიე, მაგრამ ჭრილობა ღრმა აღმოჩნდა და სისხლდენა არ წყდებოდა. კიდევ რამდენიმე ფენა სახვევი დავამატე - სისხლი ისევ ჟონავდა, მაგრამ მე ტკივილს არ ვგრძნობდი. ახლა ვიცი, რომ ეს ნიშანი იყო! მაშინ კი, ვერ მივხვდი... თემოს ცოლად გავყევი და მთელი ჩემი ცხოვრება უკუღმა წავიდა!..“ აი კიდევ, 40 წლის ეკას აღსარება: „ჩემი გასაღები საკეტში გაიჭედა, ქუსლი გადამიტყდა, ქალაქში მოძრაობა გადაკეტეს სახალხო მარათონის გამო... კი ვიფიქრე, რომ ეს კარგის ნიშანი არ იყო, მაგრამ არ ვენდე, ცრურწმენად მივიჩნიე. გავთხოვდი და ახლა ვნანობ, რომ ბედის კარნახს ყური არ დავუგდე;“ ანდა, „ერთხელაც თოვლივით თეთრი პალტოთი წავედი პაემანზე, გვერდით მიმავალმა მანქანამ კი თავიდან ფეხებამდე გამწუწა. ამ ფორმაში მხოლოდ სახლში თუ დავბრუნდებოდი...“

- მართლაც ამ სახით გვიგზავნის სამყარო მინიშნებას?

- არა. სამყარო მინიშნებას სხვა ფორმით გვიგზავნის და ბევრად უფრო ადრე, ვიდრე თავზე ყვავი დაგვჩხავლებს ან შავი კატა გადაგვირბენს გზაზე. ეს მინიშნებები ჩვენი აზრები და ეჭვებია, რომელიც ცდილობს დაგვანახვოს, რომ სწორ არჩევანს არ ვაკეთებთ: „ვგრძნობ, რომ ჩემი არ არის, მაგრამ ამ აზრს ვთრგუნავ - უკეთესი რომ არ გამოჩნდეს? თავს ვაჯერებ, რომ იდეალური არავინაა და ყველას თავისი ნაკლი აქვს. ბევრი დაქალი მყავს, ქმარი გაცნობისას საერთოდ რომ არ მოეწონა, მაგრამ, უკეთ რომ გაიცნო, მიხვდა, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი. ახლა შვილებს ზრდიან და ცხოვრებით ტკბებიან“. ისეც ხდება, როცა ქალს თავიდანვე აქვს გადაწყვეტილი: გაუძლოს, რაღაცაზე თვალი დახუჭოს, კომპრომისზე წავიდეს, რადგან სჯერა, რომ ასეთი დამოკიდებულება მომავალში ან მამაკაცს შეცვლის, ან თავად შეეგუება სიტუაციას. ეს კი სწორედ ის მომენტია, როცა ქალი ირჩევს ადამიანს, რომელიც მისი „ტოლი და სწორი“ არ არის... მართალია, თქვენი რჩეული შეიძლება ყოველთვის ბოროტმოქმედი ან ნაძირალა არ აღმოჩნდეს, მაგრამ არის მსგავსი მაგალითების შემთხვევებიც: ერთმა გოგონამ გაიცნო მამაკაცი, რომელიც ძალიან ცოტას ლაპარაკობდა, უფრო სწორად, თითქმის სულ ჩუმად იყო. ქალს ეგონა, რომ შეყვარებულ მამაკაცს მისი ერიდებოდა, ღელავდა, ნერვიულობდა და სიტყვები ყელში ეჩხირებოდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ კაცი საერთოდ ასეთი იყო. თანაცხოვრების სამი წელი გაძლო მასთან მოწყენილობისგან დატანჯულმა ქალმა და ბოლოს მაინც გადაწყვიტა, მიეტოვებინა. ამიტომ უნდა უსმინოთ ინტუიციასა და მის ნაკარნახევს, ზოგჯერ კი ზემოაღწერილ მინიშნებებსაც ნუ უგულებელყოფთ - ამ სახით სამყარო დამატებით სიგნალს გიგზავნიდეთ. ილუზიას მხოლოდ გარსი აქვს ტკბილი, ბირთვი მწარე და ამაზრზენია. არადა, გვიწევს ხოლმე მისი დაღეჭვა და გადაყლაპვა.

- მაინც, რა ეტაპზე ვიღებთ სამყაროსგან გზავნილს?

- როგორც კი გონებაში მამაკაცის გამართლებას დაიწყებთ და ამაში საკუთარი თავის დარწმუნებას შეეცდებით, სწორედ მაშინ შემოჰკრავს სამყარო განგაშის ზარს... მაგრამ, ასე ხომ, შეიძლება, სიბერემდე ვარჩიო საქმროო... - იტყვით თქვენ. შეიძლება, მაგრამ ჯობს ზედმეტად გაისარჯოთ, ვიდრე უცხო ადამიანთან ერთად იცხოვროთ. სასოწარკვეთას ნუ მიეცემით. როგორც ინგლისელები ამბობენ: „ზღვაში ჯერ კიდევ ბევრი თევზია”. ასე რომ, თუ თქვენს არჩევანში ეჭვი გეპარებათ, არ არის საჭირო მშობლებთან შეხვედრა, შვილების გაჩენა და ცალკე ბინაში გადასვლა. ძებნა განაგრძეთ, გადააგდეთ ანკესი და დაელოდეთ, იქნებ ოქროს თევზი ამოჰყვეს?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა