ჰოროსკოპი და შეუცნობელი

დღე-ღამის რომელ ფაზაში შეუძლია ადამიანს იმ მოვლენების ნახვა, რაც უკვე მოხდა ან ახლა მოხდება

№16

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 29.04, 2022 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

სიზმარი - ამოუცნობი ფენომენი, რომლის ახსნასაც დასაბამიდან ცდილობდა ადამიანი. დროთა განმავლობაში ათასი ჯურის მისნის, ჯადოქრისა თუ მაგის „რეპერტუარში“ წამყვან ადგილს იკავებდა ღამით, ძილში განცდილის ცხადში გადმოტანის „მეცნიერება“. შესაბამისად, თანდათანობით იზრდებოდა და მრავალფეროვნდებოდა ცალკეულ, ზმანებისეულ სიუჟეტებში ყველაზე ხშირად განმეორებადი მოვლენებისა თუ საგანთა მნიშვნელობის ახსნა. ამგვარ „სიზმრის ახსნის“ მტკიცებულებათა ნუსხამ დღეს უკვე საკმაოდ სოლიდური მაგიური „კარაბადინი“ შეადგინა, რაც გულახდილად რომ ვთქვათ, ყველას აინტერესებს: რას უწინასწარმეტყველებს სიზმარი, კარგად აუხდება ის თუ მოსალოდნელი განსაცდელის მაუწყებელია... გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. ამიტომ, უმჯობესია, ყური დავუგდოთ სპეციალისტს - თემაზე გვესაუბრება ეზოტერიკოსი, ქალბატონი ლეილა პ.

- დავიწყოთ ძილით, რაც ჩვენში არსებული გაუცნობიერებლის მუშაობაა. სანამ გვძინავს, ტვინი დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას გადაამუშავებს, ახდენს მათ კომპილირებას (სხვადასხვა ინფორმაციებისგან ადგენს ერთიან სისტემას) და დაძაბულობას ხსნის ყველაზე მეტად დატვირთული უბნებიდან. ტყუილად კი არ იყო ძველად წამების ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული ხერხი - ძილის დარღვევა რამდენიმე დღის განმავლობაში. ამას შეეძლო ადამიანი ჭკუიდან შეეშალა.

- რა ხდება ჩვენს თავს ძილში?

- ბევრი ბიოენერგეტიკოსი და ეზოტერიკოსი მიიჩნევს, რომ ძილის მომენტში ადამიანს შეუძლია პარალელურ სამყაროში გადასვლა და იმ მოვლენების ნახვა, რაც უკვე მოხდა ან აწი მოხდება სხვა რეალობაში. ზოგიერთების აზრით კი, ჩვენს ტვინს ძილის დროს შეუძლია, ქვეცნობიერის ყველაზე ღრმა ფენაში შეაღწიოს, რაც განვლილ ცხოვრებაზე, წარსულზე წვდომის შესაძლებლობას გვიხსნის და დიდი ხნის წინ მომხდარის ამსახავ სურათებს გვიჩვენებს. სიზმრები შეიძლება იყოს გაფრთხილება, ანდა - სტრესის შედეგი. ახლა გიამბობთ იმ სიზმრებზე, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, რადგან ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ გამცნობთ. ეს უკავშირდება ცალკეულ ნივთებსაც და მოვლენებსაც.

- რას ნიშნავს, როცა სიზმარში რაღაც დაკეტილი, დახურული გხვდება?

- სიზმარი დაკეტილი, დახურული საგნებით ძალიან ხშირია. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ: ფანჯარა, უჯრა, ყუთი, კარი. გვესიზმრება, რომ ისინი დაკეტილია, ჩვენ კი მათ გახსნას ვერაფრით ვახერხებთ. თუ სიზმარში მხოლოდ ესაა თქვენი საწუხარი და ნებისმიერ ფასად ცდილობთ გახსნათ, გააღოთ ის რაღაც, ესე იგი, ცხოვრებაში საკუთარ გრძნობებს ეწინააღმდეგებით: თრგუნავთ და ბლოკავთ მას. არ გინდათ, დაიჯეროთ ის, რაც აშკარაა და ილუზიებს შეფარებული თავს იტყუებთ. ასევე, არაერთხელ გინახავთ ალბათ სიზმარში, როცა ცდილობთ და ვერაფრით ახერხებთ, სწორად აკრიფოთ ტელეფონის ნომერი ან მიიღოთ ინფორმაცია. წვალობთ, ნერვიულობთ, ოფლში იწურებით, მაგრამ არაფერი გამოდის. ძალიან ხშირად ასეთი სიტუაცია იმიტომ გესიზმრებათ, რომ რეალურ ცხოვრებაში საშიშროების წინაშე დგახართ და ცდილობთ, ისეთ ვინმეს დაუკავშირდეთ, ვისაც თქვენი შველა შეუძლია. შესაბამისად, აუცილებელია, ყურადღებით იყოთ და გაარკვიოთ ურთიერთობები ასეთ ადამიანთან. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ მისგან მოდის დაძაბულობა, ან ავადმყოფურად ხართ მასზე დამოკიდებული.

- ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ძალიან ხშირად მიფრენია სიზმარში. შესაბამისად, მაინტერესებს, რის მანიშნებელია ეს?

- ფრენა სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ გაურბიხართ ვალდებულებებს, მოვალეობებს, პრინციპულ გადაწყვეტილებებს და ინიციატივებს. არ არის გამორიცხული, რომ ამით უმაღლესი ძალა განიშნებთ, რომ სურს, გადაჭრათ ეს კვანძი და აღარ გაექცეთ საკუთარ პასუხისმგებლობასა და მოვალეობებს. მხოლოდ საკუთარი თავის აღზრდით შეძლებთ, შეხედოთ სამყაროს სრულიად სხვა თვალით. ციური სხეულებიც ხშირად ესიზმრება ადამიანს და მათ შორის, ამჯერად მთვარეზე შევჩერდები. მთვარის დისკო სიზმარში ნიშნავს, რომ მთელი სისრულით ისწრაფვით, გამოამჟღავნოთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი, თუმცა გაშინებთ საყოველთაოდ მიღებული წესები და ისიც, თუ როგორ განსჯის ამას საზოგადოება. სამყარო კი მიგანიშნებთ, რომ დროა, გათამამდეთ, ძალები მოიკრიბოთ და ყურადღება აღარ მიაქციოთ სხვის აზრს, რომელიც მხოლოდ გაფერხებთ და გაბრკოლებთ.

- ძალიან საინტერესოა, რა ახსნა აქვს სიზმარს გზასა და წყალთან დაკავშირებული სიუჟეტით?

- სიზმარი გზის შესახებ ძალიან სიმბოლურია. თუმცა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა ემოციას განიცდით სიზმარში, როცა არჩეულ მიმართულებას ინარჩუნებთ. თუ გზაზე წინააღმდეგობა არ გხვდებათ, ესე იგი, ცხოვრებაშიც სწორი გეზი გაქვთ აღებული და მხოლოდ ერთი, მტკიცე ნაბიჯის გადადგმაღა გჭირდებათ, რომ ბედნიერებას ეზიაროთ. სხვა საქმეა, როცა სიზმრისეული მოგზაურობისას წყალქვეშა ქვებზე წაიბორძიკებთ. ეს უკვე გაფრთხილებაა, რომ არჩეულ კურსს გადაუხვიეთ და საკუთარი დანიშნულება, ფუნქცია დაკარგეთ. აუცილებელია, გეგმებს გადახედოთ და მეტი სიფხიზლე გამოიჩინოთ იმ საქმეებთან მიმართებაში, რომლებიც ირიბად გეხებათ თქვენ. რაც შეეხება წყალთან დაკავშირებულ სიზმრებს, მასთან ნებისმიერი შეხებისას სიზმარში, მაგალითად: თუ წყალს სვამთ, ბანაობთ მასში, იხრჩობით ან ნებივრობა მის ტალღებზე, აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ, როგორია წყალი: წყნარი თუ არა, რა ფერისაა, გამჭვირვალეა თუ არა. თუ წყალში ბევრი ნაგავია და თან, არც წყნარია - ესე იგი, ემოციებს გულში იკლავთ და მათ გაქანების საშუალებას არ აძლევთ, რომ ცხოვრებაში გამოგადგეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი