საზოგადოება

შეიძლება თუ არა მარხვამ ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს და როგორ ვიკვებოთ ამ დროს სწორად

№14

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 12.04

ლაშა უჩავა
დაკოპირებულია

აღდგომის მარხვა ხანგრძლივია და იმისთვის, რომ ამ პერიოდში სწორად ვიკვებოთ და საკუთარ ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ, გარკვეული წესების გათვალისწინებაა საჭირო, რაზეც ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას ვესაუბრეთ.

– ლაშა, რა საკვები პროდუქტებისგან უნდა შედგებოდეს ჩვენი რაციონი მარხვის პერიოდში, იმისთვის, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ?

– ჯანსაღ რაციონალურ კვებაში იგულისხმება, რომ აუცილებელია ორგანიზმს მივაწოდოთ ისეთი ნივთიერებები, რომლებიც საჭიროა ჩვენი ცხოველმყოფელობისთვის, ესენია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები და წყალი. მაშინ ჩნდება კითხვები, ვეწინააღმდეგებით თუ არა ამით ქრისტიანული ცხოვრების პრინციპებს ან ვიკვებებით კი ჩვენ ჯანსაღად მარხვის დროს, როცა არ ვიღებთ ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა რძე და რძის ნაწარმი ან კიდევ ხორცი, რომლებიც მდიდარია ცილებითა და ცხიმებით? ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, სწორად ვიკვებოთ მარხვის დროსაც – ცხოველური წარმოშობის ცილოვანი და ცხიმოვანი პროდუქტები მცენარეული წარმოშობის პროდუქტებით ჩავანაცვლოთ.

– პანდემიის პირობებში, ალბათ, უფრო მეტად დავიწყეთ ზრუნვა იმუნიტეტის გაძლიერებაზე. რა პროდუქტებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი მარხვის პერიოდში, რომ ამ მხრივაც არ შეგვექმნას პრობლემები?

– ნებისმიერი კვებითი ჩვევის ცვლილებისას აუცილებელია, ორგანიზმი იყოს დიაგნოსტირებული, ჩატარდეს გარკვეული ლაბორატორიული ტესტები, მაგალითად, მინერალების, მიკრო-მაკროელემენტების და ვიტამინების კვლევა, რადგან თუ არის კალციუმის დეფიციტი, ამ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული შეიზღუდოს რძის პროდუქტი ან თუ არის რკინის მკვეთრი დეფიციტი (რკინადეფიციტური ანემია) ამ დროს არ შეიძლება, ხორცის შეზღუდვა და აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმისა და მოძღვრის შეთანხმება, რომ ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ, ხშირ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ მარხვა არ არის მხოლოდ საკვები პროდუქტების შეზღუდვა და როდესაც ვსაუბრობთ სიამოვნებაზე უარის თქმაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ შეზღუდული უნდა იყოს ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: ეგრეთ წოდებული, სამარხვო შოკოლადი, სამარხვო ყველი, სამარხვო კარაქი და ასე შემდეგ. შესაძლოა, არასწორი კვება ზოგიერთი ისეთი დაავადების მიზეზიც გახდეს, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს გონებრივ შესაძლებლობაზე და ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ცნობილია, რომ საკვები წარმოადგენს ჩვენი ორგანიზმის „საწვავს“ და ამიტომ დღეში რამდენჯერმე ვაწვდით ორგანიზმს, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ აქტიური, ძლიერი იმუნური სისტემა, რათა თავი დავიცვათ ვირუსით ინფიცირებისგან და ვიყოთ ჯანმრთელნი.

– უნდა იყოს თუ არა რაციონი განსხვავებული სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელებისთვის, რა უნდა მიიღოს აუცილებლად მოზარდმა თუ ხანშიშესულმა ადამიანმა?

– როგორც მოზარდმა, ასევე ხანდაზმულმა ადამიანებმა მარხვის პერიოდში რაციონიდან არ უნდა გამორიცხონ რძის პროდუქტები, ვინაიდან, როგორც ვიცით, რძის პროდუქტები მდიდარია კალციუმით და ცხოველური ცილებით, რაც უზრუნველყოფს მოზარდებში ძვლოვანი სტრუქტურის „მშენებლობას“ და კუნთოვანი ქსოვილის შევსებას, ხოლო ხანდაზმულებში ისინი უზრუნველყოფენ ძვლოვანი სტრუქტურის სიმყარეს, რაც ძვლის უეცარი მოტეხილობის პრევენციაა, რომელიც საკმაოდ ხშირია ხანდაზმულებში ოსტეოპოროზის განვითარების დროს. იმისთვის, რომ ზიანი არ მივაყენოთ ორგანიზმს, ძვლოვან სისტემას, კუნთოვან ქსოვილს და განსაკუთრებით იმუნურ სისტემას, ვინაიდან ორივე დიდი მარხვა ემთხვევა სეზონური ვირუსებისა და ინფექციების გაღვივების პერიოდს, აუცილებელია რაციონში, ასევე, ჩართული იყოს დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, რათა ორგანიზმი შევავსოთ მიკრო-მაკროელემენტებითა და ვიტამინებით, ვინაიდან სწორედ ეს უკანასკნელნი უზრუნველყოფენ ჩვენს ორგანიზმში მდგრად იმუნურ სისტემას, რომელიც მნიშვნელოვანია ინფექციების, ვირუსებისა და მავნე ბაქტერიებთან ბრძოლისთვის.

– მარხვის დროს ადამიანები ხშირად უჩივიან ენერგიის დაქვეითებას, რისი ბრალია ეს და როგორ შეიძლება ამ პრობლემის თავიდან აცილება?

– იმისათვის, რომ მარხვის დროს თავი შეუძლოდ და სუსტად არ ვიგრძნოთ, აუცილებელია სწორი კვების პრინციპების დაცვა, მაგალითად, თუ საკვებიდან ამოვიღებთ ქათმის ხორცს, 100 გრამ პროდუქტზე დავკარგავთ 20.8 გრამ ცილას და 8.8 გრამ ცხიმს, ეს ჩვენ შეგვიძლია, ჩავანაცვლოთ ლობიოთი, სადაც 100 გრამ პროდუქტზე მივიღებთ 22.3 გრამ ცილას და 1.7 გრამ ცხიმს, რაც სასარგებლოა, ასევე, ჩვენი ორგანიზმისათვის, რადგან ვიღებთ უფრო მეტ საშენ მასალას და ნაკლებ ცხიმს. ასევე, რძის ნაწარმზეც, მაგალითად, თუ ჩვენ კვების რაციონიდან ამოვიღებთ ყველს, რომელიც 100 გრამ პროდუქტზე შეიცავს 23.4 გრამ ცილას და 30.0 გრამ ცხიმს ჩვენ შეგვიძლია, უფრო დიდი რაოდენობით მივიღოთ ყვავილოვანი კომბოსტო, რომელიც 100 გრამ პროდუქტზე შეიცავს 2.5 გრამ ცილას და საერთოდ არ შეიცავს ცხიმს, რაც უმჯობესია, ორგანიზმს სიმინდის ან ზეითუნის ზეთის სახით მივაწოდოთ.

– რა შეგვიძლია, ვთქვათ ალკოჰოლთან მიმართებაში?

– ალკოჰოლის მიღებისას აუცილებელია, გამოვიჩინოთ ზომიერება. მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში, ღვინოს განიხილავენ, როგორც ღმერთების სასმელს და ხშირად მას ქრისტეს სისხლსაც, რაოდენობა მაინც შეზღუდული უნდა იყოს და ეს არის ღვინოს შემთხვევაში – 100-150 მილილიტრი დღეში ან 40-50 მილილიტრი – მაღალალკოჰოლური სასმელი, როგორიცაა ვისკი და კონიაკი.

– როგორ დავუბრუნოთ ორგანიზმი ჩვეულ მენიუს მარხვის დასრულების შემდეგ?

– ხშირად გამიგია, როგორც კი მარხვა დამთავრდა, მაშინვე მივირთვი ესა თუ ის პროდუქტი, რომელიც მარხვის დროს იყო აკრძალულიო, მუდამ, უნდა გვახსოვდეს, რომ ზომიერება მარხვის დროსაც და სწორი კვების პრინციპების დროსაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან, თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ნაყროვანება მართლმამადიდებლურ სამყაროში წარმოადგენს ცოდვას, სამედიცინო თვალსაზრისითაც ეს არის ერთგვარი „ცოდვა“ – კალორიების დიდი რაოდენობის მიღებით გამოწვეული, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ზომიერება დავიცვათ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, დიეტა, ანუ სწორი კვება არ ეწინააღმდეგება მარხვას, პირიქით, ჩვენ შეგვიძლია, ერთდროულად გავაჯანსაღოთ, როგორც სული ასევე სხეული.

P.S. გამოყენებული ფოტოს ავტორია გიორგი ხაჭაპურიძე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

3-9 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის ჰოროსკოპი 3-9 მაისი