ჰოროსკოპი და შეუცნობელი

იანვრის რომელი პერიოდია შედარებით რთული გასავლელი და რატომ უნდა დაუჯერონ მამაკაცებმა იანვარში ქალბატონების ინტუიციას

№1

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 12.01, 2022 წელი

მიშა ცაგარელი
დაკოპირებულია

ახალი, 2022 წელი ყველა ოჯახში იმედებით, ოცნებების ასრულების მოლოდინითა და პოზიტიური განწყობით დაიწყო. თუმცა, საინტერესოა რას გვიმზადებს წლის პირველი თვე, როგორი იქნება ასტროლოგიური პროგნოზი სოციალური, საზოგადოებრივი თუ ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ თემებთან დაკავშირებით ინტერვიუ ვთხოვეთ, ბატონ მიხეილ ცაგარელს, რომელმაც მეტად საყურადღებო და გასათვალისწინებელი ინფორმაცია მოგვაწოდა.

– ბატონო მიხეილ, პლანეტებსა და ვარსკვლავებზე დაკვირვებით, რას გვეტყვით, როგორი იქნება წლის პირველი თვე და რა ცვლილებებს შემოიტანს ის ქვეყანაში, როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი და ეკონომიკური თვალსაზრისით?

– ახალი წლის პირველ დღეებში, 5 იანვრამდე, გაიზრდება პოზიტიური ენერგიების ვიბრაციები, რაც განაპირობებს ჰარმონიასა და დადებით ტენდენციებს. 2 რიცხვში ახალმთვარეობაა, თუმცა ის ხელს არ შეუშლის მომავალი წლის ძირითადი მიზნების დასახვასა და პრიორიტეტული საკითხების ჩამოყალიბებას, რომელთა მეშვეობით გამოჩნდება პროფესიონალურ სფეროში სწრაფი ზრდისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობები. შედარებით რთული აღმოჩნდება 5-დან 16 იანვრამდე დროის მონაკვეთი. ამ პერიოდში მოიკლებს შემართება, საქმეებში წარმოიქმნება წინააღმდეგობები, შესაძლოა, დაირღვეს ამა თუ იმ შეთანხმების პირობები და ვადები. მაგრამ, უკვე 17 იანვრისათვის საქმიან სფეროში სიტუაცია დასტაბილურდება. დაიწყება შემოქმედებითი, ნაყოფიერი თანამშრომლობის დრო.

– როგორც მივხვდი, მიუხედავად შექმნილი მძიმე პოლიტიკური ფონისა, პოზიტიური ენერგიების გავლენით, შედარებით სასიკეთო პერიოდი დადგა. ზოგადად, როგორ აისახება ეს პერიოდი ადამიანების ცხოვრებაზე, რომელ სფეროში მომუშავე ადამიანებს გაუმართლებთ და ვის მართებს თავის შეკავება ინიციატივის გამოვლენისა თუ სიახლეების მიმართ?

– მთელი თვის განმავლობაში, 29 იანვრამდე, პლანეტა ვენერა რეტროგრადულად, ანუ უკუმიმართულებით, იმოძრავებს თხის რქის ზოდიაქოში, რაც განსაკუთრებული შეგრძნებებითა და ინტუიციით დააჯილდოებს ქალბატონებს. ამიტომ, საქმეებში წინსვლისა და წარმატებისათვის კარგი იქნება, თუ მამაკაცები მეტად მოუსმენენ მათ და მიღებულ რჩევებს გაითვალისწინებენ. ამას გარდა, ამგვარი ტენდერული თანამშრომლობა შეასუსტებს რეტროგრადული მერკურის გავლენასაც, რომელიც უკუმავალი იქნება 14 იანვრიდან 4 თებერვლამდე და პრობლემებს შექმნის საინფორმაციო, საკომუნიკაციო სფეროში, გზებზე მოძრაობისას, ამიტომ ეს დრო ნაკლებად გამოდგება ქორწინებისათვის, დიდი ფინანსური ოპერაციებისა და ხელშეკრულებების დასადებად. ბიზნესსა და კარიერაში კი სერიოზული აღმასვლა მხოლოდ 25 იანვრის შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც პლანეტა მარსი თხის რქის ზოდიაქოში გადაინაცვლებს.

– იქნებ ისიც გვითხრათ, იანვრის თვეში, რომელი სტიქიის და ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს გაუმართლებთ ყველაზე მეტად?

– იანვარში ყველაზე მეტად ბედი გაუღიმებთ წყლის სტიქიის წარმომადგენლებს: კირჩხიბებს, მორიელებსა და თევზებს. პლანეტა იუპიტერი მათ ქმედითუნარიანობით, შემოქმედებითი აღმაფრენითა და თავდაჯერებულობით დააჯილდოებთ. წარმატებებისა და პერსპექტიული ურთიერთობების შესაძლებლობები კი მნიშვნელოვნად მოიმატებს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სფეროებში მოღვაწე ადამიანთა ცხოვრებაში. იანვრის მეორე ნახევარი, 25 რიცხვამდე, სასიკეთოა პირადი, მეგობრული და სასიყვარულო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

– თქვენი საუბრიდან გამომდინარე, თვის დასაწყისი და შუა პერიოდი მეტ-ნაკლებად პოზიტიური ელფერის მატარებელია. თვის ბოლოს, რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ?

– 25-დან 29 იანვრამდე დროის მონაკვეთში, დედამიწის ენერგია არასასიკეთო მიმართულებით შეიცვლება, რის გამოც სასიცოცხლო ძალები დაიწყებს დაქვეითებას. მერწყულის ზოდიაქოში მზისა და პლანეტა სატურნის შეერთება კონფლიქტურ სიტუაციებს გამოიწვევს. ადამიანებს შორის ურთიერთობები კი მეტად დაძაბული გახდება. ეს დრო არახელსაყრელია დასახული გეგმების განსახორციელებლად და ახალი საქმიანობის დასაწყებად. რეტროგრადული მერკურის შენელებული რეაქციები და ენერგიის დეფიციტი ადამიანებშიც შეასუსტებს რეაქციებს. მოიკლებს გონების კონცენტრაციის უნარი, მიზანსწრაფვა. იმავდროულად, გაიზრდება დაავადებულთა რიცხვი. ასევე, ამ პერიოდში მაღალია ავარიების, ტექნოგენური კატასტროფების, საზოგადოებრივი აგრესიის გაძლიერების ალბათობაც. ამიტომ ამ დღეებში მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილეა აუცილებელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი