სპორტი

ამირან გოგოლაძე: მებრძოლების 99 პროცენტი ამ შეხვედრას შეწყვეტდა, ამ შემთხვევაშიც მე მომენიჭებოდა გამარჯვება, მაგრამ ასეთი გამარჯვება არაფერში მჭირდებოდა

№45

ავტორი: ეთო ხურციძე 16:00 13.11, 2023 წელი

ამირან გოგოლაძე
დაკოპირებულია

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, OKTAGON 47-ის ივენთზე, ქართველმა მებრძოლმა, ამირან გოგოლაძემ, პოლონელი მეტოქე, ლუკაშ სივიეცი დაამარცხა. ბრძოლა გოგოლაძის დომინაციით წარიმართა და მსაჯებმა სამივე რაუნდში გამარჯვება სწორედ მას მიანიჭეს. ბრძოლის დასრულების შემდეგ, სპორტსმენმა ემოციურად მიმართა ქართველ გულშემატკივრებს და ოჯახის წევრებს: „მიყვარხარ, ჩემო ოჯახო, მიყვარხარ, ჩემო საქართველო!” როგორც მან ინტერვიუს დროს გვითხრა, მისთვის ყველაზე დიდი მოტივაცია ოჯახი და საკუთარი ქვეყანაა.

ამირან გოგოლაძე: ბორჯომის რაიონ ის სოფელ დგვარში დავიბადე 1997 წლის 9 დეკემბერს. ჩემი ბავშვობა და ზოგადად, ყველაზე ტკბილი წლები ამ სოფელს უკავშირდება. იქ ვსწავლობდი მე-7 კლასამდე. შემდეგ მთელი ოჯახი რუსთავში გადავედით საცხოვრებლად, თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა და ერთი წლის შემდეგ სოფელში მოგვიწია დაბრუნება. რაღაც დროის მერე მამიდასთან წავედი ახალციხეში და იქ გავაგრძელე სწავლა – ახალციხის პირველი სკოლა მაქვს დამთავრებული. მალევე დავიწყე ვარჯიშიც და ჩემი სპორტული კარიერაც სწორედ ახალციხეში დაიწყო.

–ესე იგი, ბავშვობიდან გამოჩნდა სპორტი თქვენს ცხოვრებაში. თავიდან რომელ სპორტის სახეობაში ვარჯიშობდით?

– ყოველთვის აქტიური ბავშვი ვიყავი და სულ ვფიქრობდი სპორტსმენობაზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სოფელში არ იყო სპორტის წრეები, სადაც ვარჯიშს შევძლებდი, პატარა ასაკიდან სპორტით დაკავება ვერ მოვახერხე. იყო შემთხვევები, როცა სოფელში ვიღაც მოვიდოდა, დავიწყებდით ვარჯიშს, თუმცა მხოლოდ ტრენერის გაცნობას ვასწრებდით და წრე ისევ იხურებოდა. უშუალოდ სპორტი ჩემს ცხოვრებაში 14 წლის ასაკში შემოვიდა. მანამდე ინტერნეტით ვნახე MMA-ის ბრძოლები, საიდანაც გამიჩნდა ინტერესი, რომ უბრალოდ, შევსულიყავი დარბაზში, ხელთათმანები ჩამეცვა და შემესწავლა სპორტის ეს სახეობა.

– რატომ MMA?

– ალბათ, იმიტომ რომ ინტერნეტში ნანახმა ბრძოლებმა დიდი ინტერესი გამიჩინა. იმ დროისთვის ყველაზე პოპულარული სპორტსმენი ფიოდორ ემელიანენკო იყო და მისი ჩხუბის ნახვის შემდეგ მოვიხიბლე სპორტის ამ სახეობით, უნივერსალური მებრძოლი იყო და მომწონდა მისი ჩხუბის სტილი. თან, მაშინ ყველა მასზე საუბრობდა. სწორედ ეს ადამიანი გახდა ჩემი ვარჯიშის დაწყებისა და ამ სპორტის შეყვარების ერთ-ერთი მიზეზი.

– რომელი იყო თქვენი პირველი წარმატება და რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ?

– წარმატებად, პირველ რიგში, ვთვლი იმას, რომ მოვახერხე ჩემი თავის პოვნა სპორტის ამ სახეობაში, რაც გახდა ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილი. ეს არის საქმე, რომელიც უნდა გავაკეთო მთელი ცხოვრების განმავლობაში, სანამ ამას შევძლებ. ალბათ, პირველ ოქტაგონში შესვლა და გამარჯვება ყველაზე დიდი წარმატება იყო, რადგან ამ ბრძოლის შემდეგ მოვიწამლე ამ სპორტით. რაც შეეხება სირთულეებს, დიდი კონკურენციაა და ბევრი ტრავმა. ხელის შემშლელი ფაქტორებიც ბევრია, რადგან საქართველოში MMA ახლა ყალიბდება და ვითარდება.

– რა გზა გაიარეთ წარმატებამდე?

- პროფესიონალებსა და მოყვარულებში, ჯამში, 25 ბრძოლა მაქვს ჩატარებული. პროფესიონალურ რეიტინგში 18 ბრძოლა მიწერია, აქედან 16 გამარჯვება მაქვს. ჩემი დიდი წარმატება იყო M1 ორგანიზაციაში ჩატარებული და მოგებული ოთხი ბრძოლა. სახელი მოვიხვეჭე, მაგრამ მოხდა ისე, რომ დიდი პრობლემების გამო ორგანიზაციამ შეწყვიტა არსებობა. არადა ისეთ ეტაპზე ვიყავი, მსოფლიოს ჩემპიონის ქამარზე უნდა მქონოდა ბრძოლა. შემდეგ განვაგრძე შეხვედრები, სამი ბრძოლა მოვიგე ზედიზედ და მსოფლიოს ჩემპიონის ქამარიც მოვირგე, თუმცა, ერთ-ერთ დიდ წარმატებად მიმაჩნია ის, რომ შევძელი ჩემი ოცნების სისრულეში მოყვანა – მოვხვდი UFC-ის დარბაზში. მართალია, ბრძოლის დროს მხარი ამომივარდა, მაგრამ ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ იმ პატარა სოფლიდან, იმ პატარა ადგილიდან დაწყებული ოცნების ასრულება შევძელი.

– ბოლო გამარჯვებაზე რას იტყვით, რამდენად რთული ბრძოლა იყო?

– ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესი ბრძოლა იყო, რადგან ძალიან ძლიერ მეტოქესთან ჩავატარე – სტილისტურად არ ვემთხვეოდით ერთმანეთს. ის იყო მოჭიდავე, მე – დგომის მებრძოლი. ბრძოლის დროს სამი არალეგალური დარტყმა მომაყენა, რის გამოც გაფრთხილება მისცეს. ერთ-ერთი ძალიან ძლიერი დარტყმა იყო და დიდი ტკივილი განვიცადე. ჩემი აზრით, მებრძოლების 99 პროცენტი ამ შეხვედრას შეწყვეტდა, მაგრამ იმ ყველაფერმა, რა უიღბლობებიც მანამდე გავიარე, გონებაში ჩამიარა და ვერ დავუშვი ბრძოლის დასრულება. ამ შემთხვევაშიც მე მომენიჭებოდა გამარჯვება, მაგრამ ასეთი გამარჯვება არაფერში მჭირდებოდა. ვგრძნობდი, ბოლომდე შემეძლო და არ მივეცი ჩემს თავს დანებების უფლება. მიმაჩნია, რომ ჩემს კარიერაში ყველა ბრძოლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ძლიერ მეტოქესთან მომიწია დაპირისპირება.

– ტრავმები ხშირად გქონიათ?

– ბევრი ტრავმა მქონია: მუშტის მოტეხვა ბრძოლაზე, მხარის ამოვარდნა... ამ ეტაპზეც ტრავმა მაქვს, ბოლო კვირაში ფეხი დამიზიანდა და უშუალოდ ბრძოლის დროს რამდენიმე დარტყმა მომხვდა. რეაბილიტაციას გავდივარ, შემდეგი ბრძოლისთვის რომ მოვემზადო. მსგავსი სახეობის სპორტში ყველაზე დიდი სირთულე მაინც ტრავმებია.

– ოჯახის წევრებისთვის რთული იქნება ეს ყოველივე, განსაკუთრებით დედასა და მეუღლისთვის.

– რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებისთვის ძალიან რთულია ამ ყველაფრის ნახვა, მით უმეტეს, როცა ტელევიზიით უყურებ. დედაჩემი პირდაპირ არასდროს უყურებს ჩემს ბრძოლებს. როცა დავამთავრებ ჩხუბს, მაშინ იგებს შედეგს ოჯახის წევრებისგან და მერე ნახულობს. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ერთი წელია, რაც დავქორწინდით, ოთხი წელი ვიყავით შეყვარებულები და მიეჩვია ამ ყველაფერს, თავადაც უშუალოდაა ჩართული მომზადების ყველა პროცესში. მიეჩვია იმასაც, რომ ეს ტრავმები ჩემი პროფესიის თანამდევია.

– ბოლო გამარჯვების შემდეგ ემოციურად მიმართეთ ოჯახის წევრებს და გულშემატკივრებს. რა არის თქვენი მოტივაცია?

– პირველ რიგში, ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია არის ჩემი ოჯახი და ჩემი ქვეყანა. ბრძოლაზე გასვლის დროს თავში მიტრიალებს, რომ ჩემი გამოსვლის შემდეგ, ჩემი ოჯახის წევრების სახეზე მინიჭებული ბედნიერება დავინახო. ეს არის ის, რის გამოც ამ საქმეს ვაკეთებ. ასევე, ჩემი ქვეყანა და ჩემი დროშა. ამ ყველაფერზე ფიქრი აღვიძებს ჩემში იმ ცხოველს, რომელსაც უშუალოდ ოქტაგონზე გამოვუშვებ ხოლმე, ეს მაძლიერებს და მაძლევს გამარჯვების ძალას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი