ადამიანის თვისებებსა და ხასიათზე მისი დაბადების პერიოდის სტიქია ახდენს უდიდეს გავლენას
ავტორი: ნონა დათეშიძე 11:00
აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, წელიწადის თითოეულ დროს კონკრეტული სტიქია მართავს. ამ პერიოდში დაბადებული ადამიანის თვისებებსა და ხასიათზე კი უდიდეს გავლენას, სწორედ, მისი დაბადების პერიოდის სტიქია ახდენს. კერძოდ: ხე იძლევა სიმტკიცესა და ნაყოფიერებას. მისი ღრმა ფესვები ტრადიციებისა და ადათ-წესების პატივისცემის მაჩვენებელია; ცეცხლი ადამიანს ანიჭებს აქტიურობას, გარკვეულწილად, ეგოიზმს, რამეთუ ყველაფერს წვავს; მიწა არის მარჩენალი, მზრუნველი; წყალი იძლევა ნებისყოფას, ამტანობას, სიმტკიცეს, აძლიერებს ურთიერთგაგებას, პრობლემებთან შეგუების უნარს.
გაზაფხული – ხის სტიქია: ამ პერიოდში დაბადებული ადამიანის თვისებებია სილამაზე, ელეგანტურობა, მიზანსწრაფვის, შემოქმედებისა და შთაგონების უნარი. მისი ზეგავლენით შესაძლოა, სამყაროს კარგი მხატვარი ან პოეტი შეემატოს. იმ შემთხვევაში, თუ ხის სტიქიის ქვეშ დაიბადეთ, დიდია ალბათობა, იყოთ მაღალი, გამხდარი, ლამაზი თვალებით და გამჭოლი მზერით. ხის სტიქია მართავს ღვიძლსა და თვალებს. მისი შესაბამისი ფერებია მწვანე და ლურჯი. გაზაფხულზე დაბადებულ ადამიანებში ყოველთვის ჭარბობს სულიერი ან ინტელექტუალური ინტერესები. საქმიანობაში აქტიურად ავლენენ პროფესიულ და ინტელექტუალურ უნარებს.
ზაფხული – ცეცხლის სტიქია: ამ სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანის თვისებებია: სილამაზე, მხიარულება, ბედნიერება. ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან ბრძოლისუნარიანობით. უმეტესად, მათ აქვთ არწივისებური ცხვირი, ხშირი თმა. ცეცხლი მართავს გულსა და სისხლს. მისი ფერია წითელი. ამ სტიქიის გავლენის პერიოდში დაბადებულები ისწრაფვიან ხელმძღვანელი პოზიციებისკენ, არიან რისკიანები, უყვართ მოვლენების ცენტრში ყოფნა.
შემოდგომა – მიწის სტიქია: წლის ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები, მიწის სტიქიის გავლენით, კარგი ბიზნესმენები ხდებიან. მიწის სტიქიის პერიოდში დაბადებულ ადამიანთა დამახასიათებელი ნიშნებია სქელი წარბები და ბრტყელი მუცელი. ის მართავს პირის ღრუს და ელენთას. შესაბამისი ფერია ყვითელი. ამ პერიოდში დაბადებული ადამიანი პრაქტიკულია, ეს კი გამოიხატება ფულთან ურთიერთობაში, ქონების მართვასა და მის გაორმაგებაში. საოცრად ორგანიზებულია.
ზამთარი – წყლის სტიქია: ამ პერიოდში დაბადებული ადამიანი ხასიათდება მშვიდი, ცივი ბუნებით და დიდი შინაგანი ძალით. ხშირ შემთხვევაში აქვთ დიდი და ძლიერი ხელები, მსხვილი ტუჩები და ტალღისებრი თმა. წყლის სტიქია მართავს თირკმელსა და ყურებს. მისი ფერებია შავი და მუქი ლურჯი. წლის ამ პერიოდში დაბადებულები ძალზე მგრძნობიარეები არიან და კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია. აინტერესებთ ცხოვრების ყველა სფერო და მათ შორის, მისტიკური. ხშირად ადამიანებთან ქვეცნობიერ ტელეპათიურ კავშირშიც იმყოფებიან.
ასე რომ, წელიწადის კონკრეტრულ დროს დაბადება ადამიანზე უდიდეს გავლენასთან ერთად, მის გარეგნობასა და ხასიათში გარკვეულ შტრიხებს, ასევე, ნიჭიერებასა და მისწრაფებებსაც აყალიბებს, რაც სამომავლოდ მისი სავიზიტო ბარათი ხდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


