გულახდილი საუბრები

აბრალებენ თუ არა კაცები ოჯახის დანგრევას „მეორე“ ქალს და რით იმართლებენ თავს

№45

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 17.11

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ღალატის თემა ყოველთვის აქტუალურია და მწვავე. წყვილები ხშირად დგებიან ამ გამოწვევის წინაშე და მისი გადალახვა მარტივი არ არის. ზოგჯერ უნებლიეთ ვუშვებთ ისეთ შეცდომას, რომლითაც გულს ვტკენთ საყვარელ ადამიანს, შემდეგ კი ვნანობთ და ურთიერთობის გადარჩენას ვცდილობთ. დღემდე პასუხგაუცემელია შეკითხვა: მართლა ვიღაც სხვა – მესამე ანგრევს ოჯახს თუ ეს მესამე მაშინ გამოდის წინა პლანზე, როცა უკვე ორს შორის კრიზისი დაწყებულია.

ირაკლი (43 წლის): ძალიან მომინდა ვინმესთვის გულის გადაშლა. დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მეუღლე მიყვარს და რომ არ გამოჩენილიყო ის მეორე, ცოლის ღალატის სურვილი არასდროს გამიჩნდებოდა.

– თუმცა, ოჯახის დანგრევაზე ფიქრობდით.

– დიახ, იყო ეს პერიოდიც ჩემს ცხოვრებაში. გადამიტრიალდა ჭკუა და ლამის გადავწყვიტე, ცოლს დავშორებოდი, რომ იმ ქალთან ერთად მეცხოვრა. თვითონ არ მოინდომა. გაგიჟდა. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, არ მინდა მე ოჯახური ცხოვრება. ცოლობა ჩემი საქმე არ არის. რაც გაქვს, ის შეინარჩუნე და მეც არ დამკარგოო.

– ანუ, საყვარლობა უნდოდა ისე, რომ თქვენ ცოლიც გყოლოდათ?

– დიახ. მასთანაც ვიყავი და ცოლთანაც ჩვეულებრივ ვაგრძელებდი ურთიერთობას. მუდმივად თავში მიტრიალებდა ფიქრი, რომ ოჯახი არ უნდა დამენგრია და ვფრთხილობდი. თან, ვერ ვიგებდი, რა უნდოდა ამ ქალს. მე მაწვალებდა და ეს მოსწონდა, თუ კაცი მუდმივად მართლა არ სჭირდებოდა გვერდით. ცოლი და ორი შვილი მყავს. ცოლი მიყვარს, მაგრამ ისიც მიყვარდა. ძალიან მიყვარდა... მასთან ერთად ისე ვნიღბავდი ამ ურთიერთობას, რომ დღემდე ეჭვიც არავის გასჩენია. ცუდად არ გამიგოთ. მექალთანე არ ვარ. თანაც, ისეთ ასაკში დავქორწინდი, ზუსტად რომ მქონდა გააზრებული ოჯახის მნიშვნელობა და ცოლის მიმართ ჩემი ვალდებულებები. მეტიც, მიყვარდა ის ქალი, ვინც ცოლად შევირთე, მიზიდავდა და სხვა არავინ მინდოდა. ასე იყო, დაახლოებით, ექვსი წელი და რომ არ გამოჩენილიყო ის მეორე, ცოლის ღალატის სურვილი არასდროს გამიჩნდებოდა.

– იმ მეორესთან ურთიერთობისკენ რამ გიბიძგათ?

– არ ვიცი. ერთ საქმიან შეხვედრაზე გავიცანი. რამდენიმე პროექტზე ერთად მოგვიწია მუშაობა. ოფიციალური შეხვედრებისას მკაცრი, უკარება, საქმიანი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რეალურად სულ სხვა ადამიანი აღმოჩნდა – თბილი, ნაზი, ქალური. ძალიან დამაბნია მისმა გარდასახვამ. ძნელი იყო მასთან სიახლოვის სურვილი არ გასჩენოდა კაცს. ქალი კი არა, საოცრებაა. თან, ძალიან თავისუფალი და ლაღია, არც შენ გზღუდავს.

– თქვენი ცოლი არ არის ლაღი?

– ერთმანეთს ვერ შევადარებ. ძალიან ბევრი რამ ვერ ამოვხსენი მის ხასიათში, ქცევაში. სრულად აკმაყოფილებდა ჩვენი ფარული ურთიერთობა და მეტი არ სურდა.

– ეს ორმაგი თამაში რამ დაგამთავრებინათ?

– როგორ უნდა შეძლო, დაშორდე იმას, ვინც შენთვის ძალიან ძვირფასია და ასე გჭირდება? ასეთი ქალი ჩემი ცოლია. თუმცა, მქონდა მომენტი, როცა ვიფიქრე და გადავწყვიტე, ცოლს დავშორებოდი. როგორც გითხარით, იმ ქალმა არ მოინდომა და კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა.

– ცოლი ვერ ხვდებოდა, რომ თქვენ შორის ვიღაც იდგა?

– ალბათ, ვერა, თორემ ხომ შეეტყობოდა? ან როგორ უნდა მიმხვდარიყო. სულ ვფრთხილობდი და მის მიმართ არც შევცვლილვარ. ახლა მრცხვენია, რომ ვატყუებდი. დანაშაულის გრძნობა მაქვს, მაგრამ სიმართლეს ვერასოდეს გავუმხელ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი