ქალი და კაცი

პირველი თვეები – გრძნობა საკმარისია

№36

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 21.09

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ურთიერთობის პირველი თვეები ყოველთვის რომანტიკით იწყება: პაემნები, ღამის სეირნობები, „მთავარია, ერთად ვართ!“ და მსგავსი ტიპის ფრაზები. მაგრამ, როცა წყვილი ერთად იწყებს ცხოვრებას და სახლში სიცარიელეა – არც ავეჯი, არც პროდუქტები და არც ფული – მაშინ სიყვარული ფერს კარგავს და ცვდება.

ფული შეიძლება, არ იყოს მთავარი, მაგრამ პასუხისმგებლობა ყოველთვის წამოიწევს წინ. თუ ორივე ცდილობს, მაშინ ვალი, ქირა და სირთულეებიც ადვილი გადასატანია. მაგრამ თუ ერთს ყველაფერი მხოლოდ მეორეს ზურგზე გადააქვს, გრძნობა ნელ-ნელა სუსტდება, ბოლოს კი საერთოდ ქრება.

ყველაზე მტკივნეული კითხვა: რა უფრო ძლიერია – გრძნობა თუ გადასახადები?

ფული შეიძლება არ იყოს ბედნიერების წყარო, მაგრამ მის გარეშე ბედნიერება დიდხანს ვერ გაძლებს.

დასასრულს: სიყვარული ფუნდამენტია, მაგრამ თუ მას ვერ ამაგრებ სტაბილურობით, შეიძლება, ქარში ხუხულასავით ჩამოინგრეს.

სიყვარული თუ ოქროს გალია

ამბობენ, რომ სიყვარულს ფასი არ აქვს. მაგრამ როცა ის ძვირად ღირებულ ჩანთებთან, ბრწყინვალე ბეჭდებთან და ფეშენებელურ კურორტებთან ერთად მოდის, კითხვა ჩნდება: სიყვარულია ეს თუ, უბრალოდ, ოქროს გალია.

რეალობაში პრინცი მოდის ბიზნესკლასის მანქანით, ძვირად ღირებული საათითა და მომგებიანი ლატარიის ბილეთით. ერთი შეხედვით, ყველაფერი ზღაპარივით ჩანს, მაგრამ ძალიან მალე აღმოაჩენთ, რომ „ბედნიერება“ პრინცის გვერდით მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ამას თავად გადაწყვეტს.

„მე ყველაფერს გაძლევ, რაც გინდა, მაგრამ შენი თავისუფლება ჩემია“ – ეს არის მისი მორალი.

თუმცა, ოქროს გალიაში ცხოვრება შეიძლება, კომფორტული იყოს:

• საუკეთესო რესტორნები;

• ბრწყინვალე სამკაულები;

• ბრენდული სამოსი;

• მოგზაურობა და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები...

მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ როცა ქალს თავისუფლება აღარ რჩება, ყველაფერი ეს კარგავს ღირებულებას.

ხანდახან ასეთი „პრინცები“ ქალებს „საყვარელ თოჯინებად“ აქცევენ. მაგრამ დაფიქრდით: ნუთუ ეს სიყვარულია თუ, უბრალოდ, ფინანსური გარიგება, რომელიც ფუფუნების ნივთებით არის „გალამაზებული“. საბოლოოდ ოქროს გალიაში სიყვარული ქრება – და რჩება მხოლოდ გალია.

ასე, რომ დაფიქრდით, თქვენ რას აირჩევდით – უსაზღვრო თავისუფლებას უბრალო ცხოვრებაში, თუ კომფორტს და ფუფუნებას ოქროს გალიაში?

ფული და ღალატი

ამბობენ, ღარიბ კაცს უფრო ადვილად ღალატობენო. მითია ეს თუ რეალობა?

მოდი, მივყვეთ ეტაპობრივად:

პირველი მითი: „სიყვარულს ფული არ სჭირდება“ - ამ დროს ფული ყოველთვის არის ძალაუფლებისა და კომფორტის წყარო. ხშირად ქალი (ან კაცი) თავის არჩევანს მიმართავს იქით, სადაც მეტი სტაბილურობაა – სადაც ცხოვრება უფრო მარტივად წარმოუდგენია.

მეორე მითი: „ღალატი მხოლოდ ფულზეა დამოკიდებული“ - არა! ღალატი ემოციების, სურვილებისა და გარემოებების კომბინაციაა. მაგრამ, თუ ფინანსური სიძნელეები ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა, ურთიერთობა სუსტდება, დაძაბულობა მატულობს და შეიძლება, პატარა ნაპერწკალიც დიდ ცეცხლად იქცეს.

მესამე მითი: „ღარიბ კაცს უფრო ხშირად ღალატობენ“ - სტატისტიკა პირდაპირ ამას არ ამბობს, მაგრამ ფსიქოლოგები თანხმდებიან – ფინანსური სტრესი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფაქტორია, რომელიც ურთიერთობის ნგრევას იწვევს.

როცა წყვილს აღარ აქვს საერთო მიზნები და მთელი დრო გადის იმაზე ფიქრში, „როგორ გადავრჩეთ“, სიყვარული ნელდება და სხვა ალტერნატივა მიმზიდველი ხდება.

დიახ, ფული ვერ ჩაანაცვლებს სიყვარულს, მაგრამ ღალატისთვის ნიადაგს რეალურად ქმნის.

სტაბილური ურთიერთობის ფორმულა, ანუ მამაკაცის ხუთი აუცილებელი თვისება:

1. ეკონომიკური პასუხისმგებლობა – არაა აუცილებელი ბევრი ფული, არამედ მნიშვნელოვანია მისი ჭკვიანურად დახარჯვა და დაგეგმვა.

2. გულწრფელობა და კომუნიკაცია – პრობლემებზე თვალის დახუჭვა ზრდის დაძაბულობას. მოსმენა, ემოციის გაზიარება და ერთად გადაწყვეტილებების მიღება ურთიერთობის მყარი ფუნდამენტია.

3. ემოციური მდგრადობა – სტრესი და სირთულეები ყველას ცხოვრებაში ჩნდება. მამაკაცი, რომელიც რთულ სიტუაციებში გონივრულად რეაგირებს, ქმნის უსაფრთხო გარემოს პარტნიორისთვის.

4. მიზანდასახულობა – პარტნიორთან ერთად სამომავლო გეგმების შექმნა აძლიერებს ურთიერთობას. როცა ერთად ხედავთ მომავალს, რთულ პერიოდსაც მშვიდად გადალახავთ.

5. სიყვარული და პატივისცემა ყოველდღიურობაში – არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმეებით. მაგალითად, მადლიერების გამოხატვა ყოველდღიურად ემოციურ სტაბილურობას ქმნის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა