როგორ მიაღწია ევროპულ რაგბიში წარმატებას დავით გიგაურმა და როგორია ამერიკაში მისი სამომავლო გეგმები
ავტორი: ნათია უტიაშვილი 17:16 17.03, 2023 წელი
დავით გიგაური პროფესიონალი რაგბისტია. ის ძალიან წარმატებულად თამაშობდა არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ რაგბის თამაში მოგვიანებით დაიწყო, მას პირველივე გამოჩენისთანვე დიდ მომავალს უწინასწრმეტყველებდნენ და მართლაც, დავითმა მალევე მიაღწია სერიოზულ წარმატებებს. ის არაერთხელ გახდა ჩემპიონი როგორც ეროვნულ ნაკრებში, ასევე რუმინულ და ფრანგულ კლუბებში თამაშისას. დღეს დავითი თავისი სპორტული კარიერის გაგრძელებას ამერიკაში გეგმავს – სურს საკუთარი ნიჭი და უნარები ამერიკულ რაგბის მოახმაროს.
დავით გიგაური: სპორტით ბავშვობიდან ვიყავი დაკავებული და ზოგადად, ძალიან აქტიური და სპორტული ვიყავი. რაგბით ცოტა მოგვიანებით, 17 წლის ასაკში, დავინტერესდი. ჩემი პირველი კლუბი „ჯვაროსნები“ იყო. ამ გუნდში, დაახლოებით, წელიწად-ნახევარი ვითამაშე და შემდეგ უკვე გადავედი ნახევრად პროფესიონალებში. საკმაოდ მალე განვვითარდი, სწრაფად შევიძინე ის უნარები, რაც პროფესიონალ რაგბის სჭირდება და მალევე ამიყვანეს უმაღლესი ლიგის გუნდში. იმ პერიოდში ჩემს ყველაზე დიდ წარმატებად მაინც იმ ფაქტს მივიჩნევ, რომ ასაკობრივი გუნდში თამაშის დაწყებიდან ნახევარ წელში დამიძახეს ასაკობრივ ნაკრებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის – ნაკრებში მოხვედრა ჩემი ასაკისთვის დიდი წარმატება იყო. ზოგადად, ჩემს შემთხვევაში წარმატებები ძალიან სწრაფად მოვიდა, რადგან მალევე ამიყვანეს უმაღლესი ლიგის გუნდში – „არმიაში“. გუნდი ახალი თაობისგან იყო დაკომპლექტებული და ჩვენი მაშინდელი შედეგი საკმაოდ კარგი იყო. ამ გუნდში თამაშმა ბევრი ახალი და საჭირო უნარი შემძინა, რაც მთავარია, გამიხსნა გზა ევროპული რაგბისკენ. ყველაზე მთავარი თვისება კი, რაც რაგბიში შევიძინე იყო გუნდურობა, მეგობრობა. რაგბის ვერ ითამაშებთ, თუ ერთმანეთს გვერდში არ დაუდგებით: მოთამაშეებს ერთმანეთთან აახლოებს და ძმურ ურთიერთობას აყალიბებს, რაც ცხოვრებაშიც ძალიან გადგება.
– მოგვიყევი შენი ევროპული კარიერის შესახებ.
– ჩემი ევროპული კარიერა უმაღლესი ლიგის გუნდში ყოფნით დაიწყო. უმაღლესი ლიგის თამაშებს უყურებენ როგორც ქართველი, ასევე ევროპელი აგენტები, რომლებიც აკვირდებიან მოთამაშეებს და შემდეგ არჩევენ. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში. ჩემით თამაშების პერიოდში დაინტერესდნენ, მოვეწონე, შემარჩიეს, დამიკავშირდნენ აგენტები და მათი დახმარებით მოვხვდი რუმინულ კლუბ „ჩესემე ბუქარესტში“. საკმაოდ ძლიერი გუნდია, ჩემპიონატზე ძირითადად პირველ-მეორე ადგილზე გადიან. რუმინეთში 2017 წელს ჩავედი, ნახევარი სეზონი გასული იყო და მეორეზე დავემატე. საკმაოდ ბევრი თამაში მომიწია და 2017 წელსვე გავხდით „ქინგს ქაფის“ ჩემპიონები, რომელიც ძალიან სერიოზული და დიდი ჩემპიონატია რუმინეთში. ჩემპიონები გავხდით შემდეგ წელსაც, 2018-ში. ამ ორმა ჩემპიონატმა უფრო კარგად წარმოაჩინა ჩემი შესაძლებლობები, საქართველოდანაც შემამჩნიეს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დამიძახეს. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა. როდესაც ასაკობრივ ნაკრებში დამიძახეს და თავიდან ვერ გავიაზრე, რა მოხდა, ამ შემთხვევაშიც ასე იყო: ვარჯიშებზე რომ ჩავედი, მერე გავიაზრე ყველაფერი და ვფიქრობ, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი მოვლენა იყო. ნაკრებთან ერთად, სამი წლის განმავლობაში, ზედიზედ, მოგებული მაქვს ევროპის ჩემპიონატი და ორჯერ ანთიმოზ ივერიელის თასი.
– როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში ყველაზე ხშირად შენს სიძლიერეს უსვამენ ხაზს.
– კი, ასეა. ძირითადად გამოყოფდნენ ჩემს სიძლიერესა და აგრესიას, ეს ორი ასპექტი იყო წარმოჩინებული. სხვათა შორის, რუმინეთში ორი ჩემპიონატის შემდეგ წარმატება და პოპულარობაც წამოვიდა. მომიწია ჟურნალისტებთან ურთიერთობა. ინტერესდებოდნენ ჩემით. მახსოვს, რამდენიმე რაგბისტი პოპულარულ კულინარიულ შოუშიც მიგვიწვიეს, როგორც შემფასებლები. კარგად გავერთეთ, ვიხალისეთ, კარგი გადაცემა იყო. უცხო ქვეყნის პოპულარულ შოუში რომ გეძახიან, რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელია. რუმინეთში ორი წელი ვითამაშე, სამჯერ ავიღეთ თასი და შემდეგ უკვე საფრანგეთში მიმიწვიეს. კლუბს, სადაც ვთამაშობდი, „კოლომიე“ ჰქვია, პროფესიონალური კლუბია. ერთი წელი ვითამაშე. პირველ ეტაპზე სირთულეს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ფრანგული არ ვიცოდი. შესაბამისად, ცოტა გამიჭირდა თანაგუნდელებთან კონტაქტის დამყარება. თუმცა, კლუბში დღესაც თამაშობს და მაშინაც თამაშობდა ქართველი ბიჭი, ბექა შეყლაშვილი და მისი დახმარებით რამდენიმე თვეში შევძელი ბიჭებთან და მწვრთნელებთან დაახლოება. ამ კლუბში თამაშის დროს კოვიდის პერიოდი დაემთხვა. თავად კლუბი ძველია, მაგრამ ახალი მოთამაშეები ჰყავდა შეკრებილი. ამის მიუხედავად, იმ წელსვე მაღალი შედეგი დავდეთ, საფრანგეთის ტოდეორის ჩემპიონატი პირველ ადგილზე დავასრულეთ. საფრანგეთში თამაშის შემდეგ კი ისევ საქართველოში დავბრუნდი. რა თქმა უნდა, ევროპაში თამაშის პერიოდში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვიყავი, თამაშებზე ჩამოვდიოდი. მაგრამ საფრანგეთში კარიერის დასრულების შემდეგ კი უკვე საქართველოში განვაგრძე კარიერა – „შავი ლომი“ ახლად შექმნილი კლუბი იყო, ნაკრების ბიჭებისგან დაკომპლექტებული. ერთი წელი ვითამაშე და ევროპული, ახლად შექმნილი ჩემპიონატის „სუპერ ქაფის“ ჩემპიონები გავხდით.
– როგორც ვიცი, აპირებ, რაგბიში შენი ქართული და ევროპული გამოცდილება უკვე ამერიკულ რაგბის მოახმარო.
– კი, ასეა. სხვათა შორის, ამაზე 2021 წელს დავფიქრდი, როდესაც ნაკრებს სამხრეთ აფრიკასთან მოგვიწია თამაში. ტესტები გვქონდა ჩანიშნული მსოფლიოს ჩემპიონ, სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან. სამი ამხანაგური თამაში უნდა გვეთამაშა, ერთი ვითამაშეთ და ორი კოვიდის გამო გადაიდო. ამ თამაშმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. ნაკრებში თამაშობდნენ გამოცდილი მოთამაშეები ამერიკიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ინგლისიდან, ევროპიდან, ზელანდიიდან. საოცარი თამაში იყო. რამდენიმე მოთამაშისგან მივიღე რჩევა: კარიერა ამერიკულ რაგბიში გამეგრძელებინა, კარგი იქნებოდა, რომ იქ მომესინჯა ჩემი ძალები და ნიჭი. რომ ამერიკაში ნელ-ნელა იხვეჭს რაგბი პოპულარობას, დიდი ფული იდება და რაც მთავარია, იგეგმება, რომ 2031 წელს რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკაში ჩატარდეს, რაც დიდ გარდატეხას მოახდენს ამერიკულ რაგბიზე და შესაბამისად, კარგი იქნებოდა, თუ ბედს ვცდიდი, რადგან ჩემი ძალა, სტილი და გამოცდილება აუცილებლად დასჭირდებოდათ. ამ აზრმა და რჩევამ ძალიან იმოქმედა ჩემზე და მოტივაციად იქცა. ევროპაში ნათამაშები მქონდა რაგბი და მომინდა, ძალები უკვე სხვა კონტინენტზე მომესინჯა. იმ დღის მერე სულ ამაზე ვფიქრობდი. მინდოდა ამერიკაში წამოსვლა და აქაური რაგბის გაცნობა, თამაში, ჩემი გამოცდილების მათთვის გაზიარება და რა თქმა უნდა, ახალი გამოცდილების მიღებაც. ასე რომ, გადაწყვეტილი მაქვს, ჩემი სარაგბო კარიერა ამერიკაში განვაგრძო, ჩემი ნიჭი, შესაძლებლობები ამერიკულ რაგბის მოვახმარო, რაც, ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, როგორც ჩემთვის, ასევე ამერიკული რაგბისთვისაც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
14:00 01.02, 2022 წელი