ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა მიგვანიშნებს, რომ მალე ცხოვრების თეთრ სარტყელში შევალთ და შეუძლია თუ არა ჩვენს ქვეცნობიერს სამყაროს ამ გზავნილების ამოცნობა

№33

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 23.08

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ცხოვრება „ზოლიანია“ - შავ და თეთრ სარტყელთა მონაცვლეობით: ხან გვახარებს, ხან კი - გვამწუხრებს. „თეთრი“ და ნათელი ცხოვრება ყველას უნდა და შესაბამისად, ერთი სული გვაქვს, გავიგოთ: როდის დადგება ჩვენს ცხოვრებაში ნათელი ხანა და ბნელ სარტყელს - ნათელი შეცვლის. სწორედ ამას აგვიხსნის ეზოთერიკოსი, ბატონი მერაბ ლ.

- მართლაც „ზოლიანია“ ჩვენი ცხოვრება: ხან ღრუბლებს შეყრის, ხან ცისარტყელას ააფერადებს. რა თქმა უნდა, კარგია, შავი სარტყელი, ანუ ბნელი პერიოდი ვიწრო რომ იყოს, თეთრი კი - ფართო... თუმცა, არც უმაგისობაა: ღამეს დილა მოსდევს, სიბნელეს - მზე, მწუხარებას კი - სიხარული... და თქვენც ელოდებით ცხოვრების ნათელ სერიას...

- რა თქმა უნდა და ერთი სული გვაქვს, გავიგოთ, ჩვენს ცხოვრებაშიც როდის „გათენდება“...

- ცხოვრება ლაბირინთია, მოთამაშე კი თავად ვართ - ვცდილობთ, გამოსავალი ვიპოვოთ და სინათლეში გავიდეთ. არჩევანი დიდია: ზოგი გზა მარჯვნივ უხვევს, ზოგი - მარცხნივ, ზოგს წრეში შევყავართ და ზოგსაც - ჩიხში. შეიძლება უსასრულოდ იხეტიალო სიბნელეში და სინათლე ვერ დაინახო, მაგრამ მინიშნებამ სწორ გზაზე დაგაყენოს და გამოსავალიც იპოვო. ჩვენი ქვეცნობიერი ისეა მოწყობილი, რომ ნებისმიერ დროს შეძლოს სამყაროს მიერ ნაკარახები სხვადასხვა მითითების, სიგნალის, მინიშნების დანახვა. იმისთვის კი, რომ ეს ყველაფერი დაინახოთ, სწორი გზის მაჩვენებელ მინიშნებად მიიღოთ და ცხოვრებისეული გარემოებების ლაბირინთში არ დაიკარგოთ, უბრალოდ, მეტი ყურადღება გამოიჩინეთ თქვენ გარშემო არსებული გარემოს მიმართ. თუ ყურადღება გაგეფანტათ, ვეღარ შეამჩნევთ თქვენს დასახმარებელ გზავნილს სამყაროსგან. ეს იმას ჰგავს: ცხვირწინ რომ გაქვს და ვერ ამჩნევ. მოვლენათა ლაბირინთს თუ კარგად დააკვირდებით, მინიშნებებს ყველგან ნახავთ - თუ შეამჩნევთ, ხსნის გზასაც იპოვით. ხოლო, რთულ სიტუაციაში თუ პანიკას აჰყევით, თავგზააბნეული ვეღარაფერს დააკვირდებით და შესაბამისად, ვერც სიცოცხლის გადამრჩენელ მინიშნებებს შეამჩნევთ. რა გელით ამ დროს? - რა თქმა უნდა, კოლაფსი და სასოწარკვეთა, რასაც უბედურება მოსდევს. მაგრამ როგორც კი ხსნის შანსი გამოჩნდება, სასიცოცხლო ენერგია და ძალა დაგიბრუნდებათ და ლაბირინთიდან გამოსვლის სურვილი ასჯერ გაიზრდება.

- როგორ ამოვიცნოთ ჩვენი გადამრჩენელი მინიშნებები?

- მინიშნება შეიძლება იყოს ორი სახის: სიზმრად მოსული და რეალობაში ნანახი. ბედნიერებას, სიხარულს, კეთილდღეობასა და მშვიდობას გვიწინასწარმეტყველებს სიზმრები, რომლებშიც... მაგალითად, დაფრინავთ, რაც თავისუფლების სიმბოლოა. მალე საკმარისი ძალა და მონდომება გექნებათ, რომ მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც წარუმატებლობის შიშით აქამდე ვერ შეეჭიდეთ, დამოუკიდებლად წამოიწყოთ. ირწმუნეთ საკუთარი თავის და იბრძოლეთ დიადი მიზნებისთვის. წინ ცხოვრების ახალი ეტაპი გელით და სამყარო სწორედ ასეთი სიზმრის ასასრულებლად გიგზავნით „ფრენის“ სიგნალს. გარდაუვალ ბედნიერ ცვლილებებზე მიანიშნებს, თუ გესიზმრათ, რომ ჩემოდანი ჩაალაგეთ და მატარებლით, მანქანით ან თვითმფრინავით მგზავრობთ. ძალიან ჩქარობთ, დაგვიანების გეშინიათ და ბოლო ვაგონს რომ მიუსწარით, შვებით ამოისუნთქეთ. ასევე, ბედნიერ ცვლილებებს გიწინასწარმეტყველებთ სიზმარში მოულოდნელ დაბრკოლებათა გადალახვა, როგორიცაა ღობეზე ან კიბეებზე ასვლა. ეს იმპულსია, რომელიც რეალობაში გადამწყვეტი ქმედებებისკენ გიბიძგებთ. სიზმარში სუფთა, გამდინარე წყალში ბანაობა ან უღრუბლო ცაში ფრენა განიშნებთ, რომ წინსვლა გელით. ასევე, თუ სიზმრად ნანახის გამო ბედნიერმა გაიღვიძეთ, აუცილებლად დაიმახსოვრეთ, ან კიდევ უკეთესია, თუ ჩაიწერთ და განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევთ. სიზმარში აუცილებლად მიიღებთ მინიშნებებს სამყაროსგან, როგორც მოქმედების დროის, ასევე ბედნიერი მოვლენის შესახებ.

- გამიგია, რომ ისეთ ბუნებრივ მოვლენას, როგორიც ცისარტყელაა, ბედნიერება მოაქვს...

- ბევრს ჰგონია, წვიმის მერე მზე რომ გამოანათებს და ცისარტყელას დაინახავს, ეს ამინდის თანამდევი, ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ცდება. ცისარტყელა თქვენს ცხოვრებაში ახალი, ბედნიერი პერიოდის დაწყებას გაუწყებთ - მის დამნახავს უეცარი იღბალი და რაღაც კარგი, ნათელი ელის წინ. მაგრამ, თუ გაგიმართლათ და ორმაგი ცისარტყელა დაინახეთ, ეს მართლაც ბედის საჩუქარია: იღბალი, ბედნიერება და სიყვარული მეხივით დაგეცემათ თავს. ზეციური ძალები დაგეხმარებიან, რთული არჩევანის გაკეთებაში და მიიღებთ პასუხს კითხვებზე, დღემდე ასე რომ გტანჯავდათ. ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით, ოჯახთან და მეგობრებთანაც ყველაფერი მოგვარდება. აი, სამმაგი ცისარტყელა ცაზე კი, ადამიანისადმი ზეციური ძალების განსაკუთრებული კეთილგანწყობის სიმბოლოა. სხვათა შორის, თუ ცისარტყელას ნახავთ ტელევიზიით, ფოტოზე ჟურნალში, ბილბორდზე თუ მარკეტში, იმავეს მიგანიშნებთ, რასაც ცისარტყელა ცაში. მინიშნებები ხომ ყოველმხრივ გარს გვაკრავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა