აგვისტოს სამი მაგიური დღე, რომელსაც კეთილდღეობა მოაქვს და რა რიტუალია ამ დროს ჩასატარებელი
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00

დადგა აგვისტო და ჰარმონიისა და კეთილდღეობის მაძიებელნო, იყოჩაღეთ: არის ამ თვეში მაგიური სამი დღე, რომელსაც შეუძლია, სიმდიდრე და კეთილდღეობა შემოიტანოს თქვენს ოჯახში. კონკრეტულად, სწორედ ამ დღეებში უნდა გარეცხოთ თქვენი სახლის შემოსასვლელი კარი და თუ, რა თარიღებზეა ლაპარაკი, ან რას მიიღებთ სანაცვლოდ ნაყოფიერებითა და მზის ენერგიით გაჯერებული თვისგან, შეიტყობთ ჩვენი რესპონდენტის, ეზოთერიკოსი ქალბატონის, ლელა მ-ის ინტერვიუდან.
- სკეპტიკურად ნუ შეხედავთ მოცემულობას კარის გარეცხვით მიღებული მადლის შესახებ. ვინც სისუფთავის უძველეს რიტუალებს იცნობს, იცის, რომ წარმატება, სიუხვე, სიხარული ხშირად ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე ჩვეულებრივ ქმედებას მოჰყვება ხოლმე. აგვისტო კი, განსაკუთრებული თვეა. მისი ენერგია გაჯერებულია მზის ძალის, ნაყოფიერებისა და სამყაროს ღირსეულად დასაჩუქრების სურვილით. მთვარისა და მზის ციკლები პიკშია და სიუხვის ნაკადებიც განსაკუთრებულად ფართოდ გადმოედინება ამ პერიოდში. თუმცა, ყველას არ შეუძლია მისი მიღება და არა იმიტომ, რომ ბედისწერა ძუნწობს, არამედ თქვენკენ სავალი გზაა სავსე ენერგეტიკული მტვრით, ქაოსით, ძველი, საშინელი მოგონებებით. სწორედ ამიტომ არსებობს შემოსასვლელის განსაწმენდად აგვისტოს ძალმოსილების სამი ფარული თარიღი, როგორც თქვენი ფინანსური ნაკადების გასაღები.
- რა თარიღებია ასეთი?
- გაგიკვირდებათ, მაგრამ ყველაფერი იწყება ... ზღურბლით. ეზოთერიკაში შემოსასვლელი კარი მხოლოდ თქვენი სახლის საზღვარი კი არა, ენერგეტიკული პორტალია, რომლიდანაც აღწევს ინფორმაციის ნაკადებიც, როგორიცაა: წარმატება, იღბალი, სიახლე, ბედნიერება, ფულადი ენერგია. მაგრამ თუ კარი მტვრიანი, ლაქებიანი და - რაც მთავარია, სხვისი შურის, წყენისა და წარუმატებლობის კვალითაა დაფარული, მაშინ ყველაფერი, რაც თქვენს სახლამდე აღწევს, ნახევრდება, იფანტება და უკიდურეს შემთხვევებში, საერთოდ იკარგება კიდეც. ამიტომ, გაითვალისწინეთ, რომ მზით უხვ აგვისტოში არის სამი ენერგეტიკულად დატვირთული დღე, როდესაც კარის პორტალის გაწმენდის პროცესი მნიშვნელოვნად ძლიერდება და ესენია: 1, 11 და 22 აგვისტო. ეზოთერიკული ტრადიციის მიხედვით: თვის ყოველი პირველი დღე ახალი ძალის გამოთავისუფლებაა; 11 - გაორმაგებული დაცვისა და ძალის კოდია; 22 კი — მთავარი რიცხვი, ოცნებისა და იდეის მწვერვალი, რომელიც ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ მეორდება. მზისა და მწიფე ხილის „მხურვალებით სავსე“ აგვისტო, სრულად აფართოებს სახლის ფულად ველს და სწორედ ამ თარიღებში ძლიერდება თქვენი სურვილებიც. შესაბამისად, მარტივი მაგიური ქმედებებიც კი საოცარ მატერიალურ შედეგებს იძლევა.
- მაინც რა საიდუმლო ძალაა კარში?
- ძველ მაგიურ ტრაქტატებში კარი „სახლის ბაგეებია“, საიდანაც ადამიანის სული უშვებს და გამოყოფს ენერგიას. მიიჩნევა, რომ სუფთა, მბზინავი და სურნელოვანი შესასვლელი კარი იზიდავს არა მხოლოდ ფულად ენერგიას, არამედ სიხარულს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მაგიურ ცვლილებებს. ამიტომ, მოემზადეთ რიტუალისთვის - თუ მარტო არ იქნებით, დღე ღიმილით, გაღიზიანების გარეშე გაატარეთ და პატივისცემა გამოხატეთ თქვენი სახლის მიმართ. ჩაიცვით უბრალო, სუფთა, მსუბუქი ტანსაცმელი. ეს იქნება ნამდვილი ენერგეტიკული წმენდა - მხოლოდ მარილი, წყალი, ბალახები, ცოცხალი და ბუნებრივი სურნელება. რიტუალი უნდა შესრულდეს 1, 11, 22 აგვისტოს (შეგიძლიათ, სამივე თარიღი აირჩიოთ, ან მხოლოდ ერთი, მაგრამ რაც მეტი - მით უფრო ძლიერია შედეგი). დაგჭირდებათ: ჭურჭელი სუფთა წყლით, 7 მწიკვი მარილი (ზღვის მარილი უკეთესია), ეთერზეთის წვეთი (პიტნა, დარიჩინი, ლავანდა ან ნებისმიერი ზეთი, რომელიც სიწმინდესთან და სიუხვესთან ასოცირდება), ნატურალური ქსოვილის ჩვარი ან ბამბის პირსახოცი, ნებისმიერი ნომინალის მონეტა, კეთილი სურვილები, თავდაჯერებულობა და ღიმილი. მარილიან წყალს დაამატეთ ეთერზეთი, ორი წუთით ჩადეთ მასში მონეტა და წარმოთქვით: „ვწმენდ წყლით და შემოსასვლელ გზას ვუხსნი ბედნიერებას, ფულს, წარმატებას. დაე, ეს ნაკადი იყოს ულევი ჩემთვის და ჩემი სახლისთვის“. ჩაალბეთ ნაჭერი წყალში, ოდნავ გაწურეთ და ნელა შეუდექით კარის რეცხვას ზემოდან ქვემოთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სახელურებს, ზარს, შიდა ზღურბლს. წარმოიდგინეთ, რომ ასე, არა მხოლოდ მტვერს, არამედ შურს, ბოროტებას, სხვის კვალსა და წარუმატებლობასაც ჩამორეცხავთ. შემდეგ წარმოთქვით შელოცვა: „კარი სუფთა და კრიალა ფუფუნებისთვის ღიაა. ცუდი ზღურბლს მიღმა დარჩა, ბედი კი კარს მომადგა.“ დასასრულ, გაწმინდეთ კარი მშრალი ტილოთი, მონეტა კი ზღურბლზე დატოვეთ შიდა მხრიდან - ღამით შეგიძლიათ, საფულეში ჩადოთ. ერთი წუთით დახუჭეთ თვალები, წარმოიდგინეთ, სახლის კარიდან როგორ შემოედინება ოქროსფერი მდინარე - მხიარული, თბილი, ცქრიალა და მადლობა გადაუხადეთ სახლსა და სამყაროს.
- რა ხდება შემდეგ?
- ძალიან ხშირად, რიტუალიდან 10 დღის განმავლობაში ჩნდება შემოსავლის ახალი წყაროები (შეთავაზებები, დაუგეგმავი ვალების დაფარვა). განწყობა უმჯობესდება, იგრძნობა ძალისა და უკეთესის რწმენის მოზღვავება. სახლში უფრო თავისუფლად სუნთქავთ და საყვარელ ადამიანებს შორის აუხსნელი დაძაბულობა ქრება. გახშირდა პატარა, მაგრამ სასიამოვნო მოვლენები: ფასდაკლებები, საჩუქრები, წარმატებული ნაცნობობა. საფულეში ფული აღარ გელევათ და უაზროდაც აღარ ფლანგავთ... და ეს არც ხუმრობაა და არც ცრურწმენა. თქვენ ასუფთავებთ თქვენი სახლის ყველაზე მნიშვნელოვან „სულს“ - მის „პირსა“ და გულს ახალი შესაძლებლობებისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან