სპორტი

ვის უმალავდა ნათია გადელია ძალოსნობას და როგორ მოიპოვა მან მსოფლიოს ჩემპიონობა ტრავმირებული მუხლებით

№18

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 11:00 10.05, 2022 წელი

ნათია გადელია
დაკოპირებულია

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ნათია გადელია ძალოსნობით თანაკლასელების დამსახურებით დაინტერესდა და მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც და გარშემო მყოფებიც ფიქრობდნენ, რომ მომავალში მისგან კარგი მომღერალი დადგებოდა, დღეს მთელ საქართველოს სპორტული მიღწევებით ახარებს.

ნათია გადელია: სპორტსმენობა ყოველთვის მინდოდა. ძალოსნობის იდეა კი ჩემი თანაკლასელებიდან გამომდინარე დამებადა – ჩემს კლასში ექვსი ბიჭი დადიოდა სპორტის ამ სახეობაზე. ერთ დღეს ძალიან დამაინტერესა და დარბაზში გავყევი. მაშინ 10 წლის ვიყავი, თუმცა სპორტის ამ სახეობაში ვარჯიში მხოლოდ სამი-ოთხი წლის შემდეგ გადავწყვიტე. თავიდანვე მომეწონა, მაგრამ მაშინ მუსიკა, სკოლა და კიდევ ბევრი რამ მიტაცებდა, ამიტომ გადაწყვეტილების მისაღებად დრო დამჭირდა.

– როგორ გახდა თქვენს კლასში სპორტის ეს სახეობა ასეთი პოპულარული?

– ჩვენს სოფელში, ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, სპორტის ამ სახეობას საინტერესო ტრადიცია აქვს. აქ ბევრი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გაიზარდა, ასევე, ოლიმპიადის მონაწილეც. არაერთი გამარჯვება მოიპოვა ჩემმა კლასელმა გურამ ვეკუამაც.

– მუსიკა ახსენეთ, რა ინტერესები გქონდათ სპორტამდე?

– მუსიკა ძალიან მიყვარდა. ბავშვობაში ჩემთვის რომ ეკითხათ, რა გამოხვალ, რომ გაიზრდებიო, ვეტყოდი, რომ მომღერალი-მეთქი. მიყვარდა ფორტეპიანოც, ფანდურიც. გუნდის ერთ-ერთი სოლისტი ვიყავი და მეც და გარშემო ყველა ფიქრობდა, რომ მუსიკას გავყვებოდი. ისე, სპორტული ოჯახი მაქვს. ძმა, მამა, ბაბუა – ყველანი ძიუდოისტები იყვნენ. ჩემი ერთ-ერთი ინსპირაცია ჩემი ძმა იყო. სპორტი მან შემაყვარა. სულ ვარჯიშობდა და კარგ ფორმაში იყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, სამწუხაროდ, სპორტს დაემშვიდობა.

– მიღწევებით სამივეს გაუსწარით?

– კი (იცინის). ისინი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან.

– როგორ მოხდა გარდატეხა და მუსიკასთან გამომშვიდობება?

– უეცრად. ჩემმა თანაკლასელებმა გადამაწყვეტინეს, რომ სპორტს გავყოლოდი და კონკრეტულად ამ სახეობას. ნაზი და სიფრიფანა არასდროს ვყოფილვარ, სპორტულ აქტივობებში ყოველთვის ვიყავი ჩართული, ფეხბურთსაც ვთამაშობდი, მაგრამ ძალოსნობა მაინც სხვა არის, ფიზიკურად მძიმე სახეობაა.

– გოგოსგან როგორ მიიღეს ეს გადაწყვეტილება?

– ამის გამო დასთან მქონდა პატარა კონფლიქტი. ათი წლით უფროსია და ჩემზე დიდი გავლენა აქვს. არ უნდოდა, რომ ძალოსანი გავმხდარიყავი. სულ მეუბნებოდა, რატომ ასეთი მძიმე სახეობა, როცა კალათბურთი, ფრენბურთი ან სხვა არსებობსო. მე ისინიც მაინტერესებდა. თუმცა, საბოლოოდ, არჩევანი ამაზე შევაჩერე და ჩემმა დამ 3-4 თვე არც იცოდა, რომ დარბაზში დავდიოდი, მისგან ჩუმად ვვარჯიშობდი. დედა ძალიან მეხმარებოდა (იცინის). ჩემი დისაც მესმის. მოგეხსენებათ, მამაკაცებისთვისაც მძიმეა ეს სპორტი და ქალებისთვის – მით უმეტეს.

– როგორი იყო პირველი ნაბიჯები და წარმატება?

– ჩემი პირადი მწვრთნელი – ბეჟან ჭიჭინაძე, მართლაც არ იშურებდა ენერგიას ჩემთვის. ყველაფერს აკეთებდა, რომ ყოველდღე მევარჯიშა. სახლშიც თვითონ დავყავდი, რომ ფეხით არ მევლო, რადგან დარბაზი ჩვენგან შორს არის. პირველივე შეჯიბრებაზე გავიმარჯვე. მაშინ ვარჯიში ოთხი თვის დაწყებული მქონდა. მწვრთნელი ჩემზე მეტად იყო მონდომებული, მეუბნებოდა, რომ დიდი შტანგის აწევა შემეძლო და მეც ყველაფერს ზედმიწევნით ვასრულებდი, რასაც ის მეუბნებოდა და მივიღე ის შედეგი, რაც ჩემს ასაკში ყველა სპორტსმენს დააკმაყოფილებს.

– ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობა... გჯეროდათ, რომ ამის მიღწევას შეძლებდით?

– პატარა წარმატებას რომ აღწევ, მერე იმასაც გაივლებ გულში, ნეტავ, მსოფლიოს ჩემპიონი გავხდეო და ყველაფერს აკეთებ ამ შედეგის მისაღწევად. ეს ყოველდღიურ, დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. თუმცა, ჩემს კარიერაში იყო ერთი ძალიან დასანანი მარცხი. ეს იყო ევროპის ჩემპიონატზე 15 წლამდელებში, რაც არასდროს მავიწყდება. ის მარცხი ძალიან რთული იყო. რაღაც შეცდომები დავუშვი, პრაქტიკაც ნაკლები მქონდა. ამან ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად იმოქმედა. მას შემდეგ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი, მაგრამ დღე არ გავა, რომ ეს არ გამახსენდეს. თუმცა, ძალა მოვიკრიბე და ასპარეზობა გავაგრძელე. დავამტკიცე, რომ ის შეცდომა იყო და მეტი არაფერი. რაც უნდა მოხდეს, საკუთარი თავის უნდა გწამდეს, ამ დროს სხვა ვერაფერი დაგეხმარება.

– თუმცა, მერე საკუთარი მარცხი დაამარცხეთ, ევროპაც მოიგეთ და მსოფლიოც.

– ევროპის ჩემპიონობა საერთაშორისო ასპარეზზე ჩემი პირველი წარმატება იყო. სამი ოქროს მედალი ავიღე, უბედნიერესი ვიყავი, ძალიან კმაყოფილი, მაგრამ ეს კმაყოფილება იმ წუთებში უნდა დატოვო და წინსვლა გააგრძელო. არ უნდა მოდუნდე. ძალიან მალე, ერთ თვეში, გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი საუდის არაბეთში. ევროპის ჩემპიონატიდან მოყოლებული, მუხლის ტრავმა მაწუხებდა – ორივე მუხლზე ანთება მქონდა. შეჯიბრებამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი, ვერ ვივარჯიშეთ, სამწვთნელო პროგრამიდან ამოვვარდი. არ ვიყავი ისეთ ფორმაში, როგორიც საჭირო იყო. თუმცა, ძალა მოვიკრიბე და გამოგვივიდა. ფსიქოლოგიური მდგომარეობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს რომ არა, იმ დღეს ვერ გავიმარჯვებდი. ასეთ მდგომარეობაში რომ შევძელი გამარჯვება, ეს ძალიან დიდი სიხარული იყო. ცრემლებიც ვერ შევიკავე. ახლა ახალი მიზნები მაქვს – შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადები, რომელიც მაისში გაიმართება და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. ყველა სპორტსმენის ოცნება და მათ შორის ჩემიც, ოლიმპიური ჩემპიონობაა და ამისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ.

– როგორც ვიცი, აფხაზეთიდან ხართ, როგორია თქვენი ოჯახის ისტორია?

– ჩემი მშობლები ჩემს დაბადებამდე აფხაზეთში ცხოვრობდნენ. ძალიან ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, მაგრამ ომის გამო დატოვეს საკუთარი სახლ-კარი და ცხოვრება ნულიდან დაიწყეს. ომის შემდეგ საცხოვრებლად ზუგდიდში გადმოვიდნენ. აფხაზეთი ჩემი ოჯახისთვის უზარმაზარი ტკივილია. დედაჩემის ოჯახი დღესაც აფხაზეთში ცხოვრობს. მათ ტელეფონით ვეკონტაქტებით, ვერ გადავდივართ. ცოტა ხნის წინ ბებია გარდაგვეცვალა, ერთი წლის შემდეგ – ბაბუა და დასატირებლადაც კი ვერ ჩავედით. მყავს ბიძაშვილები, რომლებსაც მხოლოდ ტელეფონით ვიცნობ. ისინი ქართული მენტალიტეტით იზრდებიან და ყველაფერი კარგად იციან. ჩვენი სოფლიდან რომ გადავიხედავთ, აფხაზეთი მოჩანს. ძალიან ემოციურია, როდესაც აფხაზეთიდან ხარ, მაგრამ იქ ვერ ჩადიხარ, რადგან ვიღაცის გაუმაძღარი საქციელის გამო სახლი დაკარგე. ეს ჩვენი მძიმე რეალობაა და იმედი მაქვს, აფხაზეთში აუცილებლად დავბრუნდებით. ეს ჩემი ფესვებია, რომელიც არასდროს დამავიწყდება და ამის გათვალისწინებით, ორმაგად საპასუხისმგებლოა ჩემი ასპარეზობა მსოფლიო მასშტაბით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა