ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა ძირითადი ნიშნები ახასიათებს ძლიერი ენერგეტიკის მქონე ადამიანს და როგორ ზეგავლენას ახდენს ის გარშემო მყოფთა განწყობასა და ცხოვრების წესზე

№43

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვხდებით ადამიანებს, უსიტყვოდაც რომ შესამჩნევი არიან და გარშემო მყოფთა ნაწილს უმალ თავიანთი ზეგავლენის ქვეშ აქცევენ, ნაწილს კი - აფორიაქებენ. რა ანიჭებთ მათ ამ ძალას? - ძლიერი შინაგანი ენერგეტიკა. იმისთვის, რომ ამოვიცნოთ, ვინ არის ხსენებული ძალის პატრონი, რათა მასთან სიახლოვის დროს არ დაზარალდეთ და პირიქით - სარგებელი ნახოთ ამ ურთიერთობისგან, ეზოთერიკოსი, ქალბატონი თინა დ. განმარტავს, რომელი 7 ძირითადი ნიშნით შეიძლება მათი სხვებისგან გამორჩევა.

- არიან ადამიანები, ოთახში შედიან თუ არა, მათ ირგვლივ ატმოსფერო იცვლება: იქ მყოფთაგან ზოგს მაგნიტივით იზიდავენ, ზოგში კი აუხსნელ დისკომფორტს იწვევენ. ეს უხილავი ზემოქმედების ძალა ძლიერი ენერგიის, პიროვნული სიმტკიცის გამოვლინებაა. ენერგეტიკულად ძლიერი ადამიანი არც სხვებზე ხმაურიანი და აქტიურია, მაგრამ ყველგან და ყოველთვის შესამჩნევი ხდება, ხმის ამოუღებლადაც კი ყველას ყურადღებას იქცევს. მოდი, თანმიმდევრულად განვიხილოთ ამ ძლიერი შინაგანი რესურსის ძირითადი ნიშნები.

- რა განსაზღვრავს ასეთი ადამიანის მიზიდულობის ძალას?

- საქმე ტრადიციულ სილამაზეს ან დემონსტრაციულ ქარიზმას არ ეხება, რომლის გამომუშავებაც შესაძლებელია. ამ ღრმა, შინაგანი მიმზიდველობის ძალას ძლიერი ენერგეტიკის ადამიანს საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიაში ყოფნა ანიჭებს. ის არ ცდილობს, იყოს მოვლენების ცენტრში, თავად მოვლენები ვითარდება მის გარშემო. უნებლიეთ იტაცებს გარშემო მყოფთა მზერას და აღუძრავს მათ სურვილს, მიუახლოვდნენ, ესაუბრონ ან უბრალოდ, იქვე გაჩერდნენ. მიზიდულობის წყარო მისი შინაგანი მთლიანობა, თავდაჯერებულობა, სიმშვიდისა და ძლიერების ველია, რომელიც აურასავით აკრავს გარს. ის ერთგვარი „ენერგეტიკული ღუზაა“ - სტაბილურობისა და საიმედოობის წერტილი, რომლისკენაც ინსტინქტურად ილტვიან სხვები, განსაკუთრებით გაურკვევლობისა და ქაოსურ სიტუაციებში. შემდეგია ნიშანია - ურყევი შინაგანი სიმშვიდე და ემოციური სუვერენიტეტი, რის გამოვლინებაც ემოციების არარსებობაში კი არა, მათ აბსოლუტურ კონტროლშია. ასეთი ადამიანი ღრმა ოკეანეს ჰგავს: ზედაპირზე შეიძლება ქარიშხალი მძვინვარებდეს, მაგრამ სიღრმეში სრული სიმშვიდე სუფევდეს. პრაქტიკულად შეუძლებელია, მისი წვრილმანების გამო განაწყენება, გაბრაზება ან სხვათა დრამატულ განცდათა მორევში ჩათრევა. ეს სტაბილურობა განსაკუთრებით აშკარაა სტრესულ სიტუაციებში: სხვები რომ პანიკაში ვარდებიან, ის აზროვნების სიცხადეს ინარჩუნებს და დაბალანსებულ, ზუსტ გადაწყვეტილებებს იღებს. მისი სიმშვიდე გადამდებია სხვებისთვის: იწყებენ ღრმად სუნთქვას და მიწაზე მყარად დგებიან.

- წარუმატებელი პერიოდი არასდროს აქვს?

- შემდეგი ნიშანი: ფენომენალური გამძლეობისა და ტრანსფორმაციის უნარი ძლიერი ენერგეტიკის ადამიანს არ აძლევს უფლებას, დანებდეს „წარუმატებლობას“ და ყოველგვარ კრიზისს „გამოცდილებად“ აქცევს. პრობლემები, კრიზისი თუ წარუმატებლობა მას ვერ გატეხს, პირიქით, ეს საზრდოა შემდგომი ზრდისთვის. მისი ენერგეტიკული სისტემა ბუმერანგივითაა: რაც უფრო ძლიერია გარე ზეწოლა ან დარტყმა ბედისწერისგან, მით უფრო დამანგრეველი და გააზრებულია რეაქცია. აქვს საოცარი უნარი, სწრაფად ადაპტირდეს და აღიდგინოს თავი. სადაც ჩვეულებრივი ადამიანი გადაულახავ კედელს ხედავს, ის არა მხოლოდ ფარულ კარს პოულობს, არამედ კიბესაც ადგამს. აღდგენის ეს გასაოცარი უნარი ცხოვრებისადმი დამოკიდებულების შედეგია, სადაც ყველა დაბრკოლება გაკვეთილი და გაძლიერების შესაძლებლობაა. ამ ყველაფერს „ენერგეტიკული“ ადამიანის შემდეგ ნიშანს - გაძლიერებულ ინტუიციასა და თანაგრძნობის უნარს თუ დავუმატებთ, რაც მხოლოდ ენერგიის გამოსხივება კი არა, დახვეწილი აღქმაცაა, მას შეუძლია, სხვისი აზრები უთქმელადაც წაიკითხოს. ინტუიცია მაღალ სიჩქარეზე მუშაობს: სწვდება სხვების ფარულ მოტივებს, გრძნობს ოთახში არსებულ ენერგიულ ატმოსფეროს (იქნება ეს სიხარულით აღფრთოვანება თუ დამთრგუნველი დაძაბულობა) და აქვს ზუსტი წინათგრძნობები. შეუძლებელია მოატყუო - შეიძლება არ გამხილოთ, მაგრამ მისი შინაგანი რადარი აუცილებლად აღმოაჩენს არაგულწრფელობას. თანამგრძნობი ბუნება კი, ჭეშმარიტად სანდო და მტკიცე ურთიერთობების ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს.

- თუ შეიძლება თავის ძალა სხვასაც გადასცეს?

- უნარი, სხვები რწმენითა და ენერგიით აღჭურვოს მისი ყველაზე ღირებული ნიშანია. გარშემო მყოფებისთვის ის ძალისა და შთაგონების წყაროა. მასთან საუბრის შემდეგ, ადამიანი ძალაგამოცლილი კი არ რჩება, როგორც ეს ენერგეტიკულ ვამპირებთან ურთიერთობას მოსდევს, არამედ პირიქით, ძალის მოზღვავებას, გონების სიცხადეს, მოქმედების სურვილსა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას გრძნობს. ის სხვებს ლექციებითა და ტრენინგებით კი არა, საკუთარი მაგალითითა და გულწრფელი მხარდაჭერით ეხმარება. კიდევ ერთი ნიშნითაა ის გამორჩეული, ყოველთვის იცავს მოქნილ პიროვნულ საზღვრებს, რადგან მიიჩნევს, რომ: ადამიანი ვერ იქნება ძლიერი პირადი სივრცის დაცვის გარეშე. მან ზუსტად იცის, რა არის მისაღები და რა - არა, სად უნდა ჩადოს თავისი რესურსები (დრო, ენერგია, ემოციები) და სად - არა. მშვიდად, აგრესიისა და თავის მართლების გარეშე ამბობს „არას“ ყველაფერზე, რაც გამოფიტავს, ეწინააღმდეგება მის ღირებულებებს ან ხელს უშლის წინსვლაში. ეს უნარი, არათუ წყენას, ღრმა პატივისცემასაც იწვევს, მისგან უარყოფილებშიც კი... დაბოლოს, ნიშანი, რომლის საშუალებითაც, მას გარშემო არსებული სივრცის ტრანსფორმაციაც კი შეუძლია. სადაც კი გამოჩნდება, უმალ ცვლის ატმოსფეროს: შეუძლია მსუბუქი ხუმრობით განმუხტოს დაძაბულობა, ან პირიქით, უსიტყვოდ დაამძიმოს სიტუაცია. მისი შინაგანი მდგომარეობა პირდაპირ აისახება გარშემო მყოფებზე: თუ მშვიდი და ხალისიანია, თანამგზავრებიც თანდათან იგივე განწყობას იზიარებენ. ის უბრალოდ კი არ არსებობს სივრცეში - აქტიურად ქმნის და „მუხტავს“ გარემოს: უფრო კომფორტულს, შემოქმედებითსა და უსაფრთხოს ხდის. ნეგატიური განწყობის შემთხვევაში კი, პირიქით მისი ძლიერი ენერგეტიკა გარემოსაც მძიმე, დამთრგუნველს ხდის. ეს პირდაპირი დასტურია იმისა, რომ შინაგანი ძალა აბსტრაქცია კი არა, რეალური ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს გარშემო არსებულ სამყაროზე. თუმცა ძლიერი ენერგეტიკა არ არის დაბადებიდან მიღებული საჩუქარი, ის დინამიკური, ცოცხალი უნარია, რომლის განვითარებაც შესაძლებელია. იყავით ყურადღებიანი, შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე, დაიცავით პირადი სივრცე, აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე და თქვენც შეძლებთ, გაიძლიეროთ ენერგეტიკა - მიიზიდოთ შესაძლებლობები, ერთგული ადამიანები და აისრულოთ ყველაზე გიჟური ოცნებაც კი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა