დედის წყევლა - რატომაა ის ასე საშიში
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 19.07
წყევლა მშობლისგან - ყველაზე ცუდი რამ, რაც კი შეიძლება დაგემართოთ. მის განეიტრალებას მაგია და ეზოთერიკაც კი ვერ შევლის, რადგან შვილისა და მშობლის ენერგეტიკა განუყოფელია. მაშ რა ეშველებათ საკუთარი მშობლებისგან „შერისხულ“ შვილებსო, იკითხავთ. მართალია, ნეგატივის სრულად მოშორება შეუძლებელია, მაგრამ არსებობს შემოვლითი გზებიც იმისთვის, რომ გადარჩეთ და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიოთ. სწორედ ამაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი თეონა მ.
- თუ დედამ ან მამამ დაგწყევლათ, ეს ყველაზე ცუდი რამაა, რაც კი შეიძლება დაგემართოთ, რადგან მაგიური თუ ეზოთერიკული გზითაც კი შეუძლებელია მისი მოხსნა ან გაუქმება. მშობელი ხომ ჩვენში, შიგნით: სისხლში, გენში, ქვეცნობიერშია; მისი ფიქრებით ვფიქრობთ და სიზმრადაც მათ ვხედავთ. ჩვენი ენერგიები შერწყმული და განუყოფელია. მართალია, ასე ცხოვრება ძნელია, მაგრამ - შესაძლებელი. ტოქსიკურ მშობლებთან ურთიერთობა და სიფრთხილის ზომები; დედის წყევლა - რატომაა ის ასე საშიში და როგორ უნდა იცხოვროთ მასთან ერთად - რატომღაც ეს თემები ახლა აქტუალური გახდა. ამიტომ გადავწყვიტე, ამ პრობლემაზე მეტი მემუშავა და უფრო ღრმად გამეაზრებინა მისი არსი.
- რატომ წყევლიან და ამცირებენ მშობლები შვილებს?
- ადრე ასეთი ფაქტები ველურობად, მორალურ დეგრადაციად მიმაჩნდა, მაგრამ არსებობს ამის მიზეზებიც, რაც მარტივი და გასაგებია. მგლები ხროვაში საკვებისთვის იბრძვიან, ადამიანები კი - ოჯახის სიმტკიცისთვის. თუ ოჯახური კერა მიინავლა და ძალა დაკარგა, ყველა თავისკენ ცდილობს მის გადაქაჩვას. ამის გამო ნათესავებს შორის იწყება სამართლებრივი დავა ქონებისთვის, ჩხუბი, ცილისწამება, ლანძღვა და წყევლა შვილების მიმართ. ამით ცილისმწამებელი მთელ მსოფლიოსა და საკუთარ ოჯახს იმას უმტკიცებს, რომ თავად წესიერია, მაგრამ ვისაც ცილს სწამებს, გროშიც კი არ არის მისი ფასი... მისი მიზანი მხოლოდ ისაა, რომ ხელში საგვარეულო ძალაუფლება ჩაიგდოს და შვილების ხარჯზე ცხოვრებაში წინ წაიწიოს - ეს ძალიან სამწუხარო და ძნელი დასაჯერებელია, რადგან ყოველგვარ მორალურ წესს ეწინააღმდეგება: გადარჩენის ჯანსაღი ინსტინქტი ხომ საღ შთამომავლობას ესწრაფვის. თუმცა ინსტინქტურ დონეზე, ადამიანიც, ცხოველის მსგავსად, როცა გრძნობს, რომ გვარის ძლიერება იშრიტება და საცაა ჩაქრება კიდეც, ბრძოლას სათავისოდ იწყებს. შედეგად კი, კარგავს ნათესავებს, რაც ჩვენი დროის უბედურებაა.
თუ კაცობრიობის ისტორიას გადახედავთ, ბავშვები ყოველთვის კი არ უყვარდათ - უმეტესწილად, მათ იყენებდნენ. ღარიბები ბევრ შვილს აჩენდნენ უფასო მუშახელის გამო, მდიდრები კი - უფრო მოგებიანად რომ დაექორწინებინათ და მეტად გამდიდრებულიყვნენ. ამიტომ, გასაკვირიც აღარაა, თუ ზოგი შვილებს საკუთარი თავის გადასარჩენად იყენებს. მშობელი თავის ნაშიერს ცილისწამების, ლანძღვა-გინებისა და შეურაცხყოფის „ლაფში ახრჩობს,“ რათა თავად, „წმინდამ და ნათელმა“ ზევით „ამოყვინთოს“ და ამაღლდეს.
- მაშ რა მოვუხერხოთ საკუთარი მშობლებისგან „შერისხულ“ შვილებს?
- როგორც უკვე ვთქვით, შეუძლებელია მშობლებისგან მომდინარე ნეგატივის სრულად მოშორება, მაგრამ არსებობს შემოვლითი გზები - გადარჩენისა და ცხოვრებაში გარკვეული წარმატების მისაღწევად. მეთოდი 1 - თავად გახდით ოჯახის დედა და საგვარეულოს მცველი. უნდა მოაგვაროთ ოჯახური პრობლემები, გაიღეთ მოწყალება და დაეხმარეთ ღარიბ ნათესავებს. თუ დედა არ აკეთებს ამას, ან თუ აკეთებს - ცუდად, ჩართეთ მასში ყველა ახლობელი. რიტუალებისა და მაგიის საშუალებით: უმკურნალეთ, განკურნეთ, გააძლიერეთ და გამოკვებეთ თქვენი ოჯახი. მეთოდი 2 - ეზიარეთ მაღალ სულიერებას ან მიმართეთ მაგიასა და ეზოთერიკას - აქ შემდეგი ვარიანტებია: გახდით ქრისტიანი, ბუდისტი ან მუსლიმი; ჩაატარეთ რიტუალური მაგიის სეანსები ან იმუშავეთ უმაღლეს ენერგიებთან. კოსმოენერგეტიკასა და უნივერსალურ წმინდა ენერგიაში არის სპეციალური არხები საკუთარ ოჯახთან მუშაობისთვის, რომელთაგანაც ზოგი არხი საშუალებას მოგცემთ, გაწმინდოთ ოჯახი მეშვიდე თაობამდე. გარდა ამისა, შეგიძლიათ, საგვარეულო პრაქტიკის საშუალებით, გაააქტიუროთ ოჯახური ძალები. ეს მეთოდი შესაფერისია მათთვის, ვინც განვითარებისა და თვითშემეცნების სულიერ გზას მიჰყვება. მეთოდი 3 - აიღეთ თქვენი ქმრის გვარი და იზრუნეთ მის ოჯახზე. ამ გზით, მართლაც შეგიძლიათ, მოწყდეთ საკუთარ საგვარეულო სისტემას და ქმრის ოჯახურ სისტემაში ჩაებათ. ეს ვარიანტი კარგია მათთვის, ვისი მშობლებიც განსაკუთრებით აგრესიულები არიან და უმიზეზოდ ლანძღავენ, წყევლიან შვილებს. ასეთ შემთხვევაში გადარჩენის სხვა გზა არ გაქვთ. თუმცა, ისიც უნდა გესმოდეთ, რომ უბრალოდ გვარის შეცვლა ვერაფერს მოაგვარებს - უნდა შეხვიდეთ ქმრის ოჯახში და სერიოზულად იზრუნოთ მასზე. მეთოდი 4 - დაიწყეთ თქვენი მისიის ან მოწოდების შესრულება: ბევრ ცნობილ პიროვნებას ჰქონდა მშობლებთან ძალიან ცუდი ურთიერთობა, რამაც გამოიწვია მათი ფსიქიკური ტანჯვა, ნევროზი, ფსიქოზი, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, ცხოვრებაში წარმატებისთვის მიეღწიათ, სახელი და დიდება მოეპოვებინათ. ეს იმიტომ, რომ დასაკარგი აღარაფერი ჰქონდათ: სახლში არავის სჭირდებოდნენ და აღარაფერი დარჩენოდათ იმის გარდა, რომ ხალხში გასულიყვნენ და თავიანთი ნიჭით უმაღლესი მწვერვალები დაეპყროთ. ყველაზე უარესი მათ ცხოვრებაში უკვე მოხდა, ამიტომ შეწყვიტეს შიში და ცხოვრება სრული პროგრამით განაგრძეს.
- გამოდის, შემთხვევითი არაფერია?
- თუ მშობლები უმიზეზოდ გწყევლიან, ეს შენი ბედია და მისი შეცვლა შეუძლებელია. ამის მიზეზები უფრო სამყაროსეულია. როგორც მენტალური ხედვა მკარნახობს, ხშირად ამის მიზეზია ის, რომ წინა რეინკარნაციების დროს სწორედ თქვენ დააინფიცირეთ საკუთარი გვარი ბოროტების ვირუსით, რადგან ცუდად ეპყრობოდით შვილებს, რომლებიც ახლა, ხელახლა დაბადებისას, მშობლებად მოგევლინნენ. ეს ყველაზე გავრცელებული მიზეზია, თუმცა არსებობს სხვა, კარმული მიზეზებიც, რაც წინა ცხოვრებაში ჩვენ მიერ მორალური ნორმების დარღვევას უკავშირდება. მაგრამ, იმედს ნუ დაკარგავთ და სულით ნუ დაეცემით. დაიცავით თავი და ნუ ეძებთ დამნაშავეებს. უსარგებლოა. იყავით ძლიერი, კეთილი და ყველაფერი გამოვა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან