როგორ დაამყარა ბაგრატ ჟღენტმა მსოფლიო რეკორდი მეორედ და რისი წყალობით უძლებს მისი კბილები ტონობით ტვირთს
ავტორი: მარიამ დვალაშვილი 18:00 28.06, 2022 წელი
„თანამედროვე დევმა“ და „რეკორდებზე მონადირე“ ბათუმელმა ბაგრატ ჟღენტმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან კბილებით გასწია ორი ვაგონი, რომელთა წონა 47 ტონაა.
ბაგრატ ჟღენტი: თითქმის ორი წელია, ძალოსნობით ვარ დაკავებული. ერთ-ერთ ვარჯიშზე, შემთხვევით გადავაბი ერთმანეთს რამდენიმე დიდი სატვირთო მანქანა და კბილებით გავწიე. ამ ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა და სურვილი გამიჩნდა, კბილებით უფრო დიდი წონა გამეწია. დავიწყე კისრის განსაკუთრებულად ვარჯიში და ძალიან მალე გადავედი მძიმე წონაზე. გავწიე გემები, ორი ავტობუსი, ახლა – მატარებელი და წინ კიდევ დიდი გეგმები მაქვს. მინდა, გინესის რეკორდსმენი გავხდე და ამისთვის ბევრს ვშრომობ. მსოფლიო რეკორდები ამოვწურე.
– ახლახან დაამყარეთ კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი. ამისთვის რა ძალისხმევა დაგჭირდათ?
– წლების წინ ჩვენმა ბათუმელმა კაცმა დაამყარა რეკორდი, მატარებელი გასწია კბილებით. მე ორი ვაგონი ჩავაბი და გავწიე. მანაც თავის დროზე მოხსნა მსოფლიო რეკორდი და ახლა, 47 ტონის გაწევით, მე მოვხსენი. სანამ ამ ნომერს შევასრულებდი, ვცდილობდი, შესაბამისად მოვმზადებულიყავი. რკინიგზის დეპარტამენტმა პატივი დამდო, შევდიოდი უსაფრთხო ადგილას და ვაგონით ვვარჯიშობდი. ამ ვაგონს მთელი დღე წინ და უკან დავაგორებდი. სამი ვაგონიც შემეძლო გამეწია, მაგრამ ჯერ ორი იყოს. შემდეგ წონას კიდევ მოვუმატებ. გულშემატკივრები შეძახილებით ძალიან მამხნევებდნენ. თავიდან ემოციებს ავყევი და ძალა გამინახევრდა. რომ დავქაჩე სიმძიმე, უცებ არ წამოვიდა. ბუნებრივიცაა, ჯერ თოკი უნდა გაიჭიმოს, წონა დაიკავო და მერე დაიძვრება ადგილიდან.
– ალბათ, ფსიქოლოგიურადაც მაქსიმალური მობილიზება გჭირდებათ.
– დიახ, თუმცა, პირველ რიგში, კისერი უნდა გქონდეს ძლიერი და კბილები მყარი. მე თავი მაქვს გადადებული ამისთვის. თავიდან პატარა მანქანებით ვვარჯიშობდი და აქამდე მოვედი. ეს უკვე ჩემი მეორე მსოფლიო რეკორდია. პირველად მატარებლის ათი ვაგონი გავწიეთ მე და ჩემმა მეწყვილემ, ბორჯომელმა გიორგი ტალახაძემ. მანამდე ეს რეკორდი უკრაინელების იყო. ორმა 140 ტონა გასწია. ჩვენ მაჩვენებელი გავაუმჯობესეთ – ასი ტონით მეტი, 240 ტონა გავწიეთ ექვს მეტრზე და მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ. ჩვენ არ ვჩერდებით – თვე-ნახევარი, ორი თვე გვაქვს ხოლმე პაუზები და შემდეგ ისევ ახალი რეკორდებით ვბრუნდებით. ამჯერად პირველი რეკორდი დავამყარე მარტომ. ახლა ტრაილერი მინდა გავწიო. უცხოელს აქვს გაწეული 16 ტონა, მე აგვისტოში ბათუმში 17 ტონას გავწევ და გინესის რეკორდს მოვხსნი. ერთმა ამერიკელმა ორტონიანი ავტომანქანა ჩაიბა კბილებით და 28 მეტრზე გაიქცა. ეს მანძილი უკუსვლით 17 წამში დაფარა. ეს ძალიან რთულია, მაგრამ მინდა, მისი შედეგიც გავაუმჯობესო. შემდეგ მოდის რვაასტონიანი გემი, ბოინგი და ასე შემდეგ, რასაც შემომთავაზებს გინესის ფედერაცია, ყველაფერს მივყვები.
– რით დაგაინტერესათ სპორტის ამ სახეობამ?
– ყველა ვერ იტანს ამას, ძალიან რთულია, ძალიან, მაგრამ მინდა, ისეთი რამეები ვაკეთო, რითაც ჩვენს ქართველობას გავაოცებ. ბევრი ფიქრობს, რომ რაღაცები შეუძლებელია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ხალხი გავახარო.
– სოციალურ ქსელში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს თქვენი ვიდეოები, სადაც სხვადასხვა სიმძიმის ტრანსპორტს ეწევით. ყოველდღიურობაში თუ გრძნობთ ადამიანების განსაკუთრებულ დამოკიდებულებას?
– სპორტის სამინისტრო დაგვპირდა, დარბაზს გამოგიყობთო. ეს სპორტი მე შემოვიტანე აჭარაში და მევე გახლავართ ძალისმიერი სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ახლა დარბაზი გვექნება და ახალგაზრდა თაობებს მოვამზადებ. ძალიან მიხარია, იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი მწერს, ახლობელი თუ უცნობი, რომ უნდა ჩემსავით წარმატებები ჰქონდეს სპორტის ამ სახეობაში და მე ყველაფერს გავაკეთებ ახალგაზრდა თაობისთვის. მე რომ აღარ შემეძლება, ისინი გაგვახარებენ რეკორდებით.
– როგორ უვლით კბილებსა და კისერს?
– რომ არ დაგიმალოთ, კისერი ცოტა მტკივა. როცა მძიმე წონასთან მიდიხარ, ის კარგი გახურებული და შემზადებული უნდა იყოს და მეც შესაბამის ვარჯიშებს ვაკეთებ ხოლმე. კისერს ძალიან ვუვლი, არ მინდა, გამიცივდეს და ჩემი საქმის დასრულება ნაადრევად მომიხდეს. ექიმთან ერთხელ ვიყავი და ისეთ წვრილ აპარატში უნდა შევეყვანე, რომ გადავირიე, აქ ვერ გავძლებ, დავიხრჩობი, იყოს, როგორც არის-მეთქი. მას შემდეგ მე თვითონ ვუვლი. თავის მოვლა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ ჯანმრთელობა ჯერ მაინცდამაინც არ მაწუხებს და ამიტომ ექიმთან არ მივდივარ. თან, მაინცდამაინც არ მიყვარს ექიმები (იცინის). კბილებს ჩვეულებრივად ვუვლი. დღეში ერთხელ ან ორჯერ ვიხეხავ, როგორც ყველა, მეტს არაფერს ვაკეთებ. სტომატოლოგთან არასდროს ვყოფილვარ. გენეტიკაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მე ამაში გამიმართლა. ზოგს ძლიერი მყესები აქვს, ზოგს მაჯები და შესაბამისი სპორტის სახეობაში აქვს წარმატება.
– ამხელა წონა ორგანიზმისთვის არ არის სტრესი? ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ აისახება?
– როცა მძიმე წონებზე ვვარჯიშობ და აღარ შემიძლია, თავს შემოვუძახებ ხოლმე, მიდი, ეს უნდა გააკეთო-მეთქი. ყოველთვის ასეა და შედეგსაც ვაღწევ. ძალიან მიჭირს, მაგრამ არ ვნებდები. ჩემთვის 50 კილოგრამი წონა არ არის, მას ხელს არც ვკიდებ. ვარჯიშს 200 კილოგრამიდან ვიწყებ და მიჭირს, მაგრამ მაინც ვაკეთებ. 5-6 წელი დამრჩა ამ სპორტში და მინდა, მაქსიმალური მოვასწრო. ახლახან გავხდი 31 წლის და საკუთარ დაბადების დღეზე მოვხსენი მსოფლიო რეკორდი. ჩემმა გენერალურმა სპონსორმა, გელა გაბაიძემ ბათუმის ახალ ბულვარში, ზღვასთან ახლოს, ახალგარემონტებული ბინა გადმომცა საჩუქრად და მოკლედ, ძალიან ბედნიერი დღე მქონდა. ყველაფერს მომავლის იმედით ვაკეთებ, რწმენით ვუდგები საქმეს და უფალს არასდროს მივუტოვებივარ. ყველა შრომა დამიფასდა. დიდი ხანია, საქართველოში ასეთი რამ არ მომხდარა. 22 წლის წინ ერთადერთი ადამიანი იყო ნუგზარ გოგრაჭაძე და იმის შემდეგ ასეთი რამ არავის გაუკეთებია. ძალიან მიხარია, რომ ეს შედეგები მაქვს. ქუჩაში მაჩერებენ, სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ. მეუბნებიან, ტელევიზორში გნახეთ და ძალიან გვიხარია საქართველოს ასეთი ადამიანი რომ ჰყავსო.
– ოჯახი გაქვთ?
– დიახ. მეუღლე და ორი შვილი მყავს. როგორც მე მჯერა ჩემი თავის, ისე სჯერა ჩემს მეუღლესაც და ყველანაირად გვერდით მიდგას. გამორიცხულია, რომ მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე ჩემ გვერდით არ იყოს. ჩემთვის ჩემი შვილების შეძახილიც ძალიან ბევრს ნიშნავს. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემი კვება საკმაოდ ძვირი ჯდება. ყოველდღე 2-3 კილოგრამ ხორცს მივირთმევ. დღის განმავლობაში რამდენიმე სახის კერძი მჭირდება და ჩემი მეუღლე ყველაფერს აკეთებს, ოღონდ მე კარგად ვიყო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
14:00 01.02, 2022 წელი