დეკემბრის რა პერიოდშია მოსალოდნელი კოსმიური ჭექა-ქუხილი და რისი გათვალისწინება მოგიწევთ წარმატების მისაღწევად
ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00
შემოდგომის ბოლო თვე მიიწურა და წლის ბოლო, ზამთრის პირველი დეკადა დადგა. როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი აღნიშნავს, ეს თვე საკმაოდ არასტაბილურია როგორც საქმიანი, ისე პოლიტიკური კუთხით, რადგან მოსალოდნელია მოლაპარაკებების გართულება და პრობლემების ახალ ჭრილში დანახვა. თუმცა, თვის ბოლო, მესამე დეკადა, ასე თუ ისე, სტაბილური აღმოჩნდება, რადგან დიდი შანსია, გაიზარდოს ეკონომიკური აქტივობა, წარმატებული და ორმხრივად მომგებიანი ტრანზაქციები, რაც მომავალი წლის უახლოეს თვეებში მნიშვნელოვნად გააცოცხლებს საფონდო ბაზარს.
– ბატონო მიხეილ, როგორი ტენდენციებით იქნება გამორჩეული ზამთრის პირველი თვე და რა მოვლენებს უნდა ველოდოთ დეკემბერში?
– კოსმიური გავლენა დედამიწის ბიოსფეროზე 3 დეკემბრამდე შედარებით ჰარმონიულია, მზე მშვილდოსნის ნიშანში იქნება. 12 დეკემბერს კი პლანეტა მერკური შემოვა. 15 დეკემბერს პლანეტა მარსი თხის რქის ზოდიაქოში შევა, რომელიც დეკემბრის მეორე ნახევარში დადებითი ენერგიის ნაკადად გამოვლინდება და პრობლემების უფრო კონსტრუქციულად გადაჭრას შეუწყობს ხელს, 4-დან 22 დეკემბრამდე პერიოდში, მაშინ, როცა მოსალოდნელია კოსმიური „ჭექა-ქუხილი“. თხის რქის ზოდიაქოში მდებარე პლანეტა მარსი ბევრ ადამიანს დაეხმარება, გათავისუფლდნენ ძველი ვალდებულებებისგან, რომლებიც ხელს უშლის მათ კარიერასა და წარმატებას, ასევე, განსაზღვრავს ახალი შემოქმედებითი გაერთიანებების შექმნას, კონსტრუქციულ თანამშრომლობასა და ურთიერთნდობაზე. სწორედ ამიტომ, დეკემბრის დასაწყისში, რაც შეიძლება, მეტი უნდა გააკეთოთ, რათა დეკემბრის მესამე დეკადაში წარმატებას მიაღწიოთ.
– რას უნდა ველოდოთ პირად, საქმიან და პოლიტიკურ ასპარეზზე ამ თვეში და კონკრეტულად რომელ პერიოდშია შედარებით რთული ან პირიქით, სტაბილური პერიოდი. როგორც ასტროლოგი, რას გვეტყვით და გვირჩევთ?
– ამ პერიოდში, 4-დან 22 დეკემბრამდე, გართულდება მოლაპარაკება და კონფლიქტების მოგვარება, როგორც პირად და საქმიან ურთიერთობებში, ასევე, ქვეყნებსა და მთავრობებს შორის. ადრე დაწყებული მოლაპარაკებები დაიბლოკება ან გადაიდება განუსაზღვრელი ვადით. ამიტომ, უნდა გათვალოთ ყველა დეტალი და იყოთ ფრთხილი და წინდახედული.
– როგორც მივხვდი, საკმაოდ არასტაბილური პერიოდი გველის წლის ბოლოს. და მაინც, როგორი იქნება მისი მესამე დეკადა?
– მესამე დეკადაში გაიზრდება ეკონომიკური აქტივობაც, წარმატებული და ორმხრივად მომგებიანი ტრანზაქციები, რაც მნიშვნელოვნად გააცოცხლებს საფონდო ბაზარს 2026 წლის უახლოეს თვეებში.
– როგორი იქნება დეკემბრის თვე კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის და რა უნდა გაითვალისწინონ, რომ წლის ბოლო ზედმეტი დანაკარგისა და დანახარჯის გარეშე გავლონ?
– დეკემბერი ვერძისთვის საკმაოდ დინამიკური პერიოდია. თვის შუა რიცხვებში დაძაბულობა იმატებს ურთიერთობებში. მესამე დეკადაში კი ეს დაძაბულობა იკლებს, ადვილად შეძლებს დადებითი შედეგის მიღწევას და გადავა ცხოვრების ახალ ფაზაში.
დასუსტებული პოტენციალისა და დისჰარმონიული ასპექტების გამო კუროებისთვის დეკემბერი არახელსაყრელი დროა. მოუწევს მოაგვაროს ფინანსური პრობლემები, თვის ბოლოს კი, საყვარელი ადამიანების მხარდაჭერით, სიტუაცია დასტაბილურდება.
ტყუპებისთვის დეკემბერი საკმაოდ დინამიკური თვეა, თუმცა, რთული პერიოდი. შესაძლოა, გაჩნდეს ბევრი წინააღმდეგობა და პრობლემა, განსაკუთრებით 8-დან 16 დეკემბრის ჩათვლით. ამიტომ, უნდა იყვნენ ფრთხილი და წინდახედული.
დეკემბერში კირჩხიბები გაზრდილ სიცოცხლისუნარიანობას იგრძნობენ. სიფრთხილეა საჭირო თვის მეორე დეკადაში, რადგან შესაძლოა, მათი სიტყვები არასწორად გაიგონ. თუმცა, ხელსაყრელი პერიოდია მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა და ფინანსური კონფლიქტის მოსაგვარებლად. თვის ბოლოს, დაძაბულობა ჩაცხრება.
ლომი დეკემბრის თვეში სასიცოცხლო ენერგიის ნაკლებობას შეიგრძნობს. ექნება ბევრი საქმე. თვის ბოლოს პარტნიორებისგან დიდ მხარდაჭერას მიიღებს და ახალ წელს მეტად ჰარმონიულად შეხვდება.
დეკემბრის თვე ქალწულებისთვის დისჰარმონიულია. წარმატებით შეასრულებენ დაკისრებულ საქმეს, თუმცა საოჯახო სფეროში დაძაბულობა იმატებს. თვის შუა დეკადაში უნდა მოერიდონ მსხვილ შენაძენებს, ხელშეკრულების გაფორმებას. თვის ბოლოს კი დასახონ მომავალი წლის გეგმები.
სასწორებისთვის დეკემბერი დინამიკური დროა, განსაკუთრებით თანამშრომლობისა და კომუნიკაციის კუთხით. წლის ბოლოს ადვილად შეძლებენ საოჯახო პრობლემების მოგვარებას და ერთდროულად ბევრ საქმეს გაუმკლავდებიან.
დეკემბერი მორიელებისთვის დისჰარმონიული პერიოდია. ფსიქიკური დისკომფორტი ხშირად შეახსენებთ თავს. უნდა მოერიდონ იმპულსურობას, რათა ფინანსური ზარალი არ განიცადონ. გაუფრთხილდნენ რეპუტაციას. თვის ბოლოს შესაძლებელი იქნება პრობლემების მოგვარება.
დეკემბერი მშვილდოსნებისთვის ახალი წლიური ციკლის დასაწყისია. იგრძნობენ ძალის მომატებას, ადვილად მოაგვარებენ საქმეებს. თვის ბოლოს უნდა იმოქმედონ ფრთხილად, რათა 2026 წელს წარმატებით შეხვდნენ.
თხის რქებისთვის დეკემბერი მოუსვენარი და რთული პერიოდია. პირველ დეკადაში წარმატებით შეძლებენ მოლაპარაკებებს, მოიპოვებენ მხარდაჭერას, მოაგვარებენ პრობლემებს. მეორე დეკადაში კი სიტუაცია ცოტა გართულდება, რა დროსაც უნდა იყვნენ თავშეკავებული. დეკემბრის ბოლოს კი, თავდაჯერებულობა იმატებს.
მერწყულის საქმეები დეკემბრის დასაწყისშივე კარგად განვითარდება. მეორე დეკადა სკანდალებით იქნება დატვირთული, რაც გავლენას მოახდენს წარმატებაზე. მესამე დეკადაში კი სიტუაცია შეიცვლება და პოზიტიურ ელფერს მიიღებს.
თევზებისთვის დეკემბერი კარიერასთან, პროფესიასთან, სოციალურ მდგომარეობასთან ასოცირებული თვეა. თუმცა, დრო დაძაბულია და მოუწევთ ბრძოლა. მესამე დეკადაში კი თავდაჯერებული იქნებიან, მოიპოვებენ მხარდაჭერას და მოვლენები პოზიტიურობისკენ შეიცვლება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



