ჰოროსკოპი და შეუცნობელი

დეკემბრის რომელ რიცხვებში უნდა დადგათ საახალწლო ნაძვის ხე, რომ სახლში სიკეთემ და ბედნიერებამ დაისადგუროს და რა მოსდის უწმინდურ ძალას ზამთრის მზებუდობისას

№50

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 23.12, 2022 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

დადგა დეკემბერი და საახალწლო მოლოდინი თითქმის ყველას გაუჩნდა, უკეთესი მომავლისა და ბედნიერების იმედით. მომავალზე რამდენად ფიქრობენ, ამაზე ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ახალი წლის შემობრძანება, რომ ყველაზე მეტად პატარებს უხარიათ, ალბათ სადავო არ არის. განსაკუთრებით ნაძვის ხის დადგმა ეჩქარებათ და მიდის კამათი ოჯახში: ჯერ ადრეა თუ გვიან. ეს ყოველწლიური დილემა რომ გადაიჭრას, დაუჯერეთ წინაპართა გამოცდილებას. თუ როდის უნდა დაიდგას სახლში ნაძვის ხე, რომ ახალი წელი ბედნიერი იყოს, სწორედ ამაზე გაგვცემს პასუხს, ეზოთერიკოსი, ქალბატონი მანანა მ. და გვესაუბრება საამისოდ ხელსაყრელ დეკემბრის ხუთ დღეზე.

- ახალი წელი მართლაც ყველაზე საყვარელი დღესასწაულია ბავშვებისთვის. დეკემბერი დაიწყება თუ არა, პატარები ვეღარ ითმენენ, ისე უნდათ ახალი წლის სათამაშოებით სავსე ყუთის გადმოღება, რომ სანატრელი ნაძვის ხე მორთონ და მთელ სახლში გირლანდები გააბან. მაგრამ, როდის უნდა დაიდგას ნაძვის ხე, რომ ახალი წელი ბედნიერი იყოს მთელი ოჯახისთვის? - ეს კითხვა ისმის ყოველი წლის ბოლოს. ხალხური გადმოცემებისა და მინიშნებების მიხედვით, ამისთვის ხელსაყრელი 5 დღეა დეკემბერში.

- მაშ, როდის უნდა დავდგათ სახლში საახალწლო ნაძვის ხე?

- პირველი ასეთი დღეებიდან 18 დეკემბერია. ეს რიცხვი შესანიშნავია მათთვის, ვისაც სული წინ უსწრებს და საახალწლო ზეიმამდე ვეღარ ითმენს. ნაძვის ხის მორთვა წმიდა ნიკოლოზის დღესასწაულის წინა დღეს, კარგის ნიშანია. ასე ბარაქასა და იღბალს მოიპატიჟებთ სახლში. ასევე, ამ დღეს შექმნილი საახალწლო ატმოსფერო გაახარებს ბავშვებსაც, რომლებიც ისედაც მოუთმენლად ელიან წმიდა ნიკოლოზის საჩუქრებს ბალიშის ქვეშ. რა თქმა უნდა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ 18 დეკემბერს დადგამთ ცოცხალ ნაძვის ხეს, ახალ წლამდე შეიძლება წიწვები დასცვივდეს და თავისი ხიბლი და ბრწყინვალება დაკარგოს. მაგრამ თუ ამისთვის ხელოვნურ ნაძვის ხეს გამოიყენებთ, პრობლემა არ შეგექმნებათ. შემდეგია 22 დეკემბერი. როგორც მოგეხსენებათ, 21 დეკემბერი განსაკუთრებული თარიღია და მას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჩვენი წინაპრები. ეს ხომ ზამთრის მზებუდობაა - წლის ყველაზე მოკლე დღითა და ყველაზე გრძელი ღამით. ძველთაგანვე მიაჩნდათ, რომ სწორედ ამ დროს კარგავს თავის ძალას ყოველგვარი უწმინდურება. 22 დეკემბერს კი, იწყება ახალი სასიცოცხლო ციკლი. ამიტომ, თუ ზამთრის მზებუდობის შემდეგ დღეს დადგამთ ნაძვის ხეს, ის თქვენი მფარველი იქნება მთელი დამდეგი წლის განმავლობაში.

- გამიგია, რომ 25 დეკემბერს, კათოლიკური შობის დღეს უნდა დაიდგას ნაძვის ხეო, ასეა?

- 25 დეკემბერი - როგორც თქვით, კათოლიკური შობა ნამდვილად ჯადოსნური დღეა იმისთვის, რომ ნაძვის ხის მორთვას მიუძღვნათ. თუმცა, მანამდე 24 დეკემბერია - სწორედ ამ დღეს რთავენ საახალწლო ნაძვის ხეს კათოლიკეები. ეს ხომ გრიგორიანული კალენდრის მიხედვით იესო ქრისტეს შობის წინა დღეა და მინიშნების მიხედვით, საახალწლო ხის ამ დროს მორთვა, უხვი მოსავლით დაგაჯილდოებთ. რაც შეეხება 25 დეკემბერს, თუ სწორედ ამ დღეს მთელი ოჯახი ერთად გააწყობს საახალწლო ნაძვის ხეს ბრჭყვიალ-ბზრიალა მოსართავებით, სახლში მადლი და კეთილდღეობა მთელი წლის განმავლობაში არ გამოილევა.

- მაშ, რომელი დეკემბერია ბოლო დღე საახალწლო ნაძვის ხის მოსართავად?

- 28 დეკემბერი ბოლო შანსია იმისა, რომ საახალწლო ნაძვის ხე ყველა წესის დაცვით მორთოთ. ეს დღე უპოვართა და გაჭირვებულთა შემწეობა-მფარველობას ეძღვნება და შესაბამისად, თუ გსურთ, დამდეგ წელს კეთილგანწყობა არ მოაკლდეს თქვენს ოჯახს და დაიცვათ ის ჭორისა და ბოროტი თვალისგან, სწორედ ამ დღეს მორთეთ ნაძვის ხე. მაშ ასე, ახლა იცით, როდის მორთოთ ნაძვის ხე, რათა სახლში იღბალი და ბარაქა მოიზიდოთ. რა თქმა უნდა, ამ საქმეს შეგიძლიათ, ნებისმიერი სხვა დღეც დაუთმოთ, მაგრამ დეკემბრის ამ ხუთ დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს.

- კიდევ ერთი აუცილებელი ტრადიცია საახალწლო საჩუქრებია და რას გვეტყვით, შეიძლება არასწორად შევარჩიოთ რამე?

- საკმაოდ ბევრია ასეთი ნივთი, მაგრამ ამჯერად, მხოლოდ ორ სახეობაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომლებსაც ძალიან ხშირად ჩუქნიან-ხოლმე ქალბატონებს და ახარებენ კიდეც ამით, მაგრამ... ერთი შეხედვით, სრულიად უწყინარ პრეზენტს, შეიძლება არც ისე უცოდველი ქვეტექსტი ჰქონდეს. კატეგორიულად აკრძალულია ნებისმიერი ფორმის სავარცხლის ჩუქება. რადგან, როგორც დანას, ნემსსა და ძაფს იყენებენ ჯადოსთვის, ასეთივე დანიშნულება ჰქონდა სავარცხელსაც ძველად. ამიტომ, მას მხოლოდ არასასურველ ადამიანს თუ აჩუქებდნენ, რომ ოჯახთან ან მეგობრებთან მოსვლოდა კონფლიქტი. ასე რომ, მინიშნებების რომც არ გჯეროდეთ, უმჯობესია, ასეთი საჩუქრისგან თავი შეიკავოთ. ამასვე გეტყვით პირადი მოხმარების საგნებზეც. საპონი, შხაპ-გელი, ნიღბები და კოსმეტიკა - არ არის ცუდი საჩუქარი, მაგრამ ძალიან პირადულია. ამიტომ ასეთ რამეს მხოლოდ ძალიან ახლობელს თუ მიუტანთ და მაშინაც რისკავთ, რომ შეიძლება არ გამოდგეს. ცრურწმენების მიხედვით კი, საერთოდ, ტაბუ ადევს ასეთ რამეს. მინიშნებების მიხედვით, ამ საგნებს ავადმყოფობა და ჩხუბი მოაქვს. ასე რომ, დასასაჩუქრებელ ქალბატონთან თუ კარგი ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, აჩუქეთ მას რაიმე სხვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა