ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა გზავნილებით გვაფრთხილებს სამყარო მოსალოდნელი უსიამოვნების შესახებ და რაზე მიუთითებს რაიმე ნივთის გაფუჭება ან დაკარგვა

№8

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00

შეუცნობელი
დაკოპირებულია

სამყარო ყოველთვის გვაფრთხილებს მოსალოდნელი უსიამოვნების შესახებ, თუ, რა თქმა უნდა, მის გზავნილს ამოვიცნობთ. ამჯერად განვიხილოთ 7 მინიშნება, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. ამით სამყარო გაფრთხილებთ, რომ სწორი გზიდან არ გადაუხვიოთ. ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნანი გ. განმარტავს, თუ რა მოვლენები უსწრებს ამა თუ იმ საფრთხეს წინ და როგორ შეძლებთ მის თავიდან აცილებას, ბედის მინიშნებათა დახმარებით.

- ზოგჯერ ცხოვრება, თავად გამოგვდებს-ხოლმე კვანტს: გეგმები იშლება, ტექნიკა ფუჭდება, განწყობა იცვლება და გონებაც დაბნეულია. ასეთ დროს საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: „სწორ გზას ვადგავარ?“ ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, შემთხვევითი არ არის. ზოგიერთი მოვლენა ფრთხილი, მაგრამ მუდმივი სიგნალია იმისა, რომ კი არ უნდა შეშინდეთ, არამედ შემობრუნდეთ, შეჩერდეთ და გარშემო მიმოიხედოთ... ამისთვის, ზოგჯერ, ერთი გაფრთხილებაც საკმარისია.

- სამყაროს რა სიგნალები უნდა მივიღოთ სერიოზულად?

- დავიწყოთ ზარალითა და ქურდობით. თუ მოულოდნელად, გასაღებები გაქრა, საყვარელი გაჯეტი გაფუჭდა ან ვინმემ თქვენი ნივთები მოიპარა, ამას ყოველთვის უიღბლობას ნუ მიაწერთ. სამყარო ჩაგძახით: გაიღვიძეო! რაც მინიშნებაა იმისა, რომ რაღაც ღირებული დაკარგეთ და არა გარეგნულად, არამედ შინაგანად: მიზანი, აზრი, საკუთარი თავი. ბედმა კი, როგორც იტყვიან, შეგანჯღრიათ, რათა საკუთარი პრიორიტეტები გადააფასოთ. ზოგჯერ დანაკარგი ნივთები კი არა, ილუზიებია: ცხოვრება თითქოს შლის იმას, რასაც ეჭიდებოდით და უკვე აღარ მუშაობს. თუმცა შეიძლება, რაღაც მნიშვნელოვანიც გაქრეს და ადგილი აწმყოს დაუთმოს, რადგან მან თავისი ამოცანა უკვე შეასრულა. გადავიდეთ სიტუაციაზე, როცა მნიშვნელოვანი მოვლენების წინა დღეს ხდებით ავად. მაგალითად, ემზადებით სამოგზაუროდ ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად და მოულოდნელად გაცივდით, შაკიკი გაქვთ ან ქრონიკული დაავადება გაგიმწვავდათ. ეს მხოლოდ ტკივილი არ არის. ამით სხეული გეუბნებათ, რომ: შეჩერდეთ, დაფიქრდეთ, დარწმუნდეთ, სწორია თქვენი არჩევანი?! ზოგჯერ ასეთ სიტუაციაში ყველაზე გონივრული საქციელი სახლში დარჩენა და ძალების აღდგენაა. სხეული ჩვენი მოკავშირეა და არა მტერი. მან იცის, როგორ დაგვაპაუზოს, როცა გონება სიგნალს უგულებელყოფს.

- ყველაფერი ხელიდან რომ გვივარდება, ამით რას გვანიშნებს სამყარო?

- მოუქნელი ხართ, დაგჩემდათ გულმავიწყობა, ნივთები ხელიდან გიცვივდებათ ანდა - ეჯახებით? თითქმის ყოველდღე ამტვრევთ ჭურჭელს? - ეს გამაფრთხილებელი ნიშანია. სხეული და გონება სიგნალს გაძლევთ, რომ: თქვენი ცხოვრების ტემპი ძალიან მაღალია, ყურადღება - გაფანტული, თქვენ კი დაღლილი ხართ. დროა, სვლა შეანელოთ და საკუთარ თავს ჰკითხოთ: „რატომ, რისგან ან რისკენ გავრბივარ?“ რაც უფრო დიდია შინაგანი შფოთვა, მით ინტენსიურია მცირე პრობლემებიც. თეფშები იმსხვრევა, დოკუმენტები იკარგება, ყავა იღვრება. ეს არ არის ზეციური სასჯელი, თხოვნაა იმისა, რომ: დააკვირდეთ, როდის კარგავთ წონასწორობას? სამყარო ასევე, განმეორებადი კონფლიქტებითა და გაღიზიანებითაც გვაფრთხილებს. მაგალითად, როცა საცობებიც და საყვარელი ადამიანთა სიტყვებიც ერთნაირად გაღიზიანებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ირგვლივ კი არ შეიშალა ყველა, თავად ხართ შესაძლებლობათა ზღვარზე. ბედისწერა გეუბნებათ: დროა, ყველაფერში გაერკვეთ. შინაგანი დაძაბულობა ყოველთვის გამოსავალს ეძებს და ხშირად მას კამათში პოულობს, მაშინაც კი, თუ ამის მიზეზი არ არსებობს. სამყარო ამ დროს სარკეში გახედებთ: თქვენ კონფლიქტში მათთან კი არა, საკუთარ თავთან ხართ. პაუზა სისუსტე არ არის, ურთიერთობებისა და შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნების გზაა.

- როცა მოულოდნელად, ყველა გზა იკეტება...

- ...პროექტები არ ამართლებს, საქმეები იჭედება, დოკუმენტები იკარგება, ტრანსპორტი აგვიანებს. მიდიხართ და ყველაფერი თითქოს ფეხქვეშ გენგრევათ. თუმცა ყოველთვის ეს წარუმატებლობაზე კი არა, არასწორ მიმართულებაზე მიგითითებთ. დროა, საკუთარ მარშრუტს გადახედოთ და არა - თავით ბეტონის კედელს დაეჯახოთ. ხშირად ბედისწერა მცირე პრობლემებით ცდილობს მიგვანიშნოს, შემდეგ კი, თანდათან ზრდის ინტენსივობას. ეს სასჯელი კი არა, ზრუნვაა. რაც უფრო მალე მიიღებთ სიგნალს, მით მალე შეძლებთ მიმართულების შეცვლას. შეფერხება ან უცნაური დამთხვევები თუ ხდება თქვენს ცხოვრებაში, არც ეს არის შემთხვევითი. მაგალითად, თუ ავტობუსმა გაგასწროთ, რადგან მოულოდნელად ადრე გავიდა, ან მეზობელმა გაგიბათ საუბარი და იმიტომ დაგაგვიანდათ, მერე კი იგებთ, რომ იმ გზაჯვარედინზე ავარია მოხდა, ეს არ არის დამთხვევა. ეს სამყაროს დამცავი რეაქციაა. ის მაშინაც გვიცავს, როცა ამას ვერ ვამჩნევთ. სამყარო ყოველთვის პირდაპირ არ გველაპარაკება და ის უსიამოვნო დამთხვევები, სიგნალად რომ გვიგზავნის, ხსნაა რაღაც უფრო დიდი უბედურებისგან. დაბოლოს, როცა მინიშნებას ამოიცნობთ: ფანჯრის მინაზე ჩიტის მოკაკუნებისა თუ გზაზე შავი კატის გადარბენისას და შფოთვა გეწყებათ, ეს თქვენი სიფხიზლე ანათებს ფანარივით. ანათებს იმას, რაც უკვე თქვენშია და ამჩნევთ იმას, რის სანახავადაც მზად ხართ. როდესაც ადამიანი შინაგანად გზაჯვარედინზეა, ის განსაკუთრებით ყურადღებით იწყებს გარემოს კითხვას.

- როგორ ამოვიცნოთ, რომ ესა თუ ის სიტუაცია მინიშნებაა და არა უბრალოდ, დამთხვევა?

- უნდა იცოდეთ, რომ ყოველი გატეხილი ჭიქა მინიშნება არ არის, მაგრამ თუ პრობლემები ერთმანეთის მიყოლებით ხდება და შინაგანი განცდა, რომ „რაღაც რიგზე არ არის“, ძლიერდება, ღირს, ამ გრძნობას ენდო. მოუსმინეთ საკუთარ თავს და კი არა დაადანაშაულოთ, შეისწავლეთ. ბედი იშვიათად ყვირის. ის გვეჩურჩულება: სხეულის, შემთხვევითობის, გაღიზიანებისა და დაკარგული იღბლის მეშვეობით. მნიშვნელოვანია, ამ ჩურჩულის მოსმენა ვისწავლოთ. ბოლოს და ბოლოს, მთელი სამყარო სადღაც, ჩვენ გარეთ კი არა, თავად ჩვენშია. და თუ ის თქვენამდე მოსვლას ცდილობს, დროა, უპასუხოთ... თან, ყოველთვის გახსოვდეთ: მაშინაც კი, თუ რთულ პერიოდს გადიხართ, ეს სასჯელი არ არის. ეს მიპატიჟებაა. იყავით უფრო ყურადღებიანი, ფაქიზი და გულწრფელი საკუთარი თავის მიმართ. ყველაფერი, რაც ხდება, თქვენს სასიკეთოდაა და არა - თქვენს საწინააღმდეგოდ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი