იდეალური ქმარი
ავტორი: ნია დვალი 20:00 13.02
– ჯობია, ეს საჩუქარი ქმარს დაუბრუნოთ. ის გატყუებთ.
ელეს წინ თითქოს არსაიდან გაჩნდა ათიოდე წლის გოგონა. ახალგაზრდა ქალი აიმრიზა: მის იდეალურ სამყაროში ამ ტიპის გოგონების ადგილი არ იყო. ბავშვს არ ეცვა უსუფთაოდ, არც ტანსაცმელი იყო დაფლეთილი ან დახეული, სავსებით ნორმალურად გამოიყურებოდა, მაგრამ, ელეს შეფასებით, აკლდა პეწი და გემოვნება. ასევე, მოეჩვენა, რომ ტანსაცმელი ბავშვს დიდი ჰქონდა, რამაც აფიქრებინა, რომ შეიძლება, ვინმეს გამონაცვალი ეცვა, თუმცა შემდეგ გაახსენდა, რომ ბავშვებს უყვართ მოჩაჩულ-მიჩაჩული სიარული.
ბუნებრივია, თავად არასდროს მისცემდა შვილს, ცხადია, რომ ჰყოლოდა, იმის უფლებას, რომ მსგავსად ჩაეცვა და ასე ევლო ქუჩაში. ელეს ქალიშვილი ყოველთვის მოდურ, გემოვნებიანსა და მდიდრულ ტანსაცმელს ჩაიცვამდა. ყოველ შემთხვევაში, ის ამაში დარწმუნებული იყო და თავადაც არ იცოდა, არც კი უფიქრდებოდა, როდის გახდა ასეთი ანგარიშიანი და ერთგვარად „მეშჩანიც“ კი. გოგონას თმა აწეწვოდა და ელემ დაასკვნა, რომ შეიძლება, დიდი ხნის დაუბანელიც კი ჰქონდა. გვერდით კი ძაღლი უტრიალებდა, რომელიც ნამდვილად კარგა ხნის დაუვარცხნელი და დაუბანელი იყო – ყოველგვარი ეჭვის გარეშე.
– ფული გინდა? – ელემ გოგონას შეხედა, – მაგრამ ნაღდი ფული თან არ მაქვს.
– არა, მე თქვენი გაფრთხილება მინდა. დაუბრუნეთ საჩუქარი ქმარს. მას უნდა, რომ თქვენ...
– ეს შენი საქმე არ არის და მგონია, რომ სარგებლობ, რადგან ბავშვი ხარ, მაგრამ იცოდე, თუ არ მომეშვები, პოლიციას გამოვიძახებ და შენს მშობლებს კარგი დღე არ დაადგებათ.
გოგონას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ელემ ისეთი თვალებით შეხედა, რომ ბავშვი გაჩუმდა და ამ გამჭოლი და აგრესიული მზერის ქვეშ მოიკუნტა. ელე კი ტაქსისკენ გაემართა.უკვე მანქანაში მჯდომმა გულთან მიიხუტა კოპწია, დახვეწილი და მდიდრული თაიგული და რატომღაც, მაინც გახედა გოგონას, რომელიც ისევ იმ ადგილას იდგა თავდახრილი და მხრები ისე უთრთოდა, რომ აშკარად ტიროდა. მხრებში მოხრილი ბავშვის ფიგურა სწრაფად შორდებოდა ელეს და ქალს გულში გაჭვალა. მიხვდა, რომ ცუდად მოექცა პატარა არსებას, რომელსაც შეიძლება, სულაც, არ ჰქონდა ცუდი განზრახვა და იქნებ რაღაც უჭირდა.
– ესღა მაკლდა, რომ ვიღაცის გამო ცუდ ხასიათზე დავდგე, – ჩაილაპარაკა.
– მე მითხარით რამე? – დააზუსტა მძღოლმა თავაზიანად.
– არა, ჩემს თავთან ვლაპარაკობ, – გაუღიმა ელემ საპასუხოდ და ისევ თაიგულს შეხედა და კიდევ საჩუქარს, რომელიც მცირე ზომის კოლოფში იდო.
ეს იყო საოცარი სილამაზის ბროში – შავი პეპელა. სხვა საჩუქრებისგან განსხვავებით, რასაც ელე იღებდა ხოლმე, ეს პეპელა არ იყო რომელიღაც ცნობილი სახლების იუველირების მიერ დამზადებული, არამედ ეს იყო ინდივიდუალური შეკვეთა, რომლის ავტორიც უცნობი ოსტატი გახლდათ, თუმცა აშკარად ჩანდა, რომ ეს უცნობი ოსტატი მეტად დახელოვნებული იყო თავის საქმეში და მალე საკმაოდ ცნობილიც გახდებოდა. პეპლის ოთხივე ფრთა თავისუფლად მოძრაობდა. ფრთები დაფარული იყო პატარ–პატარა მძივებით, რომლებიც უხილავ ქერცლს ჰგავდნენ და მოძრაობისას შავის უამრავ ელფერად იღვრებოდნენ. კარგად თუ არ დააკვირდებოდი, პეპელა ცოცხალი გეგონებოდა. ელე უყურებდა მას და თავისთვის მოულოდნელად გული აუჩქროლდა. შიშობდა, რომ პეპელა ფრთებს გაშლიდა, მძივები ჩამოსცვივდებოდა, თვითონ კი ფანჯრიდან გაფრინდებოდა.
ელე სახლში ზურაზე ადრე დაბრუნდა. ქმარმა წინდაწინვე გააფრთხილა, რომ სახლში არ შეივლიდა და პირდაპირ რესტორანში დაელოდებოდა, სადაც მათი ურთიერთობის ერთი წლისთავი უნდა აღენიშნათ.
ელემ ბროში ფრთხილად დადო სარკის წინ, მაკიაჟის მაგიდაზე, შემდეგ ტანსაცმელი გაიხადა, საძინებლიდან გავიდა და აბაზანაში ჩაწვა, რომელიც დიასახლის ქალს მისთვის უკვე ჰქონდა მომზადებული. უნდოდა, იმდღევანდელი ფორიაქი და საქმეები სრულად ჩამოერეცხა, მოდუნებულიყო და თავში მოლაპარაკე ხმაც გაეჩუმებინა. ამიტომ ტელეფონი არ შეუტანია. თვალები მილულა. როდესაც იგრძნო, რომ მისი სხეული ამსუბუქდა და ტვინი დაუმშვიდდა, ელე წყლიდან ამოვიდა. ხალათი მოისხა და სამზარეულოში გავიდა. მაგიდაზე მისი ტელეფონი იდო. დახედა: ზურას რამდენჯერმე დაერეკა და შემდეგ შეტყობინება გამოეგზავნა:
„ჩემს ქალღმერთს ჩემთვის არ სცალია, მაგრამ ჩემთვის ემზადება“.
ელეს გაეღიმა და ზურას დაურეკა. მან მაშინვე უპასუხა:
– მზად ხარ?
– რა თქმა უნდა, – გაიცინა ელემ.
– იქნებ ის კაბა ჩაიცვა, რომელშიც ერთმანეთი გავიცანით, – სთხოვა ზურამ.
ის კაბა ელესაც უყვარდა, იმიტომ რომ მისთვის გამართლება მოჰქონდა. ასეც დაარქვა: იღბლის თილისმა. ელეს უამრავი სამოსი ჰქონდა, უმეტესობა მხოლოდ ერთხელ თუ ჩაეცვა, მაგრამ ზურას შეთავაზება მოეწონა, თუმცა არაფერი უთქვამს.
ელემ კაბა ჩაიცვა და პეპელაც მიიბნია. უნებლიეთ გაეღიმა – ახალი სამკაული ძალიან მოუხდა კაბას.
– ყოჩაღ, ზურა! – შორიდან მოუწონა არჩევანი.
როდესაც ელე რესტორანში მივიდა, ზურა უკვე იქ იყო. დაინახა თუ არა, წამოდგა და მისკენ გაემართა. ხელზე აკოცა და მაგიდისკენ წაიყვანა.
– შენ ჩემი ბედნიერება ხარ, – ზურა აღფრთოვანებული უყურებდა ელეს.
– შენ კი – ჩემი, – არ დარჩა ვალში ელე.
და მართლაც, სწორედ მის გვერდით იგრძნო ელემ თავი ბედნიერად. სხვებისთვის ის ისევ კაპას და მკაცრ ხელმძღვანელად რჩებოდა. ზურას გვერდით კი გამოუცდელ, დარცხვენილ გოგონად გადაიქცეოდა ხოლმე, რომელსაც ჯერ კიდევ სჯეროდა ნამდვილი სიყვარულის, სამართლიანობის, სიკეთის და სამყაროსა და ადამიანებისგან მხოლოდ სიკეთეს ელოდა. თუმცა ელე ზუსტად ასეთი იყო და ასე ფიქრობდა, მაგრამ ეს ადრე იყო და იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ახლა ეჭვიც კი ეპარებოდა, ოდესღაც იყო თუ არა ასეთი. უნებლიეთ შუბლი შეიჭმუხნა.
– რამე მოხდა? – მაშინვე შეშფოთდა ზურა.
– ყურადღებას ნუ მიაქცევ, რაღაც გამახსენდა...
– მომიყევი. ხომ უნდა ვიცოდე, ვინ აწყენინა მსოფლიოში ყველაზე მშვენიერ ქალს?
– ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა. აზრიც არ აქვს მოყოლას. უკვე დამავიწყდა კიდეც. განცდის დონეზე მახსოვს. შენთან თავიდან დავიბადე.
ელე თვალთმაქცობდა, მაგრამ ზურას ეს არ შეუმჩნევია და შეიფერა მისი მისამართით ნათქვამი. ელეს ზუსტად ახსოვდა, რაც 12 წლის წინ მოხდა, თან ისე ზუსტად, თითქოს თვალწინ ედგა არათუ ყოველი დღე და საათი, წუთიც კი.
***
ელემ მაგისტრატურა დაამთავრა და მუშაობა დაიწყო საკმაოდ პრესტიჟულ კომპანიაში. კოლეგებმა კარგად მიიღეს. და რაოდენ გასაკვირიც არ იყო, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაუზარელად ეხმარებოდნენ. განსაკუთრებულ ინიციატივას ორი მათგანი იჩენდა – სერგი და ლადო და ეს გასაგებიც იყო.
– ელე, სერგისთან ფრთხილად იყავი, – ერთ დღესაც მორიდებულად ურჩია კოლეგამ.
– და რატომ? – გაუკვირდა ელეს.
– იმიტომ, რომ გამოუსწორებელი მექალთანეა. ძალიან კარგი სპეციალისტია, მაგრამ არც ერთ კაბას არ უშვებს, ყველას უკან დასდევს.
– და საიდან მოიტანე, რომ მეარშიყება?! – ისევ გაუკვირდა ელეს.
– ვხედავ, როგორ უყურებ. ღმერთმა ნუ ქნას, შეგიყვარდეს. გაერთობა და მიგატოვებს, გულს გაგიტეხს.
– კარგი, ეკა, გავითვალისწინებ, – დაჰპირდა ელე, თუმცა გაეღიმა.
– თუ სამსახურში ეძებ ურთიერთობას, მაშინ ლადო შესანიშნავი კანდიდატურაა. შესახედავად ვერ ბრწყინავს, მაგრამ, სამაგიეროდ, საიმედოა.
ელემ ეკას თავი დაუქნია და მუშაობა განაგრძო. როგორც კი გამოსაცდელი ვადა დასრულდა, ელეს სამსახურში აყვანის აღნიშვნა გადაწყვიტეს. ელემ ოფისში ტორტი მიიტანა, მაგრამ შემდეგ ღამის კლუბში წასვლა მოისურვეს. ბუნებრივია, სერგი და ლადოც შეუერთდნენ. ღამის კლუბში ელე ყურადღების ცენტრში იყო: სერგი და ლადო თავს ევლებოდნენ. კოქტეილებით უმასპინძლდებოდნენ. მოკლედ, ყველა ერთობოდა. მეორე დილით ელეს თავი უსკდებოდა და ეკამ ღიმილით გადახედა:
– აბა, რომელი აირჩიე?
– სად უნდა ამერჩია?! – გაიკვირვა ელემ.
– სერგისთან ერთად წახვედი კლუბიდან, – ეშმაკურად შეხედა ეკამ, – მერე სერგიმ და ლადომ იჩხუბეს. ტაქსიში ჩაგსვეს და გამოგიშვეს.
ელე მოიღუშა.
– არაფერი მახსოვს.
– მე ორივეს ვუთხარი, რომ საქმრო გყავს და ასე განვმუხტე სიტუაცია.
– მე არ მყავს საქმრო, – იუარა ელემ, – და, იცი, მგონია, რომ სერგი მოგწონს.
ეკა გაწითლდა, თითქოს სილა გააწნესო, შემდეგ კი ხმადაბლა უპასუხა:
– ჰო, ძალიან მომწონს სერგი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ქარაფშუტაა, ლადო კი საიმედოა. ვიცი, რომ მე და სერგის შორის არც არაფერი იქნება, მაგრამ არც ის მინდა, რომ შენ გატკინოს გული.
– მადლობა, მაგრამ რატომ დაიჟინე, რომ რომელიმე მჭირდება?!
– ლამაზი ხარ, ახალგაზრდა და არავის ხვდები. რატომ უნდა იყო მარტო?! თუ მართლა გყავს საქმრო? – გამომცდელად შეხედა ეკამ.
– არა, – თავი გაიქნია ელემ, არანაირი საქმრო არ მყავს და არც ვაპირებ, ვიყოლიო, იმიტომ რომ ჩემთვის კარიერაა მთავარი. სახლიდან იმიტომ წამოვედი, რომ ყველას დავუმტკიცო, რა შემიძლია.
ეკამ ორჭოფულად შეხედა.
– ეგ სერგის უთხარი. პირველად ვხედავ ასეთსო. ეტყობა, იმიტომ რომ წინააღმდეგობას წააწყდა.
ელეს აღარაფერი უპასუხია. ისევ პროექტს მიუბრუნდა.
***
მაგრამ სერგი არ ცხრებოდა, თავს დასტრიალებდა ელეს. მთელი თავისი მომხიბვლელობა და არსენალი ჩართო ელეს გულის მოსანადირებლად. არც ლადო პასიურობდა. შიგადაშიგ წაკინკლავდებოდნენ კიდეც. ელე კი ორივეს დახმარებას იღებდა, რა თქმა უნდა, სამუშაო ურთიერთობის საზღვრებში. ერთ დღესაც სერგი ყვავილების უზარმაზარი თაიგულით ხელში მიადგა ელეს.
– შეიძლება? – ჰკითხა გაუბედავად.
ელემ უკან დაიხია და სტუმარი ბინაში შეუშვა.
– რატომ მექცევი ასე?
– როგორ გექცევი?!
– თავი შორს გიჭირავს, თითქოს ვერ მამჩნევ.
– როგორ ვერ გამჩნევ?! სულ მეხმარები. ძალიანაც კარგად გამჩნევ, – ჯობს, შენზე შეყვარებულ თანამშრომელ გოგონებს მიხედო.
– ეკაზე ამბობ? – უცებ მიუხვდა სერგი, – კარგი გოგოა, ოღონდ ზედმეტად იდეალურია. ჩარჩოში უნდა ჩასვა და კედელზე დაკიდო.
– მე არ ვარ იდეალური? – ელემ გულწრფელად გადაიხარხარა.
– შენ სხვანაირი ხარ. არავის ჰგავხარ. მეც მიკვირს, მაგრამ, მგონი, პირველად შემიყვარდა ქალი. ხომ შეიძლება, ერთმანეთს შევხვდეთ?! ვცადოთ ურთიერთობა?! არაფერს ვითხოვ, უბრალოდ, შევხვდეთ ხოლმე. სულ ეს არის.
ელე დაფიქრდა. შემდეგ სერგის შეხედა და თავადვე გაუკვირდა, რაც უთხრა:
– კარგი, ვცადოთ, ოღონდ ჩემთვის პირველ ადგილზე კარიერაა.
სერგიმ თავი დაუქნია.
– როგორც იტყვი.
ელე მალევე მიხვდა, რომ სერგის გვერდით ყოფნას შეეჩვია. ბოლოს ერთად ცხოვრებაც გადაწყვიტეს და მალევე გაირკვა, რომ ელე ბავშვს ელოდებოდა და სამსახურში დაწინაურებაც ელოდა. პროექტზე ოთხნი მუშაობდნენ: ელე და სერგი, ლადო და ეკა. ერთ საღამოსაც, როდესაც სერგი უცხოეთში იყო მივლინებით, ელე და ლადო გვიანამდე დარჩნენ სამსახურში. უცებ ლადო ელეს ჩაეხუტა და ჩასჩურჩულა:
– ძალიან მიყვარხარ, შენს შვილს საკუთარივით შევიყვარებ...
ელემ სილა გააწნა, ლადომაც იმავეთი უპასუხა. ელე გაიქცა და დაეცა...
ელემ ბავშვი დაკარგა, სერგი ერთხელაც არ მისულა მის სანახავად. არც სამსახურში გამოჩენილა. საავადმყოფოდან გამოვიდა თუ არა, ელე სამსახურიდანაც წავიდა. ქვეყნიდანაც და რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა საკუთარი კაპიტალით და შექმნა თავისი ერთადერთი პირმშო – თავისი კომპანია. 10 წლის განმავლობაში უარს ამბობდა ურთიერთობებზე, სანამ ზურას არ შეხვდა.
***
მეორე დღეს, როდესაც მანქანიდან გადმოვიდა, ელე კვლავ იმ გოგონას შეეჩეხა. ამჯერად მას დახეული ტანსაცმელი ეცვა. ბავშვი ელესკენ გაიქცა, ბროში მოგლიჯა და ფეხებით გათელა. თან ამბობდა:
– ეს ჩამწერია, გამოსახულებასაც იწერს და ხმასაც. თქვენს ქმარს უნდა, რომ ღალატში გამხილოთ მამაჩემთან, ვისთანაც ახლა შეხვედრა გაქვთ.
გოგონა გაიქცა. ელე დაიბნა და ღმერთს მადლობა შესწირა, რომ საკუთარი მანქანით მოვიდა სამსახურში და არავის არაფერი დაუნახავს. თმა გაისწორა და ოფისში შევიდა. ზუსტად 15 წუთში ზურამ ელეს დოკუმენტები მოუტანა ხელმოსაწერად. ნახევარი საათის შემდეგ კი მის კაბინეტში სერგი შემოვიდა. ელე გაოცებისგან წამოდგა.
– ელე, ზურა აფერისტია. დოკუმენტები, რომლებიც მაგიდაზე დევს, მას ყველა შენს ანგარიშზე წვდომის უფლებას აძლევს. შენ მოაწერ ხელს, ის კი მთელ ფულს გაიტანს.
გაოგნებულმა ელემ საბუთებს გადაავლო თვალი. შემდეგ სერგის შეხედა.
***
12 წლის წინ, იმ დღეს, როდესაც ელემ ბავშვი დაკარგა, სერგი ავარიაში მოყვა. კომაში ჩავარდა და შემდეგ კარგა ხანს მეხსიერება დაკარგა...
– როდესაც ყველაფერი გავიხსენე, ვეღარ გიპოვე, – ამოიოხრა სერგიმ, – მერე ცოლი მოვიყვანე, ხომ უნდა მეცხოვრა რამენაირად?!
– ის გოგონა შენი შვილია? – მიხვდა უცებ ელე.
სერგიმ თავი დაუქნია: ზურას ცოლიც ჰყავს და შვილიც. მისი და ჩემი შვილი ერთსა და იმავე სკოლაში დადიან.
ელეს აღარაფერი აკვირვებდა. შემდეგ ის პატარა გოგონა გაახსენდა დიდი ზომის ტანსაცმელში. სერგი მიუხვდა: სპეციალურად გამოვაწყვე ასე, რომ არავის ეცნო. რამენაირად ხომ უნდა გამეფრთხილებინე?!
ელემ ამოისუნთქა, მაგრამ გულმა უსიამოვნოდ გაჰკრა. სერგი კი განაგრძობდა:
– ანუკას დედა მშობიარობას გადაჰყვა.
– თანაგიგრძნობ, – უთხრა ელემ და საკუთარ თავსაც არ გაუმხილა, რომ გულზე მოეშვა, რადგან ახლა, როდესაც ყველაფერი გაირკვა, მისი გული თითქოს გალღვა და მის სიღრმეში აქამდე საიმედოდ გადამალულმა სიყვარულმა სუნთქვა დაიწყო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




