ჰოროსკოპი და შეუცნობელი

დედის რა ქმედებას შეიძლება მოჰყვეს ის, რომ შვილმა ვერასდროს შექმნას ოჯახი და რა შემთხვევაში გადმოვა თქვენზე სხვისი სენი თუ ჯადო

№24

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 24.06, 2022 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ხალხური გადმოცემები და მინიშნებები - ყოველდღიურობაში, თითქოს ჩვეულებრივ, უმნიშვნელო ქმედებასა თუ მოვლენაში რომ „ხედავს“ წინასწარმეტყველებას, გაფრთხილებასა თუ რჩევას. დაიმახსოვრეთ ისინი და უცილობლად გამოგადგებათ, თუმცა ამჯერად მხოლოდ გამაფრთხილებელ მინიშნებებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას. ხალხურ მინიშნებებში ხომ ბევრი სასარგებლო რჩევაა და თუ გსურთ, თქვენი ცხოვრება მშვიდად და ბედნიერად წარიმართოს, გამოიჩინეთ სიფრთხილე და დაიცავით ყველა მითითებული წესი. სწორედ ამ გამაფრთხილებელ მინიშნებებზე გვესაუბრება ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი ქალბატონი მედიკო ფ.

- ხალხურ გადმოცემებში უამრავია მინიშნება, რომელიც ხიფათის მოახლოებას გამცნობთ და იმასაც გირჩევთ, როგორ აარიდოთ მას თავი. ხიფათს ამოიკითხავთ ისეთ მოვლენასა თუ საქციელში, სხვა დროს ყურადღებასაც რომ არ მიაქცევდით. სწორედ ამიტომ, ამ ტიპის ხალხური მინიშნებებიდან გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს - ყველაზე პოპულარულსა და ქმედითს.

- მაინც რის მოლოდინში უნდა ვიყოთ და რის გამო?

- პირდაპირ ჩამონათვალს გავაკეთებ და დავიწყებ: ვთქვათ, ძაღლს საკვებს სთავაზობთ, ის კი უარობს - თავს იქნევს და უკან იხევს. ამან უნდა შეგაშფოთოთ, რადგან თქვენი ოთხფეხა მეგობარი უსიამოვნებას გრძნობს; დასაქმება გინდათ და გასაუბრებაზე ხართ დაბარებული. წასვლის წინ ჯიბეში ბოქლომი ჩაიდეთ და როგორც კი შენობის ზღურბლს გადააბიჯებთ, ბოქლომი გასაღებით ჩაკეტეთ. ნახეთ, აუცილებლად მიგიღებენ სამსახურში; მზარდი მთვარის დღეს მოპარულ ფეხსაცმელს თუ აკოცებთ, იცოდეთ, წინ მეტი განახლება გელით: ტანსაცმლისა თუ სხვა რამის სახით; განსაკუთრებულად ყურადღებით იყავით წმინდა დღესასწაულების დროს. ამ დღეებში არ შეიძლება თავის დაბანა, ფულის გასესხება, რეცხვა; არ შეიძლება იმ ფულის მოწყალებისთვის გაღება, რომელიც პურისა და მარილის ყიდვისას დაგიბრუნეს ხურდაში - დაიმახსოვრეთ, შეძენილი საკვებიდან მოწყალებას არ გასცემენ, თორემ თავად თქვენ და თქვენს შვილებს მოგიწევთ შიმშილობა; თავში ძლიერი დარტყმა მიიღეთ? - გონება რომ არ დაკარგოთ, იოანე ნათლისმცემლის ხატს მიეყრდენით შუბლით.

- ვინმესთან მოსალოდნელ ჩხუბზე თუ მიგვანიშნებს რამე?

- არის ასეთიც, მაგალითად: თუ სარკეში ორნი ერთად იხედებით, შეიძლება იჩხუბოთ ან სამუდამოდ დაშორდეთ ერთმანეთს. ასევე, არავის მისცეთ უფლება, რომ ფანჯარასთან დგომისას თქვენს მხარს ზემოდან გაიხედოს სარკმელში. თქვენს გრძნობებსა და ლტოლვაზე იქონიებს გავლენას და შეიძლება, საერთოდ დაგიკარგოთ მსგავსი სურვილები, თუ მამაკაცის ტრუსსა და შარვალს გადააბიჯებთ. ხოლო, შემთხვევით თუ სხვა ადამიანს დაეჯახეთ შუბლით, მსუბუქად ენაზე იკბინეთ, თორემ თავი გეტკინებათ. ვინც საუბარში ეშმაკს ახსნებს, ის მასთან მეგობრობს. თუ თქვენი ქმარი ძალიან ბრაზიანია, აიღეთ კურდღლის ბეწვი და მის ტანსაცმელს მიაკერეთ. ის კურდღელივით ფრთხილი და მოკრძალებული გახდება. თუ თქვენი საქორწინო ბეჭედი მეუღლისაში აგერიათ, მასთან მაგარი ჩხუბი მოგივათ. როცა საყდარში მისვლისას კანდელზე სანთელი დაანთეთ, მან კი ნაპერწკლები გაყარა, ატკაცუნდა და აშიშინდა, ეს თქვენი ახლობლის სიკვდილზე მიანიშნებს. როცა სახლში სტუმრები მოდიან, არც თქვენ დადგეთ ზღურბლზე და ნურც სტუმრებს მისცემთ ამის ნებას, თორემ შინ უბედურებას მოიზიდავთ. დედებო, არასდროს გამოგავოთ იატაკი შვილების ფეხების ირგვლივ, თორემ ისინი საკუთარ ოჯახს ვერ შექმნიან. თუ გაქვთ ჩვევა, რომ სუფრის კუთხეს ხელი შეაწმინდოთ ან შუბლზე ოფლი მოიწმინდოთ მისით, ეს გახდომის ან პირიქით, გასუქების საწინდარია - მაგიდის გადასაფარებელი ხომ ოჯახური სიწმინდის სიმბოლოა.

- შვილებთან დაკავშირებით როდის და რას უნდა მოვერიდოთ?

- თუ შვილი შეგეძინათ და მისი ძუძუთი კვება გიწევთ, არასდროს გააკეთოთ ეს სხვების თანდასწრებით, თუნდაც ახლობელი იყოს. ასე შეძლებთ, რომ რძე საჭირო რაოდენობით შეინარჩუნოთ. მიდიხართ ქუჩაში და ხედავთ ადამიანის ჩრდილს, ზედ ფეხი არ დაადგათ, თუ არ გინდათ, რომ საკუთარ მფარველ ანგელოზს დააბიჯოთ. გაიგეთ, რომ თქვენთვის არასასურველი სტუმარი მეუღლის თხოვნით აპირებს, სახლში გეწვიოთ? - სადილის მზადებისას წინსაფარი სამჯერ გაიხსენით და შეიკარით, თან წარმოთქვით შემდეგი ფრაზა: „როგორც ეს კვანძი გაიხსნა და შეიკრა, ასევე მოშორდეს (ის ვიღაც) ჩემს ოჯახს“ და სამჯერ გაიმეორეთ „ამინ!“ ახალშობილი სამშობიაროდან სახლში გამოიყვანეთ? - დაიმახსოვრეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აბანაოთ სიბნელეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის განწირულია, ცხოვრება „წყვდიადში“ გაატაროს. არ გაიკეთოთ და მით უმეტეს, არ ატაროთ სხვისი ჯვარი, ის კი არადა, არც კი მოისინჯოთ, თორემ, ჯვრის პატრონის ცხოვრების მთელი სიმძიმის ტარება თქვენ მოგიწევთ. ტყეში თუ წახვალთ და შემთხვევით იქ ნაჯახს იპოვით, ხელი არ ახლოთ, თუნდაც ძალიან გჭირდებოდეთ ის საკუთარი მეურნეობისთვის. ზოგი მკურნალი ასეთ მეთოდს იყენებს: ავადმყოფის მოსარჩენად ნაჯახს ტოვებს ქუჩაში, მინდორში ან ტყეში, რომელზედაც ჯადო და ის სენია გადასული, ავადმყოფს რომ სჭირდა და განიკურნა. ჯერჯერობით სულ ესაა და იცოდეთ, ყველა ხსენებული მინიშნება აქტუალური იქნება ყოველთვის - როგორც ბებიები იტყოდნენ, მაშინაც, როცა შიში გიპყრობს და სასწაულები ხდება.

ისარგებლეთ წინაპართა ამ რეკომენდაციებით და იცხოვრებთ, როგორც ზღაპრებშია: დიდხანს, მშვიდად და ბედნიერად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი