საზოგადოება

სიმსივნისგან განკურნების რა საშუალება აღმოაჩინა შალვა მარდიმ

№25

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00

შალვა მარდი
დაკოპირებულია

შალვა მარდი დაიბადა 1933 წელს დასავლეთ საქართველოში, სოფელ ლაილაშში. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობით. საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა ქალაქ ქუთაისში. ასევე, წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა ლენინგრადში, ხოლო სადოქტორო დისერტაცია – კიევში.

ამის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და მალე მთელ დასავლეთ საქართველოში ცნობილი გახდა, როგორც ონკოლოგიის პროფესორი, რომელიც ყველას ზუსტ დიაგნოზს უსვამდა. სწორედ იმ წლებში დაუახლოვდა სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტს, როზმარი თარონიშვილს, რომელთანაც მალე იქორწინა.

1974 წელს შალვა მარდის ოჯახი საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. ძალიან მალე, 1977 წელს, მიწვეულ იქნა შვეიცარიაში, სადაც გააფორმა ხელშეკრულება შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანია Solco Basel AG-თან, დერმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

შვეიცარიაში ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგად დააპატენტა ფარმაცევტული პრეპარატი Mardi-derm კანის სიმსივნის, ხოლო Mardi-gin ლორწოვანი გარსების სამკურნალოდ.

Solco Basel AG-ში მუშაობის დასრულების შემდეგ 1982 წლიდან თანამშრომლობდა შვეიცარიის კვლევით ინსტიტუტებთან, კლინიკებთან და სამედიცინო ცენტრებთან.

დერმატო-ონკოლოგიის დარგში მიღწეული წარმატებული მკურნალობისათვის, საფრანგეთში ჩატარებულ მეოცე მსოფლიო კონგრესზე პროფესორი მარდი დაასახელეს საერთაშორისო მასშტაბის ერთ-ერთ თვალსაჩინო სპეციალისტად დერმატოლოგიაში. მან წარმოადგინა პრეპარატი – მარდების ოჯახური ნაყოფი – MMMM, რომელიც გარანტირებულად კურნავს კანისა და ლორწოვანის სიმსივნეებს, არატოქსიკურია და არ საჭიროებს ავადმყოფის ჰოსპიტალიზაციას.

შალვა მარდი იყო ისრაელისა და შვეიცარიის მოქალაქე; 1975 წლიდან – იერუსალიმის საპატიო მოქალაქე; 1976 წელს გახდა წლის ადამიანი ისრაელში.

საკმაოდ ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში. კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალი მის სახელს ატარებს.

2003 წლის 22 იანვარს დამტკიცდა საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარედ. იყო 2003 წლის 12 მაისს, სემკ-ის ეგიდით, პირველი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი, რომელზეც მეგობრებმა, კოლეგებმა და ფართო საზოგადოებამ მიულოცა მას 70 წლის იუბილე; ქუთაისში გახლავთ მისი სახელობის მუზეუმი.

შალვა მარდი ავტორია მრავალი აღმოჩენისა მედიცინისა და კოსმეტიკის სფეროში. გარდა ამისა ის იყო ბრწყინვალე მხატვარი და თვითნასწავლი მოქანდაკე, წერდა მუსიკას. ყველა მისი მიღწევის თანაავტორია მისი მეუღლე, როზმარი და ორი შვილი, ქალ-ვაჟი. სამივე – მეცნიერებათა დოქტორი.

ექიმ-დერმატოლოგის, შალვა მარდის (მარდახიაშვილი) რეგალიების ჩამონათვალი ძალიან ვრცელია: ევროპა-აზიისა და ამერიკის დერმატოლოგიის მეცნიერებათა აკადემიების, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის, კანის ქირურგიის საერთაშორისო ასოციაციის, კანის დაავადებების კვლევის ევროპული გაერთიანების, კოსმეტიკური დერმატოლოგიის საერთაშორისო გაერთიანების, დერმატოლოგთა საერთაშორისო გაერთიანების მმართველობის, საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლაურეატი; რუსეთის სამხედრო აკადემიის პროფესორი და საპატიო დოქტორი; იმუნორეაბილიტაციის საერთაშორისო გაერთიანების საპატიო პროფესორი; კანის კიბოვანი დაავადებების საწინააღმდეგოდ ბრძოლის საერთაშორისო პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი (WHO-ის ფარგლებში), რომელიც აღიარებულია წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების მიერ. ის არის მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციისა და დაპატენტებული გამოგონების ავტორი ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პრობლემებზე.

შალვა მარდი გარდაიცვალა 2019 წელს, შვეიცარიაში.

გამოყენებული მასალების წყარო: georgianjews.org/stat.; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი