ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა მაგიური ძალა აქვს წყალს და როგორ შეგიძლიათ მისი „ალაპარაკება“

№9

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 10.03, 2023 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

წყალი - ჩვენი ორგანიზმის ძირითადი შემადგენელი, რომლის გარეშე სიცოცხლეც შეუძლებელია, რა თქმა უნდა, სასწაულმოქმედი თვისებებითაც გამოირჩევა. უძველესი დროიდან მიმართავდნენ წყლის ძალას მაგიური რიტუალებისთვის და ასეთივე წარმატებით იყენებენ მას დღეს წინასწარმეტყველები თუ ეზოთერიკოსები სხვადასხვა ტექნიკის სახით. ამ შემთხვევაში ეზოთერიკოსი, ქალბატონი ეთერ გ. წყლის მაგიური ტექნიკებიდან გაგვაცნობს ერთ-ერთ მათგანს, სახელწოდებით - „ჭიქა წყალი“, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ უმარტივესია შესასრულებლად, საოცრად ეფექტურია სურვილის ახდენის თვალსაზრისით.

- „ჭიქა წყალი“ - სურვილის შესრულების გამაოგნებელი ტექნიკა, რომელიც, თავისი არსით თითქოს ძალიან იოლია, თუმცა - წარმოუდგენლად ეფექტური. პრაქტიკულად, ყოველი მეორე, ვინც კი ამ მეთოდს მიმართა, ირწმუნება, რომ მისი ცხოვრება სასიკეთოდ შეიცვალა. შეიძლება, ყველაფერი მთლად ისე არ შესრულებულა, როგორც ჩაიფიქრა, მაგრამ, რაც მოხდა, სწორედ ისე იყო საჭირო. როგორც დასახელებიდანაც ჩანს, ყველაფერი, რაც კი ამ რიტუალისთვის დაგჭირდებათ, არის: ჭიქა წყალი და ქაღალდის ფურცელი... და რა თქმა უნდა, სურვილი იმისა, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.

- საიდან უნდა ავიღოთ წყალი რიტუალის ჩასატარებლად?

- ტექნიკის წესების მიხედვით, წყალი აბსოლუტურად სუფთა უნდა იყოს. ამიტომ უმჯობესია, წყაროს წყალი ან თუნდაც - ჭის. ონკანის წყალი არ გამოდგება, რადგან დამტკიცებულია, რომ მას ბევრი ნეგატიური ინფორმაცია მოაქვს თან, რომელსაც ვერც ადუღება გაწმენდს. მაღაზიაში რომ ბოთლებში ჩამოსხმული წყალი იყიდება, არც ისაა ნეგატივისგან გასუფთავებული. ყველაზე უკეთესი ვარიანტია, თუ დისტილირებულ წყალს იყიდით, გაყინავთ და მერე ისევ გაადნობთ. ასეთი წყალი თავისუფალია ნებისმიერი ნეგატიური ინფორმაციისგან. თუმცა ბევრჯერ ყოფილა, წყლის შესარჩევად დიდად არც შეუწუხებიათ თავი და რიტუალისთვის ნებისმიერი წყალი გამოუყენებიათ - მას კი მაინც უმუშავია.

- რა უნდა გავაკეთოთ?

- ქაღალდის ფურცელზე დაწერეთ თქვენი სურვილი ან აღწერეთ სასურველი პოზიტიური წარმოსახვა. როგორც ამ დროს ხდება ხოლმე, აზრი ჩამოაყალიბეთ აწმყო დროში (თითქოს ეს ყველაფერი უკვე მოხდა), თან ისე, რომ არ გამოიყენოთ ნაწილაკი „არა“. მაგალითად: „მე წარჩინებით ჩავაბარე გამოცდა ისტორიაში და უმაღლესი ქულა დავიმსახურე.“ შეეცადეთ, აზრი ჩამოაყალიბოთ, რაც შეიძლება კონკრეტულად, გასაგებად და ლაკონურად. ნუ დაწერთ ყველაფერს ერთად. ერთი სურვილისთვის გამოიყენეთ მხოლოდ ერთი ფურცელი და ერთი ჭიქა წყალი. მას შემდეგ, რაც სურვილი უკვე დაწერეთ, ჩაასხით ჭიქაში წყალი და დადგით ფურცელზე. შემდეგ ხელისგულები ერთმანეთს მანამდე უსვით, სანამ სიმხურვალეს არ იგრძნობთ. გახურებული ხელები განზე ისე გასწიეთ, რომ მათ შორის უხილავი თბილი სფეროს შეგრძნება არ დაკარგოთ. ეს „შედედებული“ ენერგიაა, რომელიც სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ. ასე გამთბარი ხელისგულები წყლით სავსე ჭიქას ისე შემოავლეთ, რომ მის კედლებს არ შეეხოთ. მხოლოდ ამის შემდეგ გაიმეორეთ თქვენი სურვილი რამდენჯერმე (უმჯობესია, სამჯერ), თან, რაც შეიძლება, ნათლად გააცოცხლეთ სურათი წარმოსახვაში. ბოლოს ჭიქიდან წყალი დალიეთ, სურვილის ფურცელი კი, მის ასრულებამდე გადამალეთ. სურვილის ახდენის შემდეგ ქაღალდი შეგიძლიათ, გადააგდოთ.

- რიტუალის ჩატარების დროს თუ აქვს მნიშვნელობა?

- ამ ყველაფრის გაკეთება უმჯობესია საღამოს, ძილის წინ, ანდა დილით, როგორც კი გაიღვიძებთ, მაშინვე. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მუშაობს ეს ტექნიკა ასე კარგად, ეს აიხსნება არა მარტო მისტიკური, არამედ მეცნიერული თვალსაზრისითაც. საქმე ისაა, რომ წყლის არაჩვეულებრივი თვისებები უკვე დიდი ხანია, შესწავლილია და არავითარ ეჭვს არ იწვევს. უამრავი მტკიცებულება თუ ექსპერიმენტია ცნობილი, რომელიც წყალზე ჩატარებულა და ყველას, ვინც ამ საკითხით დაინტერესდება, თავისუფლად შეუძლია, მასზე ინფორმაციის მოძიება.

- მაინც რა განაპირობებს იმას, რომ წყალი, ისევე, როგორც მისი ბინადარი, სურვილების შემსრულებელ „ოქროს თევზად“ მოგვევლინოს?

- წყალს აქვს საოცარი თვისება „ჩაიწეროს“ ინფორმაცია. ეს ხდება კლასტერთა საშუალებით, რომლებიც გარემომცველი სამყაროს ზემოქმედებით ფორმას იცვლიან. აღნიშნული კლასტერები მეცნიერებმა არც ისე დიდი ხანია, რაც „გახსნეს“, მაგრამ „წყლის ალაპარაკების“ საშუალება ცნობილია საუკუნეების განმავლობაში. წყალი, რაც კი შეიძლება, ყველაზე უკეთესად ზოგავს და ინარჩუნებს ენერგეტიკას. სწორედ ამიტომაცაა, რომ „ჭიქა წყლის“ ტექნიკას შეუძლია წყალი საკუთარი სურვილის შესასრულებლად „დააპროგრამოს“. და როცა ამ „დაპროგრამებულ“ წყალს სვამთ, ეს სიგნალია მოქმედებისთვის არა მხოლოდ სულიერ, არამედ ფიზიკურ დონეზეც.

ამიტომ, სურვილი პრაქტიკულად ყოველთვის სრულდება და თან, საკმაოდ სწრაფად. ეს ყველაფერი შეიძლება დაუჯერებლად გეჩვენოთ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მეხმიანება, რომელთაც ჩანაფიქრი აუსრულდათ, რაც მოწმობს, რომ ტექნიკა მუშაობს. ასე რომ, ღირს სცადოთ, ოღონდ ფაქიზად მიუდექით თქვენს სურვილებს. გაითვალისწინეთ, რომ ყოველთვის იფიქროთ: „ყველაფერი ისეა, როგორც მინდა!“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი