როგორ იქცევიან მამაკაცები, როცა მათ ცოლი ღალატობენ
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 07.02

ღალატზე ყველა ადამიანი განსხვავებულად რეაგირებს, მამაკაცები – გაცილებით მწვავედ და ხშირად სასტიკად. ქალებსაც ახასიათებთ შურისძიება, მაგრამ მათი შურისძიების ფორმები სხვაგვარია – არაძალისმიერი, თუმცა, შესაძლოა, საკმაოდ მძიმე და მტკივნეული იყოს. ფაქტია, ღალატი ადამიანების ცხოვრებას ანგრევს. სერიოზულ კვალს ტოვებს, თანაც, დიდი ხნით. რეაბილიტაცია ღალატის შემდეგ ხანგრძლივია და მტკივნეული.
გიორგი (43 წლის): ახლა მარტო ვარ და მართალია, წარსულს ვითომ აღარ მივტირი. ჩემს ცხოვრებაში უკვე არსებობს ქალი, რომელსაც ერთგულების უნარი აქვს, მაგრამ როცა ის მახსენდება (მის თავს კი ბევრი რამ მახსენებს), გული მტკივა. მე არ ვიმსახურებდი ღალატს, მოტყუებას იმ ადამიანისგან, რომელიც გულით მიყვარდა.
ნათესავის ქორწილში გავიცანი და ძალიან მომეწონა. მაშინ 18 წლის ვიყავი. მანამდეც მყავდა შეყვარებულები, მაგრამ ისეთი სერიოზული ურთიერთობა, როგორიც მასთან გავაბი, სხვასთან არასდროს მქონია. მისგანაც სიყვარულს ვგრძნობდი. ვიცოდი, ადრე თუ გვიან ერთად ვიქნებოდით.
– დაოჯახება როდის გადაწყვიტეთ?
– ჩემზე 2 წლით უმცროსია და სკოლა რომ დაამთავრა, მერე გადავწყვიტე, ცოლად შემერთო, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი ვიყავი და თავადაც მშობლები მარჩენდნენ. არავის რჩევა არ გავითვალისწინეთ და გავიპარეთ. ჩემები გამწარებულები იყვნენ: ქალაქში შენ ძლივს გინახავთ და სად გეჩქარებოდა? ცოტა ხანს მოგეცადა, ამ გოგოს ვინ წაგართმევდაო... ბევრი მლანძღეს, მაგრამ რაღას იზამდნენ, ხომ არ დამაშორებდნენ. მერე მე ვსწავლობდი, ის მივლიდა და პარალელურად, მაღაზიაში დაიწყო მუშაობა, დეიდაშვილმა დაასაქმა – სიგარეტს ყიდდა ერთ ლამაზად მოწყობილ მაღაზიაში და ამის საწინააღმდეგო არც მე მქონია არაფერი. მერე თავადაც დავიწყე მუშაობა – დაცვის თანამშრომელი ვიყავი მარკეტში. შემდეგ ბანკში გადამიყვანეს და იქაც უსაფრთხოებაზე ზრუნვა მევალებოდა. მშობლებიც გვეხმარებოდნენ. შვილის ყოლას არ ვჩქარობდით, რადგან გვინდოდა, ჯერ წელი მოგვემაგრებინა და როცა უფრო მყარად დავდგებოდით ფეხზე, ბავშვებზე მერე გვეფიქრა. მართალია, თავს ყველანაირად ვიცავდით, მაგრამ როგორღაც, მაინც დაფეხმძიმდა. ეს ჩვენთვის შოკი იყო, მზად არ ვიყავით ამისთვის. ეს ამბავი მშობლებს გავაგებინეთ და ვკითხეთ, როგორ მოვქცეულიყავით სიხარულისგან ცას ეწივნენ. მშობლების მხარდაჭერა რომ ვიგრძენი, გამიხარდა. მაგრამ ორსულობისას ჩემი ცოლი ძალიან შეიცვალა, უხასიათო გახდა. ბავშვის გაჩენაც არ უნდოდა. ბევრს იცნობთ ისეთ ფეხმძიმეს, რომ წუწუნებდეს, მუცელში რომ მყავს, ეს ბავშვი ნერვებს მიშლისო? ვფიქრობდი, რომ ეს სიგიჟე გაუვლიდა და მუცლადმყოფი შეუყვარდებოდა ან როცა დაიბადებოდა და ნახავდა, მაშინ. ერთ დღეს სამსახურში ვიყავი, როცა დამირეკა, ცუდად ვარ, სახლში მოდიო. სამსახურიდან წასვლა დამიგვიანდა. ყოველ წამს ვურეკავდი. შინ რომ მივედი, ცოლის სიტყვებმა თავზარი დამცა: ამდენ ხანს სად ხარ? რომ მოვმკვდარიყავი, რას ფიქრობდი? იყავი ახლა ასე, ბავშვი აღარ გეყოლებაო. წავიქეცი, მუცელი დავარტყი და ნაყოფი მომშორდაო. თან; ტიროდა. გულში ჩავიკარი, ვამშვიდებდი: ნუ ნერვიულობ, ბავშვები კიდევ გვეყოლება-მეთქი. უცნაურად გაიცინა, მაგრამ მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ არ წაქცეულა, ბავშვი თავად, საკუთარი სურვილით მოიშორა ისე, რომ ჩემთვის არაფერი უკითხავს. ალბათ, ეს იყო მისგან პირველი ტყუილი და ღალატიც.
დიდის ამბით ველოდებოდი შვილს და უცებ ცა თავზე ჩამომემხო, მაგრამ ვცდილობდი, მისთვის ჩემი დარდი არ მეჩვენებინა. რა სულელი ვიყავი... ერთხელ ტელეფონზე ელაპარაკებოდა დედამისს. რაღაცის გამო მაგრად კამათობდნენ. მესმოდა, ის ქალი ეჩხუბებოდა, უყვიროდა: არ უნდა გამეჩინეო. ეს კი პასუხად იცინოდა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო. მაგრამ, აბა, სიმართლეს ვინ მეტყოდა? ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ სიდედრმა სამსახურში მომაკითხა: შენთან სალაპარაკო მაქვსო, ცოლს ყურადღება მიაქციე. მგონი, ჭკუაზე ვერ არის, რაღაც არ მომწონს მისი საქციელი და ლაპარაკი. მე გაფრთხილებ, აქ ამისთვის ჩამოვედიო. სიყვარულით ისე ვიყავი დაბრმავებული, რომ არაფრის დანახვა არ მინდოდა და სიდედრის ნათქვამი ბოდვად ჩავთვალე.
მერე ერთხელ სახლში ძალიან გვიან მოვიდა, მითხრა, აღწერა გვქონდაო. დავუჯერე და არაფერი ვუთხარი. მეორე დღესაც დაიგვიანა, მესამე დღესაც და გაუტკბა ეს დაგვიანებები, მიზეზი კი არ ილეოდა. ერთ დღეს სახლიდან წავედი. არც კი მოვუკითხივარ, სად ვიყავი, რას ვაკეთებდი. მეორე დღეს სახლში რომ მივედი, ისევ არ დამხვდა, ისევ გვიან მოვიდა. გული დამიმძიმდა იმაზე ფიქრით, რომ მღალატობდა. როცა უკვე ფაქტზე დავიჭირე, იმის ნაცვლად, რომ გაჩუმებულიყო, ეტირა, პატიება ეთხოვა, დამცინოდა: უსუსურ კაცს აბა, სხვა რა გინდოდა? ახლა გავიგე ნამდვილი კაცის ფასი და თუ გინდა, ცემით მომკალი, ციხეში რომ წახვალ, ამოვისუნთქებო. მერე ისიც მითხრა: შენი შვილი ნებით მოვკალი და დედა ამიტომაც მეჩხუბებოდა ხოლმე, შენ კი გეგონა, რომ შენზე ვზრუნავდი, შვილებს გაგიჩენდი. ვაი, შენს პატრონსო... მართლა არ ვიცი, თავი როგორ შევიკავე და არ მოვკალი.
– მის გარეშე როგორ გააგრძელეთ ცხოვრება?
– მეგობრები ცდილობდნენ ამ მდგომარეობიდან ჩემს გამოყვანას. დრომ მაინც მოახერხა და წაიღო ჩემი დარდები. მეც გამოვნახე საკუთარ თავში ძალა და ერთ დღეს, როცა გავიგე, რომ ჩემი ყოფილი ცოლი საზღვარგარეთ წავიდა, ვთქვი: ვის დავაჩაგვრინე თავი? ვის გამო ვკვდები ან ვკლავ დედას, მამას? ისინი ხომ ჩემს ასეთ მდგომარეობას ძალიან განიცდიან-მეთქი. და ერთ დღესაც, სულ სხვანაირ განწყობაზე გავიღვიძე. როცა მახსენდება, გული მეწურება. რისთვის ან ვისზე დარდში დავკარგე ძვირფასი წლები?
– შენს მომავალზე რას ფიქრობ?
– ცოტა ხნის წინ მივხვდი, რომ შეყვარებული ვარ. ის ჩემი თანამშრომელია. უკვე ყველაფერი ვუამბე ჩემს წარსულზე. მჯერა, არასდროს მიღალატებს, სულ სხვანაირი ადამიანია, მაგრამ მაინც ვაკონტროლებ ხოლმე. ვუთხარი, რომ დამინახო, ქუჩაში ჩუმად მოგყვები, არ გაგიკვირდეს, არ გამიბრაზდე-მეთქი. გაეცინა: რომ დაგინახო, მომყვები, ძალიან გამიხარდებაო. ის შვილების გაჩენაზე ოცნებობს. ასე რომ, ოდესმე მეც მექნება ლამაზი ოჯახი, სადაც ბავშვებიც ირბენენ და საყვარელი მეუღლეც ერთგულად ამომიდგება მხარში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

23:00 20.12, 2024 წელი

23:00 13.12, 2024 წელი