სპორტი

როგორ დაუმტკიცა სანდრო ბაზაძემ მსოფლიოს, რომ ოლიმპიური მედალი ნამდვილად ეკუთვნოდა

№4

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 01.02, 2022 წელი

სანდრო ბაზაძე
დაკოპირებულია

„ის უკვე ლეგენდაა ქართული ფარიკაობისთვის!“ – ასეთი შეფასება მოჰყვა სანდრო ბაზაძის გამარჯვებას. ის პირველი ქართველია, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო და მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზე დაწინაურდა.

სანდრო ბაზაძე: პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ შეჯიბრება ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა და ყველაფერი ძალიან მაგრად იყო ორგანიზებული, რისთვისაც მადლობა ფარიკაობის ფედერაციას. ამ შეჯიბრებისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი, რადგან ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო იყო ზუსტად იმიტომ, რომ საქართველოში ტარდებოდა. მაქსიმალურად ვიყავი კონცენტრირებული და ჩემი თავის იმედი მქონდა, რადგან ბევრი ვიშრომე. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ოქროს მედალი მოვიპოვე და ჩემი ერი გავახარე.

– თუმცა, ეს არ არის გამარჯვება, რომელიც მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან თქვენი მიღწევების ლოგიკური გაგრძელება იყო.

– კი, ასეა. უკვე ძალიან დიდი ხანია, ამ სპორტში ვმოღვაწეობ და შედეგებს ყოველ წელს ვაჩვენებ. ცოტა ხნის წინ გამართული ოლიმპიური თამაშების შემდეგ ამ შეჯიბრებაში გამარჯვება ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანი იყო. მინდოდა, ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ მე ეს შემეძლო. ოლიმპიურ თამაშებზე ცუდი რამ შემემთხვა – მსაჯების არაკომპეტენტური გადაწყვეტილების გამო დავიჩაგრე. საბედნიეროდ, 2022 წელი გამარჯვებით დავიწყე და ეს რეიტინგშიც ძალიან დამეხმარა, საგრძნობლად წინ გადავიწიე და ახლა მსოფლიო რეიტინგში მესამე პოზიციაზე ვიმყოფები. ასეთი პატარა ქვეყნიდან რომ მსოფლიოში მესამე ადგილი გაქვს, ეს არა მარტო ჩემთვის, ჩემი აზრით, ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და მაბედნიერებს. საკუთარი თავისგან კიდევ უფრო მეტს ვითხოვ და ამ სეზონის ბოლომდე მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ პირველ ადგილზე გადავინაცვლო.

– რაც შეეხება ოლიმპიადას, ძალიან დიდი მოლოდინი გვქონდა და ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ ლოგიკურად უნდა დასრულებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა. რა მოხდა?

– ოლიმპიური თამაშები სპორტსმენისთვის უმაღლესი რანგის შეჯიბრებაა. ხუთი წელი ველოდებოდი ამ შესაძლებლობას. მაქსიმალურს ვაკეთებდი, ასაკიც ისეთი მქონდა, როცა სპორტსმენს საუკეთესო შედეგის ჩვენება შეუძლია, ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავი და საერთო ჯამში, ოლიმპიურ თამაშებზე მართლა ძალიან მაგარ ფორმაში წავედი. ყველაფერი ისე მიმდინარეობდა, როგორც მე მსურდა, მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ წამაგებინეს. ძალიან ულამაზო იყო ეს ფაქტი. მერჩივნა, სამართლიანად დავმარცხებულიყავი, ვიდრე ასეთი რამ მომხდარიყო. თვითონ კი არა, მთელი მსოფლიო მიხვდა, რამდენად „ღირსეულად“ მოიგო ჩემმა მეტოქემ. ორთაბრძოლის შემდეგ ჩემთან მოვიდა და კომპლიმენტივით მითხრა, ამას არ გააკეთებდა, თავი რომ უხერხულად არ ეგრძნო. ამან უფრო გამაღიზიანა. საბოლოო ჯამში, მსაჯი დაისაჯა, დღეს ის აღარ მსაჯობს, მაგრამ ამით ჩემთვის არაფერი შეცვლილა, მედალი მე არავინ დამიბრუნა.

– იმის განცდა, რომ ოლიმპიური თამაშები შენ გეკუთვნოდა, მაგრამ ასეთი უსამართლობა მოხდა, ალბათ, ძალიან რთულია და უფრო რთული, ამის შემდეგ ჩვეულებრივად გაგრძელებაა.

– ეს ნამდვილად ყველაზე რთულია. გამიჭირდა ამ აზრთან შეგუება. დიდი სტრესია ეს ყველაფერი. ძალიან რთული პერიოდი მქონდა და დაბრუნებაც გამიჭირდა, მაგრამ შევძელი და შედეგი, რომელიც ახლა ვაჩვენე, გარკვეულწილად, ოლიმპიადაზე მომხდარით არის განპირობებული. მინდოდა, მთელი მსოფლიოსთვის დამენახვებინა, რომ მედალი მე მეკუთვნოდა და მას დამსახურებულად ვიღებდი. ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ ამის დამტკიცება შევძელი და ოლიმპიური თამაშების შემდეგ პირველივე შეჯიბრებაზე ოქროს მედალი მოვიპოვე.

– მაშინ ამბობდით, დაბრკოლებები ხშირად მხვდება ამ გზაზეო, სხვა დროსაც შეჯახებიხართ უსამართლობას?

– ბევრჯერ და ოლიმპიურმა თამაშებმა დააგვირგვინა. პატარა ქვეყანას სათანადოდ არ უყურებენ, აბუჩად იგდებენ, მაგრამ ახლა უკვე შიშით მიყურებენ. ამჯერად ვეღარაფერი მომიხერხეს, თბილისში ყველას სუფთად მოვუგე. დარწმუნებული ვარ, რაღაც მომენტი რომ ჰქონოდათ, გამოიყენებდნენ, მაგრამ არ მივეცი ამის საშუალება. ჩემი მთავარი მიზანიც ეს არის, არ უნდა მივცე საშუალება, რომ მსგავსი რამ კიდევ გააკეთონ.

– თუმცა, სამომავლოდ ჩვენი სპორტსმენებისთვის გზა გაკვალულია.

– კი და ძალიან მაბედნიერებს იმის გააზრება, რომ ამაში რაღაც წვლილი მე მიმიძღვის.

– პირადად თქვენთვისაც, მგონია, რომ მოჯადოებული წრე გაირღვა.

– ნამდვილად ასეა, უკვე ყველაფერს სხვანაირად უყურებენ და ანგარიშს მიწევენ. გრძნობენ, რომ ამ სპორტში ჩვენი ქვეყანა უკვე ძლიერია, ერთ-ერთი გამორჩეული და პატივსაცემია.

– ძალიან სასიამოვნოა შეფასებები, რომელიც მიიღეთ, ჩვენი ქვეყნის ლეგენდად გაღიარეს. როგორია მდგომარეობა სპორტის ამ სახეობაში საქართველოში?

– ძალიან გვეხმარება სპორტის სამინისტრო, მათი მადლობელი ვარ. სპონსორებიც ძალიან გვეხმარებიან ორგანიზებაში. იზრდება ამ სპორტის პოპულარობაც. შედეგები მანამდეც ბევრი მქონდა, სამგზის ევროპის ჩემპიონი ვარ, თუმცა ოლიმპიური თამაშების შემდეგ უფრო გამიცნო ხალხმა, გაიგეს, რომ სპორტის ეს სახეობა არსებობს საქართველოში და წარმატებული სპორტსმენებიც გვყავს. შესაბამისად, დაინტერესებაც გაიზარდა ბავშვების მხრიდან, ამ პროცესს ეს გამარჯვებაც შეუწყობს ხელს.

– გაქვთ შემოთავაზებები სხვა ქვეყნებისგან?

– ნამდვილად ბევრი ქვეყნისგან მქონდა შემოთავაზება – ამერიკა, რუსეთი და ასე შემდეგ, მაგრამ აქ ვარ და აქ ვრჩები. მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა. მირჩევნია, საკუთარი ქვეყნის სახელით გავიმარჯვო და ბევრჯერ ვასახელო ჩემი პატარა ქვეყანა. უაღრესად ბედნიერი ხარ, როდესაც პატარა ქვეყნის წარმომადგენელი შენ ჰიმნს უსმენ.

– როგორ დაიწყო ყველაფერი, როგორია ბაზაძეების ოჯახის როლი სპორტის ამ სახეობის განვითარებაში?

– მამა იყო მოფარიკავე, წარმატებული სპორტსმენი. ცოტა ახალგაზრდამ დაანება თავი, რადგან მაშინ ძალიან ცუდი პერიოდი იყო, მაგრამ შემდეგ დაუბრუნდა სპორტს და მწვრთნელობა დაიწყო. ჩემი ძმა და სხვა ნათესავებიც დადიოდნენ სპორტის ამ სახეობაზე. მეც დამაინტერესა და ნელ-ნელა შევყევი. 14 წლის ვიყავი, როცა ფარიკაობაზე მოვედი, გვიან ასაკს ეძახიან, მაგრამ არ გამოდგა გვიანი და ნამდვილად არ ვნანობ, რომ ეს სპორტი ავირჩიე. მანამდე ფეხბურთზე დავდიოდი, ცოტა ხანი კრივზეც, ფეხბურთი მომწონდა და კარგადაც გამომდიოდა, მაგრამ ჩემი აზრით, სწორი არჩევანი გავაკეთე. მამა ახლა ფედერაციის პრეზიდენტია. მას უდიდესი შრომა აქვს ჩემში ჩადებული და ჩემზე ბედნიერია, როცა მე ასეთ შედეგებს ვაღწევ. ახლა უკვე ბევრზე ზრუნავს და ძალიან ცდილობს, თითოეულ სპორტსმენს მაქსიმალური გაუკეთოს და ეს სპორტი განავითაროს ჩვენს ქვეყანაში. ძმაც მოქმედი სპორტსმენია, ძალიან ძლიერი და მონდომებული. დიდი იმედი მაქვს, გუნდურში ერთად ბევრს მივაღწევთ.

– რა ხდება სპორტს მიღმა ცხოვრებაში?

– იმდენ დროს ვუთმობ სპორტს, სხვა რამისთვის აღარ მრჩება. ხანდახან საქართველოში თვეობით არ ვარ, ვარჯიშისთვის ძალიან დიდი დრო მჭირდება – ეს რთულია, მაგრამ როცა შესაძლებლობა მაქვს, ძალიან ვცდილობ, დრო მეუღლესთან და შვილთან ერთად გავატარო.

– შვილი რამხელაა?

– დაჩი სამი წლისაა. მამის გულშემატკივარია, სხვათა შორის, ახლა დარბაზში ჰყავდათ მოყვანილი და ძალიან მგულშემატკივრობდა, მეძახდა: მიდი, მამა, მოუგეო და ეს ჩემთვის მართლა ძალიან დიდი მოტივაცია იყო, ჩემს გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი მან შეიტანა.

– როგორია თქვენი ოჯახის ცხოვრება ამ დატვირთული რეჟიმის ფონზე?

– თავიდან, შეყვარებულობის დროს, სულ საქართველოში ვიყავი. მეუღლე მეუბნება, სანამ ცოლად გამოგყვებოდი, მაშინ უფრო ხშირად გნახულობდიო. ახლა სულ შეჯიბრებია, შეკრებები და მართლა იშვიათად ვხედავთ ერთმანეთს. თუმცა, საოცრად მეხმარება, ყველაფერში გვერდში მიდგას და მისი ძალიან მადლიერი ვარ. განსაკუთრებული გულშემატკივარია, ჩემს კარიერაში თვითონაც ჩართულია და ცდილობს, ბევრს მივაღწიო. ამ შეჯიბრების ორგანიზებაშიც გვერდით დაგვიდგა. ბიზნესადმინისტრირება აქვს დამთავრებული, მაგრამ ახლა მაგისტრატურა დაამთავრა მენეჯმენტისა და პიარის მიმართულებით და ჩვენს ფედერაციას ძალიან ეხმარება ორგანიზაციულ ამბებში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი